ფარმაკოდინამიკა

ჰიდროქლოროთიაზიდის დიურეზული მოქმედება განპირობებულია ნატრიუმისა და ქლორის იონების რეაბსბორბციის შემცირებით თირკმელების კლაკნილი მილაკების პროქსიმალურ (ნაწილობივ დისტალურ) ნაწილში. კალიუმისა და ბიკარბონატების რეაბსორბცია ასევე ინჰიბირდება, თუმცა ნაკლები ხარისხით. ძლიერი ნატრიურეზის გამო ჰიპოთიაზიდი მიეკუთვნება აქტიურ სალურეზულ საშუალებებს. იგი ამჟღავნებს ეფექტს როგორც აციდოზის, ასევე ალკალოზის დროს.

ჩვენებები

  • პრეპარატი გამოიყენება სხვადასხვა გენეზის შეშუპების (გულის, ღვიძლის ან თირკმელების პათოლოგიის შედეგად) და არტერიული ჰიპერტონიის სამკურნალოდ.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის დოზა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის მიხედვით. სასურველი ეფექტი მიიღწევა და შენარჩუნებულია უმცირესი თერაპიული დოზებით.

ტაბლეტები მიზანშეწონილია მივიღოთ ჭამის შემდეგ.

- მოზრდილებში პრეპარატი, როგორც დიურეზული საშუალება ჩვეულებრივ მიიღება დოზით 25 -100 მგ დღეში ერთხელ ან 2-ჯერ, აღნიშნული დოზა შეიძლება მივიღოთ ყოველ 2 დღეში ერთხელ.

- პრემენსტრუალური შეშუპების დროს ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 25 მგ-ს და მიიღება მენსტრუალური სიმპტომების გაჩენიდან მის დაწყებამდე.

- როგორც ჰიპოტენზიური საშუალება პრეპარატის მიღების ჩვეულებრივ საწყისი დღეღამური დოზა შეადგენს 25 -100 მგ-ს, შესაძლოა 100 მგ-ის მიღება დღეში ერთხელ ან რამდენჯერმე. შემდგომში შესაძლებელია დოზის როგორც შემცირება, ასევე მომატება. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ-ს რამდენიმე მიღებად.

- ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან შესაძლებელია. არტერიული წნევის უეცარი დაქვეითების თავიდან ასაცილებლად სხვა ჰიპოტენზიური პრეპარატების დოზები შესაბამისად უნდა შემცირდეს.

- პოლიურიის შესამცირებლად უშაქრო დიაბეტის დროს ჩვეულებრივ დღეღამური დოზა შეადგენს 50-150 მგ (შესაძლებელია დავყოთ რამოდენიმე მიღებად).

ბავშვებში საშუალო დღეღამური დოზა შეადგენს 2 მგ-ს 1 კგ სხეულის წონაზე 2 მიღებად:

- 2 წლამდე ასაკის ბავშვებში წონის მიხედვით მიიღება დოზით 12.5-37.5 მგ

- 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება დოზით 37.5-100 მგ დღეში;

- 6 თვემდე ასაკის ბავშვებში აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატის დღეღამური მაქსიმალური დოზა შეიძლება შეადგენდეს 3.5 მგ/კგ წონაზე.

გვერდითი მოვლენები

ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს უმადობა, გულისრევა, ღებინება, ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მომატებული წყურვილის შეგრძნება, თავბრუსხვევა, კუნთების სპაზმი, ძილიანობა, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, მხედველობის დარღვევა, ალერგიული რეაქციები.

ალერგიული რეაქციების წარმოშობის შემთხვევაში და შარდის გამოყოფის გაძნელებისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. ზემოთჩამოთვლილი სიმპტომების შესახებ უნდა ვაცნობოთ მკურნალ ექიმს.

ჰიდროქოლოროთიაზიდის ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია პაციენტის კვების რაციონი გავამდიდროთ კალიუმის შემცველი პროდუქტებით (ხილი, ბოსტნეული).

უკუჩვენებები

* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია ანურიის დროს და სულფონამიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

ორსულობა და ლაქტაცია

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ მიიღება. ორსულებსა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატის ხანგრძლივი დროით მიღებისას რეკომენდებულია კალიუმით მდიდარი საკვების მიღება.

♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის უკმარისობის შემთხვევაში.

♦ პრეპარატის მიღების დროს საჭიროა თავი შევიკავოთ ალკოჰოლური სასმელების გამოყენებისაგან.

♦ ვინაიდან პრეპარატი მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, მისი მიღებისაგან საჭიროა თავი შევიკავოთ მანქანის მართვისაგან და ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრირებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ჰიდროქლოროთიაზიდის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

პრეპარატისა და ლითიუმის მარილების კომბინაცია არ არის რეკომენდებული.

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება:

- ჰიპოტენზიურ საშუალებებთან;

- საგულე გლიკოზიდებთან;

- ორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან;

- არადეპოლარიზაციული ტიპის მიორელაქსანტებთან;

- ამანტადინთან, კურარეს ალკალოიდებთან;

- კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებთან, კალციტონინთან;

- ქოლესტირამინთან;

- არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან;

- ალკოჰოლთან, ბარბიტურატებთან, ნარკოტიკებთან.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია