როდესაც არტერიული ჰიპერტენზია ვლინდება მეტისმეტად ახალგაზრდა ან, პირიქით, ხანში შესულ ასაკში, თავს იჩენს ენდოკრინული ან თირკმლის დაავადების ნიშნები, აღინიშნება წნევის მკვეთრი მატება, შეიძლება, მეორეული ჰიპერტენზია ვივარაუდოთ, თუმცა არც ერთი ხსენებული სიმპტომი არ არის მეორეული ჰიპერტენზიის აუცილებელი ნიშანი. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი მეორეული ჰიპერტენზიის არსებობას პაციენტის ინდივიდუალური მონაცემებისა და კვლევის შედეგების გათვალისწინებით ვარაუდობს.

რენული ანუ თირკმლისმიერი ჰიპერტენზია
რენული ანუ თირკმლისმიერი ჰიპერტენზია შესაძლოა უკავშირდებოდეს უშუალოდ თირკმლის ქსოვილის დაავადებას ან მისი მკვებავი სისხლძარღვების, არტერიების, ცალმხრივ ან ორმხრივ შევიწროებას. მეორეული ჰიპერტენზიის გამომწვევ თირკმლის დაავადებათაგან აღსანიშნავია გლომერულონეფრიტი, ქრონიკული პიელონეფრიტი, თირკმლის პოლიკისტოზი - დაავადება, რომლის დროსაც ორივე თირკმელში აღინიშნება მრავალი სხვადასხვა ზომის კისტა, ჰიდრონეფროზი - შარდის გამომტანი გზების ზედა ნაწილის დილატაცია (გაფართოება).
დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია შარდის ანალიზის, ექოსკოპიური და ზოგ შემთხვევაში - სპეციალური უროლოგიური კვლევის მონაცემები. თირკმლის არტერიის შევიწროებას საბოლოოდ ადასტურებს ანგიოგრაფიული გამოკვლევა.

ენდოკრინული ჰიპერტენზია
ჰიპერტენზიის გამომწვევი ენდოკრინული პათოლოგიებია:

  • ფეოქრომოციტომა;
  • პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი ანუ კონის სინდრომი;
  • კუშინგის სინდრომი;
  • თირეოტოქსიკოზი ან ჰიპოთირეოზი;
  • აკრომეგალია.

ენდოკრინული ჰიპერტენზიის მდგომარეობა ძირითად დაავადებაზეა დამოკიდებული. ენდოკრინული დაავადების შედეგიანი მკურნალობის შემდეგ არტერიული წნევის მაჩვენებლები ხშირად ნორმას უბრუნდება. როცა სავარაუდოა მეორეული ჰიპერტენზიის აღნიშნული ნაირსახეობა, მკურნალობა წარიმართება ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით. მკურნალობის ტაქტიკასაც ის შეიმუშავებს.

ფეოქრომოციტომა
ჰიპერტენზიის გამომწვევ ენდოკრინულ პათოლოგიათა შესახებ საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, ფეოქომოციტომა უნდა დავასახელოთ. ეს არის სიმსივნე, რომელიც კატექოლამინებს გამოიმუშავებს. სიმსივნეთა უმრავლესობა კეთილთვისებიანია. დაავადების უმთავრესი გამოხატულებაა არტერიული ჰიპერტენზია, რომელსაც კრიზული მიმდინარეობა ახასიათებს. კრიზის დროს აღინიშნება კატექოლამინების სიჭარბის სხვა სიმპტომები: კანკალი, ტაქიკარდია, ოფლის გაძლიერებული გამოყოფა, თავის ტკივილი, გუგების გაფართოება. როდესაც ადამიანს აქვს მუდმივი ან პაროქსიზმული ჰიპერტენზია, რომელსაც თან ახლავს ძლიერი თავის ტკივილი, გულისცემა და ძლიერი ოფლიანობა, სისხლით ნათესავებს შორის იყო ფეოქრომოციტომის შემთხვევა, ჰიპერტენზია მიმდინარეობს კრიზებით, - აუცილებელია კვლევა ფეოქრომოციტომის გამოსარიცხავად. ამ მიზნით ტარდება სისხლისა და შარდის ბიოქიმიური გამოკვლევა, მერე კი სიმსივნის ლოკალიზაცია დგინდება კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით. მკურნალობა ქირურგიულია და სიმსივნის ამოკვეთას გულისხმობს.

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის ტიპური ნიშანია არტერიული ჰიპერტენზია და ჰიპოკალიემია - სისხლში კალიუმის შემცველობის დაქვეითება, რომლის მიზეზიც ალდოსტერონის მაპროდუცირებელი ადენომაა. იშვიათად ის ავთვისებიანია. სისხლში კალიუმის მცირე შემცველობა და შარდით მისი ჭარბი გამოყოფა ეჭვს ბადებს აღნიშნული დაავადების არსებობაზე. შემდგომ ტარდება ბიოქიმიური და რადიოლოგიური კვლევები. მკურნალობა გულისხმობს ადენომის ქირურგიულ მოცილებას, ზოგ შემთხვევაში - მედიკამენტურ თერაპიას.

კუშინგის სინდრომი
კუშინგის სინდრომი, ისევე როგორც კონის სინდრომი, არტერიული ჰიპერტენზიის შედარებით იშვიათი მიზეზია. ის განპირობებულია კორტიზოლის ჭარბი გამომუშავებით. ჰიპერტენზია ამ სინდრომის მქონე პაციენტთა დიდ ნაწილს აღენიშება. დაავადების ტიპური კლინიკური ნიშნებია სიმსუქნე ცხიმის უპირატესად ტანსა და კისერზე დაგროვებით, მთვარისებრი სახე, ჭარბთმიანობა, კანის გათხელება, მოვარდისფრო სტრიები, სისხლჩაქცევებისკენ მიდრეკილება, ოსტეოპოროზი. დაავადების დიაგნოსტირების მიზნით ტარდება სპეციალური ლაბორატორიული ტესტები.

თირეოტოქსიკოზი ან ჰიპოთირეოზი
თირეოტოქსიკოზის დროს ვითარდება სისტოლური არტერიული ჰიპერტენზია. მასთან ერთად დაავადების ტიპურ შემთხვევებში ყურადღებას იპყრობს აგზნებადობა, ოფლიანობა, მთელი სხეულის კანკალი, წონის კლება, ტაქიკარდია, თვალების გადმოკარკვლა, ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, ტემპერატურის მატება. დიაგნოზს ადასტურებს ლაბორატორიული კვლევები. ჰიპოთირეოზის დროს არტერიული წნევა უმეტესად იკლებს, იშვიათად კი იმატებს, რაც სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის ზრდის ბრალია.

აკრომეგალია
აკრომეგალია ჰიპოფიზის წინა წილის ადენომის შედეგად ვითარდება. მას ახასიათებს სომატოტროპული ჰორმონის ჭარბი წარმოქმნა. არტერიული წნევის მომატებასთან ერთად აღინიშნება მტევნის, ტერფის, ქუსლის ძვლების, წარბზედა რკალების, ცხვირის გადიდება. ქვედა ყბა წინ წამოიწევს, კბილები მეჩხერდება. დიდდება შინაგანი ორგანოებიც.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია