უკვე საყოველთაოდაა აღიარებული, რომ არტერიული ჰიპერტენზიის დროს აუცილებელია რეგულარული სამედიცინო დაკვირვება და სისტემატური მკურნალობა. მკურნალობის მიზანია არტერიული წნევის სამიზნე ციფრების მიღწევა და ამ გზით გართულებათა რისკის მინიმუმამდე დაყვანა.
აღნიშნული ტაქტიკა გამოყენებულ უნდა იქნეს არტერიული ჰიპერტენზიის ყველა შემთხვევაში. წნევის მომატებული მაჩვენებლების დაქვეითება გეგმაზომიერად უნდა მოხდეს. ყოველი ცალკეული პაციენტისთვის არტერიული წნევის სასურველი ციფრები და მათი მიღწევის ვადა მკურნალმა ექიმმა უნდა დაადგინოს პაციენტის ორგანიზმის თავისებურებების, დაავადების ხანგრძლივობისა და მიმდინარეობის სპეციფიკის, სხვადასხვა დიაგნოსტიკური მაჩვენებლის გათვალისწინებით.

წნევის სამიზნე ციფრები
არტერიული წნევა ისეთ მაჩვენებლამდე უნდა დაქვეითდეს, რომ გართულების რისკი მინიმალური იყოს. სწორედ ესაა წნევის სამიზნე ციფრები. თანამედროვე რეკომენდაციების თანახმად, ეს ციფრები 140/90 მმ ვწყ სვ-ზე ნაკლები უნდა იყოს, თუ პაციენტს დიაბეტი აქვს - 130/80 მმ ვწყ სვ-ზე ნაკლებიც.
კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ წნევის სამიზნე ციფრები, ისევე როგორც არტერიული წნევის ნორმა, ნებისმიერ ასაკში უცვლელია. 130/80 მმ ვწყ სვ-ია სამიზნე მაჩვენებელი თირკმლის უკმარისობის შემთხვევაშიც.

მკურნალობის ხანგრძლივობა
ჰიპერტენზიის უშუალო მიზეზი, არსებითად, დღემდე დაუდგენელია, ამიტომაც შეუძლებელია დაავადების დროებით ან სამუდამოდ აღმოფხვრა. მკურნალობის მოკლე კურსებით არტერიული ჰიპერტენზიისგან განკურნება შეუძლებელია.
ხშირად პაციენტები წნევის დამწევ პრეპარატს სიმპტომურად იღებენ - მაშინ, როდესაც აფიქსირებენ არტერიული წნევის მაღალ ციფრებს ან აწუხებთ უსიამოვნო შეგრძნებები: თავბრუხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა... მერე კი, როდესაც სწრაფი მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებით (კლოფელინი, ადელფანი, კორინფარი) წნევის ნორმალიზებას მიაღწევენ, წნევის დამწევი მედიკამენტების მიღებას წყვეტენ.
ხშირად გვხვდება არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის მეორე არასწორი მოდელიც - პაციენტები რამდენიმე კვირის განმავლობაში იტარებენ ოპტიმალურ მკურნალობას, რომლის შედეგადაც არტერიული წნევა მეთოდურად, თანდათანობით ნორმალიზდება, მაგრამ მოიწესრიგებენ თუ არა წნევის ციფრებს, მიაჩნიათ, რომ უკვე განიკურნენ და წამლის მიღებას წყვეტენ. ეს არანაკლებ დიდი შეცდომაა.
არტერიული ჰიპერტენზიის შესვენებებით მკურნალობა არ შეიძლება. მკურნალობის მიზანი, როგორც ითქვა, სამიზნე ორგანოთა დაზიანების თავიდან აცილებაა. როცა პაციენტი წყვეტს მკურნალობას და აღარ იღებს წნევის დამწევ პრეპარატს, მის გულს, თირკმელებს, სისხლძარღვებს, თავის ტვინს ვეღარაფერი იცავს მაღალი წნევის ნეგატიური ზემოქმედებისგან და იზრდება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების (ინფარქტის, ინსულტის) განვითარების რისკი.
სადღეისოდ ექიმებს წნევის დამწევი საშუალებების ფართო არსენალი აქვთ. არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის შვიდი სხვადასხვა კლასის პრეპარატებია მოწოდებული. მათი რაციონალური კომბინირება იძლევა არტერიული წნევის საიმედო კონტროლის საშუალებას იმის ხარჯზე, რომ ამ წამლების კომპონენტები ერთმანეთის მოქმედებას აძლიერებს და ერთმანეთის გვერდითი ეფექტების განეიტრალებაც შეუძლია.
მომატებული არტერიული წნევის დაქვეითებისა და შენარჩუნების მექანიზმი მრავალნაირია. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ჰიპერტენზიის განვითარებას ერთდროულად რამდენიმე მექანიზმი უზრუნველყოფს, ამიტომ მკურნალობის სქემაც ექიმმა ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად უნდა შეიმუშაოს. პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და რეგულარულად იღებდეს წამალს. თვითნებური, შესვენებებით მკურნალობა დაუშვებელია.
ექიმი ყოველთვის ცდილობს, შეარჩიოს ისეთი მედიკამენტი, რომელიც მხოლოდ წნევის მოწესრიგებას და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას კი არ იწვევს, არამედ დაინვალიდების ალბათობასაც ამცირებს და სიცოცხლის ხანგრძლივობასაც ზრდის. ყველა პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის შერჩევა მხოლოდ ექიმს შეუძლია, რადგან მხოლოდ ის ფლობს პროფესიულ ინფორმაციას პაციენტის ჯანმრთელობის, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგებისა და დაავადების მიმდინარეობის თავისებურებათა შესახებ. ეს ყველაფერი მკაცრად ინდივიდუალურია, ამიტომ თუ რომელიმე პრეპარატი მოუხდა თქვენს ნათესავს ან მეზობელს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენც აუცილებლად გარგებთ.

უვნებელია თუ არა წნევის დამწევი მედიკამენტებით ხანგრძლივი მკურნალობა?
ზოგი ავადმყოფი ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას წყვეტს იმ გავრცელებული შეხედულების გამო, რომ ქიმიური ნივთიერებების ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა სხვა ორგანოების (მაგალითად, კუჭის, ღვიძლის) დაზიანება გამოიწვიოს. ეს შიში უსაფუძვლოა. მსოფლიოში წნევის დამწევი პრეპარატების გამოყენების უდიდესი გამოცდილება დაგროვდა. თანამედროვე პრეპარატებს პრაქტიკულად არ ახასიათებს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არ არსებობს წამალი, რომელსაც არასდროს, არც ერთ პაციენტთან არ გამოუწვევია თანმხლები ეფექტი. ყოველი პრეპარატის შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ სრული ინფორმაცია მოყვანილია წამლის კოლოფში მოთავსებულ დანართში. თუ პაციენტმა შეამჩნია გვერდითი მოვლენების ნუსხაში ნახსენები რომელიმე სიმპტომი ან უსიამოვნო შეგრძნება, რომელსაც წამლის მიღებას უკავშირებს, აუცილებლად უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. მხოლოდ მას შეუძლია განსაზღვროს, პრეპარატის მიღების შედეგია ეს სიმპტომი თუ რომელიმე სხვა დაავადების გამოხატულება.

მკურნალობის არამედიკამენტური მეთოდების როლი არტერიული წნევის კონტროლში
არტერიული წნევის რეგულირებაში უდავოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს არამედიკამენტური მეთოდები - რაციონალური კვება, წონის დაკლება, მარილისა და ალკოჰოლის შეზღუდვა, ფიზიკური აქტიურობის გაზრდა, ემოციური სფეროს მოწესრიგება. ვინაიდან არტერიული წნევის მატება ხშირად სულიერ მღელვარებასთანაა დაკავშირებული, უნდა ვეცადოთ, ნებისმიერ ვითარებაში სიმშვიდე შევინარჩუნოთ. როდესაც ვერაფერს შევცვლით, უმჯობესია, ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო ხდება, მშვიდად მივიღოთ.

რაციონალური კვება
რაციონალური კვება გულისხმობს საკვებ ნივთიერებებზე, ვიტამინებზე, მინერალურ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის მოთხოვნილებას დაკმაყოფილებას. იგი ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
რაციონალური კვების ძირითადი პრინციპებია:

  • ბალანსის შენარჩუნება ორგანიზმისთვის ენერგიის დღიურ მიწოდებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მის ხარჯვას შორის;
  • საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დაბალანსებული შეხამება დღიურ კალორაჟში (ცილები - 15%, ცხიმები - 30%, ნახშირწყლები - 55%);
  • სწორი კვების რეჟიმი - საკვების მიღება დღეში 4-5-ჯერ, ერთსა და იმავე დროს, მსუბუქად ვახშმობა, ვახშამსა და საუზმეს შორის ოპტიმალური, არანაკლებ 12-საათიანი ინტერვალი.

ცილების დღიური მოთხოვნილება 90-95 გრამია. სრულფასოვან ცილას შეიცავს ყველა ცხოველური პროდუქტი - ხორცი, თევზი, ფრინველი, რძის ნაწარმი (ხაჭო, ყველი, რძე, კვერცხი). ცილების წყაროა ზოგიერთი მცენარეც - პარკოსნები, ნიგოზი, კარტოფილი, მარცვლეული. რეკომენდებულია, ყოველდღიურ რაციონში შეტანილ იქნეს როგორც ცხოველური (დღიური ცილის 1/3), ისე მცენარეული ცილების (დღიური ცილის 2/3) შემცველი პროდუქტები.
ცხიმების დღიური მოთხოვნილება შეადგენს 80-100 გრამს. ამ რაოდენობის ნახევარს შეიცავს ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა ხორცი, ძეხვი, ყველი, ხაჭო, რძე და სხვ. წვნიანი კერძების მოსამზადებლად, ასევე - სალათების, ფაფების შესაზავებლად რეკომენდებულია ყოველდღიურად არა უმეტეს 40-50 გრამი ცხიმის გამოყენება (3 სუფრის კოვზი ცხოველური და მცენარეული ცხიმი თანაფარდობით 1:2). მცენარეული ზეთი (მზესუმზირასი, სიმინდისა, ბამბისა), თევზი, ზღვის პროდუქტები შეიცავს მომატებული არტერიული წნევის ნორმალიზაციისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებებსაც, მათ შორის - ცხიმში ხსნად ვიტამინებს (A, B ჯგუფი, ჩ,P). ზღვის თევზების ცხიმის შემადგენლობაში შედის ზეუჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც სასარგებლოა ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის დროს.
ნახშირწყლების დღიური მოთხოვნილება 300-350 გრამს უტოლდება. არსებობს რთული და მარტივი ნახშირწყლები. ამ ოდენობის უდიდესი ნაწილი (300 გრამამდე) უნდა შეივსოს რთული ნახშირწყლების (სახამებლის შემცველი პროდუქტების - პურის, ბურღულეულის, მაკარონის, კარტოფილის, ასევე - ხილისა და ბოსტნეულის) ხარჯზე. მარტივი ნახშირწყლების (სუფთა შაქარი, ტკბილეული) დღიური მოხმარება არ უნდა აღემატებოდეს 40 გრამს.
სუფრის მარილის მოხმარება არ უნდა აღემატებოდეს დღეში 5 გრამს. სუფრის მარილი შეიცავს ნატრიუმს, რომელიც ორგანიზმში სითხეს აკავებს და ამით არტერიული წნევის მატებას იწვევს. გაითვალისწინეთ, რომ მარილს დიდი რაოდენობით შეიცავს შებოლილი ხორცი, ძეხვეული, კონსერვები.
თუ რაციონიდან სულ მთლად ვერ ამოვიღებთ, სასურველია, შევამციროთ მაინც ცხარე კერძების, სანელებლების, მწნილების, ცხოველური ცხიმის, დაკონსერვებული პროდუქტების, ცომეულის, ტკბილეულისა და საკონდიტრო ნაწარმის წილი. მივირთვათ უმთავრესად მოხარშული, ორთქლზე მომზადებული, ღუმელში გამომცხვარი საკვები. კარგი იქნება, თუ მარილს, ნაცვლად იმისა, რომ მზადების პროცესში დავამატოთ, მოვაყრით უკვე მზა კერძს. თავისუფალი სითხის, განსაკუთრებით - გაზიანი მინერალური წყლების, მიღება, რეკომენდებულია, დღეში 1,5 ლიტრამდე შევამციროთ.
კალიუმის დღიური ულუფა, სასურველია, 5-6 გრამამდე გავზარდოთ. ამ ელემენტს საკმარისი რაოდენობით (დაახლოებით 0,5 გრამი 100 გრამ პროდუქტში) შეიცავს გარგარის ჩირი, ლობიო, ზღვის კომბოსტო, შავი ქლიავი, ქიშმიში, ბარდა, კანიანად გამომცხვარი კარტოფილი. კალიუმით ასევე მდიდარია (0,4 გრამი 100 გრამში) ღორისა და საქონლის ხორცი, ხეკი, სკუმბრია, კალმარი, შვრიის ფაფა, პომიდორი, ჭარხალი, ბოლოკი, მწვანე ხახვი, მოცხარი, ყურძენი, გარგარი, ატამი.
ხილი, ბოსტნეული, კენკრა, ასევე - სხვა მცენარეული პროდუქტები შეიცავს სასარგებლო უჯრედისს, ვიტამინებსა და მინერალურ მარილებს (კალიუმს, მაგნიუმს). მინერალურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს წნევის დაქვეითებას, შეიცავს ჭარხალი, ხახვი, ნიორი, სალათის ფურცლები, შავი მოცხარი, მარწყვი და სხვა კენკრა. ძალიან კარგია ზღვის პროდუქტები. ამ ტიპის საკვების მიღებისას სისხლში ხვდება ბუნებრივი ანტიოქსიდანტები - C ვიტამინი, ლუთეინი, ბეტა-კაროტინი. კაკაო არტერიული წნევის ციფრების შემცირებას იწვევს, ჩაი კი მომატებას.

წონის დაკლება
უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომელი წონაა თქვენთვის ნორმალური და რომელი - მომატებული. სხეულის მასისა და სიმაღლის თანაფარდობა მასის ინდექსით ფასდება. ამ ინდექსის დასადგენად წონა უნდა გაიყოს სიმაღლის კვადრატზე (კგ/მ2). თუ სხეულის მასის ინდექსია 18.5-24.9, ადამიანს ნორმალური წონა აქვს; 25.0-29.9 - მსუქანია; 30.0 და მეტი - ძალიან მსუქანი, 18.5 და ნაკლები - ძალიან გამხდარი.
მნიშვნელოვანია მიღებულ ენერგიასა და ენერგეტიკულ დანახარჯს შორის ბალანსის დაცვა ანუ იმის დადგენა, რამდენი კალორია გჭირდებათ დღე-ღამეში. ჭარბწონიანთა უმრავლესობისთვის ეს 2-დან 4 ათასამდე კილოკალორიაა, წონის დეფიციტის მქონეთათვის კი 10-15 ათასი. ოპტიმალური რაოდენობის დასადგენად უნდა გაითვალისწინოთ ძირითადი ცვლის რაოდენობა, რომელიც მოზრდილი ადამიანისთვის საშუალოდ 1500-2000 კილოკალორიას შეადგენს და შრომის პროცესში დახარჯული ენერგიის რაოდენობა. მჯდომარე პროფესიებისთვის ეს ძირითადი ცვლის 26%-ია, მსუბუქი ფიზიკური დატვირთვით მომუშავეებისთვის (ლაბორანტები, მოლარეები, პროგრამისტები, ექიმები, მასწავლებლები) - 1000 კილოკალორია, ზომიერად მძიმე სამუშაოთი დაკავებულთათვის (მძღოლები, დაზგებსა და დანადგარებთან მომუშავეები) - 1500, მძიმე ფიზიკური დატვირთვით მომუშავეთათვის (სპორტსმენები, მეშახტეები, მძიმე მრეწველობის თანამშრომლები) კი 2000-2500 კილოკალორია.
სადღეღამისო კალორაჟი, გარდა ძირითადი ცვლისა და სამსახურში დახარჯული ენერგიისა, ითვალისწინებს საკვების მოსანელებლად (300-400 კკალ) და დასვენების დროს (90-100 კკალ) დახარჯულ ენერგიასაც. ფიზიკურიდატვირთვის დონე ექიმმა უნდა შეგირჩიოთ.
წონის ნორმალიზებაზე ზრუნვა დაიწყეთ იმით, რომ გადახედეთ თქვენს ჩვევებს და საკვების შემადგენლობას, დაიკელით რამდენიმე კილოგრამი, მერე კი ფიზიკური ვარჯიშით სტაბილური წონის მიღწევასა და შენარჩუნებაზე იზრუნეთ. გახსოვდეთ, რომ ჭარბი წონა, თუ რაიმე დაავადებით არ არის გამოწვეული, უმეტესად ჭარბი კვების ბრალია. თუ საკვების სადღეღამისო კალორიულობა რეგულარულად 200 კილოკალორიით აჭარბებს ენერგოდანახარჯს, ადამიანმა წელიწადში შესაძლოა 3-7კგ მოიმატოს.

ფიზიკური აქტივობა
ფიზიკური დატვირთვის დონეს ექიმი შეგირჩევთ. სპეციალური ვარჯიშები უმჯობესია სპეციალისტის მეთვალყურეობით დაიწყოთ და მხოლოდ მისივე რეკომენდაციით გადახვიდეთ შემდეგ დამოუკიდებელ დატვირთვაზე. ყველაზე გონივრული იქნება, თუ გაზრდით ყოველდღიურ ფიზიკურ დატვირთვას ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების პირობებში.
თვითკონტროლში დაგეხმარებათ პულსის კონტროლი დატვირთვამდე და მის შემდეგ. უნდა განისაზღვროს დრო, რომლის განმავლობაშიც ხდება პულსის საწყის ციფრებამდე აღდგენა ერთი და იმავე დატვირთვის პირობებში (მაგალითად, 20 ბუქნის შემდეგ).
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვარჯიშის შემდეგ გულისცემის სასურველი ციფრები ასეთია:

  • 20-29 წელი - 140 დარტყმა წუთში;
  • 30-39 წელი - 132 დარტყმა წუთში;
  • 40-49 წელი - 125 დარტყმა წუთში;
  • 50-59 წელი - 115 დარტყმა წუთში.

თუ თვითშეგრძნება (ძილი, მადა, შრომისუნარიანობა) გაგიუარესდათ, გაგიჩნდათ უსიამოვნო შეგრძნებები, დატვირთვის ინტენსივობა უნდა შეამციროთ. დატვირთვამ არ უნდა გაუწიოს პროვოცირება ქოშინს, პროფუზულ ოფლიანობას, გულის არეში ტკივილს, საერთო სისუსტეს. ამ სიმპტომების გაჩენა განმეორებითი კონსულტაციის სიგნალად უნდა იქცეს.
დატვირთვა თანდათანობით უნდა გაზარდოთ - მით უფრო ნელა, რაც უფრო ნაკლებად ხართ ტრენირებული. ვარჯიში სასურველია კვირაში 3-5-ჯერ. უმჯობესია, დაიწყოთ დოზირებული სიარულით - დაახლოებით 120 ნაბიჯი/წთ, 3-4 კმ შეუსვენებლად. დისტანციასა და ტემპს თანდათანობით უნდა მოუმატოთ. მაგალითად, წადით სამსახურში და დაბრუნდით შინ ფეხით. თუ საშუალება გაქვთ, უმჯობესია ივარჯიშოთ ტყეში ან პარკში, სადაც ჰაერი უფრო სუფთაა.

მავნე ჩვევებზე უარის თქმა
კარგადაა ცნობილი ორგანიზმზე თამბაქოსა და ჭარბი ალკოჰოლის მავნე გავლენის შესახებ. ნიკოტინი იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, ხელს უწყობს არტერიული წნევის მომატებას, ზრდის გულის დატვირთვას. ალკოჰოლის გავლენით ადამიანი კარგავს კონტროლს თვითშეგრძნებაზე, რის გამოც მომატებული წნევა უფრო სახიფათო ხდება.
თამბაქოზე უარის თქმა, მით უმეტეს, თუ დიდი ხნის მწეველი ბრძანდებით, იოლი როდია. დაიწყეთ მიზეზის ანალიზით: რატომ ეწევით? რამდენად აუცილებელია თქვენთვის თამბაქო? აწარმოეთ დღიური, სადაც ყოველდღიურად აღნიშნავთ, რამდენი სიგარეტი მოწიეთ, გააანალიზეთ, რამდენად აუცილებელი იყო ეს თქვენთვის. ეცადეთ მოიშოროთ ავტომატიზმამდე დასული ჩვევები, კერძოდ, სხვაგან შეინახეთ თამბაქო და სანთებელა, შეცვალეთ სიგარეტის სახეობა. ერიდეთ მწეველთა საზოგადოებაში დიდხანს ყოფნას. დაინიშნეთ დრო, როცა აპირებთ, საბოლოოდ მიატოვოთ ეს მავნე ჩვევა. შეატყობინეთ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს თქვენი სურვილის შესახებ, თავი დაანებოთ თამბაქოს წევას, რათა მათი თანადგომა იგრძნოთ. დახმარებისთვის შეიძლება სპეციალიზებულ კაბინეტსა და საზოგადოებასაც კი მიმართოთ.

სრულფასოვანი დასვენება
სრულფასოვანი დასვენება გულისხმობს დღე-ღამეში 8-9-საათიან ძილს. სინჯეთ არასპეციფიკური საძილე საშუალებები: ძილის წინ სუფთა ჰაერზე სეირნობა, თბილი აბაზანა, ვახშამსა და ტელევიზორის ყურებაზე უარის თქმა.

სტრესისთვის თავის არიდება
თავი არიდეთ გადაღლას, განსაკუთრებით - ქრონიკულს, ერთმანეთს შეუნაცვლეთ გონებრივი და ფიზიკური შრომა. თქვენთვის უსიამოვნო, ამაღელვებელ სიტუაციაში მოხვედრისას ღრმად ჩაისუნთქეთ და გააკეთეთ პაუზა, ვიდრე მრისხანებას, უკმაყოფილებას გამოთქვამდეთ, ეცადეთ შეცვალოთ საუბრის თემა, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგისთვის მზად არ ხართ.
გახსოვდეთ, მაღალი არტერიული წნევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მთელი წყების უმთავრესი რისკფაქტორია. არტერიულ ჰიპერტენზიასთან ბრძოლა ზოგ ქვეყანაში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე პრობლემის რანგშია აყვანილი, წნევის დაქვეითება კი თავის ტვინის ინსულტის, მიოკარდიუმის ინფარქტის, უეცარი კარდიული სიკვდილის, გულის ქრონიკული უკმარისობის, თირკმლის უკმარისობისა და მხედველობის დაქვეითების რისკსაც ამცირებს. აქედან გამომდინარე, არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულმა გულისყურით უნდა აკონტროლოს არტერიული წნევა, რისი საწინდარიც სწორი დიეტური რეჟიმი და ცხოვრების ჯანსაღი წესია (რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ). საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია სრულყოფილი მედიკამენტური მკურნალობა თანამედროვე, მაღალეფექტური პრეპარატებით. რა თქმა უნდა, ცუდია, თუ მაღალი არტერიული წნევა გაქვთ, მაგრამ კარგია, რომ ამის შესახებ დროულად შეიტყვეთ. დღეს თქვენ გაქვთ საშუალება, ექიმის დახმარებით თვითონვე აკონტროლოთ სიტუაცია და არ მისცეთ ავადმყოფობას შანსი.
ნუ გამოიჩენთ ინიციატივას და თვითნებურად ნუ შეცვლით ექიმის დანიშნულებას, ნუ შეწყვეტთ წამლების მიღებას, თუნდაც თავს გაცილებით უკეთ გრძნობდეთ. აუცილებელია მკურნალობის კურსის ბოლომდე მიყვანა.
დაუშვებელია ყოველგვარი თვითმკურნალობა და ნათესავის ან ნაცნობ-მეგობრების რჩევით, ერთი მედიკამენტის მეორით შეცვლა.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია