არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც არტერიული წნევის მაჩვენებლები მყარად იმატებს. არტერიულ ჰიპერტენზიას განმარტავენ როგორც მრავალჯერ დაფიქსირებულ არტერიული წნევის აწევას ვერცხლისწყლის სვეტის 140/90 მილიმეტრზე მაღლა. 140/90 ნორმის ზედა ზღვარია. მას, ვისაც წნევის ასეთი მაჩვენებელი აქვს, არტერიული ჰიპერტენზიის ჩამოყალიბება ემუქრება - 5 წლის განმავლობაში მათ 12%-ს შესაძლოა ჰიპერტენზია განუვითარდეს. ზოგჯერ პაციენტს, განსაკუთრებით - თუ 60 წელსაა გადაცილებული, მომატებული აქვს მხოლოდ სისტოლური (ზედა) წნევა, ხოლო დიასტოლური (ქვედა) ნორმის ფარგლებში რჩება. ასეთ ჰიპერტენზიას იზოლირებულ სისტოლურ ჰიპერტენზიას უწოდებენ.
"ჰიპერტენზიული დაავადება" და "არტერიული ჰიპერტენზია" სინონიმებია. პირველი ტერმინი წინათ ფართოდ იყო გავრცელებული ჩვენს ლიტერატურაში, დღეს კი უცხოური ლიტერატურის ანალოგიით მეორეს უფრო მეტად იყენებენ.
არტერიული წნევის მომატებას უჩივის ზრდასრული მოსახლეობის 20-30%. ასაკთან ერთად მისი გავრცელება იმატებს და 65 წელს გადაცილებულებთან 50-60%-ს აღწევს. არტერიული წნევის ისეთი მომატება, რომელიც საექიმო გამოკვლევასა და მკურნალობას მოითხოვს, მსოფლიოში თითქმის ყოველ მეოთხე მოზრდილ ადამიანს აღენიშნება. ყოველ მესამეს აქვს რისკფაქტორები, რომლებიც არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების ალბათობას ზრდის.
საქართველოში ჰიპერტონიული დაავადების მქონეთა რიცხვი განუხრელად იზრდება: ყოველ 10 000 სულ მოსახლეზე ეს რაოდენობა 1995 წლიდან 2002 წლამდე 1438-იდან 2410-მდე გაიზარდა, ანუ თითქმის გაორმაგდა.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ წნევის მომატების ცალკეული ეპიზოდები არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებას არ ნიშნავს. მართალია, ქრონიკული სტრესი, რომელიც ხშირად რთულ სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს, უარყოფით ემოციებს უკავშირდება,  არტერიული ჰიპერტენზიის ერთ-ერთი მიზეზია, მაგრამ წნევის მომატების ცალკეული შემთხვევები, რომლებსაც ეპიზოდური ხასიათი აქვს და მჭიდრო კავშირშია სტრესთან ან ორგანიზმის გადაძაბვასთან, დაავადებად არ მიიჩნევა. ეს მხოლოდ ორგანიზმის რეაქციაა სტრესზე.

ასაკი და არტერიული წნევის ნორმა
არტერიული წნევის ნორმა 140/90 მმ ვწყ სვ-ია, განურჩევლად სქესისა და ასაკისა - ახალგაზრდებისა თუ მოხუცებისთვის, ქალებისა თუ მამაკაცებისთვის. ასე რომ, წნევის ასაკობრივ ნორმაზე ლაპარაკი ზრდასრულ პაციენტებთან მიმართებით მცდარია. არადა, ეს შეცდომა ბევრს მოსდის - არტერიული წნევის `ასაკობრივ ნორმებს~ დღემდე აწესებენ, რაც დაუშვებელია.

სქესი და არტერიული ჰიპერტენზია
არტერიული წნევის მატება მამაკაცებთან უფრო ადრეულ ასაკში იწყება. 50 წლამდე ჰიპერტენზია სწორედ მამაკაცებთან ჭარბობს, ამაზე უფროსი ასაკის პაციენტები კი უმეტესად ქალები არიან.

მენოპაუზა და არტერიული წნევა
მენოპაუზის გავლენა არტერიულ წნევაზე დავის საგანია. კვლევების ერთმა ნაწილმა ვერ დაადასტურა, რომ მენოპაუზა გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე, მაშინ როდესაც მეორე ნაწილმა აჩვენა არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მატება პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებში.

ორალური კონტრაცეფცია და  არტერიული წნევა
იმ ქალების უმრავლესობას, რომლებიც ორალურ კონტრაცეფციას იყენებენ, აღენიშნება არტერიული წნევის მცირედი, მაგრამ შესამჩნევი მატება, ხოლო მათ მცირე ნაწილს მნიშვნელოვანი ჰიპერტენზია უვითარდება. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ქალები, რომლებიც ხშირად იყენებენ კონტრაცეპტივებს, იმყოფებიან არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების უფრო მაღალი რისკის ჯგუფში, ვიდრე ქალები, რომლებიც ორალურ კონტრაცეპტივებს არ ხმარობენ. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ორალური კონტრაცეპტივების მოხმარების შეწყვეტის შემდეგ არტერიული წნევა 3 თვეში უბრუნდება საწყის დონეს. კონტრაცეპტივებით თერაპიისას რეკომენდებულია არტერიული წნევის რეგულარული მონიტორინგი. კონტრაცეპტივის მიღების ხანგრძლივობა უნდა შეიზღუდოს ექვს თვემდე, რათა მოხდეს მდგომარეობის ხელახალი შეფასება. კონტრაცეპტივებით გამოწვეული ჰიპერტენზიის დროს უნდა შეწყდეს ამ პრეპარატების მიღება. გამონაკლის შემთხვევებში (თუ კონტრაცეფციის სხვა მეთოდები არახელსაყრელია) უნდა მოხდეს მისი კომბინირება ანტიჰიპერტენზიულ თერაპიასთან.

არტერიული ჰიპერტენზიის კლასიფიკაცია
ცნობილია არტერიული ჰიპერტენზიის მრავალი კლასიფიკაცია, რომელთაგან თითოეული ეფუძნება სხვადასხვა პრინციპს. მაგალითად, ძველად ავადმყოფებს განასხვავებდნენ გარეგნული იერის მიხედვით (ფერმკრთალი და ღაჟღაჟა). ეს ერთ-ერთი პირველი კლასიფიკაციაა, რომელსაც მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა შერჩა. გარდა ამისა, არსებობს კლასიფიკაციები:

  • დაავადების წარმოშობის მიხედვით - პირველადი, ანუ იდიოპათიური და მეორეული ანუ სიმპტომური;
  • მიმდინარეობის მიხედვით - კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი, ანუ სწრაფად პროგრესირებადი;
  • არტერიული წნევის მომატების მიხედვით - იზოლირებული სისტოლური და დიასტოლური;
  • სამიზნე ორგანოების დაზიანების ხარისხის მიხედვით.

ცალკე უნდა გამოიყოს შემდეგი ფორმები:

  • რეფრაქტერიული ჰიპერტენზია - ჰიპერტენზიულ პაციენტთა 10% რეზისტენტულია მკურნალობის მიმართ ანუ არტერიული წნევის მომატება არ ემორჩილება მედიკამენტურ მკურნალობას;
  • თეთრი ხალათის ჰიპერტენზია - წნევის მომატების განსაკუთრებული სახე, რომელიც ვითარდება მხოლოდ ექიმის ან სხვა მედპერსონალის თანდასწრებით;
  • ჰიპერტონიული კრიზი - არტერიული წნევა უეცრად იმატებს და აღწევს კრიტიკულ მაჩვენებლებს, რის გამოც იშლება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის ავტომარეგულირებელი მექანიზმები და ვითარდება ზოგადტვინოვანი და კეროვანი სიმპტომები (ძლიერი თავის ტკივილით, თავბრუხვევით, გულისრევითა და პირღებინებით). ეს მდგომარეობა სასწრაფო სამედიცინო ჩარევასა და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
  • ორთოსტატიკური ჰიპოტენზია - ნორმაში ფეხზე დგომისას სისტოლური არტერიული წნევა მცირედით იკლებს, ხოლო დიასტოლური მცირედით იმატებს. ორთოსტატიკური ჰიპოტენზია დიაგნოსტირდება, თუ წამოდგომისას სისტოლური არტერიული წნევა ეცემა 20 მმ ვწყ სვ-ით ან მეტად, ანდა დიასტოლური წნევა ეცემა 10 მმ ვწყ სვ-ით ან მეტად. ორთოსტატიკური ჰიპოტენზია განსაკუთრებით ხშირია ხანში შესულ, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებთან. არსებობს პირდაპირი კორელაცია ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის სიმძიმესა და სიკვდილობას შორის.

ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის მიზეზებია: ჰიპოვოლემია, ბარორეცეპტორების დისფუნქცია, ავტონომიური დისფუნქცია, ვენოდილატატორების (ალფა ბლოკერების, ბეტა-ალფა ბლოკერების) გამოყენება. ნიტრატებმა და დიურეტიკებმა შესაძლოა ორთოსტატიკური ჰიპოტენზია გააძლიეროს.
ხანში შესულ პაციენტთა მკურნალობისას კლინიცისტს ყოველთვის უნდა ახსოვდეს ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის რისკი და არ გამოეპაროს მისი სიმპტომები (წამოდგომისას თავბრუხვევა, წონასწორობის დაკარგვა, სისუსტე). აუცილებელია წნევის პერიოდული გაზომვა წოლისას და დგომისას 50 წელს გადაცილებულ ყველა პაციენტთან.

არტერიული წნევის მყარი მომატების მიზეზები
არტერიული წნევის ციფრების მომატებას დაავადების სხვადასხვა ფორმის დროს სხვადასხვა მიზეზი აქვს. ეს შეიძლება იყოს ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, ნივთიერებათა ცვლის მოშლა ან ქსოვილებში იონური წონასწორობის დარღვევა.

  • ჰიპერტონიული დაავადება დაკავშირებულია თავის ტვინის ქერქის იმ უბნების ფუნქციურ ცვლილებებთან, რომლებიც პასუხს აგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კერძოდ, სისხლის წნევის, რეგულაციაზე.
  • ასიდან 10-15 შემთხვევაში მისი განვითარება დაკავშირებულია გულზე ადრენალინის (სტრესის ჰორმონის) გაძლიერებულ ზემოქმედებასთან: გული იკუმშება უფრო სწრაფად, გადმოისვრის მეტი რაოდენობის სისხლს და არტერიული წნევა იმატებს. ამიტომ ფსიქიკური გადაძაბვა ჰიპერტენზიის განვითარების ერთ-ერთ რისკფაქტორად არსი მიჩნეული.
  • წნევის მატებას ხელს უწყობს სისხლში ნატრიუმის სიჭარბე, ვინაიდან იზრდება გულის შეკუმშვისას გადმოსროლილი სისხლის ოდენობა.
  • უჯრედის შიგნით კალციუმის ოდენობის მატება იწვევს ჰიპერტონიული დაავადების ისეთი ფორმის განვითარებას, რომლის დროსაც ავადმყოფს აღენიშნება გლუვი მუსკულატურის სპაზმი, რაც სისხლძარღვთა კედლის მდგომარეობის ცვლილების გამო ასევე არღვევს სისხლის წნევის რეგულაციას.
  • 20-25%-ში ჰიპერტონიული დაავადება დაკავშირებულია არტერიების სკლეროზთან, ასევე - სისხლძარღვთა კედელზე ათეროსკლეროზული ბალთების ჩამოყალიბებასთან. ამ დროს სისხლძარღვის კედლის შევიწროების გამო უარესდება ორგანოთა სისხლით მომარაგება და ორგანიზმი ცდილობს, მეტი ძალით გადაისროლოს სისხლი სისხლძარღვებში, რის გამოც იზრდება სისხლის წნევა.
  • ზოგიერთმა მედიკამენტმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება. კერძოდ, ჩასახვის საწინააღმდეგო და მადის დასაქვეითებელმა საშუალებებმა, გლუკოკორტიკოიდებმა (პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი და სხვ.), ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა (ინდომეტაცინი და სხვა).

არტერიული ჰიპერტენზია უმეტესად დამოუკიდებელია. ამ შემთხვევაში მას პირველად არტერიულ ჰიპერტენზიას უწოდებენ. ეს არის ქრონიკული დაავადება, რომლის მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია, თუმცა ცნობილია ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს მის აღმოცენებას. მათგან აღსანიშნავია:

  • მემკვიდრეობითი განწყობა;
  • ასაკი და ზოგი სხვა ბიოლოგიური მაჩვენებელი;
  • ჭარბი წონა;
  • არარაციონალური კვება (დიდი რაოდენობით ცხიმიანი და მარილიანი საკვების, ნაკლები ხილისა და ბოსტნეულის მიღება);
  • უმოძრაო ცხოვრების წესი, მცირე ფიზიკური აქტივობა;
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
  • თამბაქოს წევა;
  • სტრესული სიტუაციის გადალახვის უუნარობა;
  • შრომისა და დასვენების არასწორი მონაცვლეობა;
  • სოციალური გარემო;
  • ასაკი.

წნევის მატების შემთხვევათა შედარებით მცირე ნაწილი ამა თუ იმ დაავადებითაა განპირობებული. ამ შემთხვევაში არტერიული ჰიპერტენზია დამოუკიდებელი პათოლოგია კი არ არის, არამედ სხვა დაავადების ერთ-ერთ ნიშანს, მის გამოხატულებას წარმოადგენს. არტერიული წნევის მატების ასეთ შემთხვევებს მეორეულ ჰიპერტენზიას უწოდებენ. ის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ მიზეზებს უკავშირდება. მათგან აღსანიშნავია:

  • თირკმლისა და მისი სისხლძარღვების დაავადებები;
  • ენდოკრინული სისტემის დაავადებები;
  • ნერვული სისტემის დაავადებები;
  • ზოგიერთი მედიკამენტის (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების, გლუკოკორტიკოიდების, პერორალური კონტრაცეფციული საშუალებების) მიღება. თუ ამ პრეპარატების გამოყენებისას არტერიული წნევის მატება შევამჩნიეთ, ექიმი აუცილებლად უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში;
  • აორტის კოარქტაცია და სხვა.

არტერიული ჰიპერტენზიის სიმპტომები და მიმდინარეობა
განასხვავებენ არტერიული ჰიპერტენზიის რამდენიმე სტადიას:
1. პრეჰიპერტენზია
I სტადია
II სტადია
2. ჰიპერტენზია
მცდარი წარმოდგენები არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ
1. წნევის მატების დროს პაციენტები ხშირად უჩივიან ძლიერ თავის ტკივილს, სუბიექტური შეგრძნებების მკვეთრ გაუარესებას. არცთუ იშვიათად ამგვარი ჩივილები წნევის ნორმალური მაჩვენებლების დროსაც იჩენს თავს, რის გამოც პაციენტებს მიაჩნიათ, რომ ისეთი წნევა, როგორიც არის, მაგალითად, 120/80, მათთვის მაღალია, რაც მცდარი შეხედულებაა.
2. ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანი ვერ გრძნობს მაღალ წნევას, არაფერს უჩივის და ამიტომ მკურნალობაზე უარს ამბობს - ესეც მცდარი შეხედულებაა.

სად არის სიმართლე
პაციენტის პირად შეგრძნებებზე დაყრდნობით არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ მსჯელობა არ შეიძლება. პაციენტის ჩივილები ნორმალური არტერიული წნევის ან მისი უმნიშვნელო მომატების შემთხვევაში შესაძლოა სულ სხვა ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული. თუნდაც სტრესთან.
არტერიული წნევის მომატებას ხშირად სდევს თან განსაზღვრული ნიშნები: თავის ტკივილი, სიმძიმე კეფის არეში, გულისრევა, ადვილად დაღლა, ცუდი ძილი, თვალწინ მოციმციმე წერტილების გაჩენა, - მაგრამ არც ის არის გამორიცხული, არტერიული წნევის მომატებისას ადამიანი არაფერს უჩიოდეს და ჰიპერტენზია შემთხვევით აღმოაჩინონ. ასეთ დროს მკურნალობა ისევე აუცილებელია, როგორც მაშინ, როცა პაციენტი მაღალი წნევის გამო თავს ცუდად გრძნობს.
არტერიული ჰიპერტენზია მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებათა გამო არ არის საშიში. ის საშიშია, უპირველეს ყოვლისა, გართულებებით, რომლებიც საფრთხეს უქადის სიცოცხლეს, აქვეითებს შრომისუნარიანობას და კარდინალურად ცვლის ცხოვრების რიტმს. უნდა გვახსოვდეს, რომ არტერიული ჰიპერტენზია არის მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, გულისა და თირკმლის უკმარისობის ერთ-ერთი (თუმცა არა ერთადერთი) რისკფაქტორიც. დადგენილია, რომ მიოკარდიუმის ინფარქტის 100-დან 68 შემთხვევაში და ინსულტის 100-დან 75 შემთხვევაში ავადმყოფებს დიდხანს ჰქონდათ მომატებული არტერიული წნევა, მაგრამ ან არ უტარდებოდათ სათანადო მკურნალობა, ან თვითონვე ამბობდნენ უარს მედიკამენტების მიღებაზე, ან მკურნალობას მანამდე წყვეტდნენ, ვიდრე წნევა სამიზნე ციფრებს მიაღწევდა.

პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული წნევის მომატება
ცნობილია, რომ არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს სამსახურში არტერიული წნევა ხშირად უწევს მაღლა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ასეთი რამ ემართება ყოველ მეხუთე დაავადებულს. არტერიული ჰიპერტენზიის ასეთ ვარიანტს "სამუშაო ადგილის ჰიპერტენზიას" უწოდებენ. ამ ფორმის თავისებურება ის არის, რომ ექიმთან ან შინ გაზომვისას პაციენტებს უმეტესად ნორმალური წნევა აღმოაჩნდებათ ხოლმე. სამუშაო ადგილის ჰიპერტენზია, წესისამებრ, მათ ემართებათ, ვისი სამუშაოც მოითხოვს ძლიერ ფსიქოემოციურ დატვირთვას ან ერთი საქმიანობიდან მეორეზე ხშირ გადართვას. სამუშაო ადგილის ჰიპერტენზია ხშირია აგრეთვე ეგრეთ წოდებული საშუალო რგოლის ხელმძღვანელთა შორის. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც ურთიერთობა უწევთ როგორც ხელმძღვანელებთან, ასევე ხელქვეითებთანაც.
არტერიული ჰიპერტენზიის აღნიშნული ფორმის დროს ხშირია სამიზნე ორგანოების დაზიანება, განსაკუთრებით - გულისა, რაც მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით ვლინდება და შემდგომ გართულებათა მიზეზად იქცევა.
სამუშაო ადგილის ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა არტერიული წნევის გაზომვა სამუშაო დღის განმავლობაში რამდენჯერმე, წნევის მონიტორინგი სადაგ და უქმე დღეებში. სამუშაო ადგილის ჰიპერტენზიის მკურნალობა უფრო რთულია, ვინაიდან რთული და მრავალფეროვანია ამ დროს არტერიული წნევის მომატების მექანიზმები. პრაქტიკულად ყოველთვის აუცილებელია კომბინირებული მკურნალობა ანუ, სულ ცოტა, ორი წნევის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღება (ზოგჯერ - მეტისაც).

წნევის რომელი მაჩვენებლის მატება უფრო საშიშია - ზედასი (სისტოლურისა) თუ ქვედასი (დიასტოლურისა)?
წნევის როგორც ზედა, ისე ქვედა მაჩვენებლის მატება თანაბრად საშიშია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზიის (მხოლოდ ზედა წნევის მატების) დროს გართულების (მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, გულის უკმარისობის) რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ორივე მაჩვენებლის ერთდროული მომატებისას.

არტერიული წნევის რეგულარული ზომვის აუცილებლობა
არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში ექიმი აუცილებლად უნიშნავს პაციენტს წნევის დამწევ პრეპარატს. ამის შემდეგ საჭიროა მკურნალობის ეფექტის ზუსტი შეფასება არტერიული წნევის მაჩვენებლების საგულდაგულო კონტროლით. ამიტომაცაა აუცილებელი არტერიული წნევის რეგულარული ზომვა. ვინაიდან ექიმს წნევის გაზომვა მხოლოდ ვიზიტის დროს შეუძლია, რომელიც, რა თქმა უნდა, ყოველდღიური ვერ იქნება, პაციენტმა თვითონვე უნდა გაიზომოს წნევა დღე-ღამეში არანაკლებ ორჯერ - დილა-საღამოს. ამისთვის არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შინ წნევის საზომი ხელსაწყო. სწორედ ამ ხელსაწყოს მეშვეობით ხდება არტერიული წნევის ოცდაოთხსაათიანი მონიტორირება. არტერიული წნევა მუდმივი არ არის, ის დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ იცვლება, ოცდაოთხსაათიანი მონიტორირება კი საშუალებას იძლევა, დადგინდეს აღნიშნული ცვლილების ხასიათი, განისაზღვროს, უბრუნდება თუ არა წნევა ნორმას.

კვლევები არტერიული ჰიპერტენზიის დროს
არტერიული ჰიპერტენზიის დადგენისას, წესისამებრ, ტარდება ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა, შარდის საერთო ანალიზი, განისაზღვრება სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის, კრეატინინის, კალიუმის შემცველობა. ტარდება ექოკარდიოსკოპია. გარდა ამისა, შესაძლოა, პაციენტის მდგომარეობის, არტერიული ჰიპერტენზიის გართულებათა გათვალისწინებით საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევები, რასაც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი განსაზღვრავს. სპეციალური ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებია აუცილებელი მეორეული ჰიპერტენზიის გამომწვევი დაავადების დასადგენადაც.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია