ფარმაკოლოგიური თვისებები
ტალინოლოლი წარმოადგენს კარდიოსელექტიურ ბეტა-ადრენობლოკატორს, რომელსაც არ გააჩნია შინაგანი სიმპატომიმეტური აქტივობა. პრეპარატის დოზის და საწყისი სიმპატიკური ტონუსის მიხედვით იგი ამცირებს გულისცემას და გულის შეკუმშვის ძალას, ამასთან ერთად თრგუნავს ატრიოვენტრიკულურ გამტარებლობას და პლაზმის რენინის აქტივობას. ზემოაღნიშნული ეფექტების საფუძველზე ადგილი აქვს არტერიული წნევის ხანგრძლივ დაქვეითებას.
ფარმაკოკინეტიკა
ინტრავენური შეყვანისას პრეპარატი სწრაფად ნაწილდება ქსოვილებში. მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ატარებს ბიექსპონენციურ ხასიათს. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10.6 (7.3-18.2) საათს. პლაზმური საერთო კლირენსი შეადგენს 352 (284-415) მლ/წუთში, ხოლო განაწილების მოცულობა წონასწორული კონცენტრაციის პირობებში - 3.3 (2.5-4.3) ლ/კგ-ზე. პერორალური მიღების შემდეგ ტალინოლოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 3.2 (1.7-4) საათის შემდეგ. კუმულაციის ინდექსი შეადგენს 1.8. ტალინოლოლის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მნიშვნელოვნად მცირდება პერორალურად მიღებისას ჭამის შემდეგ უზმოზე გამოყენებასთან შედარებით. ამ დროს მისი ბიოშეღწევადობა მცირდება 45%-ით. პრეპარატის 60.9% (50-70%) უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.
პრეპარატის ნაწილი უცვლელი სახით ელიმინირდება ორგანიზმიდან თირკმელებით. მისი ინტრავენური გამოყენებისას დაახლოებით 57% (37-78%) ხოლო პერორალური გამოყენებისას 30% (12-36%) ელიმინირდება შარდით. ინტრავენურად შეყვანილი ტალინოლოლის 7.5% ელიმინირდება ნაღველით.
სისხლის პლაზმიდან პრეპარატის ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენს 11.9 (8.7-17.8) საათს.
ტალინოლოლის დრაჟეს აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 55%-ს.
ჩვენებები
- ტაქიარითმია;
- მძიმედ გამოხატული არასტაბილური სტენოკარდია;
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (აუცილებელია ჩვენების მკაცრი დადგენა).
- გულის ქრონიკული იშემიური დაავადება;
- არტერიული ჰიპერტენზია;
- გულის ჰიპერკინეტიკური სინდრომი;
დოზირების რეჟიმი
პრეპარატის დოზირება ხორციელდება ექიმის მიერ ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმის და პრეპარატზე მგრძნობელობის რეაქციის მიხედვით. პერორალური მკურნალობა იწყება დაბალი დოზებით, ანუ 50 მგ 1-2-ჯერ დღეში ან 100 მგ ერთხელ დღეში.
ჰიპერტონული დაავადების მკურნალობა:
დასაწყისში ინიშნება პრეპარატის 100-150 მგ დღეში, დილით 100 მგ ერთი დრაჟე ან 50 მგ 1-2 დრაჟე დილით და 50 მგ ერთი დრაჟე საღამოს. არასაკმარისი თერაპიული ეფექტის დროს დოზა იზრდება 300 მგ-მდე დღეში. პრეპარატით არტერიული წნევის არასაკმარისი შემცირებისას იყენებენ კალციუმის იონების ანტაგონისტების - დიჰიდროპირიდინის წარმოებულების და სალურეზული ან ვაზოდილატაციური საშუალებების კომბინაციას.
იშემიური დაავადების მკურნალობა
ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია:
მსუბუქ შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება დოზით 100 მგ დღეში, დილას და საღამოს 1 დრაჟე (50 მგ) ან 100 მგ დრაჟე დილას და საღამოს, ორგანიზმის დატვირთვის ხარისხის მიხედვით. პრეპარტის საშუალო დოზა შეადგენს 50-100 მგ 2-ჯერ დღეში. შესაძლებელია დოზის გაზრდა 300 მგ-მდე. რეკომენდებულია რაც შეიძლება ადრე კომბინირებული მკურნალობის დაწყება ნიტრატებთან.
არასტაბილური სტენოკარდია:
მძიმე შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება ინტრავენურად წვეთოვანი სახით 10-20 მგ (1-2 ამპულა) ერთი საათის განმავლობაში ან დოზით 30-60 მგ 24 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ტარდება პერორალური მკურნალობა. პრინც-მეტალის ვაზოსპასტიური სტენოკარდიის დროს პრეპარატის გამოყენება სახიფათოა (ძლიერდება გულის გვირგვინოვანი არტერიების სპაზმი).
გულის რითმის დარღვევის მკურნალობა:
მწვავე შეტევის მკურნალობა იწყება პრეპარატის ნელი ინტრავენური შეყვანით დოზით 10 მგ (ერთი ამპულა) 3-5 წუთის განმავლობაში. 10 წუთის შემდეგ შეიძლება ინექციის გამეორება. პრეპარატის შეყვანა მაღალი დოზებით, 10-20 მგ 3-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში ტარდება ეკგ-მონიტორინგის, პულსის სიხშირის და არტერიული წნევის კონტროლის ქვეშ და ამავე დროს გულის დეფიბრილაციის შესაძლებლობის ჩატარების პირობებში.
პრეპარატით ინტრავენური მკურნალობის ალტერნატივას ან გაგრძელებას წარმოადგენს მისი ინტრავენური წვეთოვანი შეყვანა დოზით 30-60 მგ 24 საათის განმავლობაში, ხოლო გადაუდებელ სიტუაციაში ინტრავენურად წვეთოვანი სახით 30 მგ 6 საათის განმავლობაში.
პრეპარატით პერორალური მკურნალობა იწყება დოზით 150 მგ დღეში, შემდგომში აუცილებლობისას დოზა იზრდება 300 მგ-მდე დღეში. არგუმენტირებულ შემთხვევაში შესაძლებელია დოზის მომატება ზემოაღნიშნული მონიტორინგის ქვეშ.
გულის ჰიპერკინეტური სინდრომის მკურნალობა:
ადრენერგული სისტემის საწყისი მდგომარეობის გათვალისწინებით საკმარისია პრეპარატის შემდეგი დოზები: 50 მგ 1-2-ჯერ დღეში პერორალურად. იშვიათად აუცილებელია დოზა 300 მგ დღეში. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობა
მწვავე პერიოდი:
პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ეკგ-ს პულსის სიხშირის და არტერიული წნევის კონტროლის ქვეშ. მკურნალობა იწყება ინფარქტის განვითარებიდან 12 საათის განმავლობაში.
პრეპარატის საწყისი დოზაა 10-20 მგ, რომელიც ინიშნება ინტრავენურად წვეთოვანი გზით ერთი საათის განმავლობაში. 24 საათის განმავლობაში შეჰყავთ 50 მგ-მდე, უფრო მაღალი დოზები არ ინიშნება, მეორე დღეს - დოზა მცირდება 2-ჯერ, შემდგომში გადადიან პერორალურ მკურნალობაზე დოზით 50-100 მგ 2-ჯერ დღეში (300 მგ დღეში).
მეორადი პროფილაქტიკა:
მოგვიანებით პოსტინფარქტულ პერიოდში პრეპარატი ინიშნება ისეთივე დოზებით, როგორც სტაბილური სტენოკარდიის დროს, საშუალოდ 100-200 მგ დღეში პერორალურად.
- პერორალური მკურნალობისას ინტერვალი პრეპარატის მიღებებს შორის შეადგენს 12-24 საათს.
- პრეპარატის დრაჟე ინიშნება ჭამამდე 0.5-1 საათით ადრე, დაუღეჭავად, სითხის დაყოლებით.
- პრეპარატის საინექციო ხსნარი განზავდება და შეჰყავთ ინტრავენურად ნაკადის სახით და წვეთოვანი ინფუზიის გზით.
- ინტრავენური შეყვანისათვის საინექციო ხსნარი იხსნება გამოხდილ წყალში ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში შეფარდებით 1:1, რომელიც შეყავთ 3-5 წუთის განმავლობაში. ინტრავენური წვეთოვანი შეყვანისათვის შესაძლებელია ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ან ელექტროლიტური ხსნარის E153-ს გამოყენება.
რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება შემდეგი განზავებით:
მოქმედი ნივთიერების რაოდენობა - 10 მგ, გამხსნელის რაოდენობა - 250 მგ, შეყვანის ხანგრძლივობა 1 სთ;
მოქმედი ნივთიერების რაოდენობა - 30 მგ, გამხსნელის რაოდენობა - 500 მლ, შეყვანის ხანგრძლივობა 24 სთ;
მოქმედი ნივთიერების რაოდენობა - 60 მგ, გამხსნელის რაოდენობა - 500 მლ, შეყვანის ხანგრძლივობა 24 სთ.
დაუშვებელია ინტრაარტერიული ან პარავენოზური გადასხმების ჩატარება სისხლძარღვების და მიმდებარე ქსოვილების დაზიანების საშიშროების გამო.
გამოყენების ხანგრძლივობა:
პრეპარატის დრაჟეს გამოყენება დამოკიდებულია დაავადების კლინიკური სურათის და პრეპარატის ამტანიანობაზე.
პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა ისევე, როგორც სხვა ბეტა-ადრენობლოკატორების, წარმოებს თანდათანობით.
პრეპარატით მკურნალობის დაგეგმილი ან აუცილებელი შეწყვეტა ტარდება 1-2 კვირის განმავლობაში, დოზის თანდათანობითი შემცირებით.
საინექციო ხსნარი:
პრეპარატის ინტრავენური შეყვანა ტარდება ხანმოკლე დროის განმავლობაში.
გამოყენების თავისებურებები:
- ავადმყოფებში ბრონქოპულმონური გზების ობსტრუქციული დაავადებებით, ტალინოლოლი დიდ დოზებში მოქმედებს ფილტვების სისხლის მიმოქცევაზე და ვენტილაციაზე. ასეთ შემთხვევაში იგი ინიშნება სასიცოცხლო ჩვენების მიხედვით, სასარგებლო თვისების, შესაძლებელი რისკის განსაზღვრის და ჩატარებული კონტროლის შემდეგ (მათ შორის ფილტვების ვენტილაციის მაჩვენებლები). ასეთ ავადმყოფებში ტალინოლოლი გამოიყენება პერორალურად მაქსიმალური დოზით 50 მგ 2-ჯერ დღეში. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ავადმყოფები ფილტვების პროფესიული დაავადებებით.
- ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით, რომლებსაც ესაჭიროებათ ჰიპოგლიკემიური თერაპიის ჩატარება, ბეტა-ადრენობლოკატორები აძლიერებენ ჰიპოგლიკემიურ რეაქციებს.
მრავალწლიანმა კლინიკურმა დაკვირვებამ არ გამოავლინა ტალინოლოლის მოქმედება სისხლში შაქრის კონცენტრაციაზე, ამიტომ გლუკოზის ხშირი შემოწმება წარმოებს ავადმყოფებში ლაბილური შაქრიანი დიაბეტით ან მიდრეკილებით ჰიპოგლიკემიისადმი.
- ტალინოლოლის მოხსნა ოპერაციის წინ დაუშვებელია (მოხსნის ფენომენის საშიშროება).
- ვინაიდან ნარკოზული საშუალებები აძლიერებენ ტალინოლოლის უარყოფით ინოტროპულ მოქმედებას, აუცილებელია ანესთეზიოლოგის ინფორმირება პრეპარატით მკურნალობის შესახებ. როგორც ყველა ბეტა-ადრენობლოკატორი;
- ტალინოლოლის მოხსნა ხორციელდება თანდათანობით. განსაკუთრებით ავადმყოფებში იშემიური დაავადებით მისი თანდათანობითი მოხსნა წარმოებს 1-2 კვირის განმავლობაში, დოზის ნელი შემცირებით, კლინიკური სურათის მწვავე გაუარესების თავიდან ასაცილებლად. ვინაიდან ტალინოლოლმა შეიძლება გააძლიეროს კათეტერიზაციით გამოწვეული კორონარული არტერიების სპაზმი, მისი მოხსნა ხორციელდება სელექტიური კორონაროგრაფიისას გულის კათეტერიზაციამდე 1-2 დღით ადრე.
- ტალინოლოლით ორსულობამდე დაწყებული ჰიპერტონიის მკურნალობა გრძელდება, ვინაიდან მას გააჩნია სუსტი მასტიმულირებლი მოქმედება საშვილოსნოს მუსკულატურაზე. ამიტომ პრეპარატი ინიშნება მცირე ეფექტური დოზებით. ტალინოლოლით ჰიპერტონიის პირველადი მკურნალობისას ორსულებში არ არის აღნიშნული უარყოფითი ეფექტები, თუმცა ამ დროს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებების ხედვით.
- ვინაიდან ტალინოლოლი გადადის დედის რძეში, მისი გამოყენებისას ლაქტაციის პერიოდში საჭიროა მეთვალყურეობა ახალშობილზე.
ტალინოლოლი ინიშნება სიფრთხილით ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის დაქვეითებით.
- ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების დროს ტალინოლოლის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება, რის გამოც პრეპარატის დოზის შემცირება საჭირო არ არის.
გვერდითი მოვლენები
ზოგჯერ პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში აღინიშნება: დაღლილობა, თავბრუსხვევა, დეპრესია, ჰალუცინაციები, თავის ტკივილი, ოფლიანობა, ძილის დარღვევა, კოშმარული სიზმრები. ასევე ვითარდება გართულებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: აღნიშნული გვერდითი მოვლენები, ძირითადად სუბიექტური ჩივილები, თავისთავად მცირდება მკურნალობის გაგრძელებისას, ეს სიმპტომები გაივლის პრეპარატის დოზის შემცირებისას. მხოლოდ იშვიათად საჭირო ხდება პრეპარატის მოხსნა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტონია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის უკმარისობის პროგრესირება. ეს სიმპტომები ხშირად აღინიშნება ავადმყოფებში გულის მოქმედების დარღვევით. ბრონქოსპაზმი აღინიშნება ავადმყოფებში მიდრეკილებით მის მიმართ.
შესაძლებელია სისუსტე და სიცივის შეგრძნება კიდურებში, კანის ეგზანთემების გაჩენა, იმპოტენცია ახალგაზრდა პირებში, ასევე ცრემლდენის შემცირება, რაც გასათვალისწინებელია იმ პირებისათვის, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს.
ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება ნაწლავების გაუვალობა. აღწერილია ქოლესტაზური ჰეპატიტის ერთი შემთხვევა.
ცალკეულ ავადმყოფებში შესაძლებელია ფსორიაზის სიმპტომების გაძლიერება ან ფსორიაზული გამონაყარის გაჩენა.
უკუჩვენებები
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ;
* გულის III-IV ხარისხის უკმარისობა NYHA-ს კლასიფიკაციით;
* კარდიოგენული შოკი;
* სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;
* სინოატრიული ბლოკადა და ატრიოვენტრიკულური ბლოკადა II და III ხარისხის;
* გამოხატული ბრადიკარდია (
* მიოკარდიუმის ახლადგადატანილი ინფარქტი გართულებებით (ბრადიკარდია, ჰიპოტონია, გულის მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობა);
* არტერიული ჰიპოტონია;
* ბრონქული ასთმა;
* ფეოქრომოციტომა ალფა-ადრენობლოკატორებით მკურნალობამდე.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებების მიხედვით.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის საინექციო ხსნარი:
საინექციო ხსნარის შემადგენლობაში შემავალი ნატრიუმის სულფიტი ზოგიერთ ავადმყოფებში, განსაკუთრებით ბრონქული ასთმით დაავადებულებში, იწვევს პრეპარატის მიმართ მომატებულ მგრძნობელობას, რაც გამოიხატება გულისრევით, დიარეით, ქოშინით, ასთმის შეტევით, ცნობიერების დარღვევით ან შოკით. ყველა აღნიშნულ შემთხვევაში აღწერილი სიმპტომები მიმდინარეობს განსხვავებულად, ხანდახან ისინი სიცოცხლისათვის სახიფათოა.
♦ ბრონქოპულმონური სისტემის ობსტრუქციული დაავადებების დროს;
♦ პერიფერიული არტერიული სისხლმიმოქცევის დარღვევის გვიანი სტადია;
♦ შაქრიანი დიაბეტი, რომელიც საჭიროებს ჰიპოგლიკემიურ თერაპიას, მიდრეკილებით ჰიპოგლიკემიის მიმართ;
♦ მეტაბოლური აციდოზი (ხანგრძლივი შიმშილობა).
♦ ავადმყოფებს, რომლებსაც პირად ან ოჯახურ ანამნეზში აღენიშნება ფსორიაზი, ბეტა-ადრენობლოკატორები ენიშნებათ მოსალოდნელი რისკის და შესაძლებელი სარგებლიანობის განსაზღვრის შემდეგ.
პრეპარატის ზემოქმედება ყურადღების კონცენტრაციაზე:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გვერდითი მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ. ამ ავადმყოფებში სხვადასხვა ხარისხით ირღვევა მათი დამოუკიდებლად გადაადგილების, ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარი. აღნიშნული მოვლენა განსაკუთრებით ძლიერად ვლინდება პრეპარტით მკურნალობის დასაწყისში, ერთი პრეპარატის შეცვლისას მეორეთი და ალკოჰოლის გამოყენებისას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
- ტალინოლოლის ჰიპოტენზიური მოქმედება ძლიერდება მისი ერთდროული გამოყენებისას დიურეზულ და სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან (მაგალითად, ვაზოდილატატორებთან და ფსიქოტროპულ საშუალებებთან).
- ცენტრალური მოქმედების პრეპარატები (რეზერპინი, მეთილდოფა, კლონიდინი) აძლიერებენ ბრადიკარდიას.
- ტალინოლოლის ერთდროული გამოყენებისას ვერაპამილთან, დილთიაზემთან გასათვალისწინებელია ძლიერი კარდიოდეპრესიული ეფექტები (საჭიროა სიფრთხილე კალციუმის ანტაგონისტების ინტრავენური გამოყენებისას, ისიც მხოლოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში).
- ტალინოლოლის და საგულე გლიკოზიდების ერთდროული გამოყენებისას მატულობს ბრადიარითმიის, ატრიოვენტრიკულური ბლოკადის, ასისტოლიის განვითარების რისკი.
- ტალინოლოლის და I კლასის ანტიარითმული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას (ქინიდინი, დიზოპირამიდი, პროკაინამიდი) შესაძლებელია პოტენციურად გაძლიერდეს უარყოფითი ინოტროპული მოქმედება, განსაკუთრებით გულის არსებული უკმარისობის დროს.
- ტალინოლოლის ერთდროული გამოყენებისას ჭვავის რქის არაჰიდრირებულ ალკალოიდებთან, ერთეულ შემთხვევაში აღინიშნება პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევა.
- შაქრიანი დიაბეტის დროს, რომელიც საჭიროებს მკურნალობას ინსულინით ან სულფანილშარდოვანას წარმოებულებით, შეიძლება გაძლიერდეს ან გახანგრძლივდეს ჰიპოგლიკემია, რომელიც გამოწვეულია უკურეგულაციის დათრგუნვით.
- ალკოჰოლთან კომბინირებისას ძლიერდება მისი დამთრგუნველი მოქმედება.
- სულფასალაზანის გამოყენება იწვევს ტალინოლოლის კონცენტრაციის მომატებას სისხლში.
- საჭმლის მიღება ხელს უშლის ტალინოლოლის შეწოვას, რის გამოც იგი ინიშნება ჭამის წინ.
მითითება:
კლონიდინით დამატებითი მკურნალობა წყდება დოზის თანდათანობითი შემცირებით, თუ მანამდე რამდენიმე დღით ადრე დოზის თანდათანობითი შემცირებით მოხსნილი იქნა ბეტა-ბლოკატორი (სიმპათიკური ნერვული სისტემის ჰიპერაქტივობის თავიდან ასაცილებლად).
ვინაიდან ნატრიუმის სულფიტი წარმოადგენს ძლიერი რეაქციის მქონე შენაერთს, ამიტომ პრეპარატის ზემოქმედებით თიამინი (ვიტამინი B1) სწრაფად იშლება ორგანიზმში.
ჭარბი დოზირება
ტალინოლოლით მოწამვლის ადრეული სიმპტომები, რომლებიც ვლინდება ლატენტური პერიოდის შემდეგ (30-240 წუთი): გულისრევა, ღებინება, არტერიული ჰიპოტონია უმეტეს შემთხვევაში ვლინდება ბრადიკარდიის ან ნორმალური გულისცემის ფონზე.
ერთდროულად ან გარკვეული დროის შემდეგ ვითარდება ცნობიერების დაბინდვა, აპათია, ძილიანობა კომის განვითარებამდე. ტონურ-კლონური კრუნჩხვები ვითარდება იშვიათად. მოწამვლის შემდგომი სურათი გამოიხატება გულის უკმარისობით დაბალი სისტოლური მოცულობის და სუნთქვის დათრგუნვის ფონზე.
გულის რითმის დარღვევა აღინიშნება პრეპარატის მაღალი დოზების (2 გ) მიღების შემდეგ და იწვევს სიცოცხლისათვის სახიფათო არითმიების განვითარებას, რაც ვლინდება სინუსური და ატრიოვენტრიკულური კვანძების ფუნქციის დარღვევით.
მოგვიანებით ვითარდება პარკუჭთაშიდა ბლოკადები.
ჰიპოგლიკემია და აციდოზი აღინიშნება ბავშვებში შემთხვევითი მოწამვლის დროს.
მოწამვლის მკურნალობა:
არასპეფიციურ ზომებთან ერთად, რომლებიც მიმართულია პრეპარატის გამოსაყვანად ორგანიზმიდან, როგორიცაა მისი შეწოვის შეწყვეტა (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის და ნატრიუმის სულფატის მიცემა), მიმართავენ ორგანიზმიდან მის დაჩქარებულ ელიმინაციას (ფორსირებული დიურეზი, ჰემოპერფუზია, კუჭ-ნაწლავის დაცლა), მჟავა-ტუტოვანი და ელექტროლიტური ბალანსის კორექცია, ჟანგბადის მიწოდება და სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
ანტიდოტის სახით გამოყენება:
ინტრავენურად ატროპინი ერთჯერადად დოზით 0.5-2.0 მგ.
გლუკაგონი: ინტრავენურად ბოლუსის სახით 5-10 მგ, შემდგომში წვეთოვანი ინფუზიის სახით დოზით 1-5 მგ საათში გლუკოზის 5% ხსნარში. სხეულის წონის და მიღწეული თერაპიული ეფექტის მიხედვით ინიშნება ბეტა-სიმპატომიმეტური საშუალებები. ცალკეულ შემთხვევაში საწყისი უეფექტობისას შესაძლებელია დოზის მომატება.
რეკომენდებულია შემდეგი სამკურნალო საშუალებების მიღება:
იზოპრენალინი, ორციპრენალინი, ადრენალინი, დოპამინი, დობუტამინი.
ბრადიკარდიის დროს, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას, ტარდება ელექტრული დეფიბრილაცია. ბრონქოსპაზმის დროს ინტრავენურად შეყავთ ამინოფილინი. კრუნჩხვების დროს ინტრავენურად ნელა - დიაზეპამი.