საერთაშორისო დასახელება:
IOPROMIDE
მწარმოებელი: SCHERING AG, გერმანია
მოქმედი ნივთიერება: იოპრომიდი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არაიონური რენტგენოკონტრასტული საშუალება სისხლძარღვებსა და ღრუებში შესაყვანად.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ულტრავისტი 240
საინექციო ხსნარი: ფლაკონში 50 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ.
იოპრომიდი .......................................... 499 მგ
რაც შეესაბამება იოდის შემცველობას ........ 240 მგ
ულტრავისტი 300
საინექციო ხსნარი: ფლაკონში 10 მლ, 20 მლ, 50 მლ და 100 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ
იოპრომიდი ........................................... 623 მგ
რაც შეესაბამება იოდის შემცველობას ...... 300 მგ
ულტრავისტი 370
საინექციო ხსნარი: ფლაკონში 30 მლ, 50 მლ და 100 მლ, შეფუთაში 10 ც.
1 მლ
იოპრომიდი ........................................... 769 მგ,
რაც შეესაბამება იოდის შემცველობას .......... 370 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ულტრავისტი წარმოადგენს არაიონურ საკონტრასტო ნივთიერებას, რომელიც ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, დაბალი ოსმოსური წნევით. იგი წარმოადგენილია სტაბილური, გამოყენებისათვის სხვადასხვა კონცენტრაციის მზა ხსნარების სახით.
ჩვენებები:
ულტრავისტი 240
კონტრასტირება კომპიუტერული ტომოგრაფიის (კტ), ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფიის (ცსა), ვენაში უროგრაფიის, კიდურების ფლებოგრაფიის დროს, სხეულის ღრუ ორგანოების დასათვალიერებლად (მაგ. ართროგრაფია, ჰისტეროსალპინგოგრაფია, ფისტულოგრაფია). ულტრავიტი 240 იყენებენ აგრეთვე მიელოგრაფიის დროს.
ულტრავისტი 300
კონტრასტირება კომპიუტერული ტომოგრაფიის (კტ), ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფიის (ცსა), ვენაში უროგრაფიის, კიდურების ფლებოგრაფიის, ვენოგრაფიის, არტერიოგრაფიის დროს, სხეულის ღრუ ორგანოების დასათვალიერებლად (მაგ. ართროგრაფია, ჰისტეროსალპინოგრაფია, ფისტულოგრაფია). ულტრავისტი 300 გამოიყენება მიელოგრაფიის, ვენტრიკულოგრაფიის, ცისტერნოგრაფიის დროს ნებადართული არ არის.
ულტრავისტი 370
კონტრასტირება კომპიუტერული ტომოგრაფიის (კტ), ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფიის (ცსა), ვენაში უროგრაფიის, კიდურების ფლებოგრაფიის, ვენოგრაფიის, არტერიოგრაფიის და განსაკუთრებით ანგიოკარდიოგრაფიის დროს, ორგანიზმის ღრუ ორგანოების დასათვალიერებლად (მაგ. ართროგრაფია, ფისტულოგრაფია). ულტრავისტი 370 გამოყენება მიელოგრაფიის, ვენტრიკულოგრაფიის, ცისტერნოგრაფიის დროს ნებადართული არ არის.
მიღების წესი და დოზირება:
საკონტრასტო ნივთიერების ხსნარის ამოღება წარმოებს შპრიცში, ან წვეთოვანი გადასხმისათვის საჭირო ფლაკონში. უშუალო გამოკვლევის ჩატარების წინ.
საკონტრასტო ნივთიერებების ხსნარები განსაზღვრულია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. ფლაკონის რეზინის საცობის გახვრეტა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ. ამიტომ რეზინის საცობის გახვრეტისათვის და საკონტრასტო ნივთიერების ამოღებისათვის რეკომენდებულია გრძელი დაბოლოვების მქონე კანულების გამოყენება, რომლის დიამეტრი არ აღემატება 18?G.
ერთი პროცედურის შემდეგ დარჩენილი გამოუყენებელი საკონტრასტო ნივთიერება საჭიროა გადავღვაროთ.
გამოკვლევა წარმოებს უზმოზე, მაგრამ აუცილებელად ნორმალური ელექტროლიტური ბალანსის პირობებში. საჭიროა მისი ნებისმირი დარღვევის კორექცია, განსაკუთებით მის მიმართ მიდრეკილ პაციენტებში.
აბდომინალური ანგიოგრაფიის და უროგრაფიის დროს დიაგნოზის ხარისხი უმჯობესდება ნაწლავების დაცლის პირობებში და გაზებისაგან მთლიანად განთავისუფლების შემდეგ. ამიტომ გამოკვლევის ჩატარებამდე 2 დღის განმავლობაში საჭიროა იმ საკვების მიღებისაგან თავის შეკავება, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში გაზების წარმოქმნას, კერძოდ სალათები, მუხუდო, ხილი, ახალი და განსაკუთრებით შავი პური და ბოსტნეული. გამოკვლევის წინა დღეს 18 სთ-ის შემდეგ პაციენტის მიერ საკვების მიღება ნებადართული არ არის. გარდა ამისა საღამოს სასურველია საფაღარათო საშუალების მიღება.
ჩვილ და სკოლამდელი ასაკის ბავშვების გამოკვლევის დროს საკვების მიღებისაგან თავის შეკავება ხანგრძლივი დროის განმავლობაში და საფაღარათო საშუალებების მიღება ნებადართული არ არის. კვლევით დადგენილია, რომ აგზნება, შიში და ტკივილი შესაძლებელია იყოს გვერდითი მოვლენების განვითარების მიზეზი და გააძლიეროს საკონტრასტო ნივთიერების შეყვანით გამოწვეული ორგანიზმის რეაქცია. აღნიშნულის თავიდან აცილება შესაძლებელია პაციენტის დამშვიდებით ან სათანადო მედიკამენტების გამოყენების შემდეგ. დადგენილია, რომ საკონტრასტო ნივთიერებას ახასიათებს კარგი ტოლერანტობა იმ შემთხვევაში, როდესაც იგი შემთბარია ორგანიზმის ტემპერატურამდე.
საკონტრასტო ნივთიერების სისხლძარღვებში შეყვანა წარმოებს პაციენტის მწოლიარე მდგომარეობაში. მისი შეყვანის შემდეგ საჭიროა პაციენტზე დაკვირვება არანაკლებ 30 წთ-ის განმავლობაში, რადგან გამოცდილებით დადგენილია, რომ მძიმე გართულებების უმეტესი ნაწილი სწორედ ამ პერიოდში ვითარდება.
არაიონური საკონტრასტო ნივთიერებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან თავისებას წარმოადგენს მათი შედარებით მცირე ზეგავლენა ორგანიზმის ნორმალურ ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე, რის გამოც არაიონური საკონტრასტო ნივთიერებები ხასიათდებიან უფრო ნაკლები ანტიკოაგულაციური აქტივობით in vitro, ვიდრე იონური.
ამიტომ სისხლსა და საკონტრასტო ნივთიერებას შორის კონტაქტის ხანგრძლივობა შპრიცსა და კათეტერებში უნდა იყოს მინიმალური. ამასთან ერთად, საჭიროა ანგიოგრაფიული გამოკვლევის ჩატარების ტექნიკის სისტემატური კონტროლი და კათეტერის ხშირად გამორეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით (აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ჰეპარინის დამატება), რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი აღნიშნულ პროცედურასთან დაკავშირებული თრომბოემბოლური გართულებების რისკი.
ვენური უროგრაფია
მოზრდილებში დოზა შეადგენს ულტრავისტს 300-ის არანაკლებ 1 მლ-ს (0.8 მლ ულტრავისტ 370, 1.3 მლ ულტრავისტ 240) კგ წონაზე, იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია შარდსაწვეთების საკმარისი კონტრასტირება, განსაკუთრებული ჩვენების მიხედვით.
ბავშვებში: ბავშვთა თირკმელების განუვითარებელი ნეფრონების ფიზიოლოგიური ჰიპოსტენურია საჭიროებს საკონტრასტო ნივთიერების შედარებით მაღალ დოზებს, მაგ, ულტრავისტ 300-ს შემდეგ დოზებს:
- ახალშობილებში: 1.2 გ იოდი კგ წონაზე შეესაბამება 4.0 მლ-ს კგ წონაზე.
- ჩვილ ბავშვებში: 1.0 გ იოდი კგ წონაზე შეესაბამება 3.0 მლ-ს კგ წონაზე.
- სკოლამდელი ასაკის ბავშვებში: 0.5 გ იოდი კგ წონაზე შეესაბამება დაახლოებით 1.5 მლ-ს კგ წონაზე.
დრო სხივურ თერაპიამდე
ზემოთ აღწერილი დოზების მიხედვით კონტრასტული გამოსახულების მისაღებად ულტრავისტ 300/370-თვის ინექციის ხანგრძლივობა შეადგენს 1-2 წთ-ს (3-5 წთ-ს ულტრავისტ 240-თვის).
თირკმელების პარენქიმიისათვის - 3-5 წთ (5-10 წთ. ულტრავისტ 240-თვის) საკონტრასტო ნივთიერების შეყვანიდან. ახალგაზრდა პაციენტებში სურათის გადაღება წარმოებს შედარებით ადრეულ პერიოდში, ხოლო ხანდაზმულ პაციენტებში უფრო გვიან.
ჩვილ და სკოლამდელი ასაკის ბავშვებში პირველი სურათის გადაღება რეკომენდებულია საკონტრასტო ნივთიერების შეყვანიდან 2 წთ-ის შემდეგ.
სურათის გვიან გადაღება შესაძლებელია მცირედ კონტრასტული გამოსახულებების დროსაც.
კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ).
თავის კომპიუტერული ტომოგრაფიისათვის რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
- ულტრავისტ 240: 1.5 - არა უმეტეს 2.5 მლ/კგ წონაზე;
- ულტრავისტი 300: 1.0 - არა უმეტეს 2.0 მლ/კგ წონაზე;
- ულტრავისტი370: 1.0 - არა უმეტეს 1.5 მლ/კგ წონაზე.
მთელი სხეულის კომპიუტერული ტომოგრაფიისათვის საჭირო საკონტრასტო ნივთიერების დოზები და მისი შეყვანის სიჩქარე დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ორგანოების გამოკვლევა ხდება, დიაგნოსტიკურ ამოცანაზე და კერძოდ სკანირების აპარატის მიერ სკანირების დროზე და სურათის ფორმირებაზე. ნელ სკანერებთან მუშაობის დროს უმჯობესია კონტრასტის ნელი შეყვანა, ხოლო სწრაფ სკანერებთან - ერთჯერადი ინექცია.
ანგიოგრაფია
საკონტრასტო ნივთიერების დოზა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, სხეულის წონაზე, გულის წუთმოცულობაზე და მის საერთო მდგომარეობაზე, დიაგნოსტიკის ამოცანაზე, გამოკვლევის მეთოდზე, აგრეთვე გამოსაკვლევი სისხლძარღვების სახეზე და მათ მოცულობაზე.
რეკომენდებული დოზები:
ცერებრალური ანგიოგრაფია:
- აორტის ტოტის ანგიოგრაფია - 50-80 მლ ულტრავისტი 300;
- რეტროგრადული კაროტიდული ანგიოგრაფია - 30-40 მლ ულტრავისტი 300;
- სელექტიური ანგიოგრაფია - 6-15 მლ ულტრავისტი 300;
აორტოგრაფია და ანგიოგრაფია:
- აბდომინალური აორტოგრაფია - 50-80 მლ ულტრავისტ 300;
- კიდურების ანგიოგრაფია - 40-60 მლ ულტრავისტ 300;
ზედა კიდურების ანგიოგრაფია:
- არტერიოგრაფია - 8-12 მლ ულტრავისტ 300;
- ვენოგრაფია: 50-60 მლ ულტრავისტ 240; 15-30 მლ ულტრავისტი 300;
ქვედა კიდურების ანგიოგრაფია:
- არტერიოგრაფია - 20-30 მლ ულტრავისტ 300;
- ვენოგრაფია: 50-80 მლ ულტრავისტ 240; 30-60 მლ ულტრავისტ 300.
ანგიოკარდიოგრაფია
სელექტიური ანგიოგრაფია:
- გულის - 40-60 მლ ულტრავისტ 370;
- კორონარული ანგიოგრაფია - 5-8 მლ ულტრავისტი 370.
ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფია (ცსა)
ციფრული სუბტრაქციული ვენური ანგიოგრაფია
- მსხვილი სისხლძარღვების, ფილტვების არტერიების, აგრეთვე კისრის, თავის, თირკმელების და კიდურების არტერიების, მაღალი კონტრასტული გამოსახულებების მისაღებად რეკომენდებულია 30-60 მლ ულტრავისტ 300-ის ან 370-ის ვენაში ერთჯერადი ინექცია (იდაყვის ვენაში შეყვანის სიჩქარე 8-12 მლ/წთ-ში, ქვედა ღრუ ვენაში 10-20 მლ/წთ-ში). საკონტრასტო ნივთიერების ვენის კედლებთან კონტაქტის დროის შემცირება შესაძლებელია 20-40 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ერთჯერადი ინექციის საშუალებით, რომელიც კეთდება სწრაფად, საკონტრასტო ნივთიერებების შეყვანის შემდეგ.
ციფრული სუბტრაქცული არტერიული ანგიოგრაფია:
- ამ დროს ვენურ მეთოდთან შედარებით საჭიროა მცირე კონცენტრაციის მქონე იოდის ინექციები. რაც უფრო სელექტიურია ანგიოგრაფია, მით უფრო დაბალია საკონტრასტო ნივთიერების დოზა. ამიტომ აღნიშნული მეთოდის გამოყენება რეკომენდებულია თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში.
ციფრული სუბტრაქციული არტერიული ანგიოგრაფიის დროს კონცენტრაციის რაოდენობა. ერთჯერადი ინექციების მოცულობა და შეყვანის სიჩქარე, ჩვეულებრივი ანგიოგრაფიისგან განსხვავებით უფრო მცირეა.
მიელოგრაფია:
ამ დროს ულტრავისტ 240 რეკომენდებული დოზა შეადგენს 8-12.5 მლ-ს:
- ლუმბალური მიელოგრაფია მოგრძო ტვინის დონის ჩათვლით;
- ლუმბალური მიელოგრაფია გულმკერდზე გადასვლით (ლუმბალური და ქვედა თორაკალური მიელოგრაფია);
- თორკალური და კისრის მიელოგრაფია.
საკონტრასტო ნივთიერების მოცულობა დამოკიდებულია რენტგენის აპარატის ტიპზე. იმ შემთხვევაში, როდესაც რენტგენის აპარატის საშუალებით ყველა აუცილებელ პროექციაში, პაციენტის უცვლელი მდგომარეობის მიხედვით, შესაძლებელია სურათის გადაღება, აგრეთვე კონტრასტის შეყვანის დროს მის მიერ რენტგენოსკოპიური კონტროლის უზრუნველყოფის შემთხვევაში, საკმარისია საკონტრასტო ნივთიერების მცირე მოცულობის გამოყენება.
მიელოგრაფიის დროს იოდის საერთო დოზის (3 გ) გაზრდა ნებადართული არ არის (მაგ., 240 მგ/მლ-ში იოდის შემცველი 12.5 მლ ხსნარი).
მეტად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რაც უფრო მეტად მოძრაობს ან იძაბება პაციენტი, მით უფრო სწრაფად გადადის საკონტრასტო ნივთიერება სისხლის ნაკადით იმ ნაწილში, რომელიც არ წარმოადგენს გამოკვლევისათვის საჭირო ობიექტს, რის გამოც კონტრასტირების სიმკვრივე ამ პირობებში ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად მცირდება.
გვერდითი მოვლენები:
საკონტრასტო ნივთიერების შეყვანა სისხლძარღვებში
იოდშემცველი საკონტრასტო ნივთიერებების სისხლძარღვებში შეყვანით გამოწვეული გვერდითი ეფექტები ძირითადად სუსტი, ზომიერი და გარდამავალი ხასიათისაა, და არაიონური საშუალების გამოყენების დროს, იონური პრეპარატების გამოყენებისაგან განსხვავებით, შედარებით იშვიათია. ამასთან ერთად შესაძლებელია მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში რეაქციების განვითარება, ფატალური გამოსავალის ჩათვლით.
ხშირად აღინიშნება გულისრევა, ღებინება, ერითემა, ტკივილის და ცხელების შეგრძნება ინექციის ადგილას. ცხელების და ღებინების შეგრძნების სუბიექტური ჩივილების თავიდან აცილება შესაძლებელია პრეპარატის შეყვანის სიჩქარის შემცირებით ან მისი შეყვანის ხანმოკლე შეჩერებით. შესაძლებელია აგრეთვე: შემცივნება, ცხელება, ოფლიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მოხრჩობის შეგრძნება, შფოთვა, საერთო სისუსტე, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება, ქავილი, ურტიკარია, შეშუპება, ლოკალური კრუნჩხვები, ტრემორი, ცემინება და ცრემლდენა. აღნიშნული რეაქციები, რომლებიც ვითარდება შეყვანილი პრეპარატის რაოდენობისა და მისი შეყვანის მეთოდისაგან დამოუკიდებლად, შესაძლებელია იყოს შოკის საწყისი სტადიის პირველი ნიშნები. ამ დროს საჭიროა საკონტრასტო ნივთიერების შეყვანის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და თუ აუცილებელია სპეციფიკური მკურნალობის ჩატარება, უმჯობესია ვენაში შეყვანის გზით. ამიტომ საკონტრასტო ნივთიერების ვენაში შეყვანის დროს რეკომენდებულია დრეკადი მუდმივი კანულების (კათეტერების) გამოყენება. გადაუდებელ სიტუაციაში, შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაუყოვნებლივ ჩატარებისათვის საჭიროა შესაბამისი მედიკამენტების, ენდოტრაქეული ინტუბაციისათვის საჭირო მილის და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციისათვის აუცილებელი აპარატის მომზადება. დადგენილია, რომ შედარებით ხშირი გვერდითი მოვლენები აღენიშნებათ ალერგიული რეაქციების მიმართ მიდრეკილ პაციენტებს.
მძიმე რეაქციებს, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ კორექციას, წარმოადგენენ პერიფერიული ვაზოდილატაციით და შემდგომი ჰიპოტენზიით, რეფლექსური ტაქიკარდიით, სუნთქვის მოშლით, აგზნებით, ცნობიერების დაბინდვით, ციანოზით და უგონო მდგომარეობით დამთავრებული დისცირკულაციური დარღვევები.
საკონტრასტო ნივთიერების პერივასკულური შეყვანის დროს მძიმე ქსოვილოვანი რეაქციები იშვიათად აღინიშნება.
ცნობილია, რომ ცერებრულ ანგიოგრაფიას და სხვა პროცედურებს, რომელთა დროსაც საკონტრასტო ნივთიერება ტვინში არტერიული სისხლით ტრანსპორტირდება, შესაძლოა თან ახლდეს ისეთი ნევროლოგიური გართულებები, როგორიცაა: კომა, ცნობიერების დროებითი დარღვევა და ძილიანობა, გარდამავალი პარეზები, მხედველობის დაქვეითება, სახის კუნთების მოდუნება; ეპილეფსიით და თავის ტვინის კეროვანი დარღვევების მქონე პაციენტებში - ეპილეფსიური გულყრები. იშვიათად, გულყრები ვითარდება საკონტრასტო ნივთიერების ვენაში შეყვანის შედეგად. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია აგრეთვე თირკმელების ფუნქციის გარდამავალი უკმარისობა.
საკონტრასტო ნივთიერების შეყვანა სუბარაქნოიდულ სივრცეში
შედარებით ხშირ სუბიექტურ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება: თავის ტკივილი, გულისრევა, და ღებინება. ვინაიდან აღნიშნული გვერდითი მოვლენები ვითარდება სუბარაქნოიდულ სივრცეში ლუმბალური პუნქციის შემდეგ ცერებროსპინალური სითხის წნევის მკვეთრი დაცემით, საჭიროა მასზე კონტროლი, რათა გაღებული სითხის (ლიკვორის) რაოდენობა არ აღემატებოდეს სითხით (ლიქვორით) შეცვლილი საკონტრასტო ნივთიერების ხსნარის მოცულობას. სხვა მხრივ, დიდი მოცულობის მქონე საკონტრასტო ნივთიერების შეყვანა (გამოღებულ სითხესთან შედარებით), არ იწვევს სუბარაქნოიდულ სივრცეში წნევის მომატებას.
რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლებელია ძლიერი ხასიათის თავის ტკივილი. იმ შემთხვევაში, როდესაც საკონტრასტო ნივთიერება შესაბამის მაჩვენებლებს მიაღწევს ბაზალურ ცისტერნებში, ეპილეფტიფორმული რეაქციების პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია 0.2 გ ფენობარბიტალის კუნთებში შეყვანა, კრუნჩხვების განვითარების შემთხვევაში, აუცილებელია 10 მგ დიაზეპამის შეყვანა ვენაში ნელი ინექციის სახით. კრუნჩხვების შემცირების შემდგომ 20-30 წუთის შემდეგ, რეციდივის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა 0.2 გ ფენობარბიტალის შეყვანა ვენაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პროფილაქტიკის მიზნით იგი ადრე არ იყო შეყვანილი.
ჰიპერრეფლექსის ან კუნთების ფიბრილაციის პირველი ნიშნების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა დიაზეპამის ვენაში შეყვანა, რადგან, პრეპარატის მოქმედება ამ დროს უფრო სწრაფად იწყება.
შედარებით მსუბუქ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება: წელის, კეფის და კიდურების ტკივილი. ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია ცნობიერების დროებითი დაბინდვა, ჰალუცინაციები ან ელექტროენცეფალოგრაფიული გამოკვლევის დროს არასპეციფიკური ცვლილებები. ინექციიდან 2-6 სთ-ის შემდეგ იშვიათად აღინიშნება კუნთების ტონუსის მცირე მომატება, პარეზი და პარესთეზიები. ძლიერი ხასიათის თავის ტკივილის დროს რეკომენდებულია კუნთებში 0.2 გ ფენობარბიტალის შეყვანა.
წყალში ხსნადი არაიონური საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებისას მიელოგრაფიის დროს იშვიათად აღინიშნება ცხელებით, კეფის კუნთების რიგიდობით, თავის ტკვილით და ცერებროსპინალური სითხის ციტოზის მომატებით მიმდინარე ასეპტიური მენინგიტი. უმეტესად ყველა სიმპტომი ერთი კვირის შემდეგ გაივლის.
ულტრავისტის დოზირების და გამოყენების რეკომენდაციების წესებით დაცვით მძიმე გვერდითი მოვლენები შედარებით იშვიათად გვხვდება.
საკონტრასტო ნივთიერების შეყვანით გამოწვეული გართულებების დროს მეტად მნიშვნელოვანია ყველა აუცილებელი მედიკამენტის და გადაუდებელი მკურნალობისათვის საჭირო ინსტრუმენტების მომზადება, აგრეთვე გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება.
1. წყალში ხსნადი სტეროიდული ჰორმონის მაღალი დოზით ვენაში ინექცია, მაგ.; 6-ალფა-მეთილპრედნიზოლონის ჰემისუქცინატის შემდეგ დოზებში შეყვანა:
ყველა შემთხვევებში აუცილებელია 500 მგ-ის (4 წლამდე ასაკის ბავშვებში - 250 მგ) 2-3 წუთის განმავლობაში. სიცოცხლისათვის საშიშ სიტუაციებში საჭიროა შემდგომი 3-5 წუთის განმავლობაში დოზის მომატება 30 მგ-მდე ყოველ კგ სხეულის წონაზე (მაგ. დაახლოებით 200 მგ 70 კგ-იანი სხეულის წონისათვის). საჭიროა კანულის ან კათეტერის ვენაში დატოვება. ზოგიერთი სპეციალისტი საჭიროდ მიიჩნევს სითხის მოცულობის ადრეულ აღდგენას გლუკოკორტიკოიდებთან ერთად ან მანამდე.
2. ჰიპერბარული ოქსიგენაციისათვის ჟანგბადის გამოყენება.
შემდგომი ღონისძიებების ჩატარება დამოკიდებულია შედარებით გამოხატული სიმპტომების ხასიათზე და პაციენტის საერთო მდგომარეობაზე. სპეციფიკური პრეპარატების დოზები ბავშვებში მცირდება მათი ასაკის შესაბამისად.
სისხლძარღვების უკმარისობა და შოკი:
აუცილებელია პაციენტის მოთავსება ტრენდელენბურგის მდგომარეობაში. სითხის აღდგენა ხდება სისხლის შემცვლელებით, აგრეთვე შეჰყავთ 5 მგ ნორადრენალინი 500 მლ სითხეზე (მაგ. ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში), 10-20 წვეთი წთ-ში. საჭიროა პულსის და არტერიული წნევის მონიტორინგი.
გულის გაჩერება (ასისტოლია):
საჭიროა გულის ხელოვნური მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა (პირით პირში, ჰიპერბარული ოქსიგენაცია, შესაძლებლობის მიხედვით - ენდოტრაქეული ინტუბაცია). საჭიროა გულში 0.5 მგ ორციპრენალინის შეყვანა, რითმის ხელოვნური მატარებლის დაყენება. სპონტანური, მაგრამ გულის სუსტი შეკუმშვების დროს საჭიროა ვენაში 0.5-1.0 გ კალციუმის შეყვანა (10%-იანი ხსნარის 5-10 მლ). კალციუმის პრეპარატები სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს საგულე გლიკოზიდების მიღების დროს.
პარკუჭების ფიბრილაცია:
საჭიროა გულის ხელოვნური მასაჟის და ხელოვნური სუნთქვის სასწრაფოდ ჩატრება. აგრეთვე დეფიბრილაცია გულის დეფიბრილატორით. აუცილებლობის შემთხვევაში - განმეორებით. აღნიშნული ღონისძიებების უშედეგობის ან დეფიბრილატორის არ არსებობის დროს, საჭიროა 0.5 გ პროკაინამიდის ინტრაკარულად შეყვანა. გულის გაჩერებით და ფიბრილაციით გამოწვეული მეტაბოლური აციდოზის პროფილაქტიკის მიზნით ვენაში შეყავთ ნატრიუმის ბიკარბონატის, მაგ. 50 მლ 8.4%-იანი ხსნარი (1 მეკვ/მლ) ყოველ 5-10 წთ-ში. საჭირო სისხლის pH-ის კონტროლი.
ფილტვების შეშუპება:
მანომეტრის მანჟეტით საჭიროა ფლებოსტაზის განხორციელება, მოზრდილებში შესაძლებელია ფლებოტომია. ვენაში შეყავთ სწრაფად მოქმედი დიურეზული საშუალება, მოზრდილებში ოსმოსური დიურეზული საშუალების სახით გლუკოზის 40%-იანი ხსნარის 100 მლ-ის ინფუზია. იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტებში საგულე გლიკოზიდი ჯერ კიდევ შეყვანილი არ არის, საჭიროა ორგანიზმის სწრაფი გაჯერება შედარებით უფრო შესაფერისი საგულე გლიკოზიდით, მაგ. მოზრდილებში ვენაში შეჰყავთ 0.125-0.25 მგ ოუბაინი (სტროფანტინი), (მიტრალური სტენოზის დროს პრეპარატის შეყვანისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე). ტარდება ჰიპერბარული ოქსიგენაცია, შოკის მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გარდა.
თავის ტვინის მხრივ სიმპტომატიკა:
ამ დროს საჭიროა კუნთებში ან ვენაში ტრანკვილიზატორის (მაგ. დიაზეპამის) ნელი შეყვანა, მძიმე აგზნების დროს - ნეიროლეფსიური საშუალებები, შესაძლებლობის მიხედვით 50 მგ პრომეთაზინთან კომბინაციაში კუნთებში.
ორგანული წარმოშობის ცერებრალური კრუნჩხვების დროს შეჰყავთ 0.2-0.4 მგ ფენობარბიტალი კუნთებში, მძიმე შემთხვევებში (ეპილეფსიური სტატუსი) საჭიროა ვენაში ხანმოკლე მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი საშუალების შეყვანა.
ალერგიული რეაქციების სიმპტომები:
მძიმე ურტიკარიის დროს - ანტიჰისტამინური პრეპარატების ინექცია, შესაძლებლობის მიხედვით კალციუმის პრეპარატებთან კომბინაციაში სტეროიდულ ჰორმონებთან ერთად (ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდეს კალციუმის პრეპარატების შეყვანის დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე).
მოხრჩობის შეგრძნების შემთხვევაში ვენაში ძალიან ნელა შეყავთ თეოფილინი, აუცილებლობის შემთხვევაში 0.5 მგ ორციპრენალინი ვენაში ინექციის სახით.
ხორხის შეშუპების დროს -ანტიჰისტამინური პრეპარატი (მაგ., 50 პრომეთაზინი) ვენაში ნელა.
ზედა სასუნთქი გზების დაცობის შემთხვევაში აუცილებელია ტრაქეოტომია.
უკუჩვენებები:
* კლინიკურად გამოვლენილი ჰიპერთირეოზი.
* ორსულობის ან მენჯის ღრუს მწვავე ანთებითი პროცესების დროს ჰისტეროსალპინოგრაფიის გამოყენება ნებადართული არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პერიოდში ულტრავისტის გამოყენების უსაფრთხოება დღეისათვის დადგენილი არ არის. ამ დროს თავისთავად საჭიროა ნებისმიერი რენტგენოლოგიური გამოკვლევისაგან თავის შეკავება.
მიელოგრაფია: ამ დროს სუბარაქნოიდულ სივრცეში გამოკვლევის ჩატარების წინააღმდეგ ჩვენებას წარმოადგენს ეპილეფსია. პოტენციურ რისკთან შედარებით მოსალოდნელი სასარგებლო ეფექტის შეფასების შემთხვევაში გამოკვლევის ჩატარების დროს, აუცილებელია კრუნჩხვების კუპირებისათვის საჭირო ყველა მედიკამენტის და აღჭურვილობის მომზადება.