თუთუბოსებრთა ოჯახს ეკუთვნის. თრიმლი ხშირტოტებიანი ბუჩქია, იშვიათად 5 მეტრამდე სიმაღლის ხედაც იზრდება. საკმაოდ დიდი, მოხაზულობით შებრუნებულ კვერცხისებრი, მომრგვალო ან ოვალური, კიდემთლიანი ფოთლები ფრთისებრი დაძარღვით ხასიათდება, ზემოდან უფრო მუქმწვანეა. ქვემოდან კი შედარებით ბაცი.
მართალია მცენარე ერთბინიანია ორსქესიანი ყვავილებით, მაგრამ ორსქესიან ყვავილებს გარდა არის მამრობითი ყვავილებიც განუვითარებელი ნასკვით, მათი ყუნწები აფშეკილბეწვიანია.
ყვავილები ყლორტების დაბოლოებებზე აღმამდგომ 15-20 სმ სიგრძის საგველა თანაყვავილედებშია შეკრებილი. განუვითარებელი ყვავილების ყვავილსაჯდომი დაყვავილების შემდეგ ინტენსიურად იზრდება და ქვევით გადახრილ მოწითალო ან მომწვანო ბეწვებით იფარება, მათი რიცხვი თანაყვავილედში დიდია, ამიტომ საგველა თანაყვავილედს ძლიერ შებუსვილი შეხედულება აქვს. ორსქესიანი ყვავილები მომწვანო-ყვითელია 5 წვერიანი ჯამით და გვირგვინით, 5 მტვრიანითა და ერთი ბუტკოთი, რომელსაც 3 სვეტი აქვს.
უკუკვერცხისებრი ან თირკმლისებრი, 3-5 მმ სიგრძის, მშრალი კურკიანა ნაყოფები მცირე რაოდენობითაა გაბნეული საგველში. 1000 ც თესლის წონა 8,6-9 გრამს შეადგენს.
ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება. საკმაოდ ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანი ბუჩქია, ცოცხლობს 70-100 წელს.
თრიმლი უფრო ბარის და მთის შუა სარტყლის მცენარეა და უფრო დიდი რაოდენობით ზღივის დონიდან 1200 მეტრამდე სიმაღლეზე იზრდება. მაგრამ ზოგან იგი 1500 მეტრამდე სიმაღლეზეც კარგად ხარობს.
თრიმლი ქსეროფიტი ჯიშია, კარგად იზრდება მშრალ, თხელ და ხირხატ ნიადაგებზე, უფრო გაღიავებულ ადგილებში, იგი სინათლის მომთხოვნია, გამეჩხრილ ფიჭვნარებსა და მუხნარებში, სადაც ხეთა იშვიათი დგომის გამო განათება საკმაოა, თრიმლი ქვე-ტყეს ქმნის. კოლხეთის დაბლობის გარდა იგი თითქმის მთელ საქართველოშია გავრცელებული. საკმაოდ ყინვაგამძლეა.
ფოთლები 15-25 პროცენტ მთრიმლოვან ნივთიერებებს შეიცავს, რის გამოც მთრიმლავი ექსტრაქტების წარმოების და სამედიცინო ტანინის კარგ ნედლეულად გამოიყენება.
სამედიცინო ტანინს დღემდე ჩვენი ქვეყანა საზღვარგარეთიდან იძენს, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. თრიმლი მაღალხარისხოვან სამედიცინო ტანინს დიდი რაოდენობით შეიცავს.
მერქანი წვრილი ნაკეთობების გარდა ტყავისა და მატყლის ნარინჯისფერ, ყავისფერ და ყვითლად შესაღებად გამოიყენება.
ფესვებს წითელი ფერის საღებავად იყენებენ.
თრიმლის ქერქსა და ფოთლებს, რომელნიც ძლიერად გასრესის შემთხვევაში მსუბუქ, ლიმონის მსგავს სურნელებას გამოსცემს, წინათ სამკურნალოდ იყენებდნენ ციებ-ცხელების წინააღმდეგ და სისხლის შემდედებელ საშუალებად.
ნ. ი. ლიბიზოვის (1962) აღწერით თრიმლისაგან მიღებულ ტანინს ახასიათებს შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისება, გარეგან სახმარად იგი ხსნარებისა და მალამოების სახით გამოიყენება დამწვრობის, წყლულებისა და ნაწოლების წინააღმდეგ. დასალევად 0,2-2 პროცენტი ხსნარის სახით კუჭნაწლავის ტრაქტის კატარისა და ალკალოიდებითა და მძიმე მეტალების მარილებით მოწამვლის შემთხვევაში.
გარეგანი გამოყენებისათვის 100 გრამ დაქუცმაცებულ თრიმლის ფოთოლს 1 ლ წყალს ასხამენ და ნელი დუღილით ხარშავენ 15 წუთს, ნახარშს კომპრესებისათვის იყენებენ, აგრეთვე სველ საფენებსა და გამორეცხვებისათვის ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების წინააღმდეგ.