ასტრასებრთა ოჯახში შედის. ორი ან მრავალწლიანი, 20-120 სმ სიმაღლის, კენწრულ ნაწილში დატოტვილი, თეთრი ბეწვით შებუსვილი, მთელ სიგრძეზე წვრილად დაღარული, ოდნავ მოწითალოღეროიანი მცენარეა. ამ მცენარის გვარის ბევრ სახეობას აქვს ქართული შესატყვისები - მზიურა, კულმუხო და სხვა. მაგრამ აქ განსახილველი სახეობის ქართული სახელი არაა ცნობილი, ამიტომ მის აღსანიშნავად ლათინური შესატყვისია გამოყენებული.
მოგრძო კვერცხისებრი ან ელიფსური ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ზედა - თითქმის მჯდომარე, ნაპირებში ამოკვეთილი, ტალღისებრი ან წვრილკბილა. ფოთლის ფუძე შევიწროებულია და ყუნწში თანდათან გადადის. ფოთლის ფირფიტის ზედა მხარე თხელბეწვიანია, ქვედა კი სქლადაა შებუსვილი და უფრო მონაცრისფეროა ზედა მხარესთან შედარებით.
ფოთოლს ხალხური მედიცინა კუჭ-ნაწლავში გაზების დაგროვების და სიყვითლის წინააღმდეგ იყენებს; გარდა ამისა მას ხმარობენ როგორც საოფლე და ჭრილობების შემხორცებელ საშუალებას.