ვარდისებრთა ოჯახის 1-4 სიმაღლის გაფარჩხულეკლებიანი ბუჩქია. ელიფსური ან უკუკვერცხისებრი, კიდედაკბილული ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული. ნორჩი ფოთლები მოკლე ბუსუსებითაა შემოსილი. ზრდასრული კი შიშველია. ჰყვავის თეთრი ყვავილებით მარტ-აპრილში შეფოთვლამდე. ყვავილები სათითაოდ, იშვიათად ორ-ორი ერთადაა განლაგებული. 1-5 სმ სიმსხო მოლურჯო შავი სფეროსებრი ან ოვალური კურკიანა ნაყოფების რბილობი მწვანეა, რომელთა მომწიფება აგვისტოში იწყება, მაგრამ ბუჩქებზე ზამთრამდე რჩება. მწკლარტე გემოს გამო ნაყოფს საჭმელად არც თუ ხშირად იყენებენ, მაგრამ ყინვანაკრავი ფრიად სასიამოვნო მჟავე გემოსია. გავრცელებულია მთელს რესპუბლიკაში, უფრო ხშირად კი აღმოსავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან 1600-მდე და ზოგან ბევრად მაღლაც. მრავლდება თესლით, ფესვის ნაბარტყით და ძირკვის ამონაყარით. შესანიშნავი ბუჩქია ეროზიის საწინააღმდეგო ტყის ზოლებისა თუ მასობრივი ნარგაობისათვის, განსაკუთრებით ხევ-ხრამების გასამაგრებლად.
ფრიად სასარგებლო ბუჩქია სხვა მხრივაც. ფოთლებს ჩაის სუროგატად იყენებენ. ნაყოფისაგან ამზადებენ ძმარს, ხდიან არაყს. ნაყოფს წვენი და ნაცარტუტაში (ნაცარწმენდილში) მოხარშული ქერქი ტილოს ქსოვილის წითლად შესაღებად იხმარება. ყვავილები, ფესვები და ქერქი სამკურნალოდ გამოიყენება ხალხში როგორც მსუბუქად გამხსნელი და კბილის ტკივილის საწინააღმდეგო საშუალება.
ნაყოფი 8%-მდე შაქრებს (ლევულეზსა და საქაროზას) შეიცავს, მასშივეა 2,5%-მდე მჟავეები (უპირატესად ვაშლის მჟავა), 1%-მდე პექტინები და 1,5%-ზე მეტი მთრიმლავი ნივთიერებები, ვიტამინი C; ნაყოფებისაგან ამზადებენ მურაბას, კომპოტს, ბურახს, წვნიან კერძებს უმატებენ სიმჟავის მოსამატებლად. ფოთლებთან ერთად შემწვარი ნაყოფისაგან ყავის სუროგატი მზადდება. საფრანგეთში მოუმწიფებელი ნაყოფების მწნილს ამზადებენ როგორც ზეთისხილის შემცვლელს. ნაყოფის წვენს შემკვრელ საშუალებად იყენებენ. ყვავილების სპირტზე ნაყენი მსუბუქად გამხსნელი დანიშნულებისაა. კურკა შეიცავს შხამიან გლიკოზიდ ამიგდალინს, ამიტომ საჭმელად იგი უვარგისია.
ფოთლებში 200 მგ-მდე ვიტამინC-ს შემცველობაა აღნიშნული. ქერქისა და მერქანის გამოყენება შეიძლება ტყის გასათრიმლავად. გარდა ზემოთ აღნიშნული წითელი საღებავისა, ნაყოფის წვენითა და ფესვებით შეიძლება ქსოვილების მწვანედ, ყვითლად, ყავისფრად და ნაცრისფრად შეღებვა. საუცხოო საკვები რეზერვია გარეული ფრინველებისა და ფაუნის სხვა წარმომადგენლებისათვის.
კვრინჩხის სხვადასხვა ორგანოებს სამკურნალოდ ფართოდ იყენებს ხალხური მედიცინა. ყვავილებს როგორც გამხსნელ, ნაყოფების შემკვრელ, ფესვებსა და მერქანს ოფლმომდენ, ხოლო ქერქს კი სიცხის დამწევ საშუალებად.
ყვავილებს იყენებენ აგრეთვე თირკმლებისა და საშარდე ბუშტის მოქმედების აღმგზნებ საშუალებად და ნივთიერებათა ცვლის მოშლის ყველა შემთხვევაში. დოზა 50 გ 1 ლ წყალზე როგორც ჩაი კუჭშეკრულობის თირკმლების და საშარდე ბუშტის, აგრეთვე ღვიძლის ტკივილის დროს.
კვრინჩხის ფესვების ნახარშს ყლუპ-ყლუპობით სვამენ მაღალი ტემპერატურის დროს (10,0 გ ნედლეული 500,0 წყალზე), ადუღებენ 15 წუთს ძალიან ნელი დუღილით, ამავე ნახარშით იკეთებენ გამორეცხვას ქალები თეთრად შლის დროს.
ყვავილების ცივ წყალზე ნაყენს იყენებენ შარდმომგვრელად, კუჭშეკრულობისა და კუჭში ჩხვლეტების საწინააღმდეგოდ. 2 ჩაის კოვზი ყვავილები 1 ჭიქა ცივი წყლით იდგმება გრილ ადგილას 8 საათის განმავლობაში, რაც ერთი დღის დოზას წარმოადგენს.