შროშანისებრთა ოჯახში შედის. მძაფრი ნივრის სუნის მქონე მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარეა, მოგრძო კონუსისმაგვარი ბოლქვები საცრისებრი ბოჭკოების გარსშია გახვეული.
ღერო 30-75 სმ სიმაღლისაა, ძირში სიფრიფანა ვაგინით შემოხვეული. ლანცეტა ან ელიფსური 10-20 სმ სიგრძისა და 2-8 სმ სიგანის, ფუძისაკენ ყუნწად ქცეული 2-3 ფოთოლი პრიალა და რკალძარღვიანიაა.
ყვავილედი მრავალყვავილოვანია, ფორმით მრგვალი ან ნახევრად მრგვალი. აყვავებამდე ყვავილედი თავდახრილია, ყვავილობის ჟამს კი აღმამდგომი. ყვავის თეთრი-მომწვანო ელფერის ყვავილებით, ივნის-ივლისში, ზოგჯერ უფრო ადრე ან შედარებით გვიანაც, იმის მიხედვით, თუ როდის დადგა გაზაფხული. მთის ღანძილი ტყის მცენარეა, გვხვდება როგორც წიწვოვან, ისე ფოთლოვან ტყეებში, ზოგჯერ სუბალპურ მდელოებზეც.
შესანიშნავი სამწნილე მცენარეა, ჩვენი ხალხი მას უხსოვარი დროიდან იყენებს საჭმელად.
ფოთლები და ბოლქვები 730 მგ პროცენტამდე ასკორბინის მჟავას შეიცავს, გარდა ამისა მოიპოვება ეთერზეთი და გლიკოზიდი ალანინი.
ფიტოქიმიური შემადგენლობით და ფარმაკოლოგიური ღირებულებებით მთის ღანძილთან ახლოს დგას გვარ Allium-ის მეორე სახეობა-ღანძილი (Allium ursinum L.) იგი ორფოთლიანია, 15-60 სმ სიმაღლის, მრავალწლიანი ბოლქვოვანი მცენარეა. მოგრძო ფოთლები ლანცეტის მოყვანილობისაა, 3-6 სმ სიგანის ფოთლის ფირფიტა ძირში საკმაოდ ვიწროვდება, ყუნწში თანდათანობით გადადის.
სამწახნაგიანი ღერო 15-20 სმ სიმაღლისაა და ძირში ფოთლები ყუნწებიანად თხელი გარსითაა შემოხვეული, თეთრი ყვავილებით ყვავის აპრილ-ივნისის განმავლობაში. ყვავილედი ნახევრადქოლგისებურია.
ღანძილი ტიპიური ტყის მცენარეა, გვხვდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ასევე ტყის პირებში: მდიდარია ფიტონციდებით და სწრაფად სპობს ბევრ მავნე ბაქტერიას.
ჩვენი ხალხი მასაც უხსოვარი დროიდან სამწნილედ იყენებს, ახლად დაკრეფილს მოუხარშავადაც ჭამენ.
მძაფრი სპეციფიკური სუნის გამო ღანძილს საქონელი უხალისოდ, მაგრამ ზოგჯერ მაინც ძოვს ხოლმე. ღანძილის ძოვის შემთხვევაში საქონლის ხორცი არასასიამოვნო გემოს იძენს, რძე მოყვითალო-წითლად იღებება და ასევე უსიამოვნო სუნითა და გემოთი ხასიათდება.
მთის ღანძილი ნედლი, დამარილებული და დამწნილებული გამოიყენება სურავანდისა და ათეროსკლეროზის დროს, გააჩნია ჭიის დამდენი თვისება და ნაწლავების პერისტალტიკას აძლიერებს.
ღანძილი კი ძლიერი ბაქტერიციდური და ბაქტეროსტატიკური მოქმედების გამო ტრიქომონადური კოლიტების სამკურნალოდ გამოიყენება. ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ მისი პრეპარატების ვენაში შეყვანით სისხლის წნევა დაბლა იწევს.