ურთხელისებრთა ოჯახის 20-25 (32) მ სიმაღლის ორსახლიანი ხეა 1,5 მეტრამდე დიამეტრითა და მოწითალო-მოყავისფრო თხელი ქერქით. ზემოდან მუქმწვანე, ქვემოდან ბაცი, ბრტყელი, ხაზურა და შიშველი წიწვები 2-3,5 სმ სიგრძისა და 2-2,5 მმ სიგანისაა. მისი სქესგაყოფილი ყვავილები ცალ-ცალკე გაბნეულია ვარჯში. თესლი შემოხვეულია წითელი ხორცოვანი საჭმელად ვარგისი თესლით, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება და ტკბილი წვენით ივსება.
საქართველოში ურთხელი საკმაოდ ფართო არეალითაა წარმოდგენილი, მაგრამ რაოდენობრივად მეტად მცირეღა შემორჩა, საუკუნეების განმავლობაში დაუზოგავი გაძლიერებული ექსპლუატაციის გამო. ამჟამად ყველაზე დიდი რაოდენობით იგი მხოლოდ ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში შემორჩა 100 ჰექტარ ფართობზე. მდ. ალაზნის ზემოწელში, პანკისის ხეობაში.
ზღვის დონიდან გვხვდება 1500 მეტრ სიმაღლემდე, მაგრამ ოპტიმალური ზრდა მას 1200 მ სიმაღლის ფარგლებში ახასიათებს.
მიუხედავად საკმაოდ ვრცელი არეალისა, ამჟამად გადაშენების ზღვარზე მდგომი მცენარეა და ენერგიულ დაცვას საჭიროებს. საუცხოოა გამწვანებისათვის.
საჭმელად ვარგისია როგორც რბილი თანათესლი, ასევე თესლის გულიც, რომელიც 30-38 (11-12)% ზეთს შეიცავს.
ქერქისგან ხდიან წებოს. ყლორტები და წიწვები წამლავს ცხენს, ჯორს და სახედარს. მსხვილფეხა რქოსანი საქონლისთვის ყლორტები და წიწვები ნაკლებ ტოქსიკურია. მათ ადრე დასავლეთის ქვეყნებში საკვებად აძლევდნენ მეწველ საქონელს წველადობის გაზრდის მიზნით. წიწვებს იყენებდნენ გულის სამკურნალოდ და წყლისადმი შიშის დასაოკებლად.