ფარსმანდუკი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მხოხავი ფესურით, რომლიდანაც ვითარდება რამდენიმე მსხვილი ლანცეტისებრი ფრთისებრ განკვეთილი ფოთოლი. ღერო დაუტოტველია, სიმაღლით 20-40 სმ, მცირეფოთლიანი შებუსული, მონაცრისფრო-მომწვანო, კეწრულ ნაწილში თავდება მსხვილი რთული ყვავილედით - ფარით. ფარის წვრილ ტოტებზე სხედან პატარა ყვავილედები - კალათები. კალათები მოგრძო-კვერცხისებრია, სიგრძით 3-4 მმ, 5-7 კიდური თეთრი ენისებრი ყვავილით და კალათის შუაში მოთავსებული რამდენიმე მილისებრი, ასევე თეთრი, ყვავილით, გარედან კალათას აქვს კრამიტისებურად განლაგებული საფარველი, რომელიც შედგება წაგრძელებული, მომწვანო, კიდეებში სიფრიფანა ფოთლებისაგან. მთელი მცენარე სურნელოვანია. ყვავის ივნისიდან ოქტომბრამდე.
ფარსმანდუკი ფართოდ არის გავრცელებული მთელ საქართველოში. ქართლ-კახეთსა და ფშავი მას მელაკუდასა და მელისკუდას ეძახიან, ხევსურეთში – ციცისკუდას, მთიულეთში – მელაგუნდას, თუშეთში – წყლულის ბალახს, რაჭასა და იმერეთში – კრავისკუდას. იგი ხარობს მდელოებში, მინდვრებში, დასახლებული ადგილების მახლობლად.
ფარსმანდუკისაგან ამზადებენ ორი სახის ნედლეულს - ბალახსა და ყვავილედებს. ბალახს აგროვებენ ყვავილობის პერიოდში (ივნისში, აგვისტოს პირველ ნახევარში), ჭრიან ღეროს 15 სმ-ის სიმაღლეზე. ყვავილების შეგროვების დროს კრეფენ კალათებს ან ფარებს 2 სმ სიგრძეზე. ნედლეულს ჭრიან დანით ან ნამგლით, აწყობენ თხელ ფენად და აშრობენ ჩრდილში. მზეზე გაშრობა დაუშვებელია. ბალახის შენახვის ვადა 2 წელია, ხოლო ყვავილებისა 5 წელი.
ფარსმანდუკი შეიცავს 0,8%-მდე ეთერზეთს (მთავარი კომპონენტია აზულენი), მწარე ნივთიერებებს, ვიტამინ K-ს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს სისხლის შედედების პროცესზე, ასკორბინის მჟავას, ალკალოიდ ახილენს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს.
ფარსმანდუკს იყენებენ გასტრიტების, ქალური დაავადების, ბუასილის, საშვილოსნოდან და სხვა სახის სისხლის დენის დროს, ასევე კბილის ტკივილის გასაყუჩებლად. მეძუძურთათვის რძის მოსამატებელ საშუალებად. ბალახის ნაყენს ხმარობენ თმის დასაბანად, ხოლო ახალი ბალახის წვენს – კუჭის დაავადებისა და ფაღარათის დროს.
მენსტრუაციის დროს დიდი რაოდენობით სისხლისდენისას აიღეთ ფარსმანდუკი – 5 წილი, წიწმატურა – 5 წილი, მარწყვაბალახა – 5 წილი, მუხის ქერქი – 2 წილი, 1 სუფრის კოვზი ნარევი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური. დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წთ. შემდეგ გააჩერეთ 15 წთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ დილას და საღამოს თითო ჩაის ჭიქა.
კანის ჩირქოვანი დაავადების დროს აიღეთ 2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. ნაყენში დასველებული დოლბანდი დაიდეთ დაჩირქებულ ადგილას.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია