შროშანისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. შხამა 1-1,7 მ სიმაღლის მრავალწლიანი ფესვურიანი ბალახია. ღერომხვევი განიერი 15-25 სმ სიგრძის ფოთლები, ფართო-ელიფსური ფორმისაა, ბოლოწვეტიანი, ქვედა მხრიდან მოკლე ბეწვით შებუსვილი, მისთვის დამახასიათებელია ნაკეცები ფოთლის მთელ სიგრძეზე, რკალურად განლაგებული ძარღვების გასწვრივ.
5-8 სმ სიგრძის ფესურა უფრო ხშირად ღეროს ვერტიკალურ გაგრძელებას წარმოადგენს მიწაში, მაგრამ ზოგჯერ დახრილ მდგომარეობასაც იღებს. ფესურის გარშემო განლაგებულია 2-4 მმ სიმსხოს მრავალრიცხოვანი თასმისებური ფესვები.
მომწვანო ყვითელი ყვავილები კენწრულ აღმამდგომ საგველასებრ ყვავილედებადაა შეკრებილი. კვერცხისებრი თანაყვავილები ყვავილის ყუნწებზე გრძელია.
ყვავის და თესლებს ივითარებს ივნის-აგვისტოს განმავლობაში. გავრცელებულია უმთავრესად ნესტიან მდელოებზე სუბალპურ სარტყელში და ალპურ მდელოებამდეც აღწევს. დიდი რაოდენობითაა საქონლის ძოვებით გადატვირთულ სუბალპურ მეჩხერ ტყეებში, აქ იგი ხშირად ცოცხალი საფარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ბალახია, გვხვდება ტყეებში არსებულ მდელოებსა და ტყისპირებშიაც.
ძლიერ შხამიანი მცენარეა, მის ნექტარში არსებული ალკალოიდებით მოწამლული ფუტკარი იღუპება, განსაკუთრებული ტოქსიკურობით ფესურა და ფესვები გამოირჩევა. ალკალოიდების გარდა ფესურა შეიცავს საღებავ და მთრიმლავ ნივთიერებებს, ამინომჟავებს, ფისებს, გუმფისს, ცხიმებს, სახამებელს, შაქრებს, მინერალურ მარილებს და სხვ.
სამკურნალოდ ფესურა და ფესვები გამოიყენება. ვეტერინარიაში შხამას ფესურისა და ფესვების ნახარში მადის გასაუმჯობესებლად და პირღებინების საშუალებად გამოიყენება ღორების, ძაღლებისა და კატებისათვის. ფესურისა და ფესვების ნაყენი გამოიყენება მცოხნავი ცხოველების კუჭის მუშაობის გასაუმჯობესებლად, ხოლო მათგან მომზადებული მალამო მუნის საწინაააღმდეგოდ. ფესვებსა და ფესურის ნახარშს ხალხური ვეტერინარია ცხოველთა პარაზიტი მწერების მოსასპობად ხმარობს.
გამხმარი ფესურის ფხვნილისგან მომზადებული მალამო, სპირტზე ნაყენი და გამონახარში მედიცინაში ტკივილების გამაყუჩებელ საშუალებად გამოიყენება ნევრალგიისა და რევმატიზმის დროს.
ფესურისა და ფესვების ნახარში, აგრეთვე ნაღებზე მომზადებული მათი ნაყენი ხალხურ მედიცინაში წარმატებით გამოიყენება ეგზემის სამკურნალოდ. ამავე მიზნით გამოიყენება ხალხურ ვეტერინარიაშიც.
ფესვებისა და ფესურის გაგრილებულ ნახარშს ცოტაოდენ საფუარს ურევენ და 2-3 დღის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე ინახავენ. ძალიან კარგ შედეგებს იძლევა შხამას ფესვ-ფესურების და სვიის ნაყოფების ერთობლივი ნახარში. ნახარშში დასველებულ საფენებს იდებენ ეგზემურ ადგილებზე, ცდილობენ დღეღამის განმავლობაში რაც შეიძლება დიდხანს ჰქონდეთ სველი საფენები ეგზემიან კერებზე.
ნახარშის დოზა 60-70 გრ წვრილად დაჭრილი ფესურა და ფესვები 1 ლიტრ წყალზე. ხარშვა ხდება 5-7 წუთის განმავლობაში ნელი დუღილით. გაგრილებულ ნახარშს საფუარს ურევენ მცირე დოზით თვალზომურად. უკეთესია მომზადდეს შხამასა და სვიის ერთობლივი ნახარში, ან ცალ-ცალკე მოხარშოს და შემდეგ შევურიოთ. სამკურნალო ეფექტი ვლინდება განუწყვეტელი მკურნალობით 1-2 კვირის განმავლობაში. ძალიან ხშირია ეგზემიან ავადმყოფთა სრული განკურნების შემთხვევები.
ფესვებსა და ფესურის სპირტზე ნაყენი (1 ნაწილი წვრილად დაჭრილი ფესვები და ფესურა, 4 ნაწილი სპირტი) ხალხში ნაცადი საშუალებაა ჭორფლისა და ხალების მოსაცილებლად. ფესურის ნახარში პოპულარული საშუალებაა ქერტლის მოსაცილებლად.
შხამას ფესვებსა და ფესურებს აგროვებენ შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე და მიწისგან გაწმენდილს კარგად ახმობენ ჩრდილში, ქარგამჭოლ ადგილას.
შხამას ზემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო ეფექტი ხალხური მედიცინის დიდი ხნის პრაქტიკით დადასტურებული ფაქტია. ბოლო ხანებში მისმა სამკურნალო ეფექტმა აღიარება ჰპოვა მეცნიერულ მედიცინაშიც. მაგრამ შხამას გამოყენებისას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე გვაქვს ძლიერ შხამიან მცენარესთან და საჭიროა დიდი სიფრთხილის გამოჩენა. კატეგორიულად დაუშვებელია მისი თვითნებური გამოყენება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.
მავნე მწერების: მცენარეების, ტილების და მატლების საწინააღმდეგოდ დადებით შედეგებს იძლევა შხამას გამოყენება. საამისოდ 1 კგ ახლად შეგროვილ ბალახს ფესვებითა და ფესურებით, 500 გ შემჭკნარს ან 250 გრ გამხმარს და წვრილად დაჭრილს ასხამენ 10 ლიტრ წყალს, რომელსაც დგამენ ორი დღე-ღამის განმავლობაში. შესაძლოა აღნიშნული დოზებით ნახარშის მომზადებაც, ხარშვა გრძელდება 30 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე.
მავნე მწერების წინააღმდეგ საერთოდ უკეთესია გამოვიყენოთ მცენარეული საშუალებები, ვიდრე სინთეზური ძლიერ მოქმედი ქიმიკატები, რომელთა დიდი ნაწილი ძალიან დიდხანს ინარჩუნებს თავის მედეგობას და საშიშია ადამიანისა და ცხოველებისათვის.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია