ცხენისწაბლა ცხენისწაბლისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ხეა, სიმაღლით 30 მ-მდე, განიერი, ხშირტოტებიანი ვარჯით. ხის ტანზე ქერქი მუქი ნაცრისფერია, დახეთქილი, ყლორტები მოყვითალო-ყავისფერია. ფოთლები მოპირისპირედაა განლაგებული, ყუნწიანია. ფრთართულ ფოთოლში 5-7, საკმაოდ გრძელი, სოლისებრი, არათანაბარი, ორმაგად დაკბილული ფოთოლაკია. ზედა მხრიდან მუქი მწვანეა, ნაოჭებიანი, ქვედა მხრიდან უფრო ღია ფერის, ძარღვების გასწვრივ ჟღალი ფერის ბეწვებითაა შებუსული.
თეთრი, წითელი ლაქებიანი ყვავილები პირამიდულ ყვავილედშია შეკრებილი, სიგრძით 20-30 სმ აღწევს. ნაყოფი მწვანე, მომრგვალო 6 სმ დიამეტრის, ეკლებით დაფარული კოლოფია, რომელიც სამი საგდულით იხსნება. თესლი სფეროსებრია და პრიალაა.
ყვავილობს აპრილ-ივნისში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში.
საქართველოში ბუნებრივად არ იზრდება, მაგრამ ხდება მისი კულტივირება ბაღებსა და პარკებში.
ამზადებენ ცხენისწაბლას ნაყოფს მისი დამწიფებისა და ჩამოცვენის შემდეგ. ფოთლებს ამზადებენ მაისიდან სექტემბრის ბოლომდე. ფოთლებს წყვეტენ ხელით, ყუნწებიანად. აშრობენ ჩრდილში, გაფენილს 10 სმ-ის სისქეზე. პირველი 2-3 დღის განმავლობაში დღეში 1-2-ჯერ აბრუნებენ. ფოთოლი მშრალია თუ ყუნწი გადაღუნვისას ტყდება.
ქერქს ამზადებენ ადრე გაზაფხულზე, ყვავილებს - ყვავილობის დასაწყისში.
ცხენისწაბლას ფოთლები შეიცავენ ფლავონოიდებს, გლიკოზიდებს და ოქსიკუმარინებს, კაროტინოიდებს, ვიტამინ E-ს, პლასტოქინონებს.
ქერქი - გლიკოზიდებს: ესკულინსა და ესკულეტინს, ფრაქსინს.
ყვავილები - კვერციტრინს, რუტინს და სხვ.
ნაყოფში - 25 სხვადასხვა სახის ფლავონოიდია, გარდა ამისა, არის საპონინი, ესცინი, პურინი, ვიტამინი E და B ჯგუფის ვიტამინები.
მედიცინაში ცხენისწაბლას პრეპარატები გამოიყენება ოპერაციის შემდგომი თრომბოზების, ტრავმის შემდგომი შეშუპების პროფილაქტიკისათვის. მისგან დამზადებული პრეპარატები სისხლის შედედების უნარს აქვეითებენ, ამაგრებენ ვენებისა და კაპილარების კედლებს, ხელს უწყობენ წარმოქმნილი თრომბების გაწოვას. ამასთან, მათში არსებული საპონინები სისხლის წნევას დაბლა სწევენ. ცხენისწაბლას ნაყენით ან მისი ექსტრაქტით თრომბოფლებიტის მკურნალობის დროს ავადმყოფებს უმცირდებათ ტკივილები და შეშუპება, დაავადებულ ადგილებში ანთებითი პროცესი მცირდება. ანალოგიური ეფექტი აღინიშნება ბუასილის მკურნალობის დროს. ასევე კარგ შედეგს იძლევა ვარიკოზული ვენების გაგანიერების შედეგად წარმოქმნილი ტროფიკული წყლულების მკურნალობის დროს. აფთიაქებში მისი ნაყოფისაგან დამზადებული ექსტრაქტია ესკუზანი.
ხალხურ მედიცინაში ვენების გაგანიერების და ბუასილის სამკურნალოდ, გარდა ნაყოფისაგან დამზადებული ნაყენისა, იყენებენ მისი ყვავილების ახალ წვენს (25 წვეთი 2-3-ჯერ დღეში). ცხენისწაბლას ქერქის წყლიანი ნაყენი იხმარება ფაღარათის საწინააღმდეგოდ, ნაწლავების ანთების დროს ითვლება საუკეთესო სამკურნალო საშუალებად. საშვილოსნოდან და ბუასილის სისხლის დენის დროს ხმარობენ მოხალული ნაყოფისაგან დამზადებულ ფხვნილებს.
ნაყენის მოსამზადებლად 50 გრ ყვავილს ან ნაყოფს ასხამენ 0,5 ლ 50 გრადუსიან არაყს. იღებენ 30-40 წვეთს 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ, 3-4 კვირის განმავლობაში.