ხეშავი ძლიერ დატოტვილი ბუჩქიანი პატარა ხეა ხეჭრელისებთა ოჯახიდან, სიმაღლით 8 მ-მდე მისი დაბრეცილი ტანი დაფარულია შავი ფერის ხაოიანი დახეთქილი კანით, რომელიც ფენა-ფენად ძვრება. ტოტები ეკლიანი აქვს. ახალგაზრდა ტოტებზე ქერქი მოწითალო-ყავისფერია, პრიალა. ყუნწიანი ფოთლები განლაგებულია მოპირისპირედ, ელიფსური ან მომრგვალო-კვერცხისებრი ფორმისაა, სიგრძით 5 სმ-მდე, სიგანით 3 სმ-მდე, სამი წყვილი რკალისებრი ძარღვით. ფოთლები ზემოდან _ მწვანე ან მორუხო ფერისაა, ქვედა მხრიდან უფრო ღია ფერისა, შიშველი, ან ორივე მხრიდან თხლად შებუსული. ყვავილები წვრილი აქვს მომწვანო-მოთეთრო ფერის, ერთსქესიანი, შეკრებილია 10-15 კონად ფოთლით უბეებში. ნაყოფი სფეროსებრია, კურკიანი 6-8 მმ დიამეტრით მოლურჯო-შავი ფერის, პრიალა ზედაპირით, ზოგჯერ ნაფიფქით.
ხეშავი ყვავილობს მაის-ივნისში, 10-12 დღის განმავლობაში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში და მცენარეზე დიდხანს რჩება.
გავრცელებულია მთის ხეობებში, მეჩხერ ტყეებში, ტყის პირებზე. ზოგჯერ იგი გაუვალ ბარდებსაც ქმნის. გვხვდება ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე. ჩვენში სამკურნალოდ გამოიყენება იმერული ხეშავი (Rhamnus imeretina Booth).
სამკურნალოდ იყენებენ გვიან შემოდგომით დაკრეფილ მწიფე ნაყოფს, რომელსაც კრეფენ სექტემბერ-ოქტომბერში, როდესაც იგი შავი ფერის ხდება. ნაყოფს ჯერ აჭკნობენ ჰაერზე, შემდეგ კი აშრობენ საშრობებში, ღუმელებში 50-60 გრადუს ტემპერატურაზე. მშრალ ნაყოფს შავი ფერი, სუსტი, უსიამოვნო სუნი და მოტკბო-მომწარო გემო აქვს. ინახავენ ნაჭრის ტომრებში 4 წლის განმავლობაში.
ხეშავის ნაყოფი შეიცავს 1%-მდე ოქსიმეტილანტრაქინონს. მის შემადგენლობაში ნაყენი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ქრონიკული შეკრულობის დროს. მოქმედება ვლინდება მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ.
ხეშავის ნაყოფისაგან ნაყენის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზ ნაყოფს დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 სთ. მიიღეთ ძილის წინ 1/2 ჭიქა.
ხეშავი შედის საფაღარათო ნაკრებების შემადგენლობაში.
ხალხურ მედიცინაში ხეშავს იყენებენ აგრეთვე დაავადებული ღვიძლის სამკურნალოდაც, როდესაც პათოლოგიას თან ახლავს ასციტი. თვლიან, რომ მას აქვს უნარი, არეგულიროს და მოაწესრიგოს დეფეკაცია, რითაც იზღუდება ტოქსიკური ნივთიერებების მოხვედრა ნაწლავებიდან ღვიძლში. ბულგარელი მედიკოსების აზრით ხეშავის ნაყოფი უმჯობესია გამოვიყენოთ დამზადებიდან ერთი წლის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია