ჯორისძუასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ჯორისძუა 1-2 მ სიმაღლის ბუჩქია. ქერქი ღეროსა და ხნიერ ტოტებზე ნაცრისფერია. დამუხლული ახალგაზრდა ტოტები აღმამდგომია. მწვანე ან მონაცრისფერო მწვანე და გლუვია. მამრობითი მჭადა ყვავილედი თითქმის მჯდომარეა, სათითაოდ განწყობილი ერთიმეორის პირისპირ, ფორმით ბურთისებრი. ბუტკოიანი ყვავილედი ერთყვავილიანია, კვლავ მოპირისპირედ განწყობილი.
მწიფე ცრუ ნაყოფი - კენკრაგირჩა წითელი ან მოწითალო ყვითელი კვერცხისებრი მოგრძო ან კვერცხისებრ სფერულია.
ყვავის მარტ-აპრილში. ცრუ ნაყოფი ივნის-ივლისში მწიფდება. იზრდება უმეტესად ბარში, მთაში ზღვის დონიდან 1600 (1800) მეტრამდე სიმაღლეზე გვხვდება, თხელ მშრალ ხირხატიან ნიადაგებზე, არც თუ იშვიათად შიშველ კლდეებზეც სახლდება, გვხვდება სამხრეთ ოსეთში, ქართლში, მთიულეთში, კახეთსა და მესხეთში.
მედიცინაში მწვანე ტოტები გამოიყენება, რომელთა ყვავილობის ან ცრუ ნაყოფების მომწიფების პერიოდში აგროვებენ. სამედიცინო პრაქტიკაში უფრო ხშირად Ephedra vulgaris Rich. P. იყენებენ.
ჯორისძუა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება რევმატიზმის, საჭმლის მომნელებელი ორგანოების, სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ. მთავარ მოქმედ ნივთიერებას ალკალოიდი ეფედრინი წარმოადგენს.
ჯორისძუა როგორც სამკურნალო მცენარე, ჩინეთში ცნობილი იყო 1500 წლის წინათ ჩვენ წელთაღრიცხვამდე "მუ-გუანგის" სახელწოდებით.
ეფედრინი აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, გულის მუშაობას, უმატებს სისხლის წნევას, ავიწროებს სისხლძარღვებს.
ჯორისძუიდან გამოყოფილია აგრეთვე ლეიკოანტოციან ლეიკოეფედრინი, რომელიც უფრო მაღალი P ვიტამინური აქტივობის მქონეა სამკურნალო პრაქტიკაში გამოყენებულ ჩაის კახეტინთან შედარებით.
პრეპარატი ეფედრინი მედიცინაში უმთავრესად ბრონქიალური ასმის დროს გამოიყენება. აგრეთვე ყივანახველის, გულის კუნთის დაავადებისას და სისხლის დაბალი წნევის საწინააღმდეგოდ.
მონღოლეთის ხალხურ მედიცინაში ჯორისძუა იციან როგორც საშუალება ღვიძლისა და ნაღველსადინარების დაავადების დროს. ჯორისძუა საკმაოდ შხამიანია. ცნობილია მისი მიზეზით ბატკნებისა და თიკნების მოწამვლის შემთხვევები დედა ცხვრებისა და თხების რძის მეშვეობით, რომელთაც ჯორისძუა ძოვეს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ჯორისძუა სამკურნალოდ მხოლოდ ექიმს დანიშნულებით უნდა იქნას გამოყენებული.
ჩამოთვლილი დაავადების დროს ჯორისძუას პრეპარატს ჩვეულებრივ იღებენ 0,025-0,05 გ 2-3-ჯერ დღეში. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს უნიშნავენ 0,002-0,003 გ. 2-5 წლისს 0,03-0,02 გ, 6- 12 წლისას კი 0,01-0,02 გ ერთ მიღებაზე. მკურნალობის კურსი 10-15 დღეს გრძელდება. რაკი ეფედრინი ცენტრალურ ნერვულ სისტემას აღაგზნებს, ამიტომ დაუშვებელია, მისი ღამით მიღება ძილის მოშლის თავიდან აცილების მიზნით.
ჯორისძუის პრეპარატების მიცემა არ შეიძლება ჰიპერტონიან, ათეროსკლეროზიან, ძლიერ აღგზნებულ ავადმყოფებისათვის, აგრეთვე უძილობადაჩემებულთათვის და გულის კუნთის მძიმე ორგანული დაზიანების დროს.
ეფედრინი თანმხლებ მოვლენებს არ იწვევს, ზოგ შემთხვევებში ავადმყოფს ემართება სწრაფწარმავალი სუსტი ცახცახი და გულისცემა. დიდი დოზით მიღებისას შეიმჩნევა აღგზნება, უძილობა, მთელი სხეულის ან კიდურების ცახცახი, პირღებინება, ოფლიანობის გაძლიერება, შარდის ხუთვა.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია