ალერგია არის ორგანიზმის გაუკუღმართებული რეაქცია ბუნებაში გავრცელებული ისეთი აგენტების მიმართ, რომლებზეც ადამიანი, ჩვეულებრივ, არ რეაგირებს. ასეთია, მაგალითად, ოთახისა და მცენარის მტვერი, სოკო, ძაღლისა და კატის ეპიდერმისი (კანის ზედა შრე), საკვებში შემავალი ზოგიერთი ნივთიერება.
დაავადების მექანიზმი
ადამიანს უცხო ნივთიერებათა მავნე ზემოქმედებისგან იმუნური სისტემა იცავს: ის გამოიმუშავებს სპეციალურ ანტისხეულებს, რომელთა დანიშნულება ორგანიზმში შემოჭრილი უცხო ნივთიერებების განეიტრალებაა. ზოგჯერ ანტიგენი (შემოჭრილი ნივთიერება) ორგანიზმისთვის სახიფათო არ არის, მაგრამ იმუნური სისტემა მაინც მძაფრად რეაგირებს. ასე ვითარდება ჯანმრთელობისთვის საზიანო რეაქცია, რომელსაც ალერგიას უწოდებენ, ხოლო აგენტს, რომელიც ამ რეაქციას იწვევს - ალერგენს.
თუ იმუნური სისტემა ერთხელ მაინც შეხვდა ანტიგენს, იმახსოვრებს მას და მის წინააღმდეგ ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ამას სენსიბილიზაციას უწოდებენ. შემდგომი კონტაქტების დროს სენსიბილიზებული ორგანიზმი აუცილებლად ამოიცნობს ანტიგენს და დაუყოვნებლივ დაიწყებს მასზე რეაგირებას. ალერგენის მიმართ სენსიბილიზებისთვის სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა დრო სჭირდება - რამდენიმე დღიდან რამდენიმე წლამდე.
ალერგია ყველას შეიძლება დაემართოს, მაგრამ ალბათობა უფრო მაღალი აქვთ ბავშვებს, რომელთა ოჯახის წევრიც/წევრებიც ალერგიით არიან დაავადებული (თუმცა ალერგიული მშობლების შვილს ალერგია ყოველ¬თვის არ ემართება). ხელშემწყობი ფაქტორებია გარემოს ეკოლოგიური და¬ბინძურება, რადიაციული ფონის მომატება, საყოფაცხოვრებო და კოსმეტიკური საშუალებების ქიმიური ნივთიერებებით გაჯერება, დანამატების შემცველი სურსათის მომრავლება, ყავის, შოკოლადისა და, საზოგადოდ, ალერგიული ბუნების სურსათის ჭარბი მოხმარება, ხშირი ფსიქოემოციური სტრესი.
ალერგიული რეაქცია ორგვარია: სწრაფი (15-20 წთ) და დაყოვნებული (24-48-72 სთ). ის შეიძლება გამოვლინდეს ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ალერგოზის (ალერგიული რინიტის, ტრაქეიტის, ტრაქეობრონქიტის, ბრონქული ასთმის, ალვეოლიტის და სხვა), კანის ალერგოდერმატოზის (ატოპიური დერმატიტის, ჭინჭრის ციების, კვინკეს შეშუპების და სხვა), თვალის ალერგოზის (ალერგიული კონიუნქტივიტის და სხვა), ვასკულიტის და სხვათა სახით.
იმის მიხედვით, თუ რომელმა ალერგენმა გამოიწვია დაავადება, განასხვავებენ ალერგიას მცენარეული მტვრის, საყოფაცხოვრებო მტვრის, ნესტის სოკოს, შინაური ცხოველების, მწერის ნაკბენის მიმართ, ასევე - საკვებისმიერ და წამლისმიერ ალერგიას.
პოლინოზი
პოლინოზი ანუ მცენარეული მტვრისადმი ალერგია (თივის ცხელება) შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რინიტის/რინოკონიუნქტივიტის, და/ან ასთმური სინდრომის, და/ან ალერგოდერმატოზის სახით. ადრიან გაზაფხულზე ყვავილობს ხემცენარეები: შავი მურყანი, თხილი, ალვა, თელა, ტირიფი; შედარებით გვიან გაზაფხულზე - არყი, წიფელი, მუხა, აღმოსავლური ჭადარი; მაისი, ივნისი, ივლისი ბალახებისა და მარცვლოვნების ყვავილობის პერიოდია, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი კი სარეველების, რომელთაგან განსაკუთრებით ძლიერი ალერგიული თვისებებით გამოირჩევა ამბროზია. ხშირად მის მიმართ ალერგია საკმაოდ რთულად ვლინდება, არცთუ იშვიათად - ბრონქული ასთმის სახით.
საქართველოში ამბროზიის გავრცელების ორი ენდემური კერაა: ლაგოდეხისა და გაგრის რაიონი, თუმცა ეს მცენარე საქართველოს სხვა რეგიონებშიც გვხვდება.
მცენარის მტვრის მიმართ ალერგია მეტწილად რინოკონიუნქტივიტის სახით ვლინდება. ახასიათებს სურდო, ცემინება, თვალების ქავილი, ცრემლდენა. ამას შეიძლება დაერთოს ყელისა და ხახის ქავილი, ხველა.
არის შემთხვევები, როდესაც პოლინოზი ასთმური სინდრომით გამოვლინდება და სულხუთვით მიმდინარეობს. ასეთი სიმპტომების არსებობისას ადამიანმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. თავდაპირველად შესაძლოა იფიქროს, რომ ბანალური რესპირატორული ინფექცია აქვს, მაგრამ თუ დაუკვირდება, აღმოაჩენს, რომ ეს სიმპტომები მეორდება, აღმოცენდება არა დახურულ შენობაში, არამედ გარეთ, განსაკუთრებით - ბუნების წიაღში, და ქრება წვიმიან ამინდში (ამ დროს მცენარეული მტვრის ნაწილაკები დაბლა ილექება და ჰაერი შედარებით სუფთავდება). მცენარეული მტვრის მიმართ ალერგია ალერგიული გამონაყარის სახითაც შეიძლება გამოვლინდეს.
პოლინოზის დიაგნოსტირება ადვილია. იმის მიხედვით, თუ რას უჩივის პაციენტი და წელიწადის რომელ დროს აღმოცენდება ეს სიმპტომები, ექიმი-ალერგოლოგი ატარებს სპეციფიკურ ალერგოდიაგნოსტიკას კანისა და სისხლის ტესტირების გზით. ამ ტესტების მეშვეობით დიდი სიზუსტით დგინდება, რომელი მცენარის მტვერზე და როგორი ინტენსივობის ალერგია აქვს პაციენტს. ამის საფუძველზე ავადმყოფს შეუძლია, სეზონის დადგომამდე პროფილაქტიკური მკურნალობა ჩაიტაროს. ექიმი შეურჩევს მედიკამენტებსაც, რომლებიც მცენარეების ყვავილობის პერიოდში დაავადების გამოვლინებისას უნდა გამოიყენოს.
პოლინოზის შემთხვევაში ალერგიული რეაქციებისგან თავის დაზღვევის ყველაზე მარტივი გზაა დამნაშავე ალერგენებისთვის თავის არიდება. გარდა ამისა, ავადმყოფებს ურჩევენ:
- ერიდონ ქარიან ამინდში გარეთ გასვლას;
- მტვრის მაქსიმალური პროდუქციის პერიოდში თავი შეიკავონ პიკნიკებისა და ლაშქრობებისგან;
- ოთახი გაანიავონ ადრიან დილით და გვიან საღამოს - ამ დროს მტვერი ნაკლებად აქტიურია, ქარიან ამინდში კი ფანჯრების გაღებას ერიდონ.
თუ ალერგიული პირი სამოგზაუროდ წასვლას გადაწყვეტს, აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია ალერგოლოგთან, რათა გაითვალისწინოს უცხო გარემოში მცენარეული, საყოფაცხოვრებო, საკვები თუ სხვა სახის პოტენციური ალერგენის შესაძლო ზემოქმედება და სათანადოდ მოემზადოს.
არის პოლინოზისგან ბუნებრივი თვითგანკურნების შემთხვევებიც. სიმპტომების სიმძაფრე მცენარეთა დამტვერიანების ხარისხსა და მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული. ამიტომ არის, რომ ზოგ სეზონზე პოლინოზის მქონე პირი თავს კარგად გრძნობს, ზოგზე კი არა. როდესაც სიმპტომები პროგრესირებს და პათოლოგიურ პროცესში ჩართულია არა მხოლოდ ცხვირისა და თვალის ლორწოვანი, არამედ ბრონქებიც, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, ვინაიდან მოსალოდნელია ჩამოყალიბდეს პოლინოზური ბრონქული ასთმა.
პოლინოზს ანტიალერგიული და ანტიჰისტამინური პრეპარატებით მკურნალობენ, რომელთაგან ზოგი მწვავე მიმდინარეობისას გამოიყენება, ზოგი კი - პროფილაქტიკის მიზნით.
მცენარეული ალერგიისგან რადიკალური განკურნების გზაა სპეციფიკური იმუნოთერაპია - ჰიპოსენსიბილიზაცია: ორგანიზმში (კანქვეშ ან პერორალურად) რეგულარულად შეჰყავთ დამნაშავე ალერგენის მზარდი დოზა, ადამიანი ნელ-ნელა ეჩვევა მას და ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობა მცირდება.
ჰიპოსენსიბილიზაცია ტარდება ასევე საყოფაცხოვრებო მტვრის, ცხოველის ბეწვის, სოკოვანი, საკვები და სხვა ალერგენების მიმართ.
არასეზონური ალერგიული რინიტი და ბრონქული ასთმა
არსებობს ალერგიული რინიტისა და ბრონქული ასთმის ისეთი კლინიკური ვარიანტები, რომლებსაც წელიწადის დროსთან კავშირი არ აქვს. ზოგიერთი მათგანი მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობს (როგორც, მაგალითად, ოთახის მტვრის მიმართ ალერგიის შემთხვევაში), ზოგი კი სამუშაოს უკავშირდება (მაგალითად, ალერგია ფქვილის, ცხოველის ბეწვის მიმართ).
ოთახის მტვერი ალერგენების კომპლექსს წარმოადგენს. მათ შორის მთავარია ოთახის მტვრის ტკიპა, რომელიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. ის ადამიანის აქერცლილი კანის ნაწილაკებით იკვებება და უმთავრესად ბალიშებში, ლეიბებში, საბნებში ცხოვრობს. ამიტომ საწოლი ადგომისთანავე კი არ უნდა გავასწოროთ, არამედ ჯერ კარგად უნდა გავანიავოთ, კვირაში ერთხელ გავბერტყოთ და მტვერსასრუტით გავწმინდოთ. ოთახის მტვრის ტკიპები სიცივეში იღუპებიან, ამიტომ ზამთრობით, ყინვაში ხალიჩები, საბნები, ლეიბები და მტვრის სხვა კოლექტორები პერიოდულად გარეთ უნდა გავიტანოთ.
ოთახის მტვრისადმი ალერგია უპირატესად ასთმითა და რინიტით ვლინდება. შედარებით იშვიათია კონიუნქტივიტი, ურტიკარია, ატოპიური დერმატიტი. ასთმური სულხუთვის შეტევები მეტწილად გამთენიის ხანს იწყება. ამ სახის ალერგიასთან ბრძოლის საუკეთესო გზა ალერგენისთვის თავის არიდებაა. სასურველია:
- შინ არ გავაჩეროთ ხალიჩები და ბეწვის ტანსაცმელი, უკიდურეს შემთხვევაში, დახურულ კარადაში შევინახოთ;
- ხშირად დავასუფთაოთ სახლი მტვერსასრუტით, საგულდაგულოდ გავწმინდოთ ქვეშაგები და რბილი ავეჯი;
- რბილი სათამაშოები საძინებელი ოთახიდან გავიტანოთ.
ნესტის სოკოთი გამოწვეული რესპირატორული ალერგიის შემთხვევაში დამნაშავენი არიან სპორები, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდნენ არა მარტო შენობაში, არამედ მის გარეთაც: ლპობად მცენარეებში, ჰაერში. პროფილაქტიკის მიზნით ხშირად უნდა გავანიავოთ ის ადგილები, სადაც ნესტის სოკომ იცის ამოსვლა. დახურულ სივრცეში (სააბაზანოში, სამზარეულოში, სარდაფში, სხვენზე) აუცილებელია სავენტილაციო სისტემის მოწყობა. დაობებული სურსათი უნდა გადაიყაროს. უნდა ვერიდოთ ოთახის მცენარეებს, რომელთა ნიადაგზე თეთრი ან ნარინჯისფერი ნადებია.
ცხოველის ბეწვი ერთსა და იმავე დროს ალერგენიც არის და სხვა ალერგენების გადამტანიც. მაგალითად, მას გადააქვს ცხოველის ნერწყვი (კატა, ძაღლი, ცხენი), შარდი (ძაღლი, კატა, მღრღნელები), ქერტლი, ექსკრემენტები (თუთიყუშის, მტრედის). ამ ცხოველურ ალერგენებთან ადამიანის კონტაქტი მათი შემცველი მტვრის ნაწილაკების ჩასუნთქვისას ხდება. ყველაზე გავრცელებული ალერგენია კატის, ყველაზე ძლიერები კი - ცხენის და წვრილი მღრღნელების.
ადამიანების უმეტესობა სენსიბილიზებულია საკუთარი შინაური ცხოველების მიმართ, მაგრამ ალერგიული რეაქცია შესაძლოა სხვა ცხოველებთან შემთხვევითმა კონტაქტმაც კი გამოიწვიოს. ალერგიისგან თავის დასაღწევად დამნაშავე ცხოველს უნდა შეელიოთ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა, ალერგიის შეტევები ერთხანს კიდევ გაგრძელდეს - ცხოველის ალერგენი ავეჯზე, ხალიჩებსა და სხვა საოჯახო ნივთებზე იყოს შემორჩენილი. ასეთ დროს საჭიროა გარემოს საგულდაგულო დამუშავება.
მწერის ნაკბენს ზომიერი შესივება და ქავილი ახასიათებს, მაგრამ ერთიც და მეორეც მალევე გაივლის. ეს შხამით გამოწვეული ადგილობრივი რეაქციაა. თუ ადამიანი ზემგრძნობიარეა, რეაქცია უფრო მძიმე ფორმით ვლინდება: ჩნდება მტკივნეული წითელი შესივება, რომელიც მოზრდილ ფართობს მოიცავს და რამდენიმე დღეს გრძელდება. ეს რეაქცია ალერგიული ბუნებისაა და შესაძლოა, გართულდეს სისტემური რეაქციით: ჭინჭრის ციებით, კვინკეს შეშუპებით, ღებინებით, დიარეით, რინიტით, ასთმური შეტევით, ანაფილაქსიური შოკით.
საკვებისმიერი ალერგია შეიძლება გამოიწვიოს როგორც ქიმიური დანამატების შემცველმა, ისე ნატურალურმა სურსათმა. განსაკუთრებით ალერგიულია რძე, კვერცხი, თაფლი, თხილი, არაქისი, შოკოლადი. ბოლო დროს რამდენადმე გახშირდა ალერგია ისეთი პროდუქტების მიმართ, რომლებსაც ჩვენში დიეტის დროსაც კი უნიშნავენ (ძროხის ხორცი, ხორბლეული). ამრიგად, ის, რაც უმრავლესობას რგებს, ზოგიერთისთვის შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს და ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
კვებითი ალერგიის დროს სიმპტომები ვლინდება საჭმლის მომნელებელი სისტემის (მუცლის ტკივილი, ღებინება, ფაღარათი), სასუნთქი სისტემის (რინიტი, კონიუნქტივიტი, ბრონქული ობსტრუქცია), კანის (ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება) მხრივ. ადამიანი უნდა ერიდოს ისეთ საკვებს, რომლის მიმართაც ზემგრძნობელობა აქვს და მიმართოს ექიმს.
წამლისმიერ ალერგიას მედიკამენტის (საანესთეზიო საშუალებების, ანტიბიოტიკების) მიმართ განვითარებულ ალერგიულ რეაქციას უწოდებენ. ის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, ვინაიდან შესაძლოა, ანაფილაქსიური შოკიც კი გამოიწვიოს. თუ ადამიანს ოდესმე ალერგიული რეაქცია ჰქონია წამალზე/წამლებზე, ქაღალდზე უნდა დაწეროს მათი სახელწოდება და მუდამ თან ატაროს, რათა გაუთვალისწინებელ ვითარებაში ექიმებმა დახმარების ნაცვლად უნებლიეთ უფრო მეტად არ ავნონ.