B12-ისა და ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეულ ანემიას ახასიათებს ძვლის ტვინში მეგალობლასტების გაჩენა (მეგალობლასტები ერითროციტების გაუკუღმართებულად წარმომქმნელი უჯრედებია და ჯანმრთელი ადამიანის სისხლში არ არსებობს) და ერითროციტებისა და ჰემოგლობინის ოდენობის შემცირება, ასევე - თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და ნეიტროპენია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ატროფიული ცვლილებები, ცვლილებები ნერვული სისტემის მხრივ. უმეტესად ასაკოვან პირებში გვხვდება. განპირობებულია ორგანიზმში ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავას უკმარისობით ანდა მათი ათვისების უნარის დაქვეითებით კუჭის, წვრილი ნაწლავისა და ღვიძლის სხვადასხვა დაავადების დროს. ამ ტიპის ანემიის ერთ-ერთი მიზეზი ქრონიკული ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ამ დროს ზიანდება სისხლის წარმომქმნელი ქსოვილი, საჭმლის მომნელებელი სისტემა (ავადმყოფთა უმეტესობას კუჭის წვენის მჟავიანობა დაქვეითებული აქვს) და ნერვული სისტემა. არ არის გამორიცხული ფსიქიკური დარღვევების (მხედველობითი, იშვიათად - სმენითი ჰალუცინაციების) აღმოცენება. ვითარდება სიყვითლე, სისხლში იმატებს ბილირუბინი. დიდდება ელენთა და ღვიძლი. B12-დეფიციტური ანემიის ერთ-ერთი სიმპტომია ჰუნტერის გლოსიტი: ენაზე ჩნდება მკვეთრი წითელი ანთებითი უბნები, რომლებიც მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ენა სადა და პრიალაა. დამახასიათებელია ფუნიკულური მიელოზის ნიშნებიც: ზიანდება ზურგის ტვინის გვერდითი სეგმენტები, ქვედა კიდურებში მგრძნობელობა ქვეითდება, თუმცა აღინიშნება მუდმივი სუსტი ტკივილი და სიცივის შეგრძნება, პარესთეზიები. ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიის დროს ენის ტკივილი იშვიათია. არც ფუნიკულური მიელოზის სიმპტომები ვითარდება.

დიაგნოსტირება. დიაგნოზი სისხლის ანალიზს ეფუძნება: დაავადებისას ფერადობის მაჩვენებელი 1,0-ზე მაღალია, სისხლი შეიცავს მეგალოციტებს, იკლებს თრომბოციტების და ლეიკოციტების რაოდენობა. მეგალოციტების არსებობა ძვლის ტვინშიც აღინიშნება.

მკურნალობა. ინიშნება ვიტამინი B12 და ფოლიუმის მჟავა. პროგნოზი საიმედოა. დროული პროფილაქტიკის შემთხვევაში რეციდივი არ ვითარდება.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია