ჰიპოპლაზიურ და აპლაზიურ ანემიებს ახასიათებს პერიფერიულ სისხლსა და ძვლის ტვინში ფორმიანი ელემენტების (ერითროციტების, ლეიკოციტების, თრომბოციტების) მზარდი კლება. ავადობა მაღალი არ არის. ავადდებიან ორივე სქესის წარმომადგენლები, უმეტესად - 20-40 წლის ასაკში.
დაავადების მიზეზი მრავალრიცხოვანია, მათ შორის - შეიძლება იყოს მაიონიზებელი რადიაცია, ზოგიერთი პრეპარატი, ორსულობა, ჰეპატიტი, სისტემური წითელი მგლურა. ხშირად ანემიის მიზეზი უცნობია. ასეთ შემთხვევას იდიოპათიურ ანემიას უწოდებენ.

სიმპტომები და მიმდინარეობა. იდიოპათიური ანემია ხშირად მწვავედ იწყება და სწრაფად პროგრესირებს. ვითარდება თრომბოციტოპენიისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი: სისხლჩაქცევები, პეტექიური გამონაყარი, ცხვირიდან და ღრძილებიდან სისხლდენა. აღინიშნება პნევმონია, ოტიტი, პიელიტი და სხვა ანთებითი პროცესები, ასევე - სეფსისი.

დიაგნოსტირება. სისხლის ანალიზი ავლენს ანემიას ნორმალური ფერადობის მაჩვენებლით. დიაგნოზს უპირატესად ძვლის ტვინის ჰისტოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე სვამენ.

მკურნალობა. დაავადება საკმაოდ მძიმეა. მიმართავენ სისხლის (ერითროციტული, თრომბოციტური და ლეიკოციტური მასის) გადასხმას. ინიშნება გლუკოკორტიკოსტეროიდები, დიცინონი, რუტინი, C ვიტამინი. არის შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება ელენთის ამოკვეთა, ძვლის ტვინის გადანერგვა.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია