სამკარიანი სარქვლის ატრეზია გულის თანდაყოლილი მანკების 1-3%-ს შეადგენს. მას ფალოს ტეტრადისა და მაგისტრალური არტერიის ტრანსპოზიციის შემდეგ მესამე ადგილი უკავია ლურჯ (ციანოზურ) მანკებს შორის. ამ მანკის დროს მარჯვენა წინაგულსა და პარკუჭს შორის კავშირი არ არის. დაავადებას ყოველთვის ახლავს თან წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი, მარცხენა პარკუჭის ზრდა, მარჯვენის დაპატარავება და განუვითარებლობა. მთელი ვენური სისხლი მარჯვენა წინაგულიდან ხვრელის საშუალებით გადადის მარცხენა წინაგულში. როდესაც წინაგულთაშუა ძგიდის ხვრელი არც ისე დიდია, მარჯვენა წინაგულში წნევა იზრდება, რის გამოც ის იწელება და დიდდება. სისხლი გროვდება მარჯვენა წინაგულში და დიდ ვენებში, რომლებსაც სისხლი სხეულის სხვა ნაწილებიდანაც მოაქვთ. ვითარდება ვენური შეგუბება. მარჯვენა წინაგულში ვენური და არტერიული სისხლი ერთმანეთს ერევა. ორგანიზმში ვრცელდება ჟანგბადით არასათანადოდ გამდიდრებული სისხლი, ამიტომ ავადმყოფებს ედებათ მოლურჯო ფერი. გულის ტუმბოს ფუნქციას ერთი მარცხენა პარკუჭი ასრულებს. მანკის გამოვლინება ფილტვის არტერიაში წნევაზეა დამოკიდებული. ამ დეფექტის მქონე ახალშობილებს კანზე სილურჯე დაჰკრავთ. ყვირილის, ტირილისა და წოვის დროს ციანოზი ძლიერდება. ასაკთან ერთად სილურჯე იმატებს. მოსალოდნელია გონის დაკარგვა, რასაც თან სდევს ტუჩებისა და ყურის ნიჟარების გალურჯება. ავადმყოფს აქვს დოლის ჯოხის ან საათის მინისებრი თითები. სისხლში იზრდება ერითროციტებისა და სხვა უჯრედების რაოდენობა. ავადმყოფები ჩამორჩებიან ფიზიკური განვითარებით. ფიზიკური დატვირთვისას ეწყებათ ქოშინი. თანდათანობით ყალიბდება გულის უკმარისობა. ქირურგიული ჩარევის გარეშე ბევრი ბავშვი სიცოცხლის პირველსავე წელს იღუპება, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა ასეთ ავადმყოფს 30 და 60 წლამდეც კი მიუღწევია.

მკურნალობა. თუ ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს ოპერაცია. თუ ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაშინ შეიძლება ოპერაცია გადაიდოს 6-12 თვით. ოპერაციული მკურნალობის დროს სიკვდილიანობა შეადგენს 2-20%. ოპერაციის შედეგი დამოკიდებულია მანკის ანატომიურ თავისებურებებზე.

საშოს ატრეზია არის საშოს პათოლოგია და მდგომარეობს მისი კედლების ერთმანეთთან შეზრდაში. ეს პათოლოგია ხშირად თანდაყოლილია, მაგრამ შეიძლება განვითარდეს საშოს ტრავმის ან მასზე ოპერაციული ჩარევის გართულების შედეგად. ატრეზია შეიძლება იყოს სრული და ნაწილობრივი (საშოს ზედა, ქვედა ან შუა მესამედში).
საშოს ატრეზიის მთავარ კლინიკურ გამოვლინებას წარმოადგენს მენსტრუაციული ციკლის უქონლობა ან დარღვევა. გოგონებს ხშირად მხოლოდ ამ ნიშნის მიხედვით უდგინდებათ თანდაყოლილი ატრეზია. მენსტრუაციული სისხლის შეგუბებას ატრეზიის ადგილის ზემოთ ჰემატოკოლპს და ჰემატომეტრს (სიტყვასიტყვით - "სისხლიანი საშო" და "სისხლიანი საშვილოსნო") უწოდებენ. ექიმ-გინეკოლოგს სპეციალური გამოკვლევის გარეშეც შეუძლია ჰემატოკოლპის დანახვა (ეს ატრეზიის დონეზეა დამოკიდებული). მაგალითად, ატრეზიის ქვედა მესამედში ლოკალიზაციისას ჰემატოკოლპი ტომარასავით გამოიბურცება საშვილოსნოს ყელში. ატრეზიის დროს მენსტრუაციის უქონლობის პარალელურად აღინიშნება საშოს ტკივილი ან ქავილი. ხანგრძლივად მიმდინარე არტეზიის დროს შესაძლებელია ტემპერატურის მატება და ქრონიკული ცხელების აღმოცენება.
საშოს ატრეზიის დროს აღინიშნება ტკივილი ან დისკომფორტი სქესობრივი აქტის პერიოდში. ტკივილის ინტენსივობა ატერზიის დონეზეა დამოკიდებული.
ატრეზიის დროს ორსულობა და ბავშვის გაჩენა შეუძლებელია, მაშინაც კი, თუ ატრეზია ორსულობის ფონზე განვითარდა.

მკურნალობა. ამ დაავადების მკურნალობა ქირურგიულია. რაც უფრო ადრე ჩატარდება ოპერაცია, მით უკეთესი იქნება შედეგი. ოპერაციისას ხდება საშოს პლასტიკა, რომლის მიზანი მისი გამტარობის აღდგენაა. ოპერაციის წინ უნდა ჩატარდეს საშოს რენტგენოგრაფიული ან ენდოსკოპიური გამოკვლევა ატრეზიის დონისა და ხანგრძლივობის დასადგენად. გარდა ამისა, ექოსკოპიურად უნდა იქნეს გამოკვლეული მცირე მენჯის ღრუს ორგანოები, რათა დადგინდეს მათი მდებარეობა ატრეზიის ადგილის მიმართ (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ატრეზიის ზემოთა მდებარეობისას) და თავიდან იქნეს აცილებული ოპერაციის დროს შარდის ბუშტის, სწორი ნაწლავის კედლის ან საშვილოსნოს შემთხვევითი დაზიანება.
ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღეს აღინიშნება საშოდან სისხლიანი გამონადენი და ტკივილი. როდესაც გამონადენი გაქრება (ოპერაციიდან 4-5 დღის შემდეგ), ტარდება გინეკოლოგიური გამოკვლევა, რათა შემოწმდეს, ხელახლა ხომ არ შეეწება ერთმანეთს საშოს კედლები. ასეთი შემოწმება ოპერაციის შემდეგ პირველი 2 კვირის განმავლობაში რამდენიმეჯერ ტარდება. ავადმყოფი სახლში 10-14 დღეში ეწერება.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია