ახლომხედველობა (მიოპია) თვალის რეფრაქციის მეტად გავრცელებული პათოლოგიაა, რომლის დროსაც საგნის გამოსახულება ყალიბდება ბადურა გარსის წინ. ამ დროს ადამიანი ახლომდებარე საგნებს კარგად ხედავს, ხოლო შორეულს - ცუდად. ახლომხედველებს დაგრძელებული აქვთ თვალის ღერძი ან მომატებული აქვთ რქოვანა გარსის შუქგარდამტეხი ძალა. უმეტესად ხდება ორივე ამ ფაქტორის შერწყმა.
მხედველობის სიმახვილის დაქვეითების კვალობაზე, განასხვავებენ მიოპიის (ახლომხედველობის) რამდენიმე ხარისხს:
სუსტს (3 დიოპტრიამდე);
საშუალოს (6 დიოპტრიამდე);
ძლიერს (6 დიოპტრიის ზემოთ).

მიზეზები. ახლომხედველობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად ის 7-12 წლის ბავშვებს აღმოაჩნდებათ ხოლმე. გარდატეხის პერიოდში ახლომხედველობა, როგორც წესი, ძლიერდება, 18-დან 40 წლამდე ასაკში კი მხედველობის სიმახვილე სტაბილიზდება. ახლომხედველობის აღმოცენების მიზეზი ბოლომდე გარკვეული არ არის, თუმცა ცნობილია მისი რამდენიმე რისკფაქტორი:

  • მემკვიდრეობა. ახლომხედველი მშობლების შვილებს ასიდან 50 შემთხვევაში ახლომხედველობა 18 წლამდე უვლინდებათ, ნორმალური მხედველობის მქონე მშობლების შვილებს შორის კი მხოლოდ 8%-ია ახლომხედველი.
  • თვალის გადაძაბვა - ახლო მანძილზე ხანგრძლივი და ინტენსიური მხედველობითი დატვირთვა, სამუშაო ადგილის ცუდი განათება, ჯდომის მიმართულება კითხვისა და წერისას, მეტისმეტი გატაცება ტელევიზორითა და კომპიუტერით. ახლომხედველობა, ჩვეულებრივ, ბავშვის სკოლაში მისვლისას გამოვლინდება.
  • არასწორი კორექცია. თუ მხედველობის კორექცია ახლომხედველობის გამოვლენისთანავე არ მოხდა, მხედველობის ორგანო კიდევ უფრო გადაიძაბება და მოხდება ახლომხედველობის პროგრესირება. მოსალოდნელია ამბლიოპიის - ზარმაცი თვალის სინდრომისა და სიელმის განვითარებაც. თუ ახლო მანძილზე მუშაობისთვის სათვალე ან კონტაქტური ლინზა არასწორად შეირჩა  (მეტისმეტად ძლიერი აღმოჩნდა), მოხდება თვალის კუნთების გადაძაბვის პროვოცირება და ახლომხედველობა გაძლიერდება.

პროგრესირებადი ახლომხედველობა. პროგრესირებადს უწოდებენ ახლომხედველობას, როდესაც მიოპიის ხარისხი წელიწადში ერთი ან მეტი დიოპტრიით იზრდება. მიოპია განსაკუთრებით ინტენსიურად პროგრესირებს სკოლის ასაკის ბავშვებში, ვინაიდან ამ პერიოდში მხედველობითი დატვირთვა ყველაზე ძლიერია, რასაც ორგანიზმის აქტიური ზრდაც ერთვის. ახლომხედველებს ურჩევენ, ერიდონ მძიმე ტვირთის აწევას, განსაკუთრებით - წინ წახრილ და თავდახრილ მდგომარეობაში, ასევე - ისეთი სპორტით გატაცებას, რომელიც სხეულის მკვეთრ რყევას იწვევს (ხტომა, კრივი, ჭიდაობა და სხვა) - ყოველივე ამან შესაძლოა ბადურას განშრევება და სიბრმავეც კი გამოიწვიოს. პროგრესირებადი ახლომხედველობა ბადურას ცენტრალურ ნაწილში ნელ-ნელა იწვევს შეუქცევად ცვლილებებს და მხედველობის სიმახვილის მკვეთრ დაქვეითებას.

მკურნალობა. ახლომხედველობის კონსერვატიული მკურნალობა ითვალისწინებს:
მხედველობის მართებულ კორექციას ოფთალმოლოგის მიერ შერჩეული სათვალით ან კონტაქტური ლინზებით;
იმ კუნთების ვარჯიშს, რომელთა გადაძაბვაც ზრდის მიოპიის ხარისხს (ლაზერული სტიმულაცია, მხედველობის ვიდეოკომპიუტერული კორექცია, სამკურნალო საშუალებების ჩაწვეთება, თვალის ვარჯიშების სპეციალური კურსი).
თვალის ვარჯიშები ოფთალმოლოგის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს;
ზოგადგამაჯანსაღებელ ღონისძიებებს: ცურვას, კისრის მასაჟს, კონტრასტულ შხაპს და სხვა (ესეც - ოფთალმოლოგის რეკომენდაციით);
სრულფასოვან კვებას - ცილებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით დაბალანსებულ რაციონს.
ახლომხედველობის ლაზერული კორექციისას ფოკუსირებული ლაზერის სხივით ხდება რქოვანა გარსის დამუშავება. ოპერაციის მიზანია, რქოვანა გარსის სიმრუდის დოზირებული ცვლილებით შეიცვალოს თვალში შემავალი სინათლის სხივების გარდატეხის კუთხე, რაც მხედველობას აუმჯობესებს. ოპერაცია 25-40 წამს გრძელდება, უსისხლოა, სრულიად უმტკივნეულო, არ მოითხოვს ნარკოზს.
ლაზერის მეშვეობით მხედველობის 100%-იანი კორექცია შესაძლოა ვერ მოხერხდეს. პაციენტს წინასწარ ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე ეუბნებიან, რამდენად გამოუსწორდება მხედველობა. უმეტესად ლაზერული კორექცია მხედველობას საგრძნობლად აუმჯობესებს და პაციენტს ოპერაციის შემდეგ აღარ სჭირდება სათვალისა თუ კონტაქტური ლინზების ტარება, ზოგს კი ადრინდელთან შედარებით გაცილებით ნაკლები ზომის სათვალე ჰყოფნის. ასეთ შემთხვევაში პრობლემას ხსნის სხვა ტიპის ქირურგიული ჩარევა, მაგალითად, ფაკიური ლინზის (რეფრაქციული ხელოვნური ბროლის) იმპლანტაციით. ეს ლინზა პატარა განაკვეთიდან შეჰყავთ თვალში, ბროლის წინ. იქ ის იშლება, სამუდამოდ რჩება და სათანადოდ ცვლის თვალის გარდატეხის ძალას. ფაკიური ლინზის კორექციის დიაპაზონი საკმაოდ ვრცელია (-5,0-დან -25,0 დიოპტრიამდე და +2,0-დან +12,0 დიოპტრიამდე). როდესაც მაღალი ხარისხის ახლომხედველობას თან ახლავს ასტიგმატიზმი, გამოიყენება ფაკიური ლინზების იმპლანტაციისა და ლაზერული კორექციის კომბინაცია.
ახლომხედველობის პროფილაქტიკა ითვალისწინებს:
სწორ განათებას. მხედველობითი დატვირთვა დასაშვებია მხოლოდ კარგად განათებულ შენობაში.
სწორ მხედველობით და ფიზიკურ დატვირთვას. რეკომენდებულია მხედველობითი დატვირთვისა და აქტიური დასვენების მონაცვლეობა. 3 დიოპტრიამდე ხარისხის მიოპიისას ფიზიკური დატვირთვა შეზღუდული არ არის, 3 დიოპტრიაზე მეტის შემთხვევაში კი იკრძალება მძიმე ტვირთის აწევა, ხტომა და სპორტის ზოგიერთი სახეობა.
თვალების ვარჯიშს. 20-30-წუთიანი დატვირთვის შემდეგ რეკომენდებულია თვალის გავარჯიშება.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია