ბუასილი ანუ ჰემოროი სწორი ნაწლავის დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ჩივილებისა და ობიექტურ ცვლილებათა კომპლექი. მთავარი სიმპტომია სისხლდენა ანალური არხიდან დეფეკაციის დროს.
ბუასილი კეთილთვისებიანი დაავადებაა - ავთვისებიანად არასოდეს გადაგვარდება, თუმცა ქრონიკული ფორმის დროს ცხოვრების ხარისხი იმდენად ქვეითდება, რომ ბევრი გამოჯანმრთელების იმედსაც კი კარგავს. მედიცინაში ცნობილია ასეთი ავადმყოფების დამახასიათებელი გამომეტ¬ყველება, რომელსაც ჰემოროიდული პაციენტის სახეს უწოდებენ.
ბუასილის რისკფაქტორებია:
- ქრონიკული შეკრულობა ან ფაღარათი, ნაწლავთა არასრული მოქმედება (გადაჭარბებული ჭინთვები);
- კვებითი ჩვევები (მცირებოჭკოვანი დიეტა, მწარე, ცხარე საკვები და ალკოჰოლი);
- სიმსუქნე;
- ორსულობა;
- დიდხანს ჯდომა ან დგომა (მაგალითად, ბუასილით ხშირად ავადდებიან დირიჟორები, ბუღალტრები, მძღოლები).
სიმპტომები და მიმდინარეობა. განასხვავებენ ბუასილის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. ქრონიკულ ბუასილს ახასიათებს წინარე პერიოდი, რომლის ძირითადი ჩივილებია:
- უსიამოვნო შეგრძნება უკანა ტანის არეში;
- მსუბუქი ქავილი;
- დეფაკაციის შეფერხება.
ეს პერიოდი შესაძლოა რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე გაგრძელდეს. ამის შემდეგ იწყება სისხლდენა დეფეკაციის დროს. სისხლდენის ინტენსივობა სხვადასხვაგვარია: განავლოვან მასებზე სისხლის კვალით დაწყებული, მასიური სისხლდენით დამთავრებული. არის შემთხვევები, როდესაც რექტალურ სისხლდენას ძლიერ ანემიამდე მივყავართ. ქრონიკულ ბუასილს თან ახლავს ტკივილები უკანა ტანის არეში, რომელიც დეფეკაციის დროს და დიეტის დარღვევის, კერძოდ, მწარე, ცხარე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამაღიზიანებელი პროდუქტების მიღების შემთხვევაში აღმოცენდება. მომდევნო ეტაპზე კი იწყება ბუასილის კვანძების გამოვლენა.
გამოყოფენ ქრონიკული ბუასილის 4 სტადიას.
I სტადიისთვის დამახასიათებელია ანალური არხიდან სისხლდენა დეფეკაციის დროს კვანძების გამოვარდნის გარეშე.
II სტადიას ახასიათებს ჭინთვების დროს ჰემოროიდული კვანძების გამოსვლა, რომლებიც დეფეკაციის დამთავრებისთანავე სპონტანურად ბრუნდება უკან.
III სტადიაზე ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნა ხდება მხოლოდ დეფეკაციის დროს, მაგრამ ისინი სპონტანურად უკან არ ბრუნდება, საჭიროა დახმარება. მოგვიანებით პროლაფსი შეიძლება განვითარდეს მუცელშიდა წნევის ამა თუ იმ მიზეზით მომატებისას (მაგალითად, მძიმე ტვირთის აწევის, ხველის შემთხვევაში).
IV სტადიას ახასიათებს პერმანენტული პროლაფსი, რომელიც არ სწორდება. ის განაპირობებს თრომბოზს და ტკივილს, ხშირად - ძლიერ სისხლდენასაც კი.
მწვავე ბუასილს თან სდევს ძლიერი ტკივილი უკანა ტანის არეში. ამ დროს წარმოქმნილი ქსოვილების შეშუპება, შემდგომში კი ანთებითი ინფილტრაცია ხშირად ბუასილის კვანძების ჩაჭედვის სურათს ქმნის. ზოგ შემთხვევაში მწვავე ბუასილს თან ახლავს პერიანალური მიდამოს შეშუპება და კვანძების ნეკროზი. ამასთანავე, უმეტესად შიგნითა კვანძები ზიანდება, გარეთა კვანძები კი ამ პროცესში მეორეულად ერთვება, თუმცა არც გარეთა კვანძების იზოლირებული ანთებაა გამორიცხული. შესაძლოა, მათზე თრომბებიც კი ჩამოყალიბდეს. ისინი მრგვალი, თითქმის უმტკივნეულო წარმონაქმნებია, რომლებიც ზოგჯერ რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი ნარჩუნდება.
დიაგნოსტიკა. საკმაოდ გამოკვე¬თილი კლინიკური სურათის მიუხედავად, ჰემოროიდული დაავადების დიაგნოსტირებისადმი მკაცრი და თანმიმდევრული მიდგომაა საჭირო. სწორი ნაწლავიდან სისხლდენა და ტკივილი სხვა პათოლოგიებმაც (მაგალითად, სიმსივნემ) შეიძლება გამოიწვიოს. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის გასინჯვას, ანამნეზის დეტალურ შეკრებას.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. ბუასილის პროფილაქტიკა და მკურნალობა გულისხმობს ღონისძიებათა კომპლექსს, რომელიც ხელს უწყობს კუჭის მოქმედების მოწესრიგებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ეს ღონისძიებებია:
- კვების რაციონში მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი საკვებისა და ბოჭკოს შემცველი საკვები დანამატების ჩართვა;
- სითხის ოდენობის გაზრდა (6-8 ჭიქამდე დღეში);
- ფიზიკური ვარჯიში;
- ჯდომის ხანგრძლივობის შემცირება;
- ცივი ან გრილი მჯდომარე აბაზანების მიღება;
- დეფეკაციის დროს გადაჭარბებული ჭინთვების თავიდან აცილება.
I და II სტადიის ბუასილის დროს გამოიყენება მკურნალობის კონსერვატიული მეთოდი - მალამოები და ორალური (შინაგანად მისაღები) ფლებოტროპული პრეპარატები, რომლებიც სიმპტომატიკის სწრაფ და თვალსაჩინო უკუგანვითარებას უზრუნველყოფს.
ბუასილის კლინიკური მანიფესტირების (ტკივილის, სისხლდენის, დისკომფორტის) შემთხვევაში ავადმყოფმა დროულად უნდა მიმართოს პროქტოლოგს, რათა დაავადება არ გართულდეს და საჭირო არ გახდეს მკურნალობის ქირურგიული მეთოდის გამოყენება.
ქირურგიულ მეთოდს დაავადების III-IV სტადიებში მიმართავენ. ის ბუასილის კვანძების რადიკალურ მოცილებას ითვალისწინებს. მკურნალობის ეს მეთოდი იძლევა გარანტიას, რომ დაავადების რეციდივი თავიდან იქნება აცილებული.