გულის ბლოკადას უწოდებენ გულის გამტარ სისტემაში იმპულსის გავრცელების შეფერხებას ან შეწყვეტას. გასაგები რომ გახდეს, რა არის ბლოკადა და რამდენად საშიშია ის, ორიოდე სიტყვა მაინც უნდა ითქვას გულის გამტარი სისტემის შესახებ. გულის მუშაობას მისი კუნთის შეკუმშვა-მოდუნება უზრუნველყოფს. შეკუმშვა ხორციელდება ელექტრული იმპულსების ზემოქმედებით, რომლებიც ე.წ. გამტარი სისტემის საშუალებით გულის კუნთის ყოველ ნაწილში გაივლის. იმპულსი წარმოიქმნება სინუსურ კვანძში, ვრცელდება წინაგულებში და მათ შეკუმშვას იწვევს, წინაგულებიდან იმპულსი ვრცელდება პარკუჭებში, სადაც გამტარი სისტემა იტოტება, რათა იმპულსმა პარკუჭის ყველა წერტილამდე მიაღწიოს. გამტარი სისტემის რომელიმე უბანში ელექტრული იმპულსების გატარების დარღვევას გულის ბლოკადას უწოდებენ.
გულის ბლოკადა შეიძლება განვითარდეს გულის კუნთის პრაქტიკულად ყოველგვარი დაზიანების (მათ შორის - სტენოკარდიის, მიოკარდიტის, კარდიოსკლეროზის, მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის რომელიმე ნაწილის ჰიპერტროფიის, მომატებული დატვირთვის, ასევე - რომელიმე წამლის ზედოზირების ან არასწორად დანიშვნის შემთხვევაში. გულის ბლოკადა ასევე შეიძლება გამოიწვიოს მემკვიდრეობითმა წინასწარგანწყობამ ან გულის განვითარების შეფერხებამ მუცლადყოფნის პერიოდში.
გულის ბლოკადის კლასიფიკაცია იმის მიხედვით ხდება, თუ რომელ ნაწილში ფერხდება იმპულსის გავლა: სინუსურ კვანძში, ატრიოვენტრიკულურ კვანძში თუ გამტარი სისტემის ტოტებში და როგორ გამოვლინდება იგი.
განასხვავებენ გულის ბლოკადის რამდენიმე ხარისხს:
I ხარისხის ბლოკადას - როცა იმპულსების გავლა გვიანდება;
II ხარისხის ანუ არასრულ ბლოკადას - როცა იმპულსების ნაწილი გამტარ სისტემაში საერთოდ არ გაივლის;
III ხარისხის ანუ სრულ ბლოკადას - როცა იმპულსების გატარება საერთოდ არ წყდება.
გულის ბლოკადა შეიძლება იყოს მყარი და გარდამავალი. პირველი მუდმივია, ხოლო მეორე მხოლოდ განსაზღვრულ მომენტებში აღმოცენდება.

სიმპტომები და მიმდინარეობა. გულის ბლოკადის კლინიკური სურათი მის ტიპზეა დამოკიდებული.
სინოატრიული ბლოკადა (დარღვეულია სინუსურ კვანძში გენერირებული იმპულსების გატარება წინაგულში) ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მძიმე მიმდინარეობისას აღინიშნება თავბრუხვევა, გულის წასვლა, იშვიათად - კრუნჩხვა.
წინაგულთაშუა ბლოკადა (შეფერხებულია იმპულსების გავრცელება წინაგულების მიოკარდიოციტებში) პათოლოგიური სიმპტომებით არ ვლინდება და არც მკურნალობას მოითხოვს.
ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (შეფერხებულია იმპულსების გავრცელება პარკუჭებში) ნაწილობრივიც შეიძლება იყოს და სრულიც. სრული ბლოკადის დროს პარკუჭების შეკუმშვის სიხშირე შეიძლება წუთში 30-მდე და უფრო მეტად დაეცეს (ზრდასრული ადამიანის ნორმალური გულისცემა მოსვენებისას წუთში 60-80-ს უტოლდება). თუ შეკუმშვებს შორის ინტერვალმა რამდენიმე წამს მიაღწია, ადამიანს შეიძლება გული წაუვიდეს, გაფითრდეს, კრუნჩხვა დაეწყოს (ეს ე.წ. მორგან-ადამს-სტოქსის სინდრომის სიმპტომებია) და საქმე ლეტალურ დასასრულამდეც კი მივიდეს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ჩვეულებრივი ელექტროკარდიოგრაფიით შესაძლებელია გულის შეკუმშვების შეფასება მხოლოდ გამოკვლევის მომენტში, გულის ბლოკადა კი ყოველთვის არ არის მუდმივი. გარდამავალი ბლოკადის გამოსავლენად მიმართავენ სპეციალურ მონიტორულ გამოკვლევასა და ტესტებს. დიაგნოზის დასაზუსტებლად  ექოკარდიოგრაფიას ატარებენ.
მორგან-ადამს-სტოქსის სინდრომის აღმოცენების შემთხვევაში ავადმყოფი უნდა დავაწვინოთ და სასწრაფო დახმარება გამოვიძახოთ.
გამტარი სისტემის ცალკეული ტოტის ბლოკადა მკურნალობას არ მოითხოვს, მაგრამ შესაძლოა, გულის რომელიმე ისეთ დაავადებაზე მიუთითებდეს, რომლის დროსაც მკურნალობა აუცილებელია. ზოგიერთი სახის ბლოკადა სათანადო პრეპარატით მკურნალობისას გაივლის, მაგრამ სრული ბლოკადა საგრძნობლად აუარესებს ავადმყოფის მდგომარეობას. ამ დროს პირდაპირ არის ნაჩვენები რიტმის ხელოვნური მატარებლის გადანერგვა, დროებითი ან მუდმივი პარკუჭოვანი სტიმულატორების გამოყენება.
ვინაიდან გულის დაავადებების სამკურნალო რამდენიმე პრეპარატი ხელს უწყობს გულის ბლოკადის აღმოცენებას, აუცილებელია მათი მიღების წესების ზედმიწევნით დაცვა და ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია