გულის იშემიური დაავადება (გიდ) გულის კუნთის სისხლით არასაკმარისი მომარაგების შედეგია. გულის სისხლძარღვების შევიწროების ან დახშობის გამო ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების გადამტანი სისხლი მათში სათანადო ოდენობით ვერ გაედინება.
სიმპტომები და მიმდინარეობა. იმის მიხედვით, რამდენად არის გამოხატული, რამდენად ხანგრძლივია და რამდენად სწრაფად პროგრესირებს გულის შიმშილი, განასხვავებენ გიდ-ის რამდენიმე ფორმას. ესენია:
- გიდ-ის უსიმპტომო ანუ ჩუმი ფორმა. ამ დროს გულის შიმშილი კლინიკური სიმპტომებით არ გამოვლინდება.
- სტენოკარდია. ამ დროს გულის კვების უკმარისობა ვლინდება გულმკერდის არის ძლიერი ტკივილით, რასაც პროვოცირებას უწევს ფიზიკური დატვირთვა, სტრესი, სიცივე ან უზომო დანაყრება (იხ. სტენოკარდია).
- გიდ-ის ასთმური ფორმა. ამ დროს გულის სისხლით არასათანადო მომარაგება ვლინდება გულის რიტმის მოშლით, უმეტესად - მოციმციმე არითმიით (იხ. კარდიული ასთმა).
- მიოკარდიუმის ინფარქტი. ეს არის გულის კუნთის ნაწილის სიკვ¬დილი, რომელსაც მისი შიმშილი იწვევს (იხ. მიოკარდიუმის ინფარქტი).
- უეცარი გულისმიერი სიკვდილი - გულის გაჩერება, რომელიც უმეტესად სისხლის მიწოდების მკვეთრი შემცირებით არის გამოწვეული. ამ დროს ადამიანის გადარჩენა მხოლოდ სასწრაფო სარეანიმაციო ღონისძიებებს შეუძლია (იხ. უეცარი სიკვდილი).
თუ გიდ-ს არ ვუმკურნალეთ, ჟანგბადის დეფიციტის გამო გული ნორმალურად ვეღარ შეასრულებს თავის ფუნქციას, ამას კი ყველა დანარჩენ ორგანოში სისხლის მიწოდების შეზღუდვა მოჰყვება. ეს უკვე გულის ქრონიკული უკმარისობაა.
მიზეზები. გიდ გულის სისხლძარღვების (კორონარების) ათეროსკლეროზის გამო ვითარდება. ამ დროს არტერიის კედლებზე ჩნდება ე.წ. ფოლაქები, რომლებიც ან ავიწროებს სისხლძარღვების სანათურს, ან სავსებით ახშობს მათ. თავდაპირველად კორონარული სისხლძარღვების შევიწროება უმნიშვნელოა და გულმკერდის არის ტკივილით (სტენოკარდიით) ვლინდება. ათეროსკლეროზული ფოლაქის დაშლისას შევიწროებულ სისხლძარღვში ჩნდება თრომბები, რომლებიც მიოკარდიუმის ინფარქტს იწვევს.
გულში სისხლის მიდინება ასევე შეიძლება შეაფერხოს კორონარული სისხლძარღვების სპაზმმა ან ანთებამ, რასაც მოწევა, სიმსუქნე, არტერიული წნევის მატება, წამლების უკონტროლო მიღება, ჰორმონული ცვლილებები, არასწორი კვება და ზოგიერთი სხვა მიზეზი იწვევს.
გართულებები. გიდ შესაძლოა გართულდეს გულის რიტმის დარღვევით ან ბლოკადით. მძიმე ფორმისას ვითარდება გულის ქრონიკული უკმარისობა. განვითარებულ ქვეყნებში გიდ სიკვდილისა და დაინვალიდების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. მის წილად მოდის სიკვდილიანობის დაახლოებით 30%. ეს დაავადება ემუქრება ყოველ მესამე ქალსა და ყოველ მეორე მამაკაცს. განსხვავება იმით არის განპირობებული, რომ ქალის სასქესო ჰორმონები სისხლძარღვებს რამდენადმე იცავს ათეროსკლეროზული დაზიანებისგან. მენოპაუზის შემდეგ ჰორმონული ფონის შეცვლის გამო ქალებში ინფარქტის განვითარების ალბათობა იზრდება.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა. გიდ-ის ეჭვს ბადებს ავადმყოფის ჩივილები: ტკივილი გულმკერდის არეში, გულის რიტმის დარღვევა, ქოშინი. ზუსტი დიაგნოსტირებისთვის ელექტროკარდიოგრაფიას მიმართავენ. აუცილებელია ექოკარდიოგრაფიის ჩატარებაც. საჭიროებისას ინიშნება კარდიოანგიოგრაფია. ასევე უნდა გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი, ჩატარდეს ბიოქიმიური კვლევა და კოაგულოგრაფია.
გიდ-ის მედიკამენტური მკურნალობისას გამოიყენება სხვადასხვაგვარი მოქმედების კომბინირებული პრეპარატები. ზოგიერთი პრეპარატი გულის სისხლძარღვებს აფართოებს, ზოგიერთი ამცირებს ამ ორგანოს დატვირთვას, აქვეითებს არტერიულ წნევას და ათანაბრებს გულის რიტმს. არსებობს საშუალებებიც, რომლებიც გიდ-ის ძირითად მიზეზს ებრძვის - სისხლში ქოლესტერინის დონეს აქვეითებს.
შევიწროებული არტერიის გაფართოება შესაძლებელია არცთუ ისე რთული ოპერაციით - კორონარული ანგიოპლასტიკით: სისხლძარღვის დაზიანებულ უბანში იდგმება სტენტი. რთულ შემთხვევებში კარდიოქირურგები მიმართავენ შუნტირებას, რომლის დროსაც დახშული სისხლძარღვი კარგად გამავალი ახალი სისხლძარღვით იცვლება (ის, როგორც წესი, კიდურის ვენისგან მზადდება).