ეგზემა კანის ალერგიული დაავადებაა, რომელსაც ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, ქრონიკული მორეციდივე მიმდინარეობა და მრავალფეროვანი გამონაყარი ახასიათებს. სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან ეცზეო, რაც დუღილს ნიშნავს - მწვავე ეგზემის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი, მრავალრიცხოვანი, გამჭვირვალე სითხის შემცველი გამონაყარი, მართლაც წააგავს მდუღარე სითხის ბუშტუკებს.
ეგზემის მიზეზი უცნობია. დაავადების წარმოქმნის მექანიზმს საფუძვლად უდევს ორგანიზმის რეაქტიულობის ცვლილება, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის (უპირატესად - ცენტრალური და ვეგეტაციური ნერვული სისტემის) ფუნქციური დარღვევებით. ამ დარღვევების მიზეზი შეიძლება იყოს ალერგიული მდგომარეობა, რომელიც ეგზემით დაავადებულებში ერთობ თვალსაჩინოდ არის გამოხატული.
ენდოგენური ფაქტორების არსებობისას (ნერვული და ენდოკრინული სისტემების, ღვიძლის, ნაწლავების ფუნქციის მოშლის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შემთხვევაში) ეგზემის განვითარებას ხელს უწყობს ეგზოგენური გამღიზიანებლები, რომლებსაც ორ ჯგუფად - ჩვეულებრივ ანუ ბანალურ გამღიზიანებლებად და ალერგენებად ყოფენ.
ბანალური გამღიზიანებელია სხვადასხვა ფიზიკური, ქიმიური თუ ბიოლოგიური აგენტი, რომელიც ამა თუ იმ ხარისხით ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე საყოფაცხოვრებო თუ პროფესიულ პირობებში. მათ შორის - მეტეოროლოგიური ფაქტორები (სიცივე, სიცხე, ქარი, მზის სხივები), წყალი, საპონი, მჟავები, ტუტეები.
ენდოგენური დარღვევებისა და ეგზოგენური გამღიზიანებლების კომპლექსი განაპირობებს ორგანიზმის მგრძნობელობის მომატებას (სენსიბილიზაციას) გარე გამღიზიანებლების მიმართ.
ალერგენები ისეთი გამღიზიანებლების მრავალრიცხოვანი ჯგუფია, რომლებიც ორგანიზმზე ერთჯერადი მოქმედებისას შესამჩნევ ცვლილებებს არ იწვევს, მაგრამ ხანგრძლივი, მრავალჯერადი ზემოქმედებისას ორგანიზმის რეაქტიულობის შეცვლას - სენსიბილიზაციას განაპირობებს. ალერგენების მაგალითად გამოდგება ორგანული ნივთიერებები: სკიპიდარი, საღებავები, ნიკელის, ქრომის მარილები და სხვა.
სენსიბილიზაციის დასაწყისში შესაძლოა ორგანიზმი რომელიმე ერთ გამღიზიანებელზე რეაგირებდეს. დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ ორგანიზმის რეაქტიულობა იცვლება და იწყება რეაგირება მრავალ სხვადასხვა, მათ შორის - ბანალურ გამღიზიანებლებზეც კი.
ენდოგენური ფაქტორებიდან აღსანიშნავია ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, რომლის მნიშვნელობაზეც მიუთითებს ქავილისა და წვის შეგრძნებები და თერმორეგულაციის დარღვევა.
დაავადებულთა ალერგიულ მდგომარეობას შესაძლოა ხელი შეუწყოს ქრონიკული ინფექციის კერებმა (ტონზილიტმა, სინუსიტმა, ქოლეცისტიტმა, აპენდიციტმა, პროსტატიტმა, კოლიტმა). აგრეთვე - სოკოვანი დაავადების გამწვავებამ, ნაწლავთა პარაზიტების ცხოველმყოფელობის პროდუქტებმა და ა.შ. გასათვალისწინებელია მემკვიდრეობითი განწყობა დაავადების მიმართ.
სიმპტომები და მიმდინარეობა. განასხვავებენ დაავადების ოთხ კლინიკურ ფორმას: ჭეშმარიტს, სებორეულს, მიკრობულსა და პროფესიულს. ჭეშმარიტი ეგზემის კლინიკური სურათი იწყება კანის მეტ-ნაკლებად გამოხატული შეშუპებით და ანთებით (ერითემული სტადია), რასაც თან სდევს ინტენსიური ქავილი. ამ ფონზე ჩნდება მრავალრიცხოვანი წვრილი, წერტილოვანი, იშვიათად - მსხვილი კვანძი (კვანძოვანი სტადია) და გამჭვირვალე სითხით სავსე ბუშტუკები (ბუშტუკოვანი სტადია), თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეგზემა მხოლოდ შეშუპებით და ანთებითი სიწითლით მიმდინარეობს. ბუშტუკები სკდება და შიშვლდება კანის სველი ზედაპირი. სითხე გამოიჟონება წვრილი ელემენტებიდან და ვრცლად ფარავს კერებს. ამ სტადიაზე დაავადებას სველ ეგზემას უწოდებენ. სითხე თანდათან შრება და თავდაპირველად - ნახევრად გამჭვირვალე-მოყვითალო, შემდეგ კი სქელ მორუხო ან მოყავისფრო ლაქებად გარდაიქმნება (ქერქოვანი სტადია). რამდენიმე დღის შემდეგ ქერქი კანის ზედაპირს სცილდება და მის ქვეშ ჩნდება ღია ვარდისფერი სადა, ნაზი, ოდნავ პრიალა ეპიდერმისით დაფარული კანი, რომელიც იწყებს აქერცვლას (აქერცვლისა და ეპითელიზაციის სტადია). ანთებითი პროცესი თანდათან სუსტდება და კანი ბუნებრივ ელფერს იღებს. ზოგჯერ კერაში მუქი შეფერილობის ლაქა რჩება. შესაძლოა, პროცესი განვითარების რომელიმე (ნებისმიერ) სტადიაზე შეჩერდეს, უკუგანვითარდეს და რამდენიმე ხანში განკურნებით დასრულდეს. შესაძლოა, კერაში ერთდროულად სხვადასხვა ნიშანმა იჩინოს თავი. ასეთ შემთხვევაში ამბობენ, რომ გამონაყარი პოლიმორფულია.
ჭეშმარიტი ეგზემის კერა სხვადასხვა ზომისაა, აქვს არცთუ მკვეთრად გამოხატული საზღვრები, ახასიათებს უპირატესად სიმეტრიულობა და ჩნდება ხელის ზურგზე, წინამხრებზე, ტერფების ზემოთა ზედაპირზე, ბავშვებში - სახეზე, ტანზე, გულმკერდზე და ნებისმიერ სხვა მიდამოში. ჭეშმარიტი ეგზემის ლოკალიზაცია დაავადების მორფოლოგიურ სურათზე გავლენას არ ახდენს. გამონაკლისია ხელისგულები და ფეხისგულები, სადაც კანის აგებულების თავისებურებების (რქოვანას სისქის) გამო დაავადება სხვაგვარი ფორმით ვლინდება. მას დისჰიდროზულ ეგზემას უწოდებენ. ამ დროს ხელისგულებისა და ფეხისგულების, თითების გვერდითა ზედაპირებზე ჩნდება მრავალი წვრილი ბუშტუკი. ეპიდერმისის სისქის გამო ანთებითი ფონი ამ ადგილებში ძლიერ სუსტად არის გამოხატული. ბუშტუკები ან იხსნება, ან ხმება და ბრტყელ მოყვითალო ფუფხად იქცევა. დისჰიდროზული ეგზემის კერა მკვეთრად არის შემოსაზღვრული ჯანმრთელი კანისგან. დაზიანების კერა შესაძლოა გაფართოვდეს და გადავიდეს ხელის მტევნებსა და ტერფების ზემოთა ზედაპირზე, სადაც პროცესი ჭეშმარიტი ეგზემის ტიპურ კლინიკურ სურათს შექმნის.
სახელწოდება `დისჰიდროზული~ ოფლის გამოყოფის დარღვევით მიმდინარეს ნიშნავს, თუმცა საოფლე ჯირკვლები ამ დროს ნორმალურად ფუნქციონირებს.
გახანგრძლივების შემთხვევაში მწვავე ეგზემამ შესაძლოა ქვემწვავე ან ქრონიკული ხასიათი მიიღოს.
ქრონიკული ეგზემა გახანგრძლივებული მორეციდივე ეგზემის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს და დამოუკიდებლადაც. ქრონიკული ეგზემის შემთხვევაში სისველე სუსტად არის გამოხატული ან სრულებით არ აღინიშნება. ქრონიკული ეგზემის მთავარი ნიშნებია კანის ინფილტრაცია, ლიქენიფიკაცია და აქერცვლა. ბუშტუკოვანი ელემენტები მხოლოდ პროცესის გამწვავებისას ჩნდება.
სებორეული ეგზემა, რომლის წინარე მდგომარეობა სებორეაა, უმთავრესად ლოკალიზებულია ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ უბნებზე: თავის თმიან ნაწილზე, ყურის ნიჟარებზე, სახეზე, შუბლის, საფეთქლების, ცხვირ-ლოყის ნაოჭებში, გულმკერდსა და ბეჭთაშუა არეებში, იღლიისქვეშა ფოსოში, საზარდულის, ჭიპის მიდამოებში, ზემო და ქვემო კიდურების მომხრელ და გვერდით ზედაპირებზე. პროცესი თავის თმიანი ნაწილიდან იწყება. ამ უბანზე სისველის შედეგად დიდი რაოდენობის ქატოსებრ, მონაცრისფრო-მოთეთრო ქერცლთან ერთად გროვდება უხვი ქერქი, რომელიც ზოგჯერ მთელ თავს ფარავს. ყურის ნიჟარების უკან კანი შეშუპებული, წითელი და სველია, დაფარულია ქერქით. ყურებს უკანა ნაოჭებში მტკივნეული ნაპრალებია, სისველის პერიოდებს ცვლის კანის მეტისმეტი სიმშრალის პერიოდები. სებორეული ეგზემის მძიმე შემთხვევაში იქ, სადაც დაზიანება უფრო ინტენსიურია, თმა ცვივა. პროცესს თან სდევს ქავილი, წვა, ზოგჯერ - ტკივილი, თუმცა შესაძლოა, სებორეული ეგზემა თითქმის სუბიექტური შეგრძნებების გარეშე მიმდინარეობდეს.
მიკრობული ეგზემა ვითარდება პიოდერმიის, სოკოვანი დაავადების (მიკოზური ეგზემა), ინფიცირებული ტრავმის, ჭრილობის, დამწვრობის (პარატრავმული ეგზემა), ქვემო კიდურების სისხლის მიმოქცევის მოშლის, ტროფიკული წყლულის (ვარიკოზული ეგზემა) მეორეული ეგზემატიზაციის შედეგად. ჭეშმარიტი ეგზემისგან განსხვავებით, დაავადება გამოირჩევა ასიმეტრიული განლაგებით (ანთებითი შეშუპებული კანი დაფარულია წვრილი ბუშტუკებით ან ჩირქოვანი ელემენტებით), მკაფიოდ გამოხატული საზღვრებით, ჩვეულებრივ, იოლად ექვემდებარება მადეზინფიცირებელი საშუალებებით მკურნალობას, რომელთა გამოყენება ჭეშმარიტი ეგზემის დროს გაღიზიანებას იწვევს. დაზიანება ლოკალიზებულია წვივებისა და ჭიპის გარშემო, სარძევე ჯირკვლების ქვეშ.
ვარიკოზული ეგზემის განვითარებას ხელს უწყობს ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადება. ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება ტრავმები და სენსიბილიზაცია ვარიკოზული დაავადების სამკურნალო პრეპარატების მიმართ.
პროფესიული ეგზემა ჭეშმარიტისგან კლინიკურად არ განსხვავდება. იგი ვითარდება საწარმოო ალერგენებთან მრავალჯერადი კონტაქტის შედეგად, რომელიც წლობით გრძელდება. თავდაპირველად კანის ანთებით რეაქციას ალერგენის ზემოქმედების ადგილებზე ალერგიული დერმატიტის ხასიათი აქვს და ალერგენის ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ მალევე უკუვითარდება. ალერგენთან კონტაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში დაავადება უფრო მდგრადი ხდება. ამ დროს მოსალოდნელია გამწვავება არამარტო საწარმოო გამღიზიანებელზე.
პროფესიული ეგზემის გახანგრძლივებისას შესაძლოა გამოვლინდეს ორგანიზმის სენსიბილიზაცია არა მარტო საწარმოო, არამედ საყოფაცხოვრებო გამღიზიანებლებზეც.
ბავშვებში ეგზემა ვლინდება ჭეშმარიტი, სებორეული და მიკრობული ფორმებით. შესაძლოა კომბინირებული განვითარებაც - სხვადასხვა ადგილას დაავადება სხვადასხვა ფორმით არის წარმოდგენილი.
მკურნალობა კომპლექსურია და გულისხმობს ნერვული, ენდოკრინული დარღვევების ლიკვიდაციას, ქრონიკული ინფექციის კერების სანაციას, ჰიპოალერგენულ დიეტას. გათვალისწინებულ უნდა იქნეს ასაკი და თანმხლები დაავადებანი შინაგანი ორგანოების მდგომარეობა, პროფესია, ცხოვრებისა და კვების რეჟიმი, მავნე ჩვევები.
ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად ინიშნება სედაციური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, განგლიობლოკატორები (ვალერიანის ექსტრაქტი, სედუქსენი, ამინაზინი). ჰიპოსენსიბილიზაციისთვის ანუ ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობის შესამცირებლად ინიშნება კალციუმის ქლორიდისა და ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარები. ფართოდ გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები (როგორც საინექციოდ, ისე შინაგანად) და ვიტამინები (უპირატესად - B ჯგუფისა).
დაავადების მყარი და მძიმე ფორმების შემთხვევაში სისტემური დანიშნულების კორტიკოსტეროიდულ თერაპიასაც მიმართავენ.
განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება რაციონალურ დიეტას. რეკომენდებულია მარილიანი, ცხარე, შებოლილი საკვების, შოკოლადის, კაკაოს, კვერცხის, ნიგვზისა და ციტრუსების შეზღუდვა. უკუნაჩვენებია ალკოჰოლი და თამბაქო.
ადგილობრივი მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, კლინიკურ ფორმაზე, ამა თუ იმ სამკურნალო საშუალების მიმართ ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე. სისველის სტადიაში ანთებითი მოვლენებისა და შეშუპების შესამცირებლად ინიშნება გამაგრილებელი (რეზორცინის, ბორის მჟავას, რივანოლის) საფენები, ზედაპირის შეშრობის შემდეგ - გოგირდისა და კუპრის მალამოები, კორტიკოსტეროიდული მალამოები. მიკრობული ეგზემის შემთხვევაში ინიშნება იგივე მალამოები ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად. ადგილობრივი მკურნალობისთვის იყენებენ ფიზიოთერაპიულ საშუალებებსაც: ულტრაიისფერ სხივებს, ელექტროფორეზს, პარაფინის აპლიკაციებს და სხვა. რემისიის პერიოდში რეკომენდებულია კურორტული მკურნალობა (წყალტუბო, ურეკი).