ენაბორძიკობა არის მეტყველების დარღვევა, რომელიც ვლინდება ცალკეული ბგერების, მარცვლების ან მთელი სიტყვის უნებლიე გამეორებით, ბგერების არაბუნებრივი გაწელვით და/ან მეტყველებისას დაუგეგმავი პაუზებით - ე.წ. სიჩუმის ბლოკებით, რომელთა დროსაც ადამიანი ვერ ახერხებს ბგერის წარმოთქმას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ენაბორძიკობა მეტყველების რიტმისა და თანმიმდევრობის დარღვევაა, რომელიც ართულებს მეტყველებით ურთიერთობას. ენის ბორძიკს თითქმის ყოველთვის სდევს თან დაძაბულობა, შფოთვა და შიში მეტყველების დაწყების წინ.
ჯანმრთელი ადამიანი საუბრის 7-10%-ს შესვენებებით ახორციელებს - იმეორებს ცალკეულ სიტყვებს ან ფრაზებს, ურთავს ბგერებს "ე-ე", "მ-მ", შორისდებულებს, - მაგრამ თუ საუბრისას შესვენებამ 10%-ზე მეტი შეადგინა, საქმე ენაბორძიკობასთან გვაქვს.
ენაბორძიკობა სკოლამდელი ასაკის ბავშვების 2,5%-ს ახასიათებს. მსოფლიოს მოსახლეობის 5%-ს ბავშვობაში მცირე ხანს მაინც ჰქონია ეს პრობლემა. ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს ენა ებმის, აქედან 80% მამაკაცია, 20% - ქალი.
მეცნიერები ენაბორძიკობის ორ ძირითად ტიპს გამოყოფენ. პირველი უვითარდებათ ნერვული სისტემის დეფექტის მქონე ბავშვებს. ასეთი ენაბორძიკობის მიზეზია მემკვიდრეობითი განწყობა, სამშობიარო ტრავმა, მძიმე ორსულობა, ახალშობილის ხშირი ავადმყოფობა. ბავშვები, რომლებსაც ენა ებმით, გარეგნულად სავსებით ჯანმრთელები და გონებრივად განვითარებულნი არიან. ნევროლოგიური გამოკვლევა ავლენს ქალასშიგა წნევის მატების ნიშნებს, რეფლექსების ცვლილებებს და კრუნჩხვებისადმი მიდრეკილებას.
მეორე ტიპის ენაბორძიკობა ჯანმრთელი ნერვული სისტემის მქონე ბავშვებს უვითარდებათ. მათ ენა ებმით ძლიერი გადაღლით ან სტრესით განპირობებული ნევროზის გამო. ნევროზულ ენაბორძიკობას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის - უეცარი შიში, გონებრივი გადაღლა, ძლიერი განცდა, თუმცა ეს ფაქტორები ყველა ბავშვში როდი იწვევს ენაბორძიკობას. ამ ტიპის ენაბორძიკობისას მეტყველების დეფექტს აძლიერებს ემოციური და ნერვულ-ფიზიკური გადაძაბვა.
ცნობილია ენაბორძიკობის სხვა მიზეზებიც. მაგალითად, ზოგი ბავშვი ენას ვისიმე მიბაძვით უკიდებს; ცაციებს, რომლებსაც მარჯვენა ხელით მუშაობას აიძულებენ, ზოგჯერ ენაბორძიკობა უვითარდებათ.
ენაბორძიკობას ჰგავს მეტყველების ისეთი დარღვევა, როგორიც არის სკანდირებული მეტყველება - ავადმყოფი ხან სწრაფად ლაპარაკობს, ხან ნელა, ხან ხმამაღლა, ხან ხმადაბლა. ასეთი რამ ნათხემის პათოლოგიას ახასიათებს და სხვაგვარად მეტყველების ატაქსიას უწოდებენ.
ჭეშმარიტი ენაბორძიკობა ძლიერდება მღელვარებისას, სუსტდება მშვიდ გარემოში, ქრება სიმღერისას.
ენის ბორძიკი სამეტყველო აპარატის (ენა, ტუჩები, რბილი სასა, ქვედა ყბა) კუნთების კრუნჩხვითი მოძრაობის შედეგია. კუნთების რამდენიმე ხანმოკლე შეკუმშვა ცალკეული ბგერებისა და მარცვლების უნებლიე გამეორებას (კლონური ენაბორძიკი) იწვევს, ძლიერი ხანგრძლივი შეკუმშვა კი - მეტყველების შეფერხებას (ტონური ენაბორძიკი). ხშირია ენაბორძიკის შერეული ფორმა - ორივეს შერწყმა. ზოგჯერ მეტყველების აპარატის კუნთების კრუნჩხვით მოძრაობებს სახისა და კიდურების კუნთების შეკუმშვაც ერთვის.
ენაბორძიკის მიზეზი თავის ტვინში მდებარეობს. სწორედ იქ არის მეტყველებაზე პასუხისმგებელი ნერვული ცენტრები:
- ბროკის ცენტრი - ხმის ცენტრი. პასუხისმგებელია მეტყველებაში მონაწილე კუნთებისა და იოგების მუშაობაზე, აწესრიგებს ენის მოძრაობასა და ხმის იოგების ფუნქციებს;
- ვერნიკის ცენტრი - სმენის ცენტრი. მისი მეშვეობით ვცნობთ სხვებისა და საკუთარ მეტყველებას;
- ასოციაციური ცენტრი - აანალიზებს ნათქვამს და გადაწყვეტილებას იღებს შემდგომი საუბრის თაობაზე.
ამ ცენტრების შეთანხმებული მუშაობის შედეგია მეტყველების ცენტრის ფორმირება: ხმის ცენტრი ფრაზების წარმოთქმის საშუალებას გვაძლევს და თან სმენის ცენტრს ააქტიურებს; სმენის ცენტრი აღიქვამს ლაპარაკს და ასოციაციურ ცენტრს უბრძანებს, იფიქროს, ეს უკანასკნელი კი დაფიქრების შემდეგ ააქტიურებს ხმის ცენტრს და ა.შ.
ენაბორძიკობას საფუძვლად ამ ცენტრების შეთანხმებული მუშაობის დარღვევა (სხვადასხვა სიჩქარით მუშაობა) უდევს. 2-5 წლის ბავშვებს მეტყველების ცენტრები და მათი სინქრონული კავშირი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ, რაც არცთუ იშვიათად ენებორძიკობის პროვოცირებას ახდენს.
ენაბორძიკობის მექანიზმი თანამედროვე მედიცინას დაახლოებით ასე წარმოუდგენია: ნერვული სისტემის ზემოხსენებული ცვლილებები ბროკის ცენტრის გადაძაბვას იწვევს, მისი მუშაობის სიჩქარე იმატებს და მეტყველების ცენტრებს შორის არსებული კავშირი დროებით წყდება. გადაძაბვა გადაეცემა ბროკის ცენტრის გვერდით მდებარე თავის ტვინის ქერქის იმ უბნებს, რომლებიც მოძრაობის აქტივაციაზე აგებს პასუხს. შედეგად აღმოცენდება კუნთების კრუნჩხვითი მოძრაობები და ადამიანს ენა ებმის, ხოლო ბროკის ცენტრი ნორმამდე დუნდება და მეტყველების ცენტრებს შორის არსებული წრე კვლავ იკვრება.
ნერვული სისტემის გადაძაბვისას ნერვული იმპულსები და თანხმოვანი (განსაკუთრები - ყრუ) ბგერების სიხშირეები თვისობრივად ახლოს დგას ერთმანეთთან, ამიტომ ადამიანს ენა ებმის უმეტესად - თანხმოვნების, ძალიან იშვიათად - ხმოვნების წარმოთქმისას.
ენაბორძიკობისას მეტყველების დარღვევა სხვადასხვა სახისაა: შესაძლებელია ბგერების ან მარცვლების გამეორება, სიჩუმის ბლოკები, ბგერების არაბუნებრივი გაწელვა (გახანგრძლივება). ენაბორძიკობას თან სდევს დაძაბულობა და შფოთვა, სახის მიმიკის ცვლილებები და ტიკები.
არარიტმული და არათანმიმდევრული მეტყველება 2-7 წლის ასაკში ნორმად ითვლება, მაგრამ ბავშვს თუ ენა მეტისმეტად ხშირად ებმის და ამ დროს შესამჩნევად შფოთავს, შესაძლოა, ენაბორძიკობასთან გვქონდეს საქმე.
ენაბორძიკობის დასაწყისზე მიუთითებს შემდეგი ნიშნები:
- მარცვლების ხშირი გამეორება;
- ბგერების გაჭიანურება;
- ხშირად საუბრისთვის თავის არიდება;
- სახისა და ყელის კუნთების დაძაბულობა;
- საუბრისას მოულოდნელად ხმის ტემბრის აწევა.
არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელთა დახმარებითაც შეიძლება, ბავშვებში ენაბორძიკობის განვითარების ალბათობა შევამციროთ:
- ბავშვს ესაუბრეთ ნელა და რიტმულად;
- საუბრისას გააკეთეთ პაუზა, განსაკუთრებით - იმ მომენტში, როდესაც ბავშვმა უკვე დაასრულა ფრაზა, თქვენ კი ჯერ არ დაგიწყიათ. ეს ბავშვს კიდევ რამის თქმის საშუალებას მისცემს, თქვენ კი ამ ხნის განმავლობაში შეგიძლიათ იმაზე იფიქროთ, რისი თქმა სურს თქვენს პატარას.
- ბავშვს ნაკლები შეკითხვა დაუსვით და იშვიათად მიმართეთ ბრძანების კილოთი. უმჯობესი იქნება, თუ თხოვნასა და შეკითხვას დაიწყებთ სიტყვებით: ,,მოდი...", ,,როგორ ფიქრობ....", ,,შენი აზრით..."
ენაბორძიკობის მკურნალობა ლოგოპედის პრეროგატივაა. თუ მიზეზი ფსიქიკური ტრავმაა, შესაძლოა, ლოგოპედმა ბავშვი ფსიქოთერაპევტთან გაგზავნოს.
მიუხედავად იმისა, რომ ენაბორძიკობის მიზეზები და მექანიზმი ცნობილია, მისგან მყისიერი განკურნების საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობს. დღესდღეობით ენაბორძიკობის მკურნალობა ბროკის ცენტრის ნორმალიზებას ითვალისწინებს. ამისთვის პაციენტს უნიშნავენ:
- დამამშვიდებელ და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებს;
- ჰიპნოზს;
- ნემსებით თერაპიას;
- სარელაქსაციო აბაზანებს;
- ზოგადგამაჯანსაღებელ პროცედურებს;
- მეტყველებით ვარჯიშებს, რომლებიც საუბრის ტემპის შენელებას, რიტმული საუბრის ჩვევის ჩამოყალიბებას, საუბრისას ხანგრძლივ პაუზებს გულისხმობს.
ბროკის ცენტრის დასამუხრუჭებლად ასევე გამოიყენება სხვა მამოძრავებელი ცენტრების აქტივაციის მეთოდები. ეს მიიღწევა მეტყველების დირიჟორობით, ხელის თითების რიტმული მოძრაობით, სუნთქვის რეგულირებით, ლაპარაკისას წერით.
არსებობს ენაბორძიკობის სამკურნალო სპეციალური კომპიუტერული პროგრამები. ზოგიერთი მათგანი პაციენტს საშუალებას აძლევს, მოისმინოს თავისი დამახინჯებული მეტყველების გასწორებული ვარიანტი, ზოგიერთი კი პაციენტს თავის საუბრის ოდნავ დაგვიანებით მოსმენის საშუალებას აძლევს. არსებობს ისეთი პროგრამებიც, რომლებიც ხმას ფონური ხმაურით ახშობს ან ეკრანზე ნათქვამის დანახვის საშუალებას იძლევა, ადაბლებს ან ამაღლებს ბგერებს და სხვა.