ეშერიხიოზი ნაწლავთა მწვავე  ინფექციაა, რომელსაც ნაწლავის ჩხირი (Escherichia coli) იწვევს. დაავადება მიმდინარეობს გასტროენტერიტით ან  გასტროენტეროკოლიტით. ყველაზე ხშირია ზაფხულისა და შემოდგომის თვეებში. გამოვლინება ზოგჯერ ერთეულია, ზოგჯერ კი ეპიდემიური აფეთქების სახეს იძენს. ეშერიხიოზით ავადდებიან მოზრდილებიც და ბავშვებიც, განსაკუთრებით - 5 წლამდე ასაკში.
ადამიანისთვის პათოგენური ეშერიხიები სამი ტიპისაა: ენტეროტოქსიგენური, ენტეროპათოგენური და ენტეროინვაზიური.
ენტეროტოქსიგენური E. coli გამოიმუშავებს თერმოლაბილურ ან თერმოსტაბილურ ენტეროტოქსინებს, ზოგჯერ - ორივეს ერთად. იწვევს ბავშვებისა და მოზრდილთა დიარეას. ამ ტიპის ეშერიხიებით გამოწვეულ დაავადებას ზოგჯერ ქოლერის მსგავს ეშერიხიოზს უწოდებენ. დაავადება გვხვდება განვითარებული ქვეყნების მოსახლეობაში, ასევე - იმ პირებში, ვინც ასეთ ქვეყნებში მოგზაურობს (მოგზაურთა დიარეა).
ენტეროპათოგენური E. coli უმთავრესად ჩვილებს აავადებს და წვრილი ნაწლავის დაზიანებას იწვევს.
ენტეროინვაზიური E. coli, ენტეროტოქსიგენურისგან განსხვავებით, ენტეროტოქსინებს არ გამოიმუშავებს, მაგრამ შესწევს ნაწლავის ლორწოვანის ეპითელიუმში ინვაზირებისა და დაღუპვის შემდეგ ენდოტოქსინის გამომუშავების უნარი. ენტეროინვაზიური E. coli-თ გამოწვეული დაავადება დიზენტერიას ჰგავს.
ინფექციის წყაროს ავადმყოფი წარმოადგენს. განსაკუთრებით საშიშია წაშლილი (უსიმპტომო) ფორმით დაავადებული ადამიანი, შედარებით ნაკლებად საშიში - ბაქტერიამატარებელი.  ინფექციის წყარო შეიძლება გახდეს შინაური ცხოველი და ფრინველიც.
ეშერიხიოზით დასნებოვნება ფეკალურ-ორალური გზით ხდება. დაავადების განვითარებისთვის აუცილებელია, ორგანიზმში საკვებთან ერთად დიდი რაოდენობით მოხვდეს პათოგენური ნაწლავის ჩხირი. ინფექცია ინფიცირებული რძისა და მისი ნაწარმის, ხილისა და ბოსტნეულის საშუალებით ვრცელდება, შედარებით იშვიათად - დაბინძურებული წყლით. არც ინფექციის დაბინძურებული საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით გავრცელებაა გამორიცხული.

სიმპტომები და მიმდინარეობა. დაავადების საინკუბაციო პერიოდი, ჩვეულებრივ, 18-24 საათს გრძელდება, შედარებით იშვიათად - 3 დღემდე.
ენტეროტოქსიკური ეშერიხიოზით გამოწვეული დაავადება ქოლერას წააგავს. მიმდინარეობს ტოქსიკოზით და მწვავე გასტროენტერიტის ან ენტერიტის სინდრომით. ახასიათებს საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ხშირი ღებინება, ასევე - ხშირი დეფეკაცია წყლისებრი, ულორწოო და უსისხლო მასით. ავადმყოფი უჩივის მჭრელ ტკივილს ეპიგასტრიუმის არეში. ხშირი ღებინებისა და ფაღარათის შედეგად ვითარდება ორგანიზმის გაუწყლოება. სხეულის ტემპერატურა უმეტესად ნორმალური რჩება. დაავადება 3-4 დღეს გრძელდება. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ენტეროპათოგენური ეშერიხიოზით გამოწვეული დაავადების კლინიკური სურათი სალმონელოზის მსგავსია. ფარული პერიოდის შემდეგ (იგი 2-4, იშვიათად 14-24 საათს შეადგენს) თავს იჩენს საერთო სისუსტე, შემცივნება, ცხელება, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და ფაღარათი. განავალი უხვია, წყლისებრი კონსისტენციის, ლორწოსა და სისხლის მინარევების გარეშე. დიარეა გრძელდება 1-6 დღეს. ზოგჯერ ვითარდება ზედა და ქვედა კიდურების კრუნჩხვა. ღებინებისა და დიარეის შედეგად ორგანიზმი უწყლოვდება. ვითარდება კოლაფსი. დაავადება გრძელდება 2-5 დღეს. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ენტეროინვაზიური ეშერიხიოზით გამოწვეული დაავადება დიზენტერიის მსგავსად მიმდინარეობს. ავადდებიან ყველა ასაკის ადამიანები. დაავადება მიმდინარეობს ზოგადი ინტოქსიკაციით, გასტროენტეროკოლიტის ან ენტეროკოლიტის ნიშნებით.
ფარული პერიოდის შემდეგ ვითარდება დაავადების მწვავე სურათი, ავადმყოფს ამცივნებს, ტემპერატურა 38-39 გრადუსამდე იმატებს. ცხელება 1-2 დღეს გრძელდება. ინტოქსიკაცია ზომიერია, ვლინდება საერთო სისუსტით, თავის ტკივილით, თავბრუხვევით. ავადმყოფი უჩივის მუცლის მჭრელ ტკივილს. ვითარდება დიარეა, რომელიც დაავადების წამყვანი კლინიკური ნიშანია.  დეფეკაცია დღე-ღამეში 5-10-ჯერ ხდება. განავალი თხიერია, შეიცავს ლორწოს, ზოგჯერ სისხლსაც. აღინიშნება ცრუ ტენეზმები. ღებინება იშვიათია, მუცელი შებერილი და შეხებისას მტკივნეულია. მსუბუქად მიმდინარე დაავადება 2-7 დღეში, ჩვეულებრივ, გამოჯანმრთელებით სრულდება, თუმცა არსებობს მძიმე ფორმებიც.

 ბავშვები ეშერიხიოზით მოზრდილებზე 2-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. დაავადება უმთავრესად 6 თვემდე ასაკის პატარებში იჩენს თავს და გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს. აღინიშნება ცხელება, ღებინება, ხანგრძლივი ტოქსიკოზი, მეტეორიზმი, უხვი წყლისებრი განავალი ლორწოვანი მინარევით. დაავადება ტალღისებურად მიმდინარეობს და ხშირი გამწვავება ახასიათებს. დაავადება შეიძლება გაგრძელდეს 5-6 კვირას. ხშირად რთულდება მეორეული ბაქტერიული ფლორით (მეტწილად - პნევმონიით).

დიაგნოსტიკა. ეშერიხიოზის დიაგნოზი დაისმის კლინიკური, ეპიდემიოლოგიური სურათის, განავლის ბაქტერიოლოგიური და სეროლოგიური კვლევის საფუძველზე. აუცილებლად უნდა გამოირიცხოს დიზენტერია, სალმონელოზი, ქოლერა.

მკურნალობა. ეშერიხიოზის მსუბუქი ფორმა მკურნალობას არ მოითხოვს. საშუალო და მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.  ავადმყოფს უნდა ამოურეცხონ კუჭი, გაუწყლოების კორექციისა და დეზინტოქსიკაციის მიზნით ვენაში შეუყვანონ ელექტროლიტები და კოლოიდური ხსნარება (ჰემოდეზი, რეოპოლიგლუკინი). ასევე, უნდა ჩატარდეს ეტიოტროპული მკურნალობა და დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა.
ეშერიხიოზის პროფილაქტიკა გულისხმობს სანიტარულ-პიგიენური პირობების ზედმიწევნით დაცვას.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია