ასიდან დაახლოებით 95 შემთხვევაში თრომბები ქვედა კიდურების ღრმა ვენებში წარმოიქმნება, ვინაიდან აქ სისხლის შეგუბება უფრო ხშირია. ქვედა კიდურებისკენ სისხლი სიმძიმის ძალით მიედინება, გულისკენ მის უკუდინებას კი რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის - გულის შემწოვი ფუნქცია. განსაზღვრულ როლს ასრულებს დიაფრაგმის მოძრაობა, რაც გულმკერდის ღრუში უარყოფით წნევას წარმოქმნის, მუცლის ღრუს წნევა, სისხლძარღვების ტონუსი, წვივის კუნთების შეკუმშვა-მოდუნება.
პერიფერიიდან სისხლის უკუდინებისთვის აუცილებელია ვენის სარქვლების გამართული მუშაობა: როცა სისხლი პერიფერიული ვენებიდან გულისკენ მიედინება, სარქველი ქოლგისებურად იშლება და მას უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.
როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ფაქტორი სრულფასოვნად არ ფუნქციონირებს, ქვემო კიდურებში სისხლი გუბდება, რასაც შესაძლოა თრომბოზი მოჰყვეს.
ვენებში თრომბების წარმოქმნას მრავალი  ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის:

  • სისხლის შედედების სისტემის დარღვევა. როდესაც ირღვევა ბალანსი სისხლის შედედებისა და შედედების საწინააღმდეგო (ანტიკოაგულაციურ) სისტემებს შორის, პროთრომბინისგან წარმოიქმნება თრომბინი, რომელიც ფიბრინოგენის გააქტიურებას უწყობს ხელს, ამ უკანასკნელისგან კი - ფიბრინი. თრომბოციტები და ერითროციტები სისხლძარღვების კედელზე ილექება, ეხვევა ფიბრინის ბადეში და თრომბად ყალიბდება.
  • ინტოქსიკაცია და ნივთიერებათა ცვლის მოშლა - მიკრობული ან სიმსივნური ინტოქსიკაცია, სეფსისი, ქრონიკული დაავადებები, კერძოდ, ათეროსკეროზი, დიაბეტი, სიმსუქნე და სხვა.
  • სისხლის ნაკადის შეგუბება - ვენების ვარიკოზი, გულის უკმარისობა, შეგუბების ინტრავაზალური (ათერომული ფოლაქების წარმოქმნა, ვენის შიგნითა კედლის გასქელება, ძველი თრომბები) და ექსტრავაზალური (სიმსივნური წარმონაქმნების, ინფილტრატების ზეწოლა) ფაქტორები.
  • ტრავმები - მოტეხილობები (განსაკუთრებით - მსხვილი - მენჯისა და ბარძაყის - ძვლების მოტეხილობა), ოპერაციისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი. ტრავმას თან სდევს სისხლდენა. მის შესაჩერებლად ირთვება თავდაცვითი მექანიზმი - გამოიყოფა ქსოვილოვანი თრომბოპლასტინი, რაც ააქტიურებს სისხლის შედედების ფაქტორებს და ქმნის თრომბოზის განვითარების შესაძლებლობას.

ვენური თრომბოზი ხშირად უვითარდებათ ხანგრძლივად მწოლიარე ავადმყოფებს (გულის დაავადებები, ქირურგიული ოპერაციების შემდგომი პერიოდი, დამბლა). მიზეზი ვენებში სისხლის ხანგრძლივი შეგუბებაა. ასეთ ავადმყოფებს ურჩევენ, ხშირად ამოძრაონ ტერფები, ფეხისა და ხელის თითები, აკეთონ სუნთქვითი ვარჯიშები, შეძლებისდაგვარად იაქტიურონ. ღრმა ვენებში სისხლის ნაკადის სიჩქარის მოსამატებლად ქვემო კიდურებზე ახვევენ ელასტიკურ ბანდს.
ასაკთან ერთად იკლებს ადამიანის აქტიურობა, მეტ-ნაკლებად ირღვევა სისხლის მიმოქცევა, იცვლება სისხლძარღვთა კედლის სტრუქტურა - ქვეითდება მათი ელასტიკურობა, ტონუსი, დეფორმირდება სარქვლები. შესაბამისად, იმატებს თრომბოზის განვითარების რისკი. გარდა ამისა, აქტიურდება სისხლის შედედების ფაქტორები და მცირდება ფიბრინოლიზი, რაც ასევე თრომბოზის განვითარებას უწყობს ხელს.
სიმპტომები და მიმდინარეობა. მიმდინარეობის კვალობაზე, განასხვავებენ:

  • მწვავე ფლებოთრომბოზს - აღინიშნება კიდურის შეშუპება, ტკივილი, ტემპერატურის მატება და ა.შ.;
  • ქვემწვავე ფლებოთრომბოზს; 
  • პოსტთრომბოფლებიტური სინდრომისა (ყალიბდება ქრონიკული ვენური უკმარისობა) და
  • პოსტთრომბოფლებიტური სინდრომის ფონზე განვითარებულ მწვავე ფლებოთრომბოზს (ქრონიკული ვენური უკმარისობა თავისთავად იწვევს ვენების თრომბოზს).

რას უჩივის ავადმყოფი და რა სახის ცვლილებები აღენიშნება მას ვენების თრომბოზის დროს, დამოკიდებულია თრომბის ლოკალიზაციაზე.

წვივის ვენების თრომბოზი. ამ დროს შუპდება ტერფი, კოჭ-წვივის სახსარი და წვივი. წვივის არეში აღმოცენდება ტკივილი, რომელიც ტერფის მოძრაობისას ძლიერდება.
თეძო-ბარძაყის ვენის თრომბოზი. კომპენსაციის სტადიაში ჰემოდინამიკა დარღვეული არ არის და ავადმყოფი ტკივილს მხოლოდ წელისა და გავის არეში, მუცლის ქვედა ნაწილსა და ქვედა კიდურებში შეიგრძნობს, დეკომპენსაციის სტადიისთვის კი დამახასიათებელია ტკივილის მკვეთრი მატება, ძლიერი შეშუპება, რომელიც კიდურიდან ზოგჯერ სათესლე პარკზე, დუნდულა კუნთსა და მუცლის წინა კედელზეც ვრცელდება. კიდურის კანი ფერს იცვლის - მოლურჯო-მოიისფრო ხდება. თეძოსა და მუცლის წინა კედელზე მოჩანს გაგანიერებული ზედაპირული ვენები.
ქვედა ღრუ ვენების თრომბოზი. დამახასიათებელია ქვედა კიდურების, სასქესო ორგანოებისა და მუცლის წინა კედლის შეშუპება. მუცლის წინა კედელზე მოჩანს მკვეთრად გაგანიერებული ზედაპირული ვენები. შესაძლოა, თრომბოზი ქვედა ღრუ ვენის სხვადასხვა სეგმენტში განვითარდეს. ამის კვალობაზე, სიმპტომებიც სხვადასხვაგვარია.
ქვედა ღრუ ვენების თირკმელზედა და თირკმლის სეგმენტის თრომბოზისთვის  დამახასიათებელია ძლიერი ტკივილი წელის არეში, ოლიგურია (შარდის გამოყოფის შემცირება), ანურია (შარდის გამოყოფის შეწყვეტა), ურემიის (თირკმლის მიერ მავნე ნივთიერებათა გამოყოფის უნარის დაქვეითების გამო ორგანიზმის მოწამვლის) ნიშნები.
ქვედა ღრუ ვენის ღვიძლზედა სეგმენტის თრომბოზის დროს ვითარდება ღვიძლის უკმარისობის მძიმე სურათი: პორტული ჰიპერტენზია (კარის ვენაში წნევის მომატება), ასციტი (მუცლის ღრუში სითხის დაგროვება), ღვიძლისა და ელენთის გადიდება, სიყვითლე, დისპეფსიური მოშლილობანი (საერთო სისუსტე, გულისრევა, ღებინება და სხვა), ქვედა კიდურების შეშუპება და კანქვეშა ვენების გაგანიერება.
თეთრი მტკივნეული ფლეგმაზია. ეს არის ქვედა კიდურებისა და მენჯის ვენების მწვავე დიფუზური თრომბოზი. იწყება ქვედა კიდურების მკვეთრი ტკივილით. ტემპერატურა 40 გრადუსამდე იმატებს. ვითარდება ტაქიკარდია, ოფლიანობა, შემცივნება, არტერიაზე პულსი არ აღინიშნება, ცნობიერება დაბინდულია. მოსალოდნელია კოლაფსი.
ლურჯი მტკივნეული ფლეგმაზია. იგი წარმოადგენს ქვედა კიდურების, მენჯის ღრმა, კუნთებშიგა და კანქვეშა ვენების მწვავე გავრცობილ თრომბოზს. ავადმყოფი უჩივის კიდურის ტკივილს. კიდური შეშუპებულია, ცივი და ლურჯი. არტერიებზე პულსაცია ქრება. თავს იჩენს ინტოქსიკაციის ნიშნები. ვითარდება ანემია, ტაქიკარდია. ავადმყოფი კიდურს ვერ ამოძრავებს, მასზე მგრძნობელობა დაქვეითებული აქვს. კანზე ჩნდება სისხლჩაქცევები, ჰემორაგიული ბუშტუკები. მოსალოდნელია განგრენა.
ზედა ღრუ ვენების თრომბოზი. მას ახასიათებს ზედა კიდურის პროგრესირებადი შეშუპება, ძლიერი ტკივილი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ციანოზი (მოლურჯო ელფერი), კანქვეშა ვენების გაგანიერება. ვენური წნევა დაზიანებულ კიდურში მკვეთრად იმატებს - 200-400 მმ.ვწყ.სვ-ს უტოლდება (ნორმაა 150 მმ.ვწყ.სვ.).

გართულებები. მაგისტრალური (ბარძაყის, თეძოს, ქვედა ღრუ ვენის) ვენების თრომბოზის დროს დიდია თრომბოემბოლიის განვითარების ალბათობა. თრომბი კიდით ვენის კედელზეა მიმაგრებული, დანარჩენი კი თავისუფლად კიდია სისხლძარღვის სანათურში. როცა თრომბი კარგად არ არის მიმაგრებული ვენის კედელს (განსაკუთრებით - მწვავე პერიოდში), შესაძლოა, მისი ნაწილი ან მთელი თრომბი სისხლის ნაკადმა მოწყვიტოს და თან წაიღოს. მოწყვეტილი თრომბი ქვედა ღრუ ვენის საშუალებით ხვდება მარჯვენა წინაგულში, საიდანაც გადადის მარჯვენა პარკუჭში, შემდეგ - ფილტვის არტერიაში და მას ან მის რომელიმე ტოტს ახშობს.
ფილტვის არტერიის ემბოლია ყოველთვის არ არის სასიკვდილო. თუ თრომბი მცირე ზომისაა, ის გაივლის ფილტვის არტერიას და მის რომელიმე ტოტში გაიჭედება, რაც გამოიწვევს ფილტვის იმ ნაწილის ინფარქტს, რომელსაც ეს სისხლძარღვი ამარაგებდა, მაგრამ თუ ემბოლი უშუალოდ ფილტვის არტერიაში ჩაიჭედა, ავადმყოფი უმალვე კვდება.
დიდმა ფიზიკურმა დატვირთვამ და სისხლის ნაკადის გაძლიერებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს თრომბის მოწყვეტას, თუმცა ამ ფაქტორებთან ერთად მნიშვნელობა აქვს თრომბის მიმაგრების ხარისხს. არსებობს ფლოტირებადი თრომბი, რომელიც ოდნავ არის მიმაგრებული ვენის კედელზე და ადვილად წყდება. არის თრომბი, რომელიც უფრო მჭიდროდ არის მიმაგრებული. მისი მოწყვეტა ნაკლებმოსალოდნელია.
დიაგნოსტიკა. კვლევის ინსტრუმენტული მეთოდებიდან ყველაზე მისაღები და არაინვაზიურია დოპლეროგრაფია. მეტად ინფორმაციულია ფლებოგრაფიაც - ვენაში კონტრასტული ნივთიერების შეყვანა და შემდგომი რენტგენოგრაფია (კონტრასტის გარეშე რენტგენოგრამაზე სისხლძარღვები არ აისახება), მაგრამ ეს გამოკვლევა ძვირად ღირებულია, თანაც ინვაზიური, ამიტომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, როცა მკურნალობის მეთოდის შესარჩევად დამატებითი ინფორმაციის მიღებაა საჭირო.
გარდა ინსტრუმენტული გამოკვლევისა, აუცილებლად უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზი - კოაგულოგრამა, რომელიც ექიმს საშუალებას მისცემს, შეაფასოს სისხლის შემდედებელი სისტემის მდგომარეობა და ამის საფუძველზე შეარჩიოს ანტიკოაგულაციური მკურნალობა.

მკურნალობა. თუ დაავადების მიმდინარეობა ავთვისებიანი არ არის და მკურნალობა დროულად დაიწყო, შედეგი კარგია, თუმცა ხშირად რჩება ქრონიკული ვენური უკმარისობა.
ვენების თრომბოზის მკურნალობის მიზანია თრომბოზის გავრცელების შეჩერება, თრომბის მოწყვეტის და მაგისტრალურ სისხლძარღვებში მისი მოხვედრის პროფილაქტიკა, ვენის გამავლობის აღდგენა, რათა თავიდან იქნეს აცილებული პოსტთრომბოფლებიტური დაავადება ანუ ქრონიკული ვენური უკმარისობა. ამ მიზნით ავადმყოფს მწვავე პერიოდში ენიშნება წოლითი რეჟიმი და მედიკამენტები, რომლებიც ათხიერებს სისხლს, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებას და ცირკულაციას, ხელს უწყობს ვენის კედელზე თრომბის მიმაგრებას და ა.შ. მედიკამენტები ინიშნება როგორც ინექციების, ისე ტაბლეტებისა და მალამოების სახით.
ზედაპირული ვენების მაღალი და აღმავალი (გადადის ბარძაყზე) თრომბოზის შემთხვევაში ოპერაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამ დროს დათრომბილ ვენას კვანძავენ და ამით ემბოლიის განვითარების საშიშროებას თავიდან იცილებენ. ღრმა ვენების თრომბოზის დროს ასეთი ოპერაცია არ ხორციელდება. ღრმა ვენის გადაკვანძვა დაუშვებელია, რადგან ამას მოჰყვება კიდურში სისხლის მიმოქცევის მკვეთრი მოშლა ან კიდურის განგრენა. ასეთ შემთხვევებში იყენებენ კავა-ფილტრების მეთოდს - ქვედა ღრუ ვენაში დგამენ სპეციალურ ფილტრს. ეს კეთდება ენდოვასკულური მეთოდით, რენტგენოლოგიური კონტროლის თანხლებით. ლავიწქვეშა ვენიდან ზონდით შეჰყავთ დახურული ფილტრი, რომელსაც ქვედა ღრუ ვენაში თრომბოზის ზევით ქოლგასავით შლიან. ფილტრი ვენის კედელში მაგრდება. სისხლი მასში თავისუფლად გადის, მსხვილ ემბოლს კი ფილტრი არ ატარებს და ფილტვის ემბოლიის განვითარების საშიშროებაც აღარ იქმნება.

პროფილაქტიკა. უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია ცხოვრების მართებული წესის დაცვა: დიეტოთერაპია (უარი უნდა ითქვას ალკოჰოლზე, თამბაქოზე, შემცირდეს ცხოველური საკვები), მოძრაობის რეჟიმი (ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. საუკეთესო ვარიანტია ცურვა და იოგას სტილის ვარჯიშები). კარგია კონტრასტული შხაპიც. სასურველია კომპრესიული ტრიკოტაჟის (კოლგოტების, წინდების, გეტრების) ტარება. პერიოდულად უნდა შემოწმდეს სისხლის შედედების ფუნქცია და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მისი მედიკამენტური კორექცია ექიმის მეთვალყურეობით.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია