ვულვოვაგინიტი საშოსა და ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებაა. ის უმეტესად ბავშვთა ასაკში გვხვდება. გამომწვევია ჩირქოვანი და ნაწლავის ჩხირი, ჰელმინთოზი. ხელშემწყობ ფაქტორებად მიიჩნევა ექსუდაციური დიათეზი, ქრონიკული ინტოქსიკაციის შედეგად ორგანიზმში მომხდარი ცვლილებები, ჰიგიენის წესების დაუცველობა, მექანიკური ფაქტორები (საშოში უცხო სხეულის მოხვედრა).
ვულვოვაგინიტის დროს აღინიშნება ქავილი და თეთრად შლა, ვულვა შუპდება და წითლდება, საშოს ლორწოვანი გარსიც ჰიპერემიულია და ახასიათებს შეშუპებითი ჰემორაგიები. საშოდან მოსალოდნელია ჩირქოვანი გამონადენი, ზოგჯერ (საშოში უცხო სხეულის შეყვანის შემთხვევაში) - სისხლიანი მინარევითაც კი. ვულვოვაგინიტის დროს ტარდება ისეთივე მკურნალობა, როგორიც საშოსა და საშვილოსნოს ანთებითი დაავადებების შემთხვევაში. ლიკვიდირებულ უნდა იქნეს ყოველგვარი გამაღიზიანებელი. მწვავე სტადიაში აუცილებელია წოლითი რეჟიმი, გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა დღეში 2-3-ჯერ ნატრიუმის პერმანგანატის თბილი ხსნარით (1:10 000), გვირილის ნაყენით, 2%-იანი ბორის მჟავათი. ასევე აუცილებელია ნატრიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარის მჯდომარე აბაზანები.