თირკმელში კენჭის გაჩენას მრავალი ფაქტორის ერთობლივი ზემოქმედება განაპირობებს. ასეთი ფაქტორებია ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ენზიმოპათიები, კლიმატური და გეოქიმიური პირობები, კვების თავისებურებები, სასმელი წყლის ქიმიური შედგენილობა, თირკმელებიდან შარდის გამოყოფის დარღვევა, თირკმელებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ანთებითი პროცესები თირკმელებში და სხვა. თირკმელკენჭოვანი დაავადების რისკფაქტორებს მიაკუთვნებენ სითხის მცირე ოდენობით მიღებას, შარდის მარილებით გაჯერებას, საშარდე გზების ინფექციებს, კვებით დარღვევებს, შარდის პასაჟის (გამოყოფის) შეფერხებას, თირკმლის ტრავმას.

თირკმელკენჭოვანი დაავადების - ნეფროლითიაზის - განვითარებისთვის გენეტიკურ განწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ზოგიერთი ფორმა, რომლებიც ხელს უწყობს კენჭების წარმოქმნას, ხშირად მემკვიდრეობითი ბუნებისაა.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გავლენით თირკმლის მენჯფიალებში დაგროვილი მარილის კრისტალები იკვრება და კენჭად იქცევა. კენჭის ზომა მერყევია - არსებობს როგორც მილიმეტრიანი დიამეტრის, ისე მარჯნისებრი კენჭები. ეს უკანასკნელი ერთგვარად ამოავსებს თირკმლის მენჯფიალოვან სისტემას. პატარა კენჭი უფრო მოძრავი და შემაწუხებელია, ხოლო დიდი, მით უმეტეს, თუ თირკმელი ინფიცირებული არ არის, მრავალი წლის განმავლობაში არანაირად არ ამჟღავნებს საკუთარ არსებობას.

თირკმლის ჭვალი. კენჭმა შეიძლება მდებარეობა შეიცვალოს ან სულაც შარდსაწვეთს გამოჰყვეს და ორგანიზმიდან გამოსვლა მოისურვოს. ეს პროცესი, ანუ თირკმლის ჭვალი, მეტად უსიამოვნოა.
კენჭის დაძვრა შეიძლება გამოიწვიოს:

  • უხერხულმა მოძრაობამ;
  • რყევამ;
  • დიდი ოდენობით სითხის მიღებამ და სხვა.

თირკმლის ჭვალისთვის დამახასიათებელია ძლიერი, შეტევითი ტკივილი წელის არეში, რომელიც საზარდულისკენ, სასქესო ორგანოებისკენ გადაეცემა. მზის წნულის გაღიზიანების გამო ვითარდება გულისრევა, ღებინება, ნაწლავების გარდამავალი პარეზი, მუცლის კუნთების დაჭიმულობა. პაციენტი ვერ ისვენებს, ცდილობს, იპოვოს მოხერხებული პოზა. მძიმე ჭვალის დროს შესაძლოა იკლოს შარდის ოდენობამ. არ არის გამორიცხული არც შარდვის შეწყვეტა, სისხლიანი შარდი, შემცივნება, მაღალი სიცხე.
თირკმლის ჭვალის დროს იღებენ ბარალგინს, ბუსკოპანს და სხვა ტკივილგამაყუჩებელ და სპაზმოლიზურ საშუალებებს, მაგრამ თვითმკურნალობა არასასურველია. უმჯობესია, სასწრაფო დახმარება გამოიძახოთ.
თუ კენჭის გამოყოფა მოხერხდა, საშარდე გზებში რჩება ნაკაწრები, ვითარდება პიელონეფრიტი და საჭირო ხდება ანტიბაქტერიული მკურნალობის ჩატარება. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს მოსალოდნელ სისხლდენებსა და მათ დროულ ლიკვიდაციას. უნდა გაირკვეს, დატოვა თუ არა კენჭმა საშარდე სისტემა.

ქვიშა. ქვიშა, ისევე, როგორც კენჭი, აზიანებს თირკმლის ქსოვილს, ხელს უწყობს ორგანოს ინფიცირებას და ანთებას ანუ პიელონეფრიტის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, ქვიშა შეიძლება დაიძრას და ისეთივე კლინიკური სურათი გამოიწვიოს, როგორიც ვითარდება თირკმლის ჭვალის დროს. აღსანიშნავია, რომ ქვიშა კენჭად ყოველთვის არ იქცევა.თირკმელში ქვიშა რომ არ დაგროვდეს, მიიღეთ დღე-ღამეში 1,5-2 ლ სითხე და მოერიდეთ უხეშ საკვებს.

გართულებები. თირკმელკენჭოვანი დაავადება უმეტესად რთულდება მწვავე ან ქრონიკული კალკულოზური პიელონეფრიტით ანუ თირკმლის ბაქტერიული ანთებით, ეს უკანასკნელი კი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. როდესაც დარღვეულია შარდის გამოყოფა, ვითარდება თირკმლის ჰიდრონეფროზი. ხშირად ვითარდება თირკმელების მწვავე უკმარისობა.
თუ კენჭი არ გაწუხებთ, ეს არ ნიშნავს, რომ საშიშროება არ გემუქრებათ. კენჭზე მეტად საშიშია მის გამო დაზიანებული და ინფიცირებული თირკმლის ქსოვილის ბაქტერიული ანთება - პიელონეფრიტი, რომელიც შესაძლოა წლობით უსიმპტომოდ ან უმნიშვნელო სიმპტომებით მიმდინარეობდეს და საბოლოოდ თირკმლის შეჭმუხვნა და ქრონიკული უკმარისობა გამოიწვიოს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. თირკმელკენჭოვანი დაავადების დიაგნოსტირების ყველაზე მარტივი, არაინვაზიური (უსისხლო) და ხელმისაწვდომი მეთოდია ულტრაბგერითი კვლევა ანუ ექოსკოპია, რომელიც ყოველგვარი შედგენილობის, ზომისა და ფორმის კენჭის ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა. რენტგენოგრამაზე ყველანაირი კენჭი არ ჩანს; კონტრასტული უროგრაფია პაციენტის სათანადო მომზადებას მოითხოვს; შარდის ანალიზი მხოლოდ საორიენტაციო, სკრინინგული მეთოდია და მისი ინფორმაციულობა მხოლოდ სხვა კვლევებთან კომპლექსში არის სანდო.
გაურთულებელი თირკმელკენჭოვანი დაავადების მკურნალობა კონსერვატიული ღონისძიებებით იწყება. პირველ ყოვლისა, უნდა გაირკვეს:

  • კენჭის ჩამოყალიბების მიზეზი;
  • კენჭის შემადგენლობა;
  • ექვემდებარება თუ არა მკურნალობა იმ მედიკამენტებს, რომლებიც მოწოდებულია კენჭის დასაშლელად და გამოსაყოფად.

კენჭის შემადგენლობის, ზომისა და მდებარეობის შესწავლის შემდეგ ხშირად პირდაპირ დაისმის ქირურგიული თუ ლითოტრიპსიული ჩარევის საკითხი.
კენჭის დაბადება, მისი ქირურგიული ან ლითოტრიპსიული გზით მოშორება პრობლემის საბოლოო მოგვარებას არ ნიშნავს. კენჭის ხელახალი წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შესწავლილ იქნეს მისი ჩამოყალიბების ყოველი შესაძლო მიზეზი, Mმოწესრიგდეს დიეტა თუ მედიკამენტების მიღება, ლიკვიდირებულ იქნეს საშარდე გზების ინფექცია.
კვებითი რეკომენდაციები კენჭის სტრუქტურაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ურატული ნეფროლითიაზის დროს აკრძალულია ხორცის ნახარში, ხაში, კუჭმაჭი, ალკოჰოლი; კალციუმით განპირობებული ნეფროლითიაზის დროს იკრძალება რძის ნაწარმი, რეკომენდებულია ცომეული.
თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს ავადმყოფს სითხის, მინერალური წყლის ოდენობასა და სახეობას კენჭის შემადგენლობის გათვალისწინებით ექიმი შეურჩევს.
კენჭებისგან საშარდე სისტემის გათავისუფლების შემდეგ აუცილებელია დღე-ღამეში ორ ლიტრამდე ნებისმიერი სითხის, თუნდაც სასმელი წყლის მიღება. ეს მთელი სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს. ცხადია, ყურადღება ექცევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია