ფორმა, შეფუთვა: ტაბლეტები შეფუთვაში 10 ან 20ც. 1 ტაბლეტი შეიცავს 0,01გ აქტიურ ნივთიერებას.

შემადგენლობა - ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი 0.01გ.

მწარმოებელი - საქართველო

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიალერგიული საშუალება. H1-რეცეპტორების ბლოკატორი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ალერტეკი ანტიჰისტამინური პრეპარატია, ახასიათებს ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება. H1-ჰისტამინორეცეპტორების სელექციური ანტაგონისტი (ბლოკატორი) არ ახდენს მნიშვნელოვან ანტიქოლინერგულ და ანტისეროტონინულ გავლენას. თერაპიული დოზით პრაქტიკულად არ იწვევს  სედატიურ ეფექტსა და ძილიანობას.

პრეპარატი მოქმედებს ალერგიული რეაქციის "ადრეულ" - ჰისტამინდამოკიდებულ სტადიასა და "გვიან" - უჯრედულ სტადიაზე; ამცირებს ეოზინოფილების მიგრაციასა და ადჰეზიის მოლეკულების (ICAM-1  და VCAM-1) ექსპრესიას, რომლებიც წარმოადგენენ ალერგიული ანთებითი რეაქციის მარკირებას. თრგუნავს ჰისტამინის სეკრეციის სხვა მედიატორებსა და ინდუქტორებს, როგორიცაა PAF (თრომბოციტების მააქტივირებელი ფაქტორი) და P სუბსტანცია. ამცირებს მსუბუქი მიმდინარეობის ბრონქული ასთმის ჰისტამინინდუცირებულ ბრონქოობსტრუქციას, ახასიათებს კანის რეაქციის მიმართ მაღალი მაინჰიბირებელი მოქმედება, ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება ღვიძლში.

ფარმაკოკინეტიკა - სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში, ხოლო კლინიკური ეფექტი ვლინდება მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ, H1-რეცეპტორების ბლოკადის ხანგრძლივობა 24 სთ-ზე მეტია. საჭმლის მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის აბსორბციის ხარისხზე. თუმცა ახანგრძლივებს მას. თერაპიული კურსის ფონზე არ ვითარდება ტოლერანტობა. ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ალერტეკის ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში შეადგენს 10 სთ-ს, 6-12 წლამდე ბავშვებში - 6 სთ-ს, ხოლო 2-6 წლამდე ბავშვებში - 5 სთ-ს.

ჩვენება:

-სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტი;

-ალერგიული კონიუნქტივიტი;

-ქავილით მიმდინარე დერმატოზები;

-ჭინჭრის ციება (ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების ჩათვლით), კვინკეს შეშუპება.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი - პრეპარატი ინიშნება:

-მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში დღეში ერთხელ 1 ტაბლეტი (0.01გ)

- დილას;

- 6-12 წლამდე ბავშვებში - 1 ტაბლეტი (0.01გ) ერთჯერადად დილას ან 1/2 ტაბლეტი (0.005გ) დღეში ორჯერ (დილას და საღამოს);

- 2-დან 6 წლამდე ბავშვებში - 1/2 ტაბლეტი (0.005გ) ერთ მიღებაზე დილას ან 1/4 ტაბლეტი დღეში ორჯერ (დილას და საღამოს);

თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში საჭიროა დოზის განახევრება.

თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ასაკოვანი პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ

გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის ღრუს სიმშრალე, იშვიათად - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისფუნქცია.  ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია მცირედ გამოხატული და სწრაფად გარდამავალი ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ერთეულ შემთხვევაში - აგზნებადობა;

ალერგიული რეაქციები: იშვიათად - კანზე გამონაყარი ან ანგიონევროზული შეშუპება.

გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად და აქვთ ტრანზიტორული ხასიათი.

უკუჩვენება: პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებაა ცეტირიზინისადმი მაღალი მგრძნობელობა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები: ალერტეკი რეკომენდებული დოზით არ აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას. თუმცა სიფრთხილის დაცვა აუცილებელია: არ ახდენს გავლენას ფსიქიკურ და მოტორულ რეაქციებზე, მისი მიღება დასაშვებია ავტომობილის მართვისა და სხვა აქტიური სამუშაოს შესრულები დროს (დოზის მომატებისას საჭიროა სიფრთხილე).

მკურნალობის დროს აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ალერტეკის მოქმედი ნივთიერება - ცეტირიზინი, გავლენას არ ახდენს სხვა სამკურნალო საშუალებებზე. ცეტირიზინისა და მაკროლიდების ან კეტოკონაზოლის კომბინაცია ელექროკარდიოგრამაზე არ ავლენს ცვლილებებს.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლის და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 4 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია