ფილტვებისა და ბრონქების კარცინომა, წესისამებრ, ერთად განიხილება ბრონქოპულმონური კიბოს სახელწოდებით. განასხვავებენ მის ორ ძირითად ფორმას: მსხვილი ან წვრილი ბრონქიდან წარმომავალ ფილტვის ცენტრალურ კიბოს (80%) და თავად ფილტვის ქსოვილისგან განვითარებულ ფილტვის პერიფერიულ კიბოს. გარდა ამ ორი ძირითადი ფორმისა, გვხვდება, თუმცაღა იშვიათად, მედიასტინალური, მილიარული (კვანძოვანი) და სხვა სახის კარცინომებიც. ფილტვის კიბო ჰისტოლოგიური შენების მიხედვით უმეტესად ბრტყელუჯრედოვანია. შედარებით იშვიათად გვხვდება ჯირკვლოვანი (ადენოკარცინომა), მკვეთრად ანაპლაზიური, წვრილუჯრედოვანი და სხვა ვარიანტებიც.
ფილტვის კარცინომის განვითარებას შესაძლოა წინ უძღოდეს ქრონიკული ანთებითი პროცესები: ქრონიკული პნევმონია, ბრონქოექტაზიური დაავადება, ადრე გადატანილი ტუბერკულოზის შედეგად ფილტვის ქსოვილში გაჩენილი ნაწიბურები და სხვა. არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოწევა - სტატისტიკის თანახმად, ფილტვის კიბო მწეველებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე არამწეველებს. დღეში ორ კოლოფზე მეტი სიგარეტის მოწევის შემთხვევაში ფილტვის კარცინომის განვითარების ალბათობა 15-25-ჯერ იზრდება. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს აზბესტის მტვერი (აზბესტის ქარხნებში მომუშავეთათვის) და გამოსხივებაც.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ფილტვის კარცინომის კლინიკური გამოვლინება იმაზეა დამოკიდებული, სად ჩამოყალიბდა პირველადი წარმონაქმნი - ბრონქში თუ ფილტვის ქსოვილში.
ბრონქის (ცენტრალური) კიბო, ჩვეულებრივ, მშრალი ხველით იწყება. შემდეგ წარმოიშობა ნახველი, რომელსაც არცთუ იშვიათად აქვს სისხლის მინარევი. ამ ფორმის კარცინომისთვის დამახასიათებელია ფილტვის უმიზეზო ანთება (პნევმონიტი), რომელსაც თან სდევს ძლიერი ხველა, მაღალი ტემპერატურა, საერთო სისუსტე, ზოგჯერ - გულმკერდის ტკივილიც. პნევმონიტის მიზეზია სიმსივნური წარმონაქმნით ბრონქის სანათურის დროებითი დახშობა თანდართული ანთების გამო. ამასთან ერთად ვითარდება ამა თუ იმ სეგმენტის ან წილის ატელექტაზი (უჰაერობა), რომელსაც აუცილებლად ახლავს თან ინფექციის აფეთქება ატელექტაზურ უბანში. სიმსივნის ირგვლივ ანთებითი კომპონენტის შემცირების შემთხვევაში ბრონქის სანათური ნაწილობრივ აღდგება, ატელექტაზი და ყველა სხვა პათოლოგიური მოვლენა დროებით ქრება, თუმცა რამდენიმე თვეში კვლავ იფეთქებს. ხშირად პნევმონიტის აფეთქების ამ ტალღებს მიიჩნევენ გრიპად, ბრონქიტის გართულებად და ავადმყოფს რენტგენოლოგიური გამოკვლევის გარეშე უტარებენ მედიკამენტურ მკურნალობას, ზოგჯერ კი ფილტვებს აშუქებენ პნევმონიტის ჩაქრობის შემდეგ, ამ დროს კი კიბოსთვის დამახასიათებელი ატელექტაზის სიმპტომი უკვე გამქრალია და დაავადება ამოუცნობი რჩება. შემდგომში დაავადება იძენს მყარ მიმდინარეობას შეუპოვარი ხველით, მზარდი სისუსტით, ტემპერატურის მატებით და გულმკერდის ტკივილით. ჰიპოვენტილაციისა და ფილტვის წილის ან მთელი ფილტვის ატელ¬ექტაზის შემთხვევაში ირღვევა სუნთქვა.
ფილტვის ქსოვილში განვითარებული პერიფერიული კარცინომა საწყის სტადიაში თითქმის არავითარი სიმპტომით არ ვლინდება. მას ხშირად შემთხვევით, პროფილაქტიკური რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს აღმოაჩენენ. მკვეთრი სიმპტომები, მაგალითად, ძლიერი ტკივილი, ხველა და ტემპერატურის მატება, მხოლოდ სიმსივნის ზრდის, ანთებითი პროცესების თანდართვის, სიმსივნის ბრონქში ან პლევრაში ჩაზრდის შემთხვევაში აღმოცენდება. შორს წასულ სტადიაში, როდესაც სიმსივნე პლევრის ღრუსაც მოიცავს, ვითარდება კიბოსმიერი პლევრიტი და პლევრის ღრუში გროვდება სისხლიანი ექსუდატი.
მეტასტაზირება. ფილტვის კარცინომის მეტასტაზირება ხდება როგორც ლიმფოგენური (ლიმფის), ისე ჰემატოგენური (სისხლის) გზით. შესაძლოა, დაზიანდეს ფილტვის ძირის, შუასაყრის, კისრისა და მკერდის ძვლის ლიმფური კვანძები. ჰემატოგენურად კიბო შესაძლოა გავრცელდეს ღვიძლში, ძვალში, თავის ტვინსა და ფილტვის კარში. ადრეული მეტასტაზირებით და აგრესიული მიმდინარეობით გამოირჩევა წვრილუჯრედული კიბო.

დიაგნოსტიკა. დაავადების საწყის სტადიებში ავადმყოფის გასინჯვა ნაკლებად ინფორმაციულია. ფილტვის ქსოვილის მკვეთრი დაზიანების ან მოზრდილი ატელექტაზის შემთხვევაში თავს იჩენს ქოშინი, სახეს მონაცრისფრო-მოთეთრო ფერი ედება, ატელექტაზის მხარეს ვარდება გულმკერდის ყაფაზი. ფილტვის კარცინომის დროს სისხლში ედს-ი საკმაოდ ადრე იმატებს, ზოგჯერ ლეიკოზი და ანემიაც კი ვითარდება. ფილტვის კიბოს ამოსაცნობი ძირითადი მეთოდი რენტგენოლოგიური კვლევაა. ცენტრალური კიბოსთვის დამახასიათებელი სიმპტომია ატელექტაზი, ხოლო პერიფერიულის დროს სურათზე ჩანს მომრგვალო, ინტენსიური, არასწორკონტურებიანი ჩრდილი, საიდანაც ფილტვის ფუძისკენ "ბილიკი" მიემართება (ამას კიბოსმიერი ლიმფანგიტი განაპირობებს). თუ ფილტვის ფუძეში არსებულ ლიმფურ კვანძებში მეტასტაზებია განვითარებული, რენტგენოგრამაზე ეს კვანძები ერთმანეთში გარდამავალი ჩრდილების სახით აღიბეჭდება. რენტგენოგრამის გადაღება აუცილებელია ორ - პირდაპირ და გვერდით - პროექციაში. ხშირად ტარდება ტომოგრაფიაც. როდესაც რენტგენოლოგიური კვლევა ზუსტი დიაგნოზის დასასმელად, საკმარისი არ არის, ტარდება ბრონქოგრაფია.

კვლევის მეორე მნიშვნელოვანი მეთოდია ბრონქოსკოპია, რომელიც ავლენს ბრონქის სანათურში ჩაზრდილ სიმსივნეს, ბრონქის კედლის ინფილტრაციას ან მიჭყლეტას. დიაგნოზის დასადასტურებლად აუცილებელია მორფოლოგიური კვლევა. 6-8-ჯერ იკვლევენ ნახველს კიბოს ატიპური უჯრედების აღმოსაჩენად. გარდა ამისა, იკვლევენ სიმსივნის ზედაპირიდან აღებულ ნაცხს. ზოგჯერ ბრონქოსკოპიის დროს სპეციალური ინსტრუმენტით ბიოფსიასაც ატარებენ. შუასაყრის ლიმფური კვანძების მეტასტაზირებაზე ეჭვის შემთხვევაში ტარდება მედიასტინოსკოპია.
ფილტვის წვრილუჯრედოვანი კარცინომის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეფასდეს დაავადების გავრცელების ხარისხი, რაც მიიღწევა ჩონჩხის სცინტიგრაფიით, ძვლის ქსოვილიდან აღებული ნაცხის გამოკვლევით, ღვიძლის ექოსკოპიური გამოკვლევით, თავის ტვინის ტომოგრაფიული გამოკვლევით.
მკურნალობა. მკურნალობის მეთოდი კიბოს ჰისტოლოგიური ფორმის, მისი გავრცელებისა და მეტასტაზების არსებობა-არარსებობის გათვალისწინებით შეირჩევა.
ფილტვის არაწვრილუჯრედული კიბოს შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს როგორც წმინდა ქირურგიული, ისე კომბინირებული მკურნალობა, თუმცა შორეული შედეგის თვალსაზრისით მეორე სჯობს. კომბინირებული მკურნალობა იწყება პირველადი სიმსივნისა და მეტასტაზების უბნის დისტანციური გამათერაპიით. ორ-სამკვირიანი ინტერვალის შემდეგ ხორციელდება ქირურგიული ჩარევა: მთელი ფილტვის (პულმონექტაზია) ან  მისი ერთი ან ორი წილის (ლობექტომია) ამოკვეთა. ფილტვის ოპერაცია, განსაკუთრებით - სიმსივნური დაავადებისგან დასუსტებული ავადმყოფისთვის, მძიმე ჩარევად მიიჩნევა და მოითხოვს სპეციალურ მომზადებას, ქირურგისა და ანესთეზიოლოგის მაღალ კვალიფიკაციას, ოპერაციის შემდგომ სათანადო მოვლას.

ოპერაციისთვის ავადმყოფის მომზადება ითვალისწინებს ზოგად გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს - სრულფასოვან კვებას (ცილებითა და ვიტამინებით მდიდარ რაციონს), ანთების საწინააღმდეგო თერაპიას ანტიბიოტიკებითა და სულფანილამიდებით (მათ შორის - ანტიბიოტიკის შეყვანას დაზიანებულ ადგილას ბრონქოსკოპიის მეშვეობით), გულ-სისხლძარღვთა მატონიზებელი პრეპარატების მიღებას და სამკურნალო, განსაკუთრებით - სუნთქვითი, ვარჯიშების ინტენსიურ ჩატარებას.
ოპერაციის შემდგომ პერიოდში უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ავადმყოფისთვის ჟანგბადის მუდმივი მიწოდება. ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ პაციენტს ათავსებენ ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში და უკონტროლებენ პულსს, არტერიულ წნევას, სუნთქვის სიხშირეს და ზოგად მდგომარეობას. გარდა ამისა, პირველი 2-3 დღის განმავლობაში ტარდება პლევრის ღრუს აქტიური ასპირაცია ოპერაციის დროს ჩადგმული დრენაჟიდან.
ოპერაციის შემდეგ, ავადმყოფის მდგომარეობის, ოპერაციის მასშტაბისა და შესაძლო გართულებების გათვალისწინებით, ინიშნება ანტიბიოტიკები და სხვა მედიკამენტები. კვების რეჟიმი არ იცვლება, თუმცა პირველ დღეებში დიეტა რამდენადმე შეზღუდულია. სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისა და ჯანმრთელ ფილტვში შეგუბებითი პნევმონიის განვითარების თავიდან ასაცილებლად ოპერაციის მეორე დღიდანვე იწყებენ სუნთქვით ვარჯიშებს.
თუ ოპერაცია საკმარისად რადიკალურად არ ჩატარდა, მოსალოდნელია ფილტვის კარცინომის რეციდივი. ჩარჩენილ მსხვილ ბრონქში სიმსივნური წარმონაქმნის ზრდა განახლდება, თუ ოპერაციამდე ადგილი ჰქონდა მისი კედლის მნიშვნელოვან ინფილტრაციას ხილული სიმსივნის საზღვრებს გარეთ. რეციდივების მკურნალობა, ჩვეულებრივ, პალიატიურია.

ფილტვის კარცინომის დისემინირებული ფორმის დროს მკურნალობის ძირითად მეთოდს წარმოადგენს ქიმიოთერაპია. დამატებით მიმართავენ სხივურ თერაპიას. ოპერაციული ჩარევა იშვიათია.
გავრცობილი კიბოს, შორეული მეტასტაზების, ლავიწზედა ლიმფური კვანძების დაზიანებისა და ექსუდაციური პლევრიტის შემთხვევაში ნაჩვენებია კომბინირებული ქიმიოთერაპია. მისი უეფექტობისა და თავის ტვინში მეტასტაზების არსებობის შემთხვევაში ტარდება დასხივება, რომელსაც პალიატიური ეფექტი აქვს.
ფილტვის კიბოს ძლიერ გავრცობილი და არაოპერირებადი ფორმების შემთხვევაში პალიატიური მიზნით ტარდება დისტანციური გამათერაპია ან ქიმიოთერაპიის კურსი, ზოგჯერ - ორივე. პალიატიური სხივური თერაპია და სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობა ავადმყოფს დროებით გამოაკეთებს და სიცოცხლეს უხანგრძლივებს.

პროფილაქტიკა. ფილტვის კარცინომის პროფილაქტიკა ითვალისწინებს ფილტვებსა და ბრონქებში მიმდინარე ანთებითი პროცესების თანამედროვე და სწორ მკურნალობას (მათი გაქრონიკულების აღკვეთას). მეტად მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური ღონისძიებაა მოწევისთვის თავის დანებება. მავნე საწარმოებში, სადაც მაღალი ხარისხის დამტვერიანებაა, პერსონალმა უნდა გამოიყენოს ნიღბები, რესპირატორები და სხვა დამცავი საშუალებები.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია