კიფოსკოლიოზი არის ხერხემლის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს გამრუდების შერწყმა ბუნებრივ კიფოზთან - გულმკერდის ნაწილის მოხრილობის გაძლიერებასთან. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილიც. თუ კიფოსკოლიოზი თანდაყოლილია, პარალელურად შესაძლოა დარღვეული იყოს შინაგანი ორგანოების ფიქსაცია და განვითარება.
კიფოსკოლიოზის მიზეზად შესაძლოა იქცეს დისპლაზია ანუ ძვალსახსროვანი სტრუქტურის განუვითარებლობა, ტრავმა, ბავშვობაში გადატანილი პოლიომიელიტი ან ანთებითი პროცესები.
კიფოსკოლიოზის დროს მცირდება ფილტვების ტევადობა, ძნელდება გულმკერდის ყაფაზის მოძრაობა, იზრდება სასუნთქი კუნთების დატვირთვა, მცირდება ფილტვის პარენქიმის წევადობა, ფილტვის ნარჩენი ფუნქციური ტევადობა. გამოხატული კიფოსკოლიოზის დროს ირღვევა აიროვანი ცვლა, შეიმჩნევა ალვეოლური ჰიპოვენტილაცია და CO2-ის ზრდა. კიფოსკოლიოზი გულმკერდის კედლის ზომიერი (გულის ფუნქციის დარღვევის კლინიკური ნიშნების გარეშე) დეფორმაციის შემთხვევაშიც კი იწვევს ფილტვის ჰიპერტენზიას ფიზიკური დატვირთვის დროს (ზოგჯერ - მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი).
გარდა ამისა, დამახასიათებელია ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს და ტკივილი ხერხემლის დაზიანებულ ნაწილში ნერვის მიჭყლეტის გამო.
დაავადების გვიანდელ სტადიაში მოსალოდნელია განვითარდეს ხანგრძლივი ჰიპოქსემიის გართულება - ფილტვის ჰიპერტენზია, გულის მარჯვენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევა, ფილტვისმიერი გული.
გულმკერდის არეში ხდება შემდეგი ცვლილებები: ხერხემლის გამრუდებულ მხარეს ნეკნები ფართოვდება და ზურგისკენ ბრუნდება, შედრეკილ მხარეს კი ერთად არის თავმოყრილი და წინ არის წამოწეული.
დაავადების ხასიათის განსაზღვრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც მის მიზეზს, ასევე მიმდინარეობის თავისებურებებს (პროგრესულია თუ არა) და შინაგან ორგანოთა ფუნქციებზე გავლენას.
დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია ხერხემლის რენტგენოგრაფია, ზოგჯერ - ტომოგრაფიაც. მდგომარეობა უმეტესად მკურნალობას ექვემდებარება.
კიფოსკოლიოზის მკურნალობა ითვალისწინებს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მიმართულია დაავადების გამოვლინებათა შემცირებისკენ, ხერხემლის დაზიანებული ნაწილის, ასევე - მისი გავლენით ფუნქციაშეზღუდული შინაგანი ორგანოების ფუნქციათა აღდგენისკენ. ეფექტურია სამკურნალო ფიზკულტურა, სამკურნალო მასაჟი და მანუალური თერაპია, რომელთა მიზანია:
- კუნთების ჰიპერტონუსის მოხსნა;
- ხერხემლის პრობლემურ ნაწილში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება;
- გამრუდებული ხერხემლის გასწორება და ტკივილის მოხსნა მიჭყლეტილი ნერვის გათავისუფლების გზით.
კიფოსკოლიოზის შორს წასულ სტადიებში (II და IV ხარისხის სკოლიოზი) შედეგიანია ოპერაციული ჩარევა, თუმცა ოპერაცია საკმაოდ რთულია და პირდაპირი ჩვენების არსებობის გარეშე არ ტარდება. ქირურგიული ჩარევისას ხერხემლის ლოკალური ფიქსაციის მიზნით გამოიყენება ლითონის ღერძი. ოპერაციის შემდეგ პაციენტი რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებს თაბაშირის კორსეტს. ოპერაცია სრული გამოჯანმრთელების გარანტიას არ იძლევა.