მიზეზები და განვითარების მექანიზმი. მოზარდობიდან მენოპაუზამდე პერიოდს რეპროდუქციულს უწოდებენ. მხოლოდ რეპროდუქციულ ასაკში ფუნქციონირებს ქალის სასქესო ჯირკვალი - საკვერცხე. განსაზღვრულ პერიოდში (საშუალოდ - 4 კვირაში) ერთხელ საკვერცხეში ფოლიკული მწიფდება, შემდეგ სკდება და კვერცხუჯრედს ათავისუფლებს. ამავე დროს ფოლიკული გამოიმუშავებს ქალის ძირითად სასქესო ჰორმონს - ესტროგენს, რომელიც ციკლის პირველ ფაზაში იწვევს საშვილოსნოს ლორწოვანის ზრდას. გამსკდარი ფოლიკულისგან წარმოიქმნება ყვითელი სხეული, რომელიც გამოყოფს ქალის მეორე სასქესო ჰორმონს - პროგესტერონს. მისი ზემოქმედებით საშვილოსნოს ლორწოვანში მიმდინარეობს გარდაქმნები, კერძოდ, მომზადება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისამაგრებლად. თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა, ყვითელი სხეული უკუვითარდება. ამის შედეგად მკვეთრად ქვეითდება სისხლში პროგესტერონის დონე, რასაც საშვილოსნოს ლორწოვანის ჩამოფცქვნა და მენსტრუაცია მოჰყვება. ამასობაში საკვერცხეში მწიფდება მომდევნო კვერცხუჯრედი და იწყება ახალი ციკლი.
საკვერცხეების ბიოლოგიური სიცოცხლის ასაკი დასასრულს 35-დან 50 წლამდე პერიოდში უახლოვდება (ეს ყველასთვის ინდივიდუალურია). თანდათანობით მცირდება ჰორმონების გამომუშავება, კვერცხუჯრედი უფრო და უფრო იშვიათად მწიფდება, რის გამოც მენსტრუაციული ციკლი არარეგულარული ხდება. საკვერცხეების ფუნქციას თავის ტვინში მდებარე ცენტრი არეგულირებს. მათი ფუნქციის დაქვეითებას ცენტრი მასტიმულირებელი ჰორმონების მომატებით პასუხობს. განსაზღვრული ხნის განმავლობაში საკვერცხეები ახერხებენ უკანასკნელი რეზერვების მობილიზაციას, მაგრამ დგება დღე, როდესაც მათი ფუნქციონირება წყდება. ზოგ ქალს მენსტრუაცია შესაძლოა წინასწარი დარღვევების გარეშეც შეუწყდეს.
მენოპაუზის ასაკი ინდივიდუალურია, საშუალოდ 51 წელს უდრის, უმეტესად კი 45-დან 55 წლამდე მერყეობს. თუ მენოპაუზიდან 1 წლის ან უფრო მეტი ხნის შემდეგ ქალს სისხლდენები დაეწყო, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. მართალია, ეს უმეტესად ჰორმონული ბალანსის მერყეობის შედეგია, მაგრამ არ არის გამორიცხული, საშვილოსნოს კიბოს გამოვლინებაც იყოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებული კიბოსგან განკურნება შესაძლებელია, დაგვიანების შემთხვევაში კი პროგნოზი არასაიმედოა.
საკვერცხეების ფუნქციის მარეგულირებელი ცენტრი, ჰიპოთალამუსი, უკავშირდება თავის ტვინის სხვა უბნებს, მათ შორის - ვეგეტატიური ნერვული სისტემის ცენტრებს, რომლებიც სისხლის მიმოქცევას და სხეულის ტემპერატურას არეგულირებს, ასევე - ლიმბურ სისტემას, რომელიც "გრძნობათა ცენტრს" წარმოადგენს. ამიტომ არის, რომ მენოპაუზით განპირობებული ჰორმონული ცვლილებები შესაძლოა ფსიქოვეგეტატიური დარღვევების მიზეზად იქცეს. საბედნიეროდ, ეს დარღვევები ყოველთვის არ ვითარდება. მენოპაუზის პერიოდში შემაწუხებელ მოვლენებს ქალების მხოლოდ მესამედი უჩივის. მესამედს მსუბუქი ფორმები აღენიშნება, ხოლო მესამედი კლიმაქსურ პერიოდში საერთოდ ვერ გრძნობს ცვლილებას. იმის წინასწარ განსაზღვრა, რომელ მესამედში მოხვდება ქალი, შეუძლებელია. ეს პიროვნულ თავისებურებებზე არ არის დამოკიდებული.
სიმპტომები და მიმდინარეობა. კლიმაქსის დროს ორი ტიპის დარღვევებია მოსალოდნელი:
- ფსიქოვეგეტატიური დარღვევები - ალები, ოფლიანობა, უძილობა, დეპრესიული მდგომარეობა, ადვილად აგზნება, თავბრუხვევა, გულისცემის აჩქარება, მგრძნობელობის დარღვევა სხეულის ამა თუ იმ ადგილას (პარესთეზიები), შფოთვა - ჰორმონული ფონის ცვლილების შედეგია. მათ შესაძლოა ჯერ კიდევ მენოპაუზამდე იჩინონ თავი. რა უსიამოვნოც უნდა იყოს ეს გამოვლინებები, ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქადის და გარდაქმნების დასრულების შემდეგ თავისთავად გაივლის.
- გაცილებით მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომლებიც ჰორმონების ხანგრძლივი დეფიციტის შედეგს წარმოადგენს, ნელა მიმდინარეობს და მენოპაუზიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვლინდება. ასეთ დარღვევათა რიცხვს მიეკუთვნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ოსტეოპოროზი, შარდის ბუშტის პრობლემები (შარდის შეუკავებლობა და სხვა). ეს პათოლოგიები, ფსიქოვეგეტატიური დარღვევებისაგან განსხვავებით, მეტ-ნაკლებად ყველა ქალს აწუხებს.
მეცნიერებმა ერთი საინტერესო რამ აღმოაჩინეს: იაპონელ, ჩინელ და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ქალებს კლიმაქსურ პერიოდში ნაკლებად აწუხებთ ალები. იშვიათია მათ შორის ოსტეოპოროზიც. თურმე ამის მიზეზი მათი რაციონია: ისინი უხვად მიირთმევენ ცხიმით ღარიბ და მცენარეული ესტროგენების შემცველ სოიის პროდუქტებს. შეიძლება ითქვას, იაპონელი ქალებისთვის სოიის ხაჭო ესტროგენული პლასტირის როლს ასრულებს.
ჰორმონების დეფიციტი და ძვლები
ესტროგენები ძვლებში კალციუმის ჩალაგებას ასტიმულირებს. მენოპაუზის შემდეგ სისხლში ესტროგენების კონცენტრაცია ეცემა, ძვლები კალციუმით ღარიბდება და ოსტეოპოროზი ვითარდება. ოსტეოპოროზს ჩუმ მძარცველს უწოდებენ - მისთვის დამახასიათებელია ძვლების ნელ-ნელა განლევა, რაც თავდაპირველად არავითარ უსიამოვნო შეგრძნებას არ იწვევს. ოსტეოპოროზი პირველად ხერხემლის არეში სიმკვრივედაკარგული მალების ტკივილებით ვლინდება. შემდეგ ხერხემალი მოკლდება და დეფორმაციას განიცდის. მოგვიანებით ვლინდება ოსტეოპოროზის ყველაზე მძიმე ფორმა - ბარძაყის ყელის მოტეხილობა.
ოსტეოპოროზის მკურნალობა საკმაოდ რთული და ხანგრძლივია. გაცილებით ეფექტურია მისი პროფილაქტიკა. ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად ზრუნვა კლიმაქსამდე 20-25 წლით ადრე უნდა დაიწყოს.
ჰორმონების დეფიციტი და სისხლძარღვები
სისხლძარღვთა პროგრესირებადი გამკვრივება უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობასა და შრომის უნარზე, ხოლო მათ დახშობას მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი მოჰყვება. ამ დაავადებებს სიკვდილიანობის მიზეზებს შორის მთელ მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია. ათეროსკლეროზი (სისხლძარღვების გამკვრივება), ოსტეოპოროზის მსგავსად, თავდაპირველად შეუმჩნევლად მიმდინარეობს. მამაკაცებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები შესაძლოა უფრო მცირე ასაკშიც გამოაჩნდეთ, ქალებში კი პრაქტიკულად მხოლოდ 50 წლის შემდეგ გვხვდება. ამის მიზეზიც ესტროგენების დეფიციტია: ეს ჰორმონები ხელს უწყობს ქოლესტერინის ისეთი ფრაქციების წარმოქმნას, რომლებიც არ აზიანებს სისხლძარღვებს და ამგვარად ათეროსკლეროზისგან იცავს. გარდა ამისა, ესტროგენები, ვიტამინებისა და ზოგიერთი მიკროელემენტის მსგავსად, სისხლძარღვთა კედლებს იცავს თავისუფალი აგრესიული რადიკალებისაგან, აფართოებს სისხლძარღვთა სანათურს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მენოპაუზის პერიოდში ესტროგენების დეფიციტი ყველა ამ დამცავი მექანიზმის მოქმედების დაქვეითებას, შემდეგ კი შეწყვეტას იწვევს, რასაც ჯანმრთელობის გაურესება მოჰყვება.
უნდა ითქვას, რომ ყველა ის ღონისძიება, რომლებიც ძვლების კალციუმით გაღარიბებას უშლის ხელს, სისხლძარღვთა ჩაკირვასაც ეწინააღმდეგება.
ჰორმონების დეფიციტი და შარდის ბუშტი
მენოპაუზის შემდეგ თავს იჩენს შარდის შეუკავებლობა. იგი ესტროგენების დეფიციტის ფონზე აღმოცენებული შარდის ბუშტისა და შარსადენის კუნთოვანი და ლორწოვანი შრეების ატროფიითა და სისხლძარღვთა ცვლილებებით არის განპირობებულ.
სხვა გამოვლინებები
ესტროგენების დეფიციტის გამოვლინებაა კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალე. კანის სიმშრალე კანის დანაოჭებას იწვევს, საშოს ლორწოვანისა - მტკივნეულობას სქესობრივი კავშირის დროს, ხოლო თვალის ლორწოვანისა - ქრონიკულ კონიუნქტივიტს.
ესტროგენები ხელს უწყობს სახსრებში სინოვიური სითხის ანუ სახსრების საცხის წარმოშობას, ამიტომ კლიმაქსურ პერიოდში ესტროგენების ნაკლებობა სახსრების ტკივილის მიზეზიც არის.
ესტროგენების დეფიციტსა და ზემოთ აღწერილ კლიმაქსურ დარღვევებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობას ადასტურებს მათი გაქრობა ესტროგენებით ჩატარებული ჩანაცვლებითი თერაპიის შედეგად.
კლიმაქსური დარღვევები მამაკაცებში
ქალისგან განსხვავებით, მამაკაცმა შვილოსნობის ფუნქცია შესაძლოა მთელი სიცოცხლის მანძილზე შეინარჩუნოს. მაგრამ ჰორმონთა დეფიციტი, კერძოდ, ძირითადი ანდროგენული ჰორმონის ტესტოტერონის დონის დაქვეითება, ასაკის მატებასთან ერთად მაინც აღინიშნება. ტესტოტერონის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა სახისა და სიძლიერის ფსიქოემოციური დარღვევები და ორგანული დაზიანებები, პირველ ყოვლისა, სქესობრივი პოტენციის დაქვეითება, რაც ზოგჯერ მძიმე დეპრესიის მიზეზად იქცევა.
კლიმაქსთან ბრძოლა
სადღეისოდ დადგენილია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმით:
I. ჰორმონების დეფიციტის შევსებით;
II. ჯანსაღი ბალანსირებული კვებით;
III. სათანადო ფიზიკური აქტივობით.
ჰორმონების დეფიციტის შევსებით იზრდება ძვლების სიმკვრივე, თითქმის ნახევრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი, ხოლო შარდის ბუშტთან დაკავშირებული და საშოს სიმშრალის პრობლემების მოგვარება ადგილობრივი მკურნალობითაც (ესტროგენშემცველი კრემები და საშოს სანთლები) არის შესაძლებელი.
ჯანსაღი ბალანსირებული კვება ამ პერიოდში გულისხმობს კალციუმით მდიდარი საკვების მიღებას (თუმცა ესტროგენების დაუხმარებლად კალციუმი ძვლებში ვერ შეკავდება), ცხოველური ცხიმისა და ცომეულის შეზღუდვას. რაციონი სიმსუქნის თავიდან აცილებასაც უნდა ითვალისწინებდეს, ვინაიდან ყოველი ზედმეტი კილოგრამი ზრდის მენჯის ფუძის კუნთების დატვირთვას და აძლიერებს შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლას.
რეგულარული ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის ცვლას და მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების მქონე ორგანოთა კვებას. შარდის ბუშტის ფუნქციის მოსაწესრიგებლად გამოიყენება მენჯის ფუძის კუნთების მიზანმიმართული ვარჯიშიც.