კოლპიტი საშოს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებაა, რომელსაც იწვევს ქლამიდია, მიკოპლაზმა, სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი და სხვა მიკროორგანიზმები. კოლპიტი ქალის სასქესო ორგანოთა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა და უმთავრესად რეპროდუქციული ასაკის ქალებს ემართებათ. ჯანმრთელი ქალის საშოს მიკროფლორა ძირითადად იმ ჩხირებისგან შედგება, რომლებიც მიკრობებზე დამღუპველად მოქმედ რძემჟავას გამოიმუშავებენ. საშოში პათოგენური და პირობითპათოგენური მიკრობების შეჭრას სწორედ მისი მჟავა გარემო უშლის ხელს. ამის კვალობაზე, კოლპიტის განვითარებისთვის აუცილებელია შემდეგი ფაქტორები:

  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია;
  • სხვა ინფექციური დაავადებები;
  • საშოს ლორწოვანი გარსის მექანიკური გაღიზიანება;
  • ლორწოვანი გარსის კვების დარღვევა;
  • საშოს ანატომიური თავისებურებების დარღვევა;
  • ენდოკრინული სისტემის დაავადებები;
  • ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიღება;
  • ალერგიული რეაქცია (პრეზერვატივზე, სანთლებზე, მალამოზე და სხვა);
  • პირადი ჰიგიენის დაუცველობა.

თუ მკურნალობამ დაიგვიანა, შესაძლოა, ანთებითმა პროცესმა მოიცვას საშვილოსნოს ყელი, საშვილოსნო, დანამატები და გამოიწვიოს ენდომეტრიტი, საშვილოსნოს ყელის ეროზია და უშვილობა.

მიმდინარეობა და სიმპტომები. კოლპიტი შეიძლება იყოს პირველადი (უშუალოდ საშოს ლორწოვანი გარსის ანთება), მეორეული აღმავალი (ინფექცია ვულვიდან საშოში ხვდება) და მეორეული დაღმავალი (ინფექცია საშოში ხვდება საშვილოსნოდან). განასხვავებენ ასევე სპეციფიკურ და არასპეციფიკურ ფორმებს.
საშოს ლორწოვანი გარსის სპეციფიკურ ანთებას სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები იწვევს. ამ დროს საშოს კედლები შეშუპებული, ჰიპერემიული და ხავერდოვანია, შეხებისას დის სისხლი.
საშოს ლორწოვანი გარსის არასპეციფიკურ ანთებას ახასიათებს სეზონურობა და ჩირქოვანი გამონადენი.
მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ მწვავე, ქვემწვავე, სუსტად მიმდინარე, ქრონიკულ, ლატენტურ და უსიმპტომო კოლპიტს.
ორსულებში კოლპიტს, წესისამებრ, იწვევს მიკოპლაზმა და ურეაპლაზმა. დაავადება შესაძლოა მუცლის მოწყვეტის ან ნაყოფის ინფიცირების მიზეზად იქცეს.
მწვავე კოლპიტის ნიშნებია:

  • ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი;
  • გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი და სიწითლე;
  • მუცლის ქვედა არის ტკივილი;
  • ტკივილი სქესობრივი აქტისა და შარდვის დროს;
  • ზოგადი მდგომარეობის გაუარესება.

დათვალიერებისას შეიმჩნევა საშოს ლორწოვანი გარსის შეშუპება და სიწითლე. მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში ლორწოვანი გარსის ზედაპირზე ჩნდება ეროზიები.
სათანადო მკურნალობის გარეშე დაავადების მწვავე ფორმა გადაიზრდება ქრონიკულში, რომლისთვისაც დამახასიათებელია ხშირი რეციდივი. რემისიის პერიოდში სიმპტომები ნაკლებად არის გამოხატული. პაციენტი უჩივის:

  • უმნიშვნელო ლორწოვან ან ჩირქოვან გამონადენს;
  • გარეთა სასქესო ორგანოების ქავილს (არა ყოველთვის).

დათვალიერებისას საშოს ლორწოვანი გარსის შეშუპება და სიწითლე ან სუსტად არის გამოხატული, ან საერთოდ არ შეიმჩნევა. შესაძლოა, ჩანდეს გაფართოებული სისხლძარღვები, კოლპოსკოპიის მეშვეობით შესაძლოა გამოვლენილ იქნეს საშოს კედლის ცვლილება - სიმკვრივე და ხორკლიანობა.
მოხუცებულ ასაკში კოლპიტი საშოს ლორწოვანი გარსის ცვლილებას იწვევს. ლორწოვანი ბაცი ყვითელი ფერისა ხდება, უჩნდება ჰემორაგიული ლაქები და დეფექტები, რომლებიც შესაძლოა საშოს შესასვლელის დანაწიბურების მიზეზად იქცეს.

იაგნოსტიკა. ანამნეზის შეკრებისა და გასინჯვის შემდეგ, რომლის მეშვეობითაც გინეკოლოგი ავლენს საშოს ლორწოვანი გარსის ანთებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, აუცილებელია ჩატარდეს კვლევები გამომწვევის გამოსავლენად და ანტიბიოტიკებისადმი მისი მგრძნობელობის დასადგენად. კერძოდ:

  • ნაცხის ანალიზი;
  • საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური კვლევა;
  • საშოს მიკროფლორის ბაქტერიოლოგიური კვლევა;
  • ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის დადგენა;
  • ანალიზები მიკოპლაზმის, ურეაპლაზმის, ქლამიდიის, ტრიქომონადის, ადამიანის პაპილომა ვირუსის, ჰერპესვირუსის გამოსავლენად;
  • შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;
  • ჰორმონული ფონის გამოკვლევა (ჩვენებით).

მკურნალობა მიზნად ისახავს დაავადების გამომწვევი ფაქტორის მოშორებას და თანმხლები დაავადების კლინიკური სიმპტომების აღმოფხვრას.
კოლპიტის სამკურნალოდ ინიშნება:

  • ანტიბაქტერიული თერაპია;
  • ფიზიოთერაპია;
  • ზოგადგამაჯანსაღებელი პრეპარატები;
  • დიეტოთერაპია.
  • გამორეცხვა;
  • მიკრობების საწინააღმდეგო სანთლები და მალამოები;
  • მალამოს აპლიკაციები;
  • ადგილობრივი ჰორმონული თერაპია (დანიშნულებისამებრ).

მკურნალობის პერიოდში პაციენტმა უნდა დაიცვას რძიან-მცენარეული დიეტა და მიიღოს ნაკლები სითხე. ასეთი დიეტა არ აღიზიანებს საშოსა და საშვილოსნოს ყელის ლორწოვან გარსს.
ანტიბაქტერიული თერაპია ინიშნება მხოლოდ გამომწვევის ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის დადგენის შემდეგ, დაავადების ფორმისა და სტადიის გათვალისწინებით.
ადგილობრივი ჰორმონული თერაპია საჭიროა საკვერცხეების ჰიპოფუნქციის შემთხვევაში.
პროფილაქტიკა გულისხმობს დაავადების პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე ექიმთან ვიზიტს, პირადი ჰიგიენის დაცვას, სქესობრივი კონტაქტის დროს ბარიერული დამცავი საშუალების (პრეზერვატივის) გამოყენებას.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია