კოქსართროზი მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზია. ოსტეოართროზი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკული დისტროფიული (დეგენერაციული) დაავადებაა. მის საფუძველს წარმოადგენს ხრტილის პირველადი დისტროფია, სასახსრე ზედაპირის შემდგომი ცვლილებები და ოსტეოფიტების (ძვლის შემოფარგლული პათოლოგიური ზრდა) წარმოქმნა, რასაც სახსრის დეფორმაციამდე მივყავართ. ოსტეოართროზი ყველაზე გავრცელებული რევმატული დაავადებაა - შემთხვევათა 60-70% მის წილად მოდის. ოსტეოართროზით დაავადებულია მსოფლიოს მოსახლეობის 4,5-25%. უმეტესობა ქალია. დაავადება ქრონიკული ხასიათისაა და არცთუ იშვიათად დროებითი შრომისუუნარობისა და ადრეული ინვალიდობის მიზეზად იქცევა.
იმისდა მიხედვით, რომელი სახსარი განიცდის დეგენერაციულ ცვლილებებს, განასხვავებენ:
- მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზს - კოქსართროზს;
- მუხლის სახსრის ოსტეოართროზს - გონართროზს;
- იდაყვის სახსრის ოსტეოართროზს - ომართროზს;
- ხელის მტევნის ნებ-ფალანგის სახსრის ოსტეოართროზს - რიზართროზს.
სახსრის დისტროფიულ ცვლილებებს ხშირად იწვევს:
- სახსრის გადატვირთვა - პროფესიული, სპორტული, ყოფითი და სხვა;
- სასახსრე ხრტილის სისტემური მიკროტრავმები;
- ჩონჩხის თანდაყოლილი დისპლაზიები და სტატიკის დარღვევა - სკოლიოზი, ბრტყელტერფიანობა და სხვა, რომლებიც ცვლის სასახსრე ზედაპირის კონგრუენტულობას;
- სახსრის ტრავმა;
- სიმსუქნე და სხვა.
ხრტილის დისტროფიის საფუძველს წარმოადგენს მისი მეტაბოლიზმის დარღვევა, როდესაც ხრტილის ძირითადი ნივთიერების დეპოლიმერიზაციის შედეგად იკარგება მთავარი შემადგენელი ნაწილი - პროტეოგლიკინი. ამის გამო ხრტილი კარგავს დრეკადობასა და ელასტიკურობას, ხდება ხორკლიანი, შემდგომ სკდება და წყლულდება, ალაგ-ალაგ ილევა და სრულიად ქრება. ზოგ შემთხვევაში ხრტილოვანი ნაწილაკები ნატეხების სახით გამოდის სასახსრე ღრუში და მეორეულ ანთებით მოვლენებს იწვევს. ხრტილის ქვემოთ განლაგებული ამორტიზაციას მოკლებული ქსოვილი მექანიკურად ცვდება და მკვრივდება (სუბქონდრული ოსტეოსკლეროზი). ამასთანავე, ვითარდება ძვლის იშემია, ყალიბდება სკლეროზული უბნები. ასეთ ადგილებზე ზოგჯერ ძვლის დეფექტებიც (კისტები) აღმოცენდება. სასახსრე ზედაპირის კიდეებთან იწყება ხრტილის კომპენსაციური ზრდა, რასაც მისი გაძვალება და ოსტეოფიტების წარმოქმნა მოჰყვება. სახსრის დეფორმაცია უმთავრესად სასახსრე ზედაპირის კონფიგურაციის ცვლასა და მრავლობითი ოსტეოფიტის წარმოქმნასთან არის დაკავშირებული.
როდესაც აღწერილი ცვლილებები გამოწვეულია ჯანმრთელი სახსრის მექანიკური და ფუნქციური გადატვირთვით, ოსტეოპოროზი პირველადია, ხოლო როდესაც იგივე სურათი შეცვლილ ხრტილზე ვითარდება (ტრავმა, სუბქონდრული ძვლის პათოლოგია, ართრიტი, სტატიკის თანდაყოლილი მოშლა, კუნთებისა და მყესების სისუსტე, შთამომავლობითი ფაქტორი), მას მეორეულ ოსტეოართროზად მიიჩნევენ.
მიმდინარეობა და სიმპტომები. კოქსართროზი ოსტეოართროზის ყველაზე მძიმე ფორმაა, უმთავრესად ქალებს ემართებათ და კლიმაქსურ პერიოდს ემთხვევა. დაავადება თანდათან იწყება, მენჯ-ბარძაყის სახსრის თავდაპირველად - უმნიშვნელო, მონაცვლეობითი, ხოლო შემდგომ - ინტენსიური ტკივილით.
მენჯ-ბარძაყის სახსრის მადეფორმირებელი ოსტეოართროზის ძირითადი სიმპტომები, რომლებიც ავადმყოფს ექიმთან მისვლას აიძულებს, არის ტკივილი, სახსარში მოძრაობის შეზღუდვა და კოჭლობა. ეს სიმპტომები სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა სიძლიერისაა. მაგალითად, ზოგიერთი უჩივის ძლიერ ტკივილს, სახსარში მოძრაობა კი არ უჭირს, ზოგს, პირიქით, შესამჩნევად აქვს შეზღუდული მოძრაობა, ხოლო ტკივილი ოდნავ თუ აწუხებს. კოქსართროზით დაავადებული ყველა პაციენტი აწყდება საყოფაცხოვრებო სიძნელეებს, მაგალითად, უჭირს ფეხსაცმლის თასმების შეკვრა, სკამიდან წამოდგომა, ჩაკუზვა...
მოსვენებული მდგომარეობიდან აქტიურში გადასვლისას მენჯ-ბარძაყის არეში ტკივილი ძლიერდება, ხოლო გახურების შემდეგ მცირდება. ტკივილის ინტენსივობას ზრდის ვერტიკალურ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა, ხანგრძლივი სიარული, გადაღლა, ამცირებს დასვენება.
ზოგ შემთხვევაში ოსტეოართროზი ვლინდება კოჭლობით, რომლის მიზეზია მენჯ-ბარძაყის სახსრის ტკივილი, სახსრის დეფორმაციის გამო კიდურის დამოკლება და კონტრაქტურის განვითარება, კუნთების სისუსტე.
როგორც ითქვა, კოქსართროზს ახასიათებს მოძრაობის შეზღუდვაც. თავდაპირველად იზღუდება ბარძაყის შიგნითა როტაცია და განზიდვა, შემდგომ - გარეთა როტაცია და მოზიდვა. კიდური მოკლდება და ადამიანი კოჭლობას იწყებს. ორმხრივ კოქსართროზს ახასიათებს იხვისებური სიარული, კუნთების ატროფია.
დიაგნოსტიკა. კოქსართროზის დიაგნოსტიკა ადვილია რენტგენოლოგიური კვლევით. რენტგენოგრამა ავლენს სახსრის ნაპრალის შევიწროებას, ძვლის სტრუქტურის შეცვლას (სკლეროზი, ძვლოვანი წარმონაქმნები) და სხვა.
მკურნალობა. ადრეული დიაგნოსტიკა და სწორად შერჩეული კომპლექსური კონსერვატიული თერაპია კოქსართროზის ეფექტური მკურნალობის საფუძველია. ქირურგიული ჩარევა საჭიროა, თუ კონსერვატიულმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. პაციენტის უსუსურობა, მუდმივი ტკივილი, შრომის უნარის დაკარგვა და კონსერვატიული მკურნალობის სრული უშედეგობა ოპერაციული ჩარევის პირდაპირი ჩვენებაა.
სადღეისოდ კოქსართროზის ოპერაციული მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება. წარმატებული ოპერაციის შემთხვევაში ტკივილი წყდება, მოძრაობა აღდგება და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.
კოქსართროზის კონსერვატიული მკურნალობის მთავარი მიზანია დისტროფიული პროცესის შეჩერება, ხრტილის მეტაბოლიზმის გაუმჯობესება, რეაქტიული სინოვიტის ლიკვიდაცია და სახსრის ფუნქციური შესაძლებლობების გაზრდა.
ტაბლეტები, სანთლები, ინექცია
1. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები: დიკლოფენაკი (იგივე ვოლტარენი, ორტოფენი), ინდომეტაცინი (მეთინდოლი), პიროქსიკამი, ბრუფენი (იბუპროფენი), კეტოპროფენი (ფლეკსენი). მათი მიღება რეკომენდებულია სახსრის რეაქტიული ანთების პერიოდში. ეს პრეპარატები აცხრობენ სახსრის ტკივილს. სამწუხაროდ, დაავადების მიმდინარეობაზე ისინი გავლენას ვერ ახდენენ. ერევიან მხოლოდ ისეთ მოვლენებს, როგორიც არის ანთება, ტკივილი და შეშუპება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა დათრგუნოს ხრტილის აღდგენის უნარი და გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები შინაგანი ორგანოების მხრივ (მაგალითად კუჭისა, და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება).
ხანგრძლივი მიღებისთვის არის განკუთვნილი ახალი სელექტიური ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი - მოვალისი. ის კლასიკურ არასტეროიდულ საშუალებებზე რბილად მოქმედებს, მაგრამ გვერდითი ეფექტიც ნაკლები აქვს.
განურჩევლად ფორმისა (ტაბლეტი, სანთელი, ინექცია), არ არის რეკომენდებული, ერთდროულად გამოვიყენოთ რამდენიმე ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი, მაგალითად, ვოლტარენი-პიროქსიკამი, ბრუფენი-მეტინდოლი. თუ პრეპარატის დოზა საკმარისი არ აღმოჩნდა ტკივილის მოსახსნელად, უმჯობესია იმავე პრეპარატის დოზის გაზრდა და არა სხვა საშუალებასთან კომბინირება.
2. სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატები, როგორიც არის ტრენტალი (პენტოქსიფილინი), თეონიკოლი, ნიკოშპანი, ცინარიზინი, კოქსართროზის დროს ძალზე სასარგებლოა. სწორად მიღების შემთხვევაში ისინი თითქმის არ იწვევენ თანამოვლენებს, სახსარში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების ხარჯზე ხელს უწყობენ ხრტილის აღდგენას, აადვილებენ დაავადებულ სახსარში სამშენებლო მასალის მიტანას და ხსნიან ღამის ტკივილს.
სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატები აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ორგანიზმს სარგებლობის ნაცვლად ზიანი მიაყენონ.
3. მიორელაქსანტები - კუნთების მომადუნებელი პრეპარატები: მიდოკალმი. ისინი ხსნიან კოქსართროზის დროს კუნთების სპაზმით გამოწვეულ ტკივილს და გარკვეულწილად აუმჯობესებენ სახსარში სისხლის მიმოქცევას, მაგრამ მიორელაქსანტების მიღებისას აუცილებელია სიფრთხილე და გასათვალისწინებელია მათი გავლენა ნერვულ სისტემაზე: შესაძლოა, გამოიწვიონ თავბრუხვევა, გაბრუება, აზროვნების შენელება.
4. ქონდროპროტექტორები - ხრტილის აღმდგენი პრეპარატები: გლუკოზამინი, ქონდროიტინის სულფატი, რუმალონი, არტეპარონი. ისინი კოქსართროზის სამკურნალო ყველაზე ეფექტური საშუალებებია. მათი ძალა იმაშია, რომ ხელს უწყობენ ხრტილის აღდგენას. სამწუხაროდ, ქონდროპროტექტორები ძალიან ნელა ამცირებენ უკვე არსებული ტკივილის ინტენსივობას, სამაგიეროდ, რეგულარული მიღების შემთხვევაში ხელს უშლიან ტკივილის აღმოცენებას. ამ საშუალებებს უკუჩვენება თითქმის არ აქვთ (გამონაკლისია ორსულობა და პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა), მაგრამ ეფექტის მისაღწევად დროა საჭირო.
5. ჰორმონული პრეპარატების სახსარშიგა ინექციები: კენალოგი, მეთილპრედი, ჰიდროკორტიზონი. ზოგიერთ ექიმს კოქსართროზის დროს მეტისმეტად იტაცებს სახსარშიგა ინექციები. არადა, მათ იშვიათად აქვთ დადებითი ეფექტი, გვერდითი მოვლენები კი საკმაოდ ხშირია. 3-4-ზე მეტი სახსარშიგა ინექცია რეკომენდებული არ არის. გარდა ამისა, ინექციებს შორის ინტერვალი 2 კვირაზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ადგილობრივი
საშულებები - მალამოები, კომპრესი, საფენები
კოქსართროზის დროს ავადმყოფს ხშირად უნიშნავენ მენჯ-ბარძაყის სახსრის მიდამოს დაზელას ფართოდ რეკლამირებული კრემებით, ასევე საფენებსა და კომპრესს. უნდა ითქვას, რომ მენჯ-ბარძაყის სახსარი კანიდან საკმაოდ შორს არის და წამლის იქამდე შეღწევა ნაკლებად სარწმუნოა, მაგრამ კანში მალამოს შეზელა, საფენის დადება და კომპრესის გაკეთება აუმჯობესებს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას, მოქმედებს კუნთებზე და ხსნის სპაზმს.
ფიზიოთერაპია
კოქსართროზის დროს ფიზიოთერაპიული პროცედურების დადებით ეფექტს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და კუნთების სპაზმის მოხსნა განაპირობებს. ამ საშუალებებიდან ყველაზე ეფექტურია ლაზეროთერაპია, კრიოთერაპია და მასაჟი. თუმცა უნდა ითქვას, რომ ისინი ზოგ პაციენტზე საგრძნობ შედეგს იძლევა, ზოგზე კი არა.
დიეტა
კოქსართროზსა და კვებას შორის კავშირი სადღეისოდ აღმოჩენილი არ არის, ამიტომ ამ დაავადების დროს სპეციალურ დიეტას არ უნიშნავენ, თუმცა ხალხში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია სასწაულმოქმედი დიეტების შესახებ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ერთადერთი რეკომენდაცია, რაც კოქსართროზით დაავადებულს შეიძლება მისცეს ექიმმა, არის წონის დაკლება, რათა სიარულის დროს სახსრის დატვირთვა შემცირდეს.
ვარჯიში და დამხმარე საშუალებები
კოქსართროზით დაავადებულისთვის ვარჯიშის შერჩევა სპეციალურ ცოდნას საჭიროებს:
მოძრაობა არ უნდა იყოს მეტისმეტად ენერგიული და ინტენსიური, რათა არ მოხდეს დაავადებული სახსრის ტრავმირება;
დაუშვებელია ისეთი მოძრაობის გაკეთება, რომელიც სახსრის ტკივილს გამოიწვევს;
ყველას სჯობს სტატიკური ვარჯიშები, რომლებიც ნაკლებად ტვირთავს სახსრებს და ამაგრებს კუნთებს.
მაგალითად:
1. დაწექით ზურგზე, ასწიეთ ფეხი და რაც შეიძლება მეტხანს გააჩერეთ ამ მდგომარეობაში.
2. დაწექით მუცელზე, ასწიეთ ფეხი და შეძლებისამებრ დიდხანს გააჩერეთ ამ მდგომარეობაში.
3. დაწექით გვერდზე, ასწიეთ ფეხი და შეძლებისამებრ დიდხანს გააჩერეთ ამ მდგომარეობაში.
კოქსართროზის დროს სასარგებლოა ცურვა. ნებადართულია თხილამურებითა და ციგურებით სრიალი. აუცილებელია ხელჯოხის ხმარება, რათა დაავადებული სახსარი დაიზოგოს.
ჩამოთვლილი მეთოდებიდან რომელიმეს დამოუკიდებელი გამოყენება არ იქნება ეფექტური. აუცილებელია, კონსერვატიულ მკურნალობას ჰქონდეს კომბინირებული ხასიათი.