კუშინგის სინდრომს (რუსულენოვან ლიტერატურაში - იცენკო-კუშინგის სინდრომს, ჰიპერკორტიზოლიზმს) ახასიათებს თირკმელზედა ჯირკვლის მიერ გლუკოკორტიკოსტეროიდების ჭარბი გამოყოფა, რაც იწვევს დამახასიათებელ სიმსუქნეს, არტერიული წნევის მატებას, კუნთების განლევას, ოსტეოპოროზს, ჰიპერგლიკემიას და სხვა. ეს დაავადება გასული საუკუნის 30-იან წლებში აღწერა ამერიკელმა ნეიროქირურგმა ჰარვეი კუშინგმა, ამიტომ მისი სახელი დაერქვა.
სინდრომის მიზეზი თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ ჰორმონ კორტიზოლის ჭარბი გამომუშავებაა, თავად კორტიზოლის ჭარბ წარმოქმნას კი მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მათ შორის მნიშვნელოვანია ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის დარღვევა ანუ ტვინის იმ სტრუქტურების არაკოორდინირებული მუშაობა, რომლებიც ნერვული და ენდოკრინული სისტემების ურთიერთქმედებასა და ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ. ამის კვალობაზე, კუშინგის სინდრომი შეიძლება გამოიწვიოს: ჰიპოფიზის ადენომამ, სხვადასხვა ლოკალიზაციის (ბრონქის, პანკრეასის, თიმუსის) სიმსივნეებმა, თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზიამ ან სიმსივნემ, გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივმა მიღებამ.
სიმპტომები და მიმდინარეობა. თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები ნივთიერებათა ცვლის ყველა პროცესზე მოქმედებენ. აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია, რა ქაოსს გამოიწვევს მათი სიჭარბე.
კუშინგის სინდრომის კლინიკური სურათი თვალსაჩინოა: ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, ადვილად დაღლას, თავის, ზურგის ტკივილს, ეცვლება გარეგნობა, კერძოდ, უვითარდება დამახასიათებელი სიმსუქნე - მთვარისებური სახე და ტანზე ცხიმის დაგროვება. ცხიმი უპირატესად გროვდება კისრის უკანა ქვედა მიდამოში (მას ბიზონის კუზსაც კი ადარებენ), მუცელზე, თეძოებზე, მხრის სარტყელზე. კიდურები გამხდარია არა მარტო ცხიმის თავისებური გადანაწილების, არამედ კუნთების ატროფიის გამოც. ვითარდება კანის ატროფია, მუცლის, მკერდისა და თეძოების კანზე (ანუ ცხიმის დაგროვების არეში) ჩნდება მოწითალო-მოვარდისფრო ზოლები (სტრიები), რაც კანის დაჭიმვის შედეგია და არასოდეს თეთრდება. კანი გამომშრალია, გათხელებული, მარმარილოსებრი, უხვი ჩირქოვანი გამონაყარით (აკნე). აღინიშნება თმის ცვენაც. ამასთანავე, ქალებს სახესა და ტანზე მამაკაცივით ეზრდებათ თმა, მამაკაცებს კი აღენიშნებათ სარძევე ჯირკვლების გადიდება, სახეზე წვერის შემცირება და დაკარგვა, სათესლე ჯირკვლების ატროფია. ხშირია კანქვეშა წერტილოვანი სისხლჩაქცევები და სისხლნაჟღენთები. ზოგჯერ აღინიშნება კანის ჰიპერპიგმენტაციაც. გარდა ამისა, კუშინგის სინდრომის დროს იწყება ოსტეოპოროზის განვითარება, რაც ვლინდება სახსრებისა და ძვლების ტკივილით. ზოგჯერ ვითარდება ძვლის სპონტანური მოტეხილობაც. არ არის გამორიცხული ბარძაყის ძვლის თავის ასეპტიკური ნეკროზი.
სინდრომისთვის დამახასიათებელია წყურვილის შეგრძნება, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, მენსტრუაციული ციკლის დარღვევა.
ზიანდება შინაგანი ორგანოებიც:
- გულ-სისხლძარღვთა სისტემა - არტერიული წნევის მატება კუშინგის სინდრომის ერთ-ერთი ნიშანია, რომლის მიზეზსაც წარმოადგენს გლუკოკორტიკოიდების სიჭარბე და ორგანიზმში ნატრიუმის შეკავება. მასაც, ისევე როგორც სხვა მიზეზებით გამოწვეულ ჰიპერტენზიას, წნევის მაღალი ციფრები ახასიათებს, რის გამოც ზიანდება გული, თირკმელი, ნერვული სისტემა. გულის დაზიანებას უშუალოდ კუშინგის სინდრომიც იწვევს გლუკოკორტიკოიდების სიჭარბისა და კალიუმის დეფიციტის გამო.
- სასუნთქი სისტემა - პაციენტები მიდრეკილნი არიან ინფექციებისა და ტუბერკულოზისადმი;
- საჭმლის მომნელებელი სისტემა - გლუკოკორტიკოიდების სიჭარბე წყლულის წარმოქმნას იწვევს;
- საშარდე სისტემა - ყალიბდება თირკმლის კენჭები, რაც პიელონეფრიტის მიზეზად იქცევა;
- ძვალ-სახსართა სისტემა - მთავარი ნიშანია სტეროიდული ოსტეოპოროზი. პირველ ყოვლისა, ზიანდება ხერხემალი, რაც ტკივილს, პათოლოგიურ მოტეხილობებს, ზრდის შეფერხებას იწვევს. ტკივილი აღინიშნება სხვა ძვლებსა და სახსრებშიც.
დიაგნოსტიკა. დიაგნოზის დასადგენად ტარდება:
- სისხლის ჰორმონული კვლევა;
- ჰორმონული სინჯები - განსაზღვრული პრეპარატების მიღებამდე და მიღების შემდეგ სისხლსა და შარდში ჰორმონებისა და მათი მეტაბოლიტების (გარდაქმნის პროდუქტების) შემცველობის განსაზღვრა;
- თავის ქალასა და თურქული კეხის არის რენტგენოგრაფია;
- ჰიპოფიზისა და მის ირგვლივ მდებარე სტრუქტურების დეტალური შესწავლა (კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის მეშვეობით);
- ჩონჩხის ძვლების რენტგენოგრაფია (ავლენს ოსტეოპოროზს).
მკურნალობა. არსებობს კუშინგის სინდრომის მკურნალობის 3 მეთოდი:
- მედიკამენტური მკურნალობა, რაც გულისხმობს იმ პრეპარატების დანიშვნას, რომლებიც კორტიკოსტეროიდების ჭარბ გამომუშავებას თრგუნავენ;
- სხივური თერაპია, რომელიც ჰიპოფიზის ჭარბ აქტივობას ახშობს;
- ქირურგიული მკურნალობა ანუ სიმსივნის ამოკვეთა.
ხშირად ორ მეთოდს, მაგალითად, მედიკამენტურსა და ქირურგიულს, მედიკამენტურსა და სხივურს, ერთდროულად იყენებენ.
ჰორმონების შემცველობის დაქვეითებასთან ერთად ექიმები დაავადების გამოვლინებებსაც მკურნალობენ. მაგალითად, მაღალი წნევის სამკურნალოდ წნევის დამწევ საშუალებებს ნიშნავენ, არეგულირებენ სისხლში შაქრის შემცველობას, მკურნალობენ წყლულს.