ქრონიკული მონოციტური ლეიკემია არის სიმსივნური პროცესი, რომელსაც ახასიათებს მონოციტური უჯრედების მნიშვნელოვანი ზრდა ნორმალური ან ზომიერი ლეიკოციტოზის ფონზე. ყველაზე ხშირად ავადდებიან 50 წელს გადაცილებული ადამიანები, ძალიან იშვიათად - მცირეწლოვანი ბავშვები.
მრავალ ავადმყოფს არ აქვს დათრგუნული სისხლის წარმოქმნის ერითროციტული და თრომბოციტული შტო, მაგრამ ზოგჯერ ანემია ადრეულად ვლინდება, არ ექვემდებარება არავითარ თერაპიას და რამდენიმე წლის განმავლობაში შესაძლოა დაავადების ერთადერთი სიმპტომი იყოს.
სისხლში მონოციტების მნიშვნელოვანი მატება მოსალოდნელია სხვა დაავადებების (მაგალითად, ტუბერკულოზის, კიბოს ზოგიერთი სახეობის) დროსაც, ამიტომ ქრონიკული მონოციტური ლეიკემიის დიაგნოსტიკა დიდ დაკვირვებას საჭიროებს.
ქრონიკული მონოციტური ლეიკემიის დროს კლინიკური სურათი კარგა ხანს მკვეთრად არ არის გამოხატული. დაავადებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მხოლოდ სისხლში მონოციტების მაღალი პროცენტის გამოვლენიდან  3-4 წლის შემდეგ უარესდება.
არც სისხლის სურათია მრავლისმთქმელი: დიდი ხნის განმავლობაში პრაქტიკულად არ არის დარღვეული სისხლწარმოქმნა ძვლის ტვინში,  სისხლის ფორმულაში გადახრები არ შეიმჩნევა, - მაგრამ ავადმყოფთა უმრავლესობას აღენიშნება ედსის მნიშვნელოვანი მატება, რაც ხშირად დაავადების ერთადერთ სიმპტომს წარმოადგენს. ძვლის ტვინის ტრეპანატში ვლინდება მონოციტური ჰიპერპლაზია, შარდში ძლიერ არის მომატებული ლიზოსომების დონე. ამ ნიშნების საფუძველზე შესაძლებელია მონოციტური ლეიკემიის სხვა ლეიკემიებისგან გარჩევა.
ქრონიკული მონოციტური ლეიკემია კეთილთვისებიან სტადიაში არ საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას. ანემიის მქონე ავადმყოფებს სჭირდებათ ერითროციტული მასის რამდენიმეგზისი გადასხმა. ციტოპენიის მატებისა და ჰემორაგიული სინდრომის (სისხლდენები) პროგრესირების შემთხვევაში ინიშნება გლუკოკორტიკოსტეროიდები (მაგრამ არა დიდი დოზებით). ტერმინალურ სტადიაში ნაჩვენებია მწვავე ლეიკემიის დროს გამოსაყენებელი ციტოსტატიკური თერაპიის მთელი კომპლექსის ჩატარება.
ქრონიკული მონოციტური ლეიკემიით დაავადებულები საშუალოდ 5-10 წელს, ზოგჯერ უფრო მეტხანსაც ცოცხლობენ.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია