ლეიკოპლაკია სასქესო ორგანოების ქვედა ნაწილის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელსაც ორგანოთა მფარავი ეპითელიუმის გასქელება და სხვადასხვა ხარისხის გარქოვანება ახასიათებს. ამ დროს ლორწოვან გარსზე ჩნდება თეთრი ან მორუხო-მოთეთრო (ზოგჯერ - სადაფისებრი ელფერის მქონე) აპკი და ფოლაქები. ისინი ბრტყელია ან გარემომცველი ლორწოვანი გარსიდან ოდნავ არის ამოწეული.
განასხვავებენ ლეიკოპლაკიის ბრტყელ და მეჭეჭისებურ ფორმებს. უკანასკნელს ლეიკოკერატოზი ეწოდება. ლეიკოპლაკიის მარტივი ფორმის დროს ჰისტოლოგიური კვლევა ავლენს მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის გასქელებას ბაზალური და მწიფე შრეების ხარჯზე. აღინიშნება პარაკერატოზისა და გარქოვანების (ჰიპერკერატოზის) მოვლენები.
ლეიკოპლაკიას იწვევს:
- ენდოგენური ფაქტორები (ჰორმონული ჰემოსტაზის დარღვევა);
- ეგზოგენური (ინფექციური, ქიმიური და სხვა) ფაქტორები;
- სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის მორფოლოგიური და ფუნქციური თვისებების ინვოლუციური გარდაქმნა.
სიმპტომები და მიმდინარეობა. ლეიკოპლაკია ვითარდება არა მარტო საშვილოსნოს ყელის, ვულვისა და საშოს ლორწოვანი გარსის არეში. ზოგჯერ მთელ საშვილოსნოს ყელსაც კი მოიცავს. ჩვეულებრივ, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად შემთხვევით აღმოაჩენენ პროფილაქტიკური ან სხვა დაავადების გამო ჩატარებული გინეკოლოგიური კვლევის დროს.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ლეიკოპლაკიის დიაგნოსტიკის ძირითადი მიზანია, განისაზღვროს მისი ხასიათი - მარტივია თუ ბაზალურუჯრედოვანი ჰიპერაქტიურობითა და უჯრედთა ატიპურობით მიმდინარეობს. პროლიფერაციის აქტიურობა და უჯრედთა ატიპურობა განსაკუთრებით საფიქრებელია მეჭეჭისებრზედაპირიანი ლეიკოპლაკიის დროს.
ლეიკოპლაკიის სადიაგნოზო ღონისძიებებში შედის:
- სასქესო ორგანოების დათვალიერება;
- საშოსა და საშვილოსნოს სარკით გამოკვლევა;
- ციტოლოგიური კვლევა ატიპური უჯრედების გამოსავლენად;
- ბიოფსია (ტარდება ცერვიკალური არხის ლორწოვანი გარსის დიაგნოსტიკურ ამოფხეკასთან ერთად);
- ჰისტოლოგიური კვლევა.
ბაზალურუჯრედული ჰიპერაქტიურობისა და ატიპურობის ნიშნებით მიმდინარე ლეიკოპლაკიას ქირურგიულად მკურნალობენ. წარმატებით გამოიყენება ლაზერით თერაპია და დიადერმოკოაგულაცია. საშვილოსნოს ყელზე ლოკალიზებული ლეიკოპლაკიის შემთხვევაში პათოლოგიურ კერას ჯანსაღ ქსოვილამდე ამოკვეთენ, ატიპიურობის მკვეთრი გამოვლინებისას კი ტარდება საშვილოსნოს ყელის ამპუტაცია.
მარტივი ლეიკოპლაკიის დროს დასაშვებია დაკვირვება პერიოდული კოლპოსკოპიური კვლევით. ამის პარალელურად წარმოებს ანთებითი პროცესების, ენდოკრინული და სხვა დარღვევების მკურნალობა. ხანდაზმულ ქალებს ვულვის მარტივი ლეიკოპლაკიის შემთხვევაში ენიშნებათ მცირე რაოდენობის ესტროგენების შემცველი კრემებით მკურნალობა. ქავილით მიმდინარე ლეიკოპლაკიის დროს ეფექტურია თბილი მჯდომარე აბაზანა და ჰიდროკორტიზონის მალამო.