ლეიშმანიოზი იმ ინფექციების საერთო სახელწოდებაა, რომელთაც იწვევს უმარტივესი უჯრედშიდა პარაზიტი ლეიშმანია. ადამიანებსა და ცხოველებში ლეიშმანიოზის გადამტანია პატარა სისხლისმწოველი მწერი ფლებოტომუსი. ინფექციის წყაროს დაავადებული ადამიანი ან ცხოველი წარმოადგენს. მისი სისხლის ამოწოვისას პარაზიტები ფლებოტომუსის კუჭში ხვდებიან. 5-8 დღის შემდეგ მწერს უკვე შეუძლია პარაზიტის გადაცემა და სხვა ადამიანისა თუ ცხოველის დაავადება.
ლეიშმანია გვხვდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. გეოგრაფიული გავრცელების მიხედვით ამ პარაზიტით გამოწვეულ დაავადებებს ორ ძირითად ჯგუფად - ძველი და ახალი სამყაროს ლეიშმანიოზებად ყოფენ.
ძველი სამყაროს (ევროპა, აზია, აფრიკა) ლეიშმანიოზებია:
I. კანის (ზოონოზური, ანთროპონოზული) ლეიშმანიოზი;
II. ვისცერული (ინდოეთის, ხმელთაშუა ზღვის (ბავშვთა), აღმოსავლეთ აფრიკის) ლეიშმანიოზი.
ახალი სამყაროს (ამერიკის კონტინენტის) ლეიშმანიოზებია:
I. კანის ლეიშმანიოზი;
II. კან-ლორწოვანის ლეიშმანიოზი;
III. ვისცერული ლეიშმანიოზი.

კანის ლეიშმანიოზი
კანის ანთროპონოზული ლეიშმანიოზი. ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი, გადამტანია ფლებოტომუსი. ძირითადად ქალაქებში გვხვდება, სეზონურობა არ ახასიათებს და მყარ იმუნიტეტს ტოვებს. ადამიანი კანის ლეიშმანიოზით ავადდება ფლებოტომუსის კბენის შედეგად, ასევე - მწერის გაჭყლეტისას, რის შედეგადაც ლეიშმანიები კანზე არსებულ ჭრილობაში ხვდებიან. კანში მოხვედრილი ლეიშმანია იქვე იწყებს გამრავლებს, რის შედეგადაც დერმაში წარმოიქმნება მრავალუჯრედული სპეციფიკური გრანულომა - ლეიშმანიომა. 3-6 თვის შემდეგ ლეიშმანიომაში იწყება ქსოვილის დანეკროზება და ჩნდება წყლული, რომელიც საბოლოოდ დანაწიბურდება. ლიმფური გზით ლეიშმანიების გავრცელება იშვიათია.

სიმპტომები და მიმდინარეობა. დაავადების საინკუბაციო ანუ ფარული პერიოდი (ორგანიზმში გამომწვევის მოხვედრიდან კლინიკურ გამოვლენამდე) შეადგენს  2-9 თვეს, თუმცა იშვიათად 3-5 წელიც კი გრძელდება. თავდაპირველად ფლებოტომუსის ნაკბენ ადგილას ჩნდება მცირე ზომის მოყვითალო, კანიდან ოდნავ ამოწეული ხორკლი (პირველადი პაპულა). 3-6 თვის შემდეგ მისი მფარავი კანი იჭიმება, ხდება პრიალა და იფარება თეთრი ხორკლით. ქერქის ქვეშ ჩაღრმავებაა, რომლის ფსკერი ჩირქოვანი ნადებით არის დაფარული. წყლულს აქვს უსწორმასწორო კიდეები, რომლის ირგვლივ ინფილტრატია. აღინიშნება მცირეოდენი სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენი. ირგვლივ არსებული ინფილტრატის დაშლის ხარჯზე წყლული თანდათანობით დიდდება და წლის ბოლოს მისი დიამეტრი 25 სმ-ს აღწევს. საბოლოოდ დეფექტი გრანულაციური ქსოვილით ივსება და ნაწიბურდება. კვანძის წარმოქმნიდან დანაწიბურებამდე ერთი წელი გადის, ამიტომ ხალხში ამ დაავადებას მეწლეურ წყლულს უწოდებენ.
ლეიშმანიომა, წესისამებრ, ჩნდება სხეულის ღია ადგილებზე (სახეზე, კისერზე, ყურებზე, კიდურებზე). მათი როდენობა 1-3, ზოგჯერ 10 და მეტია. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა არ იცვლება. თუ ლეიშმანიები ლიმფოგენურად გავრცელდა (რაც იშვიათია), წყლულის ირგვლივ ჩნდება 1-1,5 სმ ზომის ანთებადი კერები, რომლებიც ერთიანდება, იშვიათად კი წყლულდება. ზოგჯერ ვითარდება ლიმფანგიტი და  ლიმფადენიტი.
ხანდაზმულ ავადმყოფებში ლეიშმანიოზი კეთრის მსგავსი ან მეჭეჭოვანია: სახეზე, მტევნებსა და ტერფებზე ჩნდება უზარმაზარი დიფუზური ინფილტრაციული ლეიშმანიომები, რომელთა გაწოვას 5-7 თვე სჭირდება. ბავშვებსა და ახალგაზრდებს შესაძლოა განუვითარდეთ კანის ტუბერკულოზური ლეიშმანიოზი. ამ დროს ნაწიბურის ირგვლივ, ზოგჯერ კი მთელ ნაწიბურზე წარმოიქმნება  მრავლობითი ხორკლი, რომელიც არ წყლულდება. ხორკლები შესაძლოა გაიზარდოს და გაერთიანდეს. ეს პროცესი გრძელდება 5-20 წელი. საბოლოოდ ხდება დანაწიბურება.

კანის ზოონოზური ლეიშმანიოზი. ინფექციის წყაროს წარმოადგენენ მღრღნელები: დიდი მექვიშია, ვირთაგვა, თაგვი, თრია და წითელკუდა მექვიშია. გადამტანია ფლებოტომუსი. დაავადების გავრცელება სეზონურია: იწყება მაის-ივნისში, პიკს აღწევს აგვისტო-სექტემბერში, შემდეგ თანდათან იკლებს და ნოემბერ-დეკემბერში მინიმუმამდე დადის.
კანის ზოონოზური ლეიშმანიოზი ანთროპონოზულის მსგავსია. განსხვავება ის არის, რომ პირველადი ლეიშმანიომის დაწყლულება და დანაწიბურება უფრო მოკლე ხანში ხდება. საინკუბაციო პერიოდი ხანმოკლეა - 3-4 კვირას შეადგენს. პირველადი ლეიშმანიომა დიდი ზომისაა, რამდენიმე დღეში აღწევს 10-15 სმ-ს. გამოხატულია ირგვლივ არსებული ქსოვილების ანთებადი რეაქცია. წარმონაქმნი გარეგნულად ფურუნკულს ჰგავს, მაგრამ მისგან ნაკლები სიმკვრივითა და ნაკლები მტკივნეულობით განსხვავდება.
ხორკლი სწრაფად იშლება. ცენტრში ჩნდება მოთეთრო ნეკროზული უბანი, რომელიც ჩირქგროვის თავს მოგვაგონებს. არცთუ იშვიათად ხორკლის თავზე ჩნდება მცირე ზომის ბუშტუკი, რომელიც შემდგომ სკდება და იქიდან სისხლიანი ექსუდატი იწყებს დენას. გახეთქილი ბუშტუკი ხმება და წარმოიქმნება ქერქი, რომლის მოცილებისას შიშვლდება 1-3 მმ დიამეტრის წყლული. დაავადების შემდგომი მიმდინარეობა დამოკიდებულია წყლულის ლოკალიზაციასა და ორგანიზმის იმუნორეაქტიულობაზე. ზოგჯერ პროცესი არ პროგრესირებს, ქერქის ქვეშ წარმოიქმნება ნაწიბური და დაავადება გამოჯანმრთელებით სრულდება. უმეტესად კი ინფილტრატი იზრდება, შემდეგ იშლება და მის შუაგულში ნეკროზი ვითარდება. წყლულს უსწორმასწორო კიდეები აქვს. ინფილტრატი უფრო და უფრო ვრცელდება, ჩნდება მცირე ზომის ახალი ხორკლები, იზრდება წყლულები (10-15 სმ-მდე). ეს პროცესი გრძელდება 2-5 თვე, შემდეგ კი იწყება წყლულის შეხორცება. ლეიშმანიომები ლოკალიზდება სახეზე, კიდურებზე და მრავლობითია.
გართულებები. წყლულებისა და ლიმფანგიტის არეში შესაძლოა წითელი ქარის მსგავსი ანთება განვითარდეს. ლიმფის მიმოქცევის დარღვევის გამო მოსალოდნელია ტერფისა და წვივების შეშუპება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. კანის ლეიშმანიოზის დიაგნოზს ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მონაცემების საფუძველზე სვამენ. დიაგნოზს ლაბორატორიულად ადასტურებს პარაზიტოლოგიური გამოკვლევა.
დაავადების ადრეულ სტადიაში შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს დაუწყლულებელი ლეიშმანიომის ირგვლივ კანის რადიალური ინფილტრაცია აკრიქინის, მონომიცინის, უროტროპინის ხსნარით, ასევე - ამ  ნივთიერებების შემცველი კრემებისა და საფენების გამოყენება. ვინაიდან ზოონოზური ლეიშმანიოზი სწრაფად წყლულდება, ხორკლის ირგვლივ კანის ინფილტრაციას არ აკეთებენ. წყლულის სტადიაზე შედეგიანია მონომიცინის ინექციებით და ამინოქინოლით მკურნალობა. ეფექტურია ლაზეროთერაპია. მეორეული ფლორით ინფიცირებისას რეკომენდებულია ადგილობრივი მკურნალობა სხვადასხვა სადეზინფექციო ხსნარით გაჟღენთილი საფენებით, მალამოთი, ანტიბიოტიკებით.
პროფილაქტიკა. კანის ანთროპონოზული ლეიშმანიოზის  პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ავადმყოფობის დროულ გამოვლენასა და  მკურნალობას. საჭიროა ბრძოლა მოსკიტების წინააღმდეგ, რეკომენდებულია  დერატიზაცია (მღრღნელების მოსპობა). ეფექტურია  აცრები სპეციალური ცოცხალი კულტურით, რომელიც ეპიდემიურად საშიშ კერაში შესვლამდე 3 თვით ადრე მაინც უნდა გაკეთდეს. ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტი მთელი სიცოცხლე ძლებს.

ვისცერული ლეიშმანიოზი
ვისცერულ ლეიშმანიოზს ახასიათებს ხანგრძლივი, უსწორო ტიპის ცხელება, სპლენომეგალია, ჰეპატომეგალია, ანემია, ლეიკოპენია, კახექსია.
არსებობს ვისცერული ლეიშმანიოზის სამი ფორმა: ხმელთაშუა ზღვისა (ბავშვთა), ინდოეთისა (კალა-აზარის) და აღმოსავლეთ აფრიკისა. დაავადება გავრცელებულია ყველა კონტინენტზე, გარდა ავსტრალიისა, ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერი ჰავის ქვეყნებში.
ხმელთაშუა ზღვის (ბავშვთა) ლეიშმანიოზი ზოონოზური დაავადებაა. გადამტანია ფლებოტომუსი. ინფექციის რეზერვუარია ტურა და მელა, დასახლებულ ადგილებში - ძაღლი. ენდემურ კერაში უმთავრესად 5 წლამდე ასაკის ბავშვები ავადდებიან. ინფიცირება ზაფხულში ხდება, ხოლო დაავადება იმავე წლის შემოდგომაზე ან მომდევნო წლის ზაფხულში იჩენს თავს.
ფლებოტომუსის კბენიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ კანზე  ჩნდება გამკვრივებული, მოვარდისფრო ან ოდნავ პიგმენტირებული კვანძი, რომელშიც შეიძლება ლეიშმანიების აღმოჩენა. ამ სტადიაში პროცესი იშვიათად წყდება, უმეტესად ხდება ინფექციის გენერალიზაცია, რასაც თან სდევს ლეიშმანიების გამრავლება ელენთის, ღვიძლის, ძვლის ტვინის, ლიმფური კვანძებისა და სხვა ორგანოების მაკროფაგულ უჯრედებში.
სიმპტომები და მიმდინარეობა. დაავადების საინკუბაციო პერიოდი 20 დღიდან 1 წლამდე (საშუალოდ 3-5 თვეს) გრძელდება. ბავშვს ფლებოტომუსის  კბენის ადგილას  უჩნდება პაპულა ან პიგმენტური ლაქა, რომელიც ქერცლით არის დაფარული და, წესისამებრ, შეუმჩნეველი რჩება. ხმელთაშუა ზღვის ლეიშმანიოზის დროს კანის ლეიშმანიომები არასოდეს წარმოიქმნება.
განასხვავებენ დაავადების სამ პერიოდს:

  • საწყისს - ავადმყოფი უჩივის ზოგად სისუსტეს, უგუნებობას, უმადობას. კანი ფერმკრთალია, ელენთა თანდათან დიდდება. გამოხატულია უმნიშვნელო ლეიკოციტოზი, ედსი მომატებულია. ამ სიმპტომების პარალელურად ან რამდენიმე დღის შემდეგ ვითარდება ცხელება. ტემპერატურა თანდათან იმატებს. ცხელება თავდაპირველად სუბფებრილურია, მაღალ ციფრებს იშვიათად აღწევს.
  • სრული განვითარების პერიოდი - ხშირია ბრონქიტი და წვრილბუშტუკოვანი პნევმონია. 1-2 კვირის შემდეგ საერთო მდგომარეობა საგრძნობლად  მძიმდება. დაავადების კარდინალური ნიშანია უსწორო ცხელება. ზოგჯერ ტემპერატურა დღე-ღამის განმავლობაში 2-3-ჯერ იწევს. ცხელებამ შესაძლოა ძალიან მაღალ მაჩვენებელს მიაღწიოს, შორსწასულ შემთხვევაში კი ჰექტიურ ხასიათს იღებს. სიფითრე ძლიერდება. ამას ემატება პნევმონია, ნაწლავთა აშლილობა. პროგრესულად დიდდება ელენთა და ღვიძლი, რომელმაც შეიძლება მუცლის ღრუს 2/3 დაიკავოს. ზოგჯერ გადიდებულია პერიფერიული ლიმფური კვანძები. ანემია მკვეთრად არის გამოხატული. აღინიშნება ლეიკოპენია, მცირდება თრომბოციტების რაოდენობა.
  • მესამე, კახექსიის სტადიაში მდგომარეობა უფრო მეტად მძიმდება. ავადმყოფი მკვეთრად  იკლებს წონას, უჩივის უმადობასა და ფაღარათს. ანემიის სურათი პიკს აღწევს. აღინიშნება ცვლილებები ძვლის ტვინში. შესაძლოა განვითარდეს  ნუშურების, პირის ღრუს ლორწოვანის, ღრძილების ნეკროზი. ხშირია ჰემორაგიული სინდრომი (სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვანში, სისხლის დენა ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სხვა). ავადმყოფს აქვს დამახასიათებელი  შესახედაობა: კანი - ანემიური, ცვილისფერი, ზოგჯერ მიწისფერი, ხილული ლორწოვანები - ძლიერ ფერმკრთალი. კანქვეშა ცხიმი კიდურებზე განლეულია, სახეზე კი შენარჩუნებული; წამწამები ძლიერ წამოზრდილია; კუნთების ტონუსი დაქვეითებულია; ელენთისა და ღვიძლის გადიდების გამო მუცელი დიდდება. მკვეთრმა სპლენომეგალიამ შესაძლოა ასციტი, შეშუპება გამოიწვიოს, ანემიამ და ინტოქსიკაციამ კი გულის უკმარისობის ნიშნები.

განასხვავებენ დაავადების მწვავე, ქვემწვავე და გახანგრძლივებულ ფორმებს. მწვავე ფორმა იშვიათია, აღენიშნებათ მხოლოდ ადრეული ასაკის ბავშვებს და ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. გაცილებით ხშირია ქვემწვავე ფორმა, რომელიც 5-6 თვეს გრძელდება და მძიმედ მიმდინარეობს. ყველაზე ხშირია გახანგრძლივებული ფორმა, რომელიც შედარებით კეთილთვისებიანია და დროული მკურნალობის შემთხვევაში გამოჯანმრთელებით სრულდება. დაავადება ტოვებს მყარ იმუნიტეტს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. დაავადების დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პარაზიტოლოგიურ კვლევას.
დაავადების სპეციფიკური მკურნალობის მიზნით ინიშნება სოლუსურმინი, გლუკანტინი, ნეოსტიბოზანი ან პენტოსტამი. მოსალოდნელია რეციდივები, ამიტომ ავადმყოფი ოთხი თვის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ. ბაქტერიული გართულებების შემთხვევაში ნაჩვენებია ანტიბიოტიკებით მკურნალობა, სისხლში გამოხატული ცვლილებების არსებობისას - სისხლის, ლეიკოციტური და ერითროციტული მასის გადასხმა.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია