ლეპტოსპიროზი მწვავე ზოონოზური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია, ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება და ჰემორაგიული სინდრომი.
ლეპტოსპიროზის გამომწვევია ლეპტოსპირას გვარისა და სპიროქეტების ოჯახის პათოგენური მიკროორგანიზმები. ის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გვხვდება. ადამიანისთვის ინფექციის წყაროს წარმოადგენს ლეპტოსპიროზით დაავადებული ან დაავადებაგადატანილი გარეული და შინაური ცხოველები, რომლებიც შარდთან ერთად გამოყოფენ ლეპტოსპირებს და აინფიცირებენ წყალს, საკვებს, ნიადაგს, ირგვლივ არსებულ საგნებს. ადამიანი ავადდება როგორც ალიმენტური, ასევე კონტაქტურ-პროფესიული (დაავადებული ცხოველის დამუშავებისას) გზით, ბუნებრივ და ხელოვნურ წყალსატევებთან კონტაქტისას.
სიმპტომები და მიმდინარეობა. განასხვავებენ ლეპტოსპიროზის ორ კლინიკურ ფორმას: სიყვითლით მიმდინარეს და უსიყვითლოს. სიყვითლით მიმდინარე ლეპტოსპიროზის დროს ვლინდება ჰეპატორენული (ღვიძლთირკმლოვანი), ჰემორაგიული (სისხლდენები) და მენინგეალური სინდრომები, უსიყვითლოს დროს რენული (თირკმლოვანი), მენინგეალური და ჰემორაგიული.

მიმდინარეობის მიხედვით ლეპტოსპიროზი შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ასევე ქვემწვავე და მორეციდივე, ახლდეს სპეციფიკური და არასპეციფიკური გართულებები, სიმძიმის მიხედვით კი მსუბუქი, საშუალო სიმძიმისა და მძიმე.
ლეპტოსპიროზის საინკუბაციო პერიოდი 6-12 დღე, იშვიათად 20 დღემდე გრძელდება. დაავადება იწყება სწრაფად და მოულოდნელად. პირველსავე საათებში ტემპერატურა 39-400C-მდე ადის, 5-7 დღის განმავლობაში ცხელება მუდმივია, შემდეგ კი ტალღისებური. ავადმყოფი უჩივის თავის ძლიერ ტკივილს, სისუსტეს და ტანში ტეხის შეგრძნებას, უძილობას და კუნთების ტკივილს მოსვენების დროსაც კი. მტკივნეულია უპირატესად წვივის, ზურგის, მუცლისა და კეფის კუნთები, ჭირს მოძრაობა. პირველსავე დღეს ყალიბდება მძიმე ინტოქსიკაციის სურათი: ადინამია, აპათია, გულისრევა, ღებინება, ანორექსია, ბოდვა. ავადმყოფს სახე შეშუპებული და შეწითლებული აქვს, გამოხატულია კონიუნქტივიტი. დაავადების მეორე-მესამე დღეს ვლინდება ჰერპესი, მესამე-მეექვსე დღეს კიდურებსა და ტანზე, განსაკუთრებით - ზურგის, გულმკერდისა და მუცლის გვერდით ზედაპირებზე, ჩნდება  სიმეტრიული გამონყარი, რომელიც 10 დღე გრძელდება და სრულდება ქატოსებური აქერცვლით.
დაავადების მეხუთე-მეათე დღეს ტემპერატურა ნორმას უბრუნდება, მაგრამ რამდენიმე დღეში შესაძლოა ისევ იჩინოს თავი ცხელებამ, რომელიც პირველ ტალღაზე გაცილებით ხანმოკლეა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ვლინდება არითმია. თავდაპირველად აღინიშნება ტაქიკარდია, რომელსაც ბრადიკარდია ცვლის, მცირდება წნევა და ვითარდება გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.
სასუნთქი ორგანოების მხრივ ვლინდება ბრონქიტი, ტრაქეიტი ან სპეციფიკური ლეპტოსპიროზული პნევმონია. დაავადების მეორე კვირას შესაძლოა ფილტვებში სისხლჩაქცევები გაჩნდეს და ავადმყოფს სისხლიანი ხველა დაეწყოს.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივაც არის ცვლილებები - ენა მშრალია, მოყვითალო-მოყავისფრო, ნადებიანი, შესაძლოა, განვითარდეს სისხლმდინარი გლოსიტი (ენის ანთება) და გინგივიტი. ეპიგასტრიუმის არეში აღინიშნება ტკივილი, დაავადების მეორე-მესამე დღეს დიდდება ღვიძლი, ელენთა.
ნერვული სისტემის მხრივ დამახასიათებელია თავის ტკივილი, აგზნება, ცნობიერების მოშლა. მოგვიანებით ამას ერთვის მენინგიალური ნიშნები - თავის ტკივილი აუტანელი ხდება, ღებინება მეორდება, კეფის კუნთები მტკივნეული და დაჭიმულია.
ამ პერიოდში ვლინდება ლეპტოსპიროზისთვის დამახასიათებელი ჰემორაგიული სინდრომი - კანსა და ლორწოვანზე ჩდება სისხლჩაქცევები. კისრის, იღლიისა და საზარდულის  ლიმფური კვანძები გადიდებული და მტკივნეულია.
ლეპტოსპიროზის დროს თითქმის ყოველთვის ზიანდება თირკმელები. შარდში ცვლილებებია (ცილა,  სისხლი, ჩირქი და სხვა), ვითარდება ოლიგურია. დაავადების კეთილსაიმედო მიმდინარეობის დროს მეორე კვირის დასასრულს შარდის გამოყოფა და შემადგენლობა თანდათანობით უბრუნდება ნორმას.
ცხელების პირველი ტალღის ჩაქრობის შემდეგ ლეპტოსპიროზი შესაძლოა გაგრძელდეს როგორც სიყვითლით, ასევე უსიყვითლოდ. მოჩვენებითი სუბიექტური უკეთესობის ფონზე ავადმყოფს კანი და ლორწოვანი გარსები უყვითლდება, შარდი უმუქდება. სიყვითლის პერიოდში დიდდება ღვიძლი  და ელენთა. სისხლში იმატებს საერთო ბილირუბინისა და მისი ფრაქციების რაოდენობა. ამავე პერიოდში მძიმდება ჰემორაგიული სინდრომიც, იწყება სისხლდენა ცხვირიდან,  ღრძილებიდან, კუჭიდან, ნაწლავებიდან, მოსალოდნელია სისხლჩაქცევები კანზე, ტვინში, მიოკარდიუმსა და სხვა ორგანოებში.
დაავადების მეორე კვირის ბოლოს მდგომარეობა თანდათანობით უმჯობესდება.
ლეპტოსპიროზს ათიდან 2-3 შემთხვევაში რეციდივი ახასიათებს. მან შესაძლოა თავი იჩინოს დაავადების დასრულებიდან 2-3 კვირის შემდეგ. ამ დროს ცხელება უფრო ხანმოკლეა, ნაკლებად არის გამოხატული ინტოქსიკაცია, ორგანული დაზიანებები. ზოგჯერ რეციდივი 3-4-ჯერ და მეტჯერაც მეორდება. ყოველი მომდევნო წინაზე ხანმოკლეა. რეციდივებისა და გართულებების შემთხვევაში დაავადება 2-3 თვე გრძელდება.
ლეპტოსპიროზის უსიყვითლო ფორმის გამოვლინება ისეთივეა, იმ განსხვავებით, რომ სიყვითლე არ სდევს თან და უფრო მსუბუქადაც მიმდინარეობს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ლეპტოსპიროზის დიაგნოსტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეპიდემიოლოგიურ ანამნეზს - ავადმყოფის პროფესიას, კონტაქტს ცხოველებთან, თევზებთან, მღრღნელებთან, მუშაობას მდინარის ნაპირას და სხვა. კლინიკური ნიშნების მიხედვით დაავადების პირველსავე დღეებში დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის, მაგრამ დიაგნოზი უნდა დადასტურდეს ლაბორატორიულად ანუ უნდა ჩატარდეს სისხლის  მიკროსკოპიული, ბაქტერიოლოგიური და სხვა სახის კვლევა.
დროული დიაგნოზისა და სწორი მკურნალობის შემთხვევაში ლეპტოსპიროზი იკურნება. მისი მკურნალობის ძირითადი მეთოდია ანტიბიოტიკოთერაპია და სპეციფიკური იმუნოგლობულინის შეყვანა. ძალზე ეფექტურია პენიცილინი და ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები. ლეპტოსპიროზის მძიმე ფორმის შემთხვევაში ინიშნება პათოგენეზური თერაპია, რაც დეზინტოქსიკაციას ითვალისწინებს. შესაძლოა საჭირო გახდეს დიალიზი, კორტიკოსტეროიდების დანიშვნა, ვიტამინოთერაპია და სხვა.
ლეპტოსპიროზის მკურნალობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დიეტოთერაპიას. ავადმყოფი უნდა იკვებებოდეს სრულფასოვნად: ცილით, ვიტამინებით და მცენარეული ცხიმით გაჯერებული საკვებით. სიყვითლით მიმდინარე ფორმის დროს ინიშნება მაგიდა #5.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია