მედიასტინიტი შუასაყრის ქსოვილის სეროზული ან ჩირქოვანი ანთებაა. მას შუასაყარში პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით მოხვედრილი ინფექცია იწვევს.
შუასაყარში ინფექცია პირდაპირი გზით შეიძლება მოხვდეს შუასაყრის რომელიმე ორგანოს ანთების ან პერფორაციის, აბსცესირებული ლიმფადენიტის, პლევრის ემპიემის, შუასაყარში პერფორირებული ფილტვის აბსცესის შედეგად. უკანასკნელ ხანს გახშირდა საყლაპავის, ტრაქეის, ბრონქების ინსტრუმენტული პერფორაციით განპირობებული მედიასტინიტები.
შუასაყარში ინფექციის არაპირდაპირი გზით (ლიმფოგენურად) მოხვედრა შესაძლებელია მეზობელი ორგანოების (ფილტვების, ნეკნების, კისრის) ანთებითი ცვილებების დროს.
მედიასტინიტის დროს ანთებითი პროცესი უმთავრესად ზედა შუასაყარშია ლოკალიზებული. ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორია ინსტრუმენტული პერფორაცია გამოკვლევის დროს და შუასაყრის ქსოვილზე კისრის ოდონტოგენური ფლეგმონის გავრცელება.

სიმპტომები და მიმდინარეობა. დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. როგორც უკვე ითქვა, მედიასტინიტი წარმოადგენს რიგი დაავადების გართულებას, ამიტომ ვლინდება უკვე არსებული მძიმე პათოლოგიის ფონზე ავადმყოფის მდგომარეობის გაუარესებით.
კისრის ოდონტოგენური ფლეგმონის ფონზე განვითარებულ მედიასტინიტს თან სდევს ტკივილი მკერდის უკან, მაღალი ტემპერატურა, შემცივნება და ტაქიკარდია. კისრის დათვალიერებისას ნახულობენ მკვეთრად მტკივნეულ ანთებით ინფილტრატს, რომელიც ლავიწამდე აღწევს. თუ ავადმყოფს უკვე აქვს ჩატარებული კისრის ფლეგმონის გახსნის პროცედურა, მაშინ ჭრილობიდან დის საკმაო ოდენობის სითხე, რომლსაც ზოგჯერ არასასიამოვნო, მყრალი სუნი აქვს. გულმკერდზე ხელის მიკაკუნება ტკივილს აძლიერებს. სისხლში აღინიშნება მაღალი ლეიკოციტოზი ფორმულის მარცხნივ გადახრით. რენტგენული კვლევა ავლენს შუასაყრის ჩრდილის გაფართოებას.
საყლაპავის გამოკვლევისას მომხდარი ინსტრუმენტული პერფორაციის დროს ხშირად ზიანდება მსხლისებრი სინუსი. გამოკვლევის მომენტში ჰაერის ინსუფლიაციის გამო ინფექცია სწრაფად ვრცელდება შუასაყარში. ინტოქსიკაციის სიმპტომებიც მალევე ვლინდება და პროგრესირებს. ხშირად გამოკვლევისთანავე შეიმჩნევა კისერზე კანქვეშა კრეპიტაცია და მკერდუკანა ტკივილი, რომლეიც კისერსა და ბეჭთაშუა სივრცეს გადაეცემა. რამდენიმე საათის შემდეგ სხეულის ტემპერატურა საგრძნობლად იმატებს, ავადმყოფს ამცივნებს, სდის უხვი ოფლი, გულისცემა უჩქარდება და შესაძლოა, სეპტიკური შოკიც კი განუვითარდეს. სისხლში აღინიშნება მაღალი ლეიკოციტოზი ფორმულის მარცხნივ გადახრით. რენტგენოლოგიურად ვლინდება შუასაყრის ჩრდილის გაფართოება, ემფიზემა. საყლაპავის კონტრასტირების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს პერფორაციის ადგილი და ზომა, თუმცა მიკროპერფორაციის დროს კონტრასტის საყლაპავის გარეთ გაჟონვის დაფიქსირება ძნელია.
მედიასტინიტი შესაძლოა გართულდეს სეფსისით, პლევრის ემპიემით. არც ფიბროზის განვითარებაა გამორიცხული. პროგნოზი ყოველთვის მძიმეა და დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე, ინფექციის კარიბჭეზე, გამომწვევის სახეობაზე.

მკურნალობა. სამკურნალოდ ტარდება შუასაყრის ქსოვილის დრენირება, ოპერაციის შემდეგ - აქტიური ასპირაცია ღრუს გამორეცხვითა და დრენაჟით.
ენდოსკოპიის დროს საყლაპავის პერფორაციის შედეგად განვითარებული მედიასტინიტის შემთხვევაში დეფექტის გაკერვა შეუძლებელია. ეფექტურია შუასაყრის აქტიური დრენირება. ავადმყოფს კვებავენ რბილი ზონდით, ტარდება მასიური დეზინტოქსიკაციური თერაპია, ორგანიზმში შეჰყავთ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები. საყლაპავის გულმკერდის ნაწილის მნიშნელოვანი დაზიანებისას, რომელსაც თან სდევს პლევრის ფურცლების დაზიანებაც, აუცილებელია პერფორაციიდან მოკლე (24 საათზე ნაკლებ) ხანში დეფექტის ტრანსთორაკალური გაკერვა, შუასაყრისა და პლევრის ღრუს დრენირება. ოპერაციის შემდეგ ავადმყოფს ზონდით კვებავენ.
ქრონიკული მედიასტინიტი ხშირად ტუბერკულოზური (ბრონქოადენიტი), სოკოვანი ინფექციის, გადატანილი მწვავე ჩირქოვანი მედიასტინიტის შედეგია. კლინიკური გამოვლინებები განპირობებულია შუასაყრის ქსოვილის ფიბროზითა და ზედა ღრუ ვენის, სალაპავის, ფილტვის ვენების პროგრესირებადი გაჭყლეტით. ავადმყოფი უჩივის ტკივილს, ტემპერატურის მომატებას, ქოშინს ფიზიკური დატვირთვის დროს, ხმის შეცვლას. კლინიკური გამოვლინებები შეესაბამება შუასაყრის გაფართოების ხარისხს. ზედა ღრუ ვენის გაჭყლეტის ნიშნები რენტგენოლოგიური ცვლილებების გარეშეც თვალსაჩინოა. დიაგნოზი ზუსტდება ანგიოგრაფიითა და ტომოგრაფიით.
ქრონიკული მედიასტინიტის მკურნალობა ოპერაციულია. ოპერაციის დროს ზუსტდება მორფოლოგიური და ეტიოლოგიური დიაგნოზი. პროგნოზი მძიმეა.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია