მეჭეჭი კანის პატარა, არაანთებითი ხასიათის სიმსივნური წარმონაქმნია. მისი დიამეტრი 1-2 მმ-დან 1 სმ-მდე ვარირებს, იშვიათად უფრო მეტიც არის.
მეჭეჭს პაპილომავირუსი იწვევს. დაავადების საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე თვე გრძელდება. გამომწვევი გადაედება ინფიცირებულ ადამიანთან ან საგანთან შეხების დროს (სასქესო ორგანოთა ლორწოვანი გარსები სქესობრივი კონტაქტის შედეგად ზიანდება).
განასხვავებენ მეჭეჭის რამდენიმე ნაირსახეობას:
- ჩვეულებრივი მეჭეჭები 3-10 მმ დიამეტრის მრგვალი, მკვრივი, ხორკლიანზედაპირიანი, უმტკივნეულო კვანძებია. ისინი უმეტესად ხელის ზურგზე, თითებზე, სახეზე, თავის თმოვან ნაწილზე ჩნდება.
- ტერფის მეჭეჭები, ჩვეულებრივ, მტკივნეულია. ისინი დაფარულია გარქოვანებული შრით და კოჟრებს მოგვაგონებს. მათ წარმოქმნას ხელს უწყობს ფეხსაცმლის მუდმივი ზეწოლა და ხახუნი.
- ბრტყელი (ახალგაზრდული, იუვენილური) მეჭეჭები მცირე ზომის (0,5-3 მმ) მოყვითალო ან კანის ფერი კვანძებია. ასეთ მეჭეჭებს მრგვალი ან წიბოვანი გლუვი, ბრტყელი ზედაპირი აქვს და ოდნავ სცილდება კანს. უმეტესად სახეზე და ხელის ზურგზეა განლაგებული. ხშირია ახალგაზრდებში, განსაკუთრებით - მოსწავლეებში.
დიაგნისტიკა. ერთი შეხედვით მეჭეჭი ძალიან ადვილი ამოსაცნობია, მაგრამ დამოუკიდებლად დიაგნოზის დასმა ყოველთვის არ არის ადვილი, რადგან მეჭეჭი შესაძლოა კანის სხვა დაავადებით შეინიღბოს.
საზოგადოდ, კანზე არსებული ყოველგვარი სიმსივნური წამონაქმნი საყურადღებოა, მაგრამ ყველა წარმონაქმნი მეჭეჭი არ არის, ამიტომ დიაგნოზის დასასმელად ადამიანმა დერმატოლოგს უნდა მიმართოს.
დერმატოლოგთან ვიზიტი აუცილებელია, თუ:
- მეჭეჭი ხელს გიშლით და გრძნობთ მას (მაგალითად, ტეფრის მეჭეჭი);
- მტკივნეულია, სისხლმდინარია, იცვალა ფორმა ან ფერი;
- ძალიან გაიზარდა;
- გამოსაჩენ ადგილას მდებარეობს და ქმნის კოსმეტიკურ უხერხულობას;
- მრავლდება.
მკურნალობა. მეჭეჭების მკურნალობა აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით უნდა წარიმართოს - არასწორი მკურნალობის შედეგად მეჭეჭი შესაძლოა ავთვისებიან წარმონაქმნად იქცეს. მეჭეჭის მკურნალობისას მნიშვნელოვანია, ორგანიზმს უფრო მეტი ზიანი არ მივაყენოთ, ვიდრე თავად მეჭეჭი აყენებს.
ამჟამად მეჭეჭის მკურნალობის მრავალი მეთოდი არსებობს. მათ წარმონაქმნის ადგილმდებარეობისა და სახეობის მიხედვით ირჩევენ.
მკურნალობა შესაძლებელია:
- მედიკამენტური მეთოდით (ანტივირუსული პრეპარატები);
- მექანიკური გზით;
- ქიმიური გზით (მოწვა);
- დიათერმოკოაგულაციით (მოყინვა);
- კრიოთერაპიით (მეჭეჭების უმტკივნეულო მოწვა თხევადი აზოტით);
- ქირურგიული მეთოდით (მოკვეთა ჩვეულებრივ, ადგილობრივი ანესთეზიით, ან ლაზერული სკალპელით. შემდეგ ადებენ დამწოლ ნახვევს);
- ელექტროკოაგულაციით (მაღალი სიხშირის დენით, რომელიც ქსოვილების ტემპერატურას ზრდის, რის შედეგადაც ირღვევა მეჭეჭის მთლიანობა და ვირუსი იღუპება;
- იმუნოთერაპიით (დაავადების გამწვავებას უშუალო კავშირი აქვს იმუნური სისტემის მდგომარეობასთან).
მკურნალობის ზოგიერთ მეთოდს აქვს გართულებებიც. მაგალითად, მეჭეჭის ლაზერით მოშორებისას კანზე ზოგჯერ ნაწიბურები რჩება. ნაწიბურები შესაძლოა გაჩნდეს ზოგიერთი მოძველებული აპარატის გამოყენების დროსაც. მკურნალობის შედარებით დამზოგველ მეთოდებად მიიჩნევა კრიოთერაპია და ელექტროკოაგულაცია.
არამც და არამც არ შეიძლება მეჭეჭის დამოუკიდებლად მოშორება სახიდან, მათ შორის - ტუჩებიდან და ქუთუთოებიდან - შესაძლოა, მათ ადგილას ნაწიბურები დარჩეს.
რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა
- აიღეთ 2 ცალი ლიმონის კანი, დააქუცმაცეთ, დაასხით 1/2 ჭიქა 30%-იანი ძმარი, ჩაასხით მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში და 8 დღე დატოვეთ. დროდადრო შეანჯღრიეთ. 8 დღის შემდეგ გადაწურეთ. ამ ნაყენში დასველებული ტამპონი დღეში რამდენჯერმე დაიდეთ მეჭეჭზე.
- მეჭეჭის კანთან შეხების ადგილას მაგრად მოიჭირეთ აბრეშუმის ძაფი, ყოველდღე - უფრო და უფრო მეტად. მეჭეჭი გახმება და თავისთავად მოძვრება.
- აიღეთ 200 გრამი წიწვი, დაასხით 2 ლიტრი ადუღებული წყალი და კიდურები ამ ნაყენით დაიორთქლეთ, ვიდრე გაგრილდება. პროცედურა გაიმეორეთ 5-6-ჯერ, დღეგამოშვებით.
- მოკრიფეთ ფუჩფუჩა (ვაზისძირა), წამოადუღეთ და რამდენიმეჯერ დაიორთქლეთ სხეულის ის ნაწილები, სადაც მეჭეჭები გაქვთ.
- გაზაფხულზე მოტეხეთ ლეღვის ქორფა ყლორტი. გადანატეხიდან ყლორტს რძე წამოუვა. სწორედ ეს რძე წაისვით მეჭეჭზე. გაიმეორეთ ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში.
- მეჭეჭზე მშრალი ყინულის ნაჭერი მიიდეთ და გაიჩერეთ, სანამ გაუძლებთ. რამდენიმე ჯერის შემდეგ მეჭეჭი გაქრება.
- ნივრის კბილი დააქუცმაცეთ, დაიდეთ მეჭეჭზე და ლეიკოპლასტირით დაიმაგრეთ. 2-3 საათზე მეტხანს ნუ გაიჩერებთ - შესაძლოა, კანი დაგეწვათ.
- მეჭეჭზე რამდენჯერმე დაიდეთ ხახვის ნაჭერი - მეჭეჭი დარბილდება და ადვილად მოშორდება.
- ძილის წინ მეჭეჭზე დაიდეთ ცირცელის ნედლი, გასრესილი ნაყოფი, შეიხვიეთ და დილამდე დაიტოვეთ, დილით კი ჩამოიბანეთ. 8-10 პროცედურა საკმარისია.
- აიღეთ მომცრო კარტოფილი, შუაზე გაჭერით და განაჭერი მხრიდან დაიდეთ მეჭეჭზე.
- ქრისტესისხლას ქორფა ღეროს წვენი გამოადინეთ და მეჭეჭზე წაისვით.
- ფიკუსის წვენი და ძმრის ესენცია ერთმანეთში აურიეთ (პროპორციით 2:1), პლასტირის პატარა ნაჭერი შუაში მეჭეჭისოდენად ამოჭერით, მეჭეჭზე ჩამოიცვით (გარშემო საღი კანი რომ არ დაზიანდეს) და ფიკუსის ძმრის 1-2 წვეთი ზედ მეჭეჭზე დაიწვეთეთ. 5-10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა ჩაიტარეთ დღეში ერთხელ მეჭეჭის გაქრობამდე.