მიკოპლაზმა უმთავრესად ეკვრის ნაწლავების ეპითელიუმს, სასუნთქი და შარდსასქესო ტრაქტის ამომფენ ლორწოვან გარსს. აქედან გამომდინარე, ინფექციის კარიბჭეს რესპირატორული და შარდსასქესო ტრაქტის ლორწოვანი გარსები წარმოადგენს.
მიკოპლაზმის მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ ადამიანისთვის პათოგენურია მხოლოდ ოთხი მათგანი, რომლებიც განსაკუთრებულ პირობებში დაავადებას იწვევენ. ერთ-ერთი მათგანი, Mycoplasma pneumonia, აზიანებს სასუნთქ სისტემას და იწვევს ყელის, ბრონქების, ფილტვების ანთებით დაავადებებს. დანარჩენი სამი - Mycoplasma genitalium, Mycoplasma hominis, Ureaplasma urealiticum - შარდსასქესო მიკოპლაზმოზის გამომწვევია (დღესდღეობით ამ დაავადებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს შორის).
მიკოპლაზმა გადაეცემა:
- სქესობრივი გზით;
- ჰაერწვეთოვანი და საყოფაცხოვრებო გზით - მიკოპლაზმოზით დაავადებულთან უშუალო კონტაქტით, და საერთო მოხმარების საგნებით.
ინფიცირება ასევე შესაძლოა მოხდეს მუცლადყოფნის პერიოდში ან მშობიარობის დროს (მიკოპლაზმოზით დაავადებული დედისგან ახალშობილი სამშობიარო გზების გავლისას ინფიცირდება).
სიმპტომები და მიმდინარეობა. საინკუბაციო პერიოდი 4-დან 25 დღემდე გრძელდება (უმეტესად - 7-14 დღე). ინფექცია ვლინდება მწვავე რესპირატორული დაავადების, მწვავე პნევმონიის, აბაქტერიული ურეთრიტის ან გინეკოლოგიური ანთებითი დაავადებების სახით.
მწვავე მიკოპლაზმური რესპირატორული დაავადებისთვის დამახასიათებელია ექსუდაციური ფარინგიტი და რინოფარინგიტი. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა სუბფებრილურია.
მწვავე პნევმონია იწყება შემცივნებით, ტემპერატურის მომატებით, ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებით. გასინჯვით და რენტგენოლოგიური გამოკვლევით მიკოპლაზმური პნევმონია ოდნავ თუ განსხვავდება მწვავე ბაქტერიული პნევმონიისგან.
უროგენიტალიური მიკოპლაზმოზი კლინიკურად თითქმის არ განსხვავდება სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისგან (გონორეა, ტრიქომონოზი). ზოგიერთი ავადმყოფი არაფერს უჩივის, ზოგს, პირიქით, მკვეთრად აქვს გამოხატული სიმპტომები. ეს სიმპტომებია:
- სასქესო ორგანოებიდან რძის შრატის მსგავსი გამონადენი;
- გარეგანი სასქესო ორგანოების, ურეთრის დისტალური ნაწილისა და სხვა ლორწოვანი გარსების ქავილი;
- ტკივილი მენსტრუაციის შუა პერიოდში ან ბოლოს და ყავისფერი გამონადენი მენსტრუაციამდე ან მის შემდეგ;
- სისხლიანი ან ყავისფერი (ოვულატორული) გამონადენი მენსტრუაციებს შორის;
- კანზე გამონაყარი;
- ტკივილი ღვიძლის არეში, რომელიც ქოლეცისტიტს არ უკავშირდება;
- აციებისადმი გადამეტებული მიდრეკილება.
სიმპტომები და მიმდინარეობა. საინკუბაციო პერიოდი 4-დან 25 დღემდე (უმეტესად 7-14 დღე) გრძელდება. ინფექცია მიმდინარეობს მწვავე რესპირატორული დაავადების, მწვავე პნევმონიის, აბაქტერიული ურეთრიტის ან გინეკოლოგიური ანთებითი დაავადების სახით.
მიკოპლაზმური მწვავე რესპირატორული დაავადებისთვის დამახასიათებელია ექსუდაციური ფარინგიტისა და რინოფარინგიტის განვითარება. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა სუბფებრილურია.
მწვავე პნევმონია იწყება შემცივნებით, სხეულის ტემპერატურის მომატებით, ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებით. გასინჯვისა და რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით მიკოპლაზმური პნევმონია მცირედ განსხვავდება მწვავე ბაქტერიული პნევმონიისგან.
უროგენიტალური მიკოპლაზმოზი კლინიკურად თითქმის არ განსხვავდება სქესობრივი გზით გადამდები სხვა ეტიოლოგიის დაავადებებისგან (გონორეა, ტრიქომონოზი). ზოგიერთი ავადმყოფი არაფერს უჩივის, ზოგს, პირიქით, სიმპტომები მკვეთრად აქვს გამოხატული. ეს სიმპტომებია:
- სასქესო ორგანოებიდან რძის შრატის მსგავსი გამონადენი;
- გარეგანი სასქესო ორგანოების, ურეთრის დისტალური ნაწილის და სხვა ლორწოვანი გარსების ქავილი;
- ტკივილი მენსტრუაციის შუაში ან ბოლოს და ყავისფერი გამონადენი მენსტრუაციამდე ან მის შემდეგ;
- სისხლიანი ან ყავისფერი (ოვულატორული) გამონადენი მენსტრუაციებს შორის;
- კანზე გამონაყარი;
- ღვიძლის არეში ლოკალიზებული ტკივილი, რომელიც არ უკავშირდება ქოლეცისტიტს;
- გაციებისადმი მომეტებული მიდრეკილება.
მიკოპლაზმოზი და ორსულობა
ორსულობისას მიკოპლაზმური ინფექცია, წესისამებრ, მწვავდება და იწვევს გართულებებს, მათ შორის - ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას და მკვდარშობადობას.
საბედნიეროდ, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, მიკოპლაზმა არ აზიანებს ნაყოფს - პლაცენტა საიმედოდ იცავს ბავშვს ინფექციისგან, მაგრამ მიკოპლაზმით გამოწვეული ანთებითი პროცესი საშოს კედლებიდან და საშვილოსნოს ყელიდან შესაძლოა სანაყოფე გარსზე გადავიდეს. ამ შემთხვევაში გარსი გაიხევა, სანაყოფე წყლები დაიღვრება და დაიწყება ნაადრევი მშობიარობა. მიკოპლაზმოზის დროს ნაადრევი მშობიარობის რისკი 2-3-ჯერ იმატებს. ახალშობილი შესაძლოა დაინფიცირდეს დაავადებული დედის სამშობიარო გზების გავლისას.
მშობიარობის, აბორტის, საკეისრო კვეთის შემდეგ მიკოპლაზმა საშვილოსნოში მწვავე ინფექციურ პროცესს - ენდომეტრიტს იწვევს. ენდომეტრიტი მშობიარობის შემდგომი პერიოდის ყველაზე ხშირი და საშიში გართულებაა.
მიკოპლაზმოზით დაავადებული ქალი უჩივის შარდსასქესო გზებიდან გამონადენს, ზომიერ ქავილს, შარდვის დროს უსიამოვნო შეგრძნებას, სქესობრივი კავშირის დროს ტკივილს. ეს შეგრძნებები პერიოდულად ძლიერდება, შემდეგ თავისთავად სუსტდება და თითქმის შეუმჩნეველი ხდება.
მიკოპლაზმოზი და ბავშვები
ბავშვებში მიკოპლაზმოზი რამდენადმე განსხვავებულად მიმდინარეობს. უმთავრესად ბრონქული ხე ზიანდება, რაც ხორხის, ცხვირის, ბრონქებისა და ფილტვების ანთებას იწვევს. პროცესის ინტენსივობა ბავშვის იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. სუსტი ბავშვები უფრო ხშირად და მძიმედ ავადმყოფობენ.
ბავშვი მიკოპლაზმით შეიძლება დაინფიცირდეს საბავშვო ბაღში, სკოლაში, ნებისმიერ სხვა ხალხმრავალ კოლექტივში. ამ შემთხვევაში მიკოპლაზმა ჰაერწვეთოვანი გზით გადაედება. ინფიცირდებიან მხოლოდ ის ბავშვები, რომელთაც იმუნური სისტემა ამ დროისთვის ძალიან აქვთ დასუსტებული. ინფიცირების შედეგად უმეტესად ბრონქიტი ვითარდება, თუმცა არც ფილტვების ანთებაა გამორიცხული. აშშ-ში ბავშვთა ბრონქიტი ათიდან 4 შემთხვევაში მიკოპლაზმური წარმოშობისაა. მიკოპლაზმური ბრონქიტის დროს ყველაზე სახასიათო სიმპტომია გახანგრძლივებული (ორ კვირაზე ხანგრძლივი) ხველა.
ბრონქული ასთმის დროს მიკოპლაზმით ინფიცირება ასთმური შეტევების გახშირებას განაპირობებს. მიკოპლაზმოზის მკურნალობის შემდეგ ბავშვს ბრონქული ასთმის შეტევები დიდხანს აღარ ემართება.
დიაგნოსტიკა. მიკოპლაზმოზის დიაგნოსტიკა საკმაოდ ძნელია - სპეციფიკური სიმპტომები არ არსებობს, მიკოპლაზმა კი იმდენად პატარაა, რომ ჩვეულებრივი მიკროსკოპით მისი აღმოჩენა შეუძლებელია. დაავადების დიაგნოსტიკისთვის გამოსაკვლევ პირს უღებენ ნაცხს და მას პოლიმერულ-ჯაჭვური რეაქციით (პჯრ, დნმ დიაგნოსტიკა) ან იმუნოფლუორესცენციური მეთოდით იკვლევენ. დიაგნოსტიკა შესაძლებელია ვენიდან აღებული სისხლის მიკოპლაზმის საწინააღმდეგო ანტისხეულების შემცველობაზე გამოკვლევითაც.
მკურნალობა. მიკოპლაზმოზს ანტიბიოტიკებით მკურნალობენ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მიკოპლაზმა გამძლეა სულფანილამიდებისა და პენიცილინის ჯგუფის პრეპარატების მიმართ, ამიტომ ინიშნება მაკროლიდები, ტეტრაციკლინი, აზალიდი, ცეფალოსპორინები, ფტორქინოლონი. ამ პრეპარატების გამოყენების შედეგად კლინიკური ნიშნები სრულიად ქრება და ანალიზები ნორმალიზდება, მაგრამ, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, გამომწვევის სრული ლიკვიდაცია ვერ ხერხდება.
თუ ადამიანს, რომელსაც მიკოპლაზმოზი აღმოაჩნდა, ჰყავს რეგულარული სქესობრივი პარტნიორი, აუცილებელია ამ უკანასკნელის მკურნალობაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელახალი დაინფიცირება გარდაუვალია, რადგან დაავადება იმუნიტეტს არ ტოვებს.