ამ დაავადებაზე საუბრისას ხშირად იყენებენ ტერმინებს ლეიომიომა (საერთაშორისო სახელწოდება), ფიბრომიომა, რაბდომიომა. მიომას, რომელიც მხოლოდ გლუვკუნთოვანი ქსოვილისგან შედგება, ლეიომიომა ეწოდება, თუმცა ასეთი რამ იშვიათია - მიომა კუნთოვან ბოჭკოებთან ერთად შემაერთებელ ქსოვილსაც შეიცავს. როდესაც ეს უკანასკნელი უფრო მეტია (კუნთოვანი ქსოვილისა და შემაერთებელი ქსოვილის თანაფარდობაა 1:3), სიმსივნეს ფიბრომიომას უწოდებენ (ლათინური სიტყვიდან ფიბრა - ბოჭკო). განივზოლიანი კუნთოვანი ბოჭკოებით წარმოდგენილ მიომას რაბდომიომა ეწოდება.
საშვილოსნოს მიომის დროს საშვილოსნოს კუნთოვანი შრის უჯრედები აქტიურად მრავლდება, რაც, უწინარეს ყოვლისა, ქალური სასქესო ჰორმონების - ესტროგენების ჭარბი სეკრეციით არის გამოწვეული. ესტროგენები ასტიმულირებს საშვილოსნოს მიომის ზრდას, ხოლო პროგესტერონი, პირიქით, მის უკუგანვითარებას იწვევს, თუმცა სისხლში ესტროგენებისა და პროგესტერონის ნორმალური შემცველობა მიომის არსებობას არ გამორიცხავს.
მიომური კვანძი სხვადასხვა ზომისა და ფორმისა, ერთეული ან მრავლობითია, იწონის რამდენიმე გრამიდან კილოგრამამდე, ზოგჯერ - მეტსაც. მიომური კვანძები იზრდება ან მუცლის ღრუს, ან საშვილოსნოს ღრუს მიმართულებით. ზოგიერთი კვანძი სწრაფად იზრდება და ირგვლივ მდებარე ორგანოებზე ზეწოლისას უსიამოვნო სიმპტომებს იწვევს, ზოგი კი ნელა, უსიმპტომოდ ვითარდება და პროფილაქტიკური დათვალიერებისას შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე. მიომური კვანძები უმეტესად (95%) საშვილოსნოს სხეულში, შედარებით იშვიათად (5%) კი საშვილოსნოს ყელში მდებარეობს.
კვანძის მდებარეობის მიხედვით განასხვავებენ მიომის რამდენიმე ფორმას:
- ინტერსტიციულს (მდებარეობს საშვილოსნოს კედელში);
- სუბმუკოზურს (მდებარეობს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ქვეშ და მიმართულია საშვილოსნოს ღრუსკენ);
- სუბსეროზულს (მდებარეობს საშვილოსნოს ზემოდან, პერიტონეუმის ქვეშ. ზოგჯერ აქვს სქელი ფუძე ან ფეხი).
საშვილოსნოს მიომის მიზეზი ბოლომდე არ არის დადგენილი. მიაჩნიათ, რომ საშვილოსნოს მიომის განვითარებაში ბრალი მიუძღვის ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხე-საშვილოსნოს სისტემაში არსებულ დარღვევებს.
დადგენილია, რომ საშვილოსნოს მიომის გენეზში განსაზღვრულ როლს ასრულებს ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობის ცვლილება, განსაკუთრებით - ქრონიკული ინფექციური კერების არსებობა, ასევე მემკვიდრეობითი განწყობა.
სიმპტომები და მიმდინარეობა. საშვილოსნოს მიომის კლინიკური სურათი დამოკიდებულია ავადმყოფის ასაკზე, დაავადების ხანგრძლივობაზე, მიომური კვანძების ლოკალიზაციაზე, თანმხლებ გენიტალიურ და ექსტრაგენიტალიურ პათოლოგიებსა და და სხვა ფაქტორებზე.
სიმსივნის განვითარების ადრეულ სტადიაზე (რომელიც უმეტესად ქალის რეპროდუქციულ ასაკს ემთხვევა) ვითარდება ხანგრძლივი და ჭარბი მენსტრუაცია (მენორაგია). შედარებით უფროს ასაკში შესაძლოა თავი იჩინოს აციკლურმა სისხლდენებმა. უხვი სისხლდენა ხშირად ანემიას იწვევს.
ავადმყოფი ზოგჯერ ტკივილს უჩივის. მუდმივი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში და წელის არეში ხშირად იმით არის განპირობებული, რომ გაზრდილი სუბსეროზული კვანძები იწვევენ სეროზული გარსის გაჭიმვას ან მენჯის ნერვულ წნულს აწვებიან. ზოგჯერ ტკივილს მიომურად შეცვლილ საშვილოსნოში დისტროფიული და ნეკროზული ცვლილებები იწვევს. მენსტრუაციის დროს შეტევისებური ტკივილი ახასიათებს სუბმუკოზური ლოკალიზაციის სიმსივნეს. ზოგჯერ ტკივილი მუდმივი და ძლიერია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიომური კვანძი განიერი იოგის ფურცლებს შორის მდებარეობს.
საშვილოსნოს ქვედა მესამედში, წინა ან უკანა ზედაპირზე მდებარე მიომურმა კვანძებმა შესაძლოა შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის ფუნქციის დარღვევა გამოიწვიონ.
ქალების დაახლოებით 28%-ს არაფერი აწუხებს და სიმსივნეს შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევისას.
გართულება. საშვილოსნოს მიომის ყველაზე ხშირი გართულებაა კვანძის ნეკროზი, რასაც მისი კვების დარღვევა იწვევს. ასეთი გართულება, წესისამებრ, დიდი ზომის მიომური კვანძების არსებობის ან კვანძის ფეხზე შემოგრეხის შემთხვევაში ვითარდება. ამ დროს მწვავე მუცლის კლინიკური სურათი აღინიშნება.
მიომა და ორსულობა. მიომის დროს ორსულობა შესაძლებელია, თუმცა სირთულეები არსებობს. კერძოდ, გაძნელებულია ჩასახვა, ვინაიდან მიომა ახშობს საშვილოსნოს მილებს, ხელს უშლის სპერმატოზოიდების გადაადგილებას, არღვევს ოვულაციას. როდესაც უშვილობის ყველა სხვა მიზეზი აღმოფხვრილია, მიომის ამოკვეთა საგრძნობლად ზრდის ჩასახვის ალბათობას.
თუ მიომა დიდია და საშვილოსნოს ღრუს დეფორმაციას იწვევს, მისი ამოკვეთის შემდეგ შვილოსნობის ფუნქციის შენარჩუნება საკმაოდ ძნელია, მით უმეტეს, ოპერაციას შესაძლოა მოჰყვეს სისხლდენა და საშვილოსნოს ამოკვეთა გახდეს საჭირო.
მიომის გავლენა ორსულობაზე
ორსულობის პირველ ტრიმესტრში გართულებები თავს მხოლოდ მაშინ იჩენს, როდესაც პლაცენტა მიომური კვანძის არეში მდებარეობს ან კვანძი (კვანძები) მეტისმეტად დიდია. დიდი ზომის მიომური კვანძი ნაყოფის შენარჩუნებას ართულებს.
აბორტის უშუალო მიზეზია:
- საშვილოსნოს მომატებული კუმშვადობა (მიომის დარღვევისას მისგან გამოთავისუფლდება პროსტაგლანდინები - ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც საშვილოსნოს შეკუმშვას იწვევს);
- საშვილოსნოში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
- ნეიროენდოკრინული დარღვევები;
- ქრონიკული ინფექციური დაავადებები;
- საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის პათოლოგიები (ჰიპერპლაზია, საშვილოსნოს ენდომეტრიუმის პოლიპოზი).
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში მიომის არსებობისას იმატებს ნაადრევი მშობიარობის რისკი, რის მიზეზადაც საშვილოსნოში თავისუფალი ადგილის შემცირებას და საშვილოსნოს კუმშვადობის მომატებას მიიჩნევენ. რაც უფრო დიდია მიომური კვანძი, მით უფრო მაღალია ნაადრევი მშობიარობის ალბათობა. ამასთანავე, დიდი მნიშვნელობა აქვს კვანძის მდებარეობას და პლაცენტასთან კონტაქტს. დიდი ზომის მიომა ნაყოფის ზრდასა და განვითარებაზეც მოქმედებს. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები თავის ქალას თანდაყოლილი დეფორმაციითა და კისერმრუდობით იბადებიან, რაც, სავარაუდოდ, მიომის ზეწოლით არის გამოწვეული. დიდი მიომის მქონე ორსულებს ხშირად უჩნდებათ მცირეწონიანი შვილები. ორსულობისას სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო მიომურ კვანძში ვითარდება პათოლოგიური ცვლილებები, ზოგჯერ - ანთებითი და ინფექციური პროცესები, თრომბოზები და თრომბოემბოლიური გართულებები. ამ მახასიათებლებზეა დამოკიდებული ორსულობის გართულებები მიომის დროს.
რისკი დაბალია, როდესაც მიომური კვანძი:
- მდებარეობს საშვილოსნოს ტანში, ფუძეზე; კუნთებს შორის ან პერიტონეუმის ქვეშ;
- ზომით არ აღემატება 5-6 სმ-ს;
- რაოდენობით არ აღემატება 4-ს;
- არ იწვევს საშვილოსნოს ღრუს დეფორმაციას;
- მდებარეობს პლაცენტიდან მოშორებით;
- ულტრაბგერითი გამოკვლევა ქსოვილთა სტრუქტურის ვცლილებას არ ავლენს.
რისკი მაღალია, როდესაც კვანძი:
- მდებარეობს ლორწოვანი გარსის ქვეშ ან საშვილოსნოს ქვედა ნაწილში;
- ზომით აღემატება 7 სმ-ს;
- 5-ზე მეტია;
- იწვევს საშვილოსნოს ღრუს დეფორმაციას;
- დარღვეულია ქსოვილთა სტრუქტურა;
- მდებარეობს პლაცენტის ახლოს.
მიომიან ორსულთა ნახევარს მშობიარობა უხანგრძლივდება. გარდა ამისა, ხშირად საჭირო ხდება მშობიარობის საკეისრო კვეთით დასრულება. საკუთრივ მიომა ნაყოფის დაბადებას ხელს არ უშლის; პრობლემა ის არის, რომ მიომური კვანძი (მეტადრე - დიდი ზომისა) ხშირად შერწყმულია ნაყოფის მდებარეობის ისეთ ანომალიასთან, რომლის დროსაც ფიზიოლოგიური მშობიარობა შეუძლებელია (განივი და ირიბი მდებარეობა, მენჯითა და სახით წინ მდებარეობა).
მშობიარობის დროს ხშირია პლაცენტის აცლა (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიომა პლაცენტის უკან მდებარეობს).
მიომა ხშირად მშობიარობის შემდგომ პერიოდსაც ართულებს. კერძოდ, მოსალოდნელია მშობიარობის შემდგომი სისხლდენა, ინფექციური დაავადებები და საშვილოსნოს არასრული უკუგანვითარება (საშვილოსნო არ იკუმშება და არ იბრუნებს საწყის ზომას).
ორსულობის გავლენა მიომაზე
ორსულობისთვის აუცილებელია სისხლში ესტროგენებისა და პროგესტერონის მაღალი შემცველობა, მიომაზე კი ერთიც მოქმედებს და მეორეც. ორსულობისას ჰორმონულთან ერთად ხდება მექანიკური ცვლილებებიც, კერძოდ, საშვილოსნოს კუნთოვანი გარსი (მიომეტრიუმი) დიდდება და იწელება. ძლიერდება სისხლის მიმოქცევა საშვილოსნოს კედელში. მიომაზე ეს ცვლილებები მით უფრო მეტ გავლენას ახდენს, რაც უფრო მეტად არის ჩათრეული პათოლოგიურ პროცესში საშვილოსნო. ორსულობისას მიომა იზრდება, მაგრამ ეს არ არის ჭეშმარიტი ზრდა - სიმსივნის ზომების მატება თვით საშვილოსნოს ზრდით არის განპირობებული. მიომური კვანძის უმნიშვნელო გადიდება უმთავრესად პირველ და მეორე ტრიმესტრებში აღინიშნება. მესამეში მიომა პატარავდება. მთელი ორსულობის განმავლობაში მიომის მნიშვნელოვანი ზრდა ძალზე იშვიათია და ორსულობის მიმდინარეობაზე გავლენას პრაქტიკულად არ ახდენს. ორსულობისას უფრო ხშირია სხვა მოვლენები, კერძოდ, მიომის დეგენერაცია (დარღვევა), რაც მიომის კვანძის ნეკროზს (სიკვდილს), შეშუპებას, კისტებს, სისხლდენებს და სხვა უსიამოვნებებს იწვევს. დეგენერაციული ცვლილებები შესაძლოა განვითარდეს ორსულობის ნებისმიერ ვადაზე, ასევე - მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
დიაგნოსტიკა. საშვილოსნოს მიომის დიაგნოსტიკა რთული არ არის - გადიდებული, მოძრავი, უმტკივნეულო, კვანძოვანზედაპირიანი, მკვრივი საშვილოსნოს შემჩნევა ჩვეულებრივი გინეკოლოგიური გასინჯვითაც შესაძლებელია.
უკანასკნელ ხანს საშვილოსნოს მიომის ზომებისა და კვანძის ლოკალიზაციის დასადგენად ფართოდ გამოიყენება ულტრაბგერითი სკანირების მეთოდი.
საშვილოსნოს მიომის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება კვლევის ენდოსკოპიური მეთოდები: ჰისტეროსკოპია (საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირის დათვალიერება), ლაპაროსკოპია, კოლპოსკოპია (საშოს დათვალიერება). ჰისტეროსკოპიით შესაძლებელია მიომის სუბმუკოზური ფორმის, ასევე თანმხლები დაავადებების - ენდომეტრიოზის, პოლიპოზის გამოვლენა.
საშვილოსნოს მიომის მქონე პაციენტის გამოკვლევისას აუცილებელია განსაკუთრებული ონკოლოგიური სიფრთხილე: უნდა გამოირიცხოს საკვერცხეების სიმსივნე, კიბოსწინარე პროცესები, ენდომეტრიუმისა და საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის კიბო.
მკურნალობა. არსებობს საშვილოსნოს მიომის მკურნალობის ორი მეთოდი: კონსერვატიული და ქირურგიული. თითოეულ მათგანს თავისი ჩვენებები და უკუჩვენებები აქვს. მკურნალობის მეთოდის არჩევისას ითვალისწინებენ ავადმყოფის ასაკს, პრემორბიდულ (ავადმყოფობის წინა) ფონს, თანმხლებ ექტრაგენიტალიურ და გინეკოლოგიურ დაავადებებს, ჰორმონულ დარღვევებს, სიმსივნის ზრდის ხასიათს, მიომური კვანძის განლაგების თავისებურებებს, მენსტრუალური ციკლის დარღვევას, ანემიზაციას და სხვა.
მიომას კონსერვატიულად მკურნალობენ მძიმე ფორმის, ასევე თანმხლები ექსტრაგენიტალიური დაავადებების შემთხვევებში, როდესაც ოპერაციული ჩარევა უკუნაჩვენებია. ჰორმონოთერაპიის დანიშვნა მიზანშეწონილია პრემენოპაუზურ (კლიმაქსის წინა) პერიოდში. სუფთა გესტაგენები ინიშნება, როდესაც მიომის ასაკი არ აღემატება 5 წელს. მენსტრუალური ციკლის დარღვევისას მკურნალობა ტარდება ესტროგენ-გესტაგენური პრეპარატებით. აღსანიშნავია, რომ ჰორმონული მკურნალობა ფუნქციური დიაგნოსტიკური ტესტების კონტროლის თანხლებით მიმდინარეობს.
საშვილოსნოს მიომის კონსერვატიული მკურნალობის უკუჩვენებაა:
- საშვილოსნოს მიომის სუბმუკოზური ფორმა;
- ინტერსტიციული ლოკალიზაციის კვანძი ცენტრიპეტალური (ცენტრისკენული) ზრდით და საშვილოსნოს ღრუს მკვეთრი დეფორმაციით;
- მიომური კვანძის ნეკროზი;
- ეჭვი საშვილოსნოს მიომის ავთვისებიან გადაგვარებაზე.
საშვილოსნოს მიომის ქირურგიული მკურნალობის ჩვენებაა:
- სიმსივნის სწრაფი ზრდა და დიდი ზომა;
- ანემიის საწინააღმდეგო თერაპიის მიუხედავად გამოხატული ანემიზაცია;
- მიომის სუბმუკოზური ფორმა;
- საშვილოსნოს ყელის მიომა;
- კვანძის ნეკროზი;
- შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის ფუნქციის დარღვევა.
ოპერაცია შეიძლება იყოს როგორც პალიაციური (კვანძის ამოსახსვრა), ისე რადიკალური (საშვილოსნოს ამპუტაცია ან ექსტირპაცია). ასევე აუცილებელია მასალის აღება ჰისტოლოგიური კვლევისთვის სიმსივნის კეთილთვისებიანობის დასადასტურებლად.
ორსულობისას ქირურგიულ ჩარევას ძალიან იშვიათად მიმართავენ - მხოლოდ მაშინ, როდესაც მიომური კვანძი მეტისმეტად სწრაფად იზრდება, აწვება მეზობელ ორგანოებს და იწვევს ძლიერ, აუტანელ ტკივილს. ზოგჯერ ორსულობის შესანარჩუნებლად მინიმალური ქირურგიული ჩარევაც საკმარისია. ოპერაცია აბორტსა და ნაადრევ მშობიარობას მხოლოდ ძალიან მძიმე შემთხვევებში იწვევს.