მოყინვა ეწოდება დაბალი ტემპერატურის გავლენით სხეულის რომელიმე ნაწილის დაზიანებას ქსოვილის კვდომამდეც კი. მოყინვა უმთავრესად ზამთრის ცივ დღეებში ხდება, როცა ჰაერის ტემპერატურა  -100C - -200C-ზე დაბალია, თუმცა არც შემოდგომის ცივ დღეებში, 00C-ზე მაღალი ტემპერატურის დროს არის გამორიცხული, თუ ადამიანი დიდხანს დარჩა ქუჩაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაღალია ტენიანობა და ქრის ქარი. ამრიგად, მოყინვისთვის მეტისმეტად დაბალი ტემპერატურა აუცილებელი არ არის; საკმარისია დროის განსაზღვრულ ერთეულში დიდი ოდენობით სითბოს დაკარგვა.
ყინვაში მოყინვის განვითარებას ხელს უწყობს მოჭერილი და ნამიანი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ფიზიკური გადაღლა, შიმშილი, ხანგრძლივი იძულებითი უმოძრაო ან მოუხერხებელი პოზა, ავადმყოფობისგან ორგანიზმის დაუძლურება, ფეხების ოფლიანობა, ქვედა კიდურების სისხლძარღვებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებები, მძიმე მექანიკური დაზიანება, რასაც სისხლის დაკარგვა მოჰყვება, მოწევა და სხვა.
სტატისტიკის თანახმად, მძიმე მოყინვა, რომლის გამოც საჭირო ხდება კიდურის ამპუტაცია, უმეტესად ალკოჰოლური თრობის პერიოდში ვითარდება.
სიცივის გავლენით ქსოვილებში ხდება მძიმე ცვლილებები, რომელთა ხასიათიც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დაბალია ტემპერატურა და რამდენ ხანს გრძელდება მისი ზემოქმედება. -300C-ზე დაბალი ტემპერატურა ქსოვილზე უშუალოდ მოქმედებს და იწყება მოყინული უჯრედების კვდომა. -100C - -200C ტემპერატურაზე (მოყინვა უმთავრესად ამ ტემპერატურულ შუალედში ხდება) იწყება სისხლძარღვოვანი ცვლილებები, კერძოდ, წვრილი სისხლძარღვების სპაზმი. შედეგად ნელდება სისხლის მიმოქცევა და წყდება ქსოვილოვანი ფერმენტების მოქმედება.
აღსანიშნავია, რომ გადაცივებულ ქსოვილებში ნელდება ნივთიერებათა ცვლა და მცირდება ჟანგბადის მოთხოვნილება. ნივთიერებათა მინიმალური ცვლა თავდაპირველად საკმარისია უჯრედთა სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად. დაზიანებული ქსოვილების პასიური გათბობის შედეგად ნივთიერებათა ცვლა სწრაფად ძლიერდება და ჟანგბადის მოხმარება იზრდება, მაგრამ სპაზმურად შევიწროებული არტერიები უჯრედთა მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებენ. ამის შედეგად ვითარდება ჰიპოქსია ქსოვილთა ნეკროზით.
მხოლოდ გაყინულ ქსოვილებში სისხლმიმოქცევის აღდგენის შემდეგ არის შესაძლებელი ნეკროზული ცვლილებების სიღრმისა და ხარისხის განსაზღვრა.
მომენტალური მოყინვა ვითარდება ძლიერ გაყინულ საგნებთან უშუალო კონტაქტის დროს. გათბობის შემდეგ ქსოვილები მალევე აღიდგენენ ფუნქციას.

გამოყოფენ მოყინულობის 4 ხარისხს:
I ხარისხი (მსუბუქი) - წესისამებრ, ვითარდება ცივი ტემპერატურის ხანმოკლე ზემოქმედების შედეგად. ზიანდება მხოლოდ კანი. თავდაპირველად იგი ფერმკრთალია, გათბობის შემდეგ წითლდება, ზოგჯერ იღებს მუქ წითელ ფერს. ვითარდება შეშუპება. კანის უჯრედები არ კვდება. სრულ გამოჯანმრთელებას 5-7 დღე სჭირდება. I ხარისხის მოყინვის პირველი ნიშნებია წვის შეგრძნება, დაზიანებული უბნის სიწითლე და შემდგომ - დაბუჟება. ამის შემდეგ იწყება ქავილი და  ტკივილი, ზოგჯერ - უმნიშვნელო, ზოგჯერ - მკვეთრად გამოხატული.
II ხარისხის მოყინულობა სიცივის უფრო ხანგრძლივი ზემოქმედებისას ვითარდება. ამ დროს სისხლძარღვთა სპაზმი უფრო გამოხატული და გავრცობილია. თავდაპირველად კიდური ფითრდება, ცივდება, მგრძნობელობას კარგავს, მაგრამ ეს მოვლენები მოყინვის ნებისმიერი ხარისხის დროს შეიმჩნევა, ამიტომ უფრო სპეციფიკურ ნიშნად მიჩნეულია მოყინვის შემდეგ პირველსავე დღეებში დაზიანებულ უბანზე გამჭვირვალე სითხით სავსე ბუშტუკების გაჩენა, რაც ქსოვილოვანი ჰიპოქსიის შედეგად სისხლძარღვებიდან პლაზმის გამოსვლით არის განპირობებული. კანის სრულფასოვან აღდგენას 1-2 კვირა სჭირდება. ნაწიბურები და გრანულაცია არ ვითარდება. II ხარისხის მოყინულობის დროს გათბობის შემდეგ ტკივილი უფრო ინტენსიური და ხანგრძლივია, ვიდრე I ხარისხის დამწვრობისას. თავს იჩენს წვა და ქავილი.
III ხარისხის მოყინულობა სიცივის კიდევ უფრო ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგია. თავდაპირველად ჩნდება სისხლის შემცველი ბუშტუკები, რომლებსაც მოლურჯო-მოწითალო ძირი აქვს. აღინიშნება მგრძნობელობის დაკარგვა. მოყინული კანის ყველა ელემენტი კვდება და ბოლოს ვითარდება გრანულაცია და ნაწიბური. თუ ფრჩხილი დაიკარგა, ხელახლა ან აღარ იზრდება, ან იზრდება, მაგრამ დეფორმირებული. მკვდარი ქსოვილის მოშორების პროცესი 2-3 კვირაში სრულდება, შემდეგ კი 1 თვე დანაწიბურება მიმდინარეობს. III ხარისხის მოყინულობის დროს ტკივილის ინტენსივობა და ხანგრძლივობა უფრო მეტია, ვიდრე II ხარისხის მოყინულობის შემთხვევაში.
IV ხარისხის მოყინულობა სიცივის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგია. ამ დროს ქსოვილებში ტემპერატურის დაქვეითება კიდევ უფრო მკვეთრია. ის არცთუ იშვიათად ერწყმის II და III ხარისხის მოყინულობას. რბილი ქსოვილის ყველა შრე კვდება, არცთუ იშვიათად ზიანდება ძვლები და სახსრები.
კიდურების დაზიანებული უბნები მკვეთრად ლურჯდება, ზოგჯერ მარმარილოსებრ შეფერილობას იღებს. გათბობისთანავე ვითარდება შეშუპება, რომელიც სწრაფად პროგრესირებს. კანის ტემპერატურა გაცილებით დაბალია, ვიდრე მოყინულობის ირგვლივ მდებარე უბნებზე. ბუშტუკები იშვიათად ჩნდება. თუ გაჩნდა - II და III ხარისხის მოყინულობის უბნებზე. ბუშტუკების არარსებობა, ძლიერი შეშუპება და მგრძნობელობის სრული დაკარგვა IV ხარისხის მოყინულობას მოწმობს.

დაბალ ტემპერატურაზე დიდხანს ყოფნისას შესაძლოა განვითარდეს არა მარტო ადგილობრივი, არამედ ზოგადი გადაცივებაც. ეს არის მდგომარეობა, რომელსაც იწვევს სხეულის ტემპერატურის 300-ზე ქვემოთ დაცემა.
ზოგადი გადაცივების გამომწვევი ფაქტორები იგივეა, რაც ადგილობრივისა: ჰაერის მაღალი ტენიანობა, ნესტიანი ტანსაცმელი, ძლიერი ქარი, ფიზიკური გადატვირთვა, ფსიქიკური ტრავმა, გადატანილი დაავადებები და ტრავმები.
განასხვავებენ ზოგადი გადაცივების მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს:

  • მსუბუქი: სხეულის ტემპერატურა - 32-34 0C; კანი - ფერმკრთალი ან ზომიერად მოლურჯო, ბატის კანივით დახორკლილი; ციება; მეტყველების გაძნელება; პულსი - 60-66 დარტყმა წუთში; არტერიული წნევა - ნორმალური ან ოდნავ მომატებული; სუნთქვა დარღვეული არ არის; შესაძლოა, განვითარდეს I-II ხარისხის მოყინულობა.
  • საშუალო: სხეულის ტემპერატურა - 29-32 0C; მკვეთრი ძილიანობა, გონების დაბინდვა, უაზრო გამოხედვა; კანი - ფერმკრთალი ან მოლურჯო, ზოგჯერ - მარმარილოსებრი, შეხებისას - ცივი; პულსი - 50-60 დარტყმა წუთში, სუსტი ავსებისა; არტერიული წნევა - უმნიშვნელოდ დაცემული; სუნთქვა - იშვიათი (წუთში 8-12) და ზედაპირული; შესაძლოა განვითარდეს სახისა და კიდურების I-IV ხარისხის მოყინულობა;
  • მძიმე: სხეულის ტემპერატურა - 31 0C-ზე დაბალი; ავადმყოფი გონებას კარგავს, ეწყება კრუნჩხვა, აღებინებს; კანი ფერმკრთალი და მოლურჯოა, შეხებისას - ცივი; პულსი 36 დარტყმამდე ეცემა და სუსტი ავსებისაა; არტერიული წნევა მკვეთრად ეცემა, სუნთქვა იშვიათი (წუთში 3-4) და ზედაპირულია; აღინიშნება  მძიმე და გავრცობილი მოყინულობა.

პირველი დახმარება მოყინვის დროს
პირველი დახმარება დამოკიდებულია მოყინულობის ხარისხზე, ორგანიზმის ზოგადი გადაცივების თანაობაზე, ასაკსა და თანმხლებ დაავადებებზე. გულისხმობს ცივი ტემპერატურის ზემოქმედების შეწყვეტას, კიდურების გათბობას, დაზიანებულ ქსოვილში სისხლის მიმოქცევის აღდგენას და ინფექციის თავიდან აცილებას.
მოყინვის ნიშნების შემჩნევისას, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დაზარალებულის შეყვანა უახლოეს  თბილ შენობაში, გაციებულ-გაყინული ფეხსაცმელების, წინდების, ხელთათმანების გახდა. პარალელურად საჭიროა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება.
I ხარისხის მოყინულობის შემთხვევაში უნდა მოხდეს მოყინული უბნის გათბობა (გაწითლებამდე) თბილი ხელებით მსუბუქი მასაჟით, შალის ქსოვილით დაზელით, დაორთქლვით, ამის შემდეგ კი საჭიროა  ბამბა-დოლბანდის ნახვევის დადება.
II-IV ხარისხის მოყინულობის შემთხვევაში სწრაფად გათბობა, მასაჟი და დაზელა არ შეიძლება. დაზიანებულ ზედაპირზე უნდა დაედოს სითბოს შემანარჩუნებელი ნახვევი (ერთი ფენა დოლბანდი, ბამბის სქელი ფენა, ისევ ერთი ფენა დოლბანდი, ზემოდან კი ცელოფანი ან ნახევრად რეზინის ქსოვილი). უნდა მოხდეს დაზიანებული კიდურის ფიქსაცია სახელდახელო საშუალებაზე (ფიცარი, სქელი მუყაო და სხვა). სითბოს შემანარჩუნებელ ქსოვილად შეიძლება გამოყენებულ იქნეს შალი, ფლანელი და სხვა.
დაზარალებულს უნდა მივცეთ ცხელი სასმელი ან საჭმელი, ცოტაოდენი ალკოჰოლი, ერთი აბი ასპირინი, ანალგინი, ორი აბი ნო-შპა და პაპავერინი.
არ არის რეკომენდებული დაზარალებულის თოვლით დაზელა, რადგან მტევნებისა და ტერფების სისხლძარღვები სათუთია და შესაძლოა დაზიანდეს, მიკროტრავმებიდან კი კანში ინფექცია შეიჭრას. მოყინული კიდურების სწრაფად გასათბობად არ შეიძლება ცეცხლზე მიფიცხება, სათბურის გამოყენება - ეს მოყინულობას დაამძიმებს. ღრმა მოყინულობის დროს უეფექტოა ცხიმის, ზეთის, სპირტის შეზელა.
მსუბუქი გადაცივების დროს საკმაოდ ეფექტურია გათბობა თბილ აბაზანაში, მაგრამ გაითვალისწინეთ: თავდაპირველად წყლის ტემპერატურა 24 0C უნდა იყოს და შემდეგ თანდათან გათბეს სხეულის ნორმალურ ტემპერატურამდე.
საშუალო და მძიმე ზოგადი გადაცივების დროს, როდესაც დარღვეულია სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა, აუცილებელია დაზარალებულის საავადმყოფოში რაც შეიძლება მალე მიყვანა.

ლითონით მოყინვა
გვხვდება სიცივით გამოწვეული ისეთი ტრავმები, რომლებიც ვითარდება ლითონის ცივ საგანთან თბილი კანის შეხებისას. მაგალითად, თუ ბავშვმა შიშველი ხელი შეახო ან ალოკა ძალიან გაცივებული (გაყინული) ლითონის საგანი, მიწებება მას, მოცილებისას კი კანი აეგლიჯება. დაშავებული ადგილი ძალიან უსიამოვნოდ გამოიყურება, მაგრამ ჭრილობა იშვიათად არის ღრმა. მიუხედავად ამისა, მისი სასწრაფო დეზინფიცირება მაინც საჭიროა. თავდაპირველად უნდა მოხდეს თბილი წყლით ჩამობანა და წყალბადის ზეჟანგით დამუშავება, მერე კი სისხლდენის შეჩერება უნდა ვცადოთ. კარგია სტერილური ბინტით დამწოლი ნახვევის დადება. თუ ჭრილობა დიდია, აუცილებელია ექიმის ჩარევა.
თუ ბავშვმა, რომელიც ლითონს მიეწება, დასახმარებლად დაგიძახათ, მიასხით ლითონს თბილი (და არა ცხელი!) წყალი - იგი გათბება და ბავშვიც კანის დაუზიანებლად გათავისუფლდება.
უნდა გვახსოვდეს, რომ ყინვაში ლითონის საგნები შეხებისას ბევრ სითბოს გვართმევენ, ამიტომ ყინვიან ზამთარში არ უნდა მივცეთ ბავშვს ლითონის სათამაშო ნიჩაბი და დიდი ხნით არ დავსვათ ლითონის საქანელაზე.

პროფილაქტიკა
ძლიერი ყინვის დროს მოყინვისა და გადაცივებისგან თავის დასაცავად რამდენიმე წესი არსებობს:

  • არ დალიოთ სპირტიანი სასმელი - ალკოჰოლური სიმთვრალის დროს, თუმცაღა იქმნება სითბოს ილუზია, ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითბოს კარგავს;
  • არ მოსწიოთ - მოწევა ამცირებს პერიფერიებში სისხლის ცირკულაციას, ამიტომ კიდურები უფრო ადვილად ზიანდება;
  • ატარეთ თავისუფალი ტანსაცმელი - ეს ხელს შეუწყობს სისხლის ნორმალურ ცირკულაციას;
  • კომბოსტოსავით ჩაიფუთნეთ. ტანსაცმლის ფენებს შორის ყოველთვის არის ჰაერის ფენა, რომელიც საუკეთესოდ აკავებს სითბოს. ზედა ტანსაცმელი აუცილებლად წყალგაუმტარი უნდა იყოს.
  • ვიწრო ფეხსაცმელი, ფეხსაცმელი თბილი ჩასაფენის გარეშე, ნესტიანი და ჭუჭყიანი წინდები მოყინვას უწყობს ხელს. ფეხსაცმელებს გასაკუთრებული ყურადღება მან უნდა მიაქციოს, ვისაც ხშირად უოფლიანდება ფეხები. ჩექმებში უნდა ჩაიფინოთ თბილი საფენები, ხოლო ბამბის წინდების ნაცვლად ჩაიცვათ შალისა, რადგან შალი ისრუტავს ნესტს, ფეხები კი მშრალი რჩება.
  • არ გახვიდეთ შინიდან ხელთათმანების, ქუდისა და შარფის გარეშე. აჯობებს, ხელთათმანები წყალგაუმტარი და ნატურალური ქსოვილისა იყოს. ქარიან ამინდში  შინიდან გასვლამდე სხეულის ღია ნაწილებზე წაისვით სპეციალური კრემი.
  • ნუ გაიკეთებთ ლითონის სამკაულებს (ბეჭდებს, საყურეებს). ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ლითონი სხეულზე სწრაფად ცივდება და შესაძლოა, კანზე  მოგეკროთ, რასაც ტკივილი და ტრავმა მოჰყვება, მეორეც, ბეჭედი ხელს უშლის თითში სისხლის ნორმალურ ცირკულაციას.
  • ერიდეთ ადრე მოყინული უბნების ხელახლა მოყინვას - ეს კანის გაცილებით მძიმე დაზიანებას გამოიწვევს.
  • თუ თოვლში ფეხები მოგეყინათ, ფეხსაცმელები გარეთ არ გაიხადოთ - ფეხები შეგიშუპდებათ და ფეხსაცმელების ჩაცმას ვეღარ მოახერხებთ. თუ ხელები გაგეყინათ, იღლიებში ამოიდეთ და ისე გაითბეთ.
  • ყინვაში დიდხანს სიარულის შემდეგ შინ დაბრუნებისას შეამოწმეთ, ხომ არ გაქვთ მოყინული კიდურები, სახე, ზურგი, რადგან ნებაზე მიშვებულმა მოყინულობამ შესაძლოა განგრენა გამოიწვიოს და კიდურიც კი დაგაკარგვინოთ.
  • სეირნობისას, როგორც კი შეამჩნევთ, რომ ძალიან შეგცივდათ ან კიდურები გაგეყინათ, გასათბობად თავი უახლოეს შენობას (მაღაზიას, კაფეს) შეაფარეთ.
  • თუ ქარი ამოვარდა, ერიდეთ ქუჩაში სიარულს - მოყინვის ალბათობა ქარიან ამინდში გაცილებით დიდია.
  • სააბაზანოდან ახალგამოსული, მით უმეტეს, სველი თმით, არ გახვიდეთ შინიდან. გახსოვდეთ, სველი კანი სითბოს უფრო ადვილად კარგავს. თუ ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი დაგისველდათ (მაგალითად, წაიქეცით), აუცილებელია მათი სასწრაფოდ გახდა, კარგად გამშრალება და, თუ შესაძლებელია, მშრალი ტანსაცმლის ჩაცმა. თუ ამ დროს ტყეში იმყოფებით, ეცადეთ, დაანთოთ ცეცხლი და ტანსაცმელი გააშროთ. ამ ხნის განმავლობაში ენერგიულად ივარჯიშეთ და ცეცხლთან გათბით.
  • კარგი იქნება, თუ ყინვიან ამინდში სასეირნოდ მიმავალი თან ერთ-ორ წყვილ წინდას, ხელთათმანს და თერმოსით ცხელ ჩაის წაიღებთ.
  • გასათვალისწინებელია, რომ ბავშვებს თერმორეგულაცია არასრულყოფილი აქვთ, ხოლო მოხუცებსა და ზოგიერთ ავადმყოფს - მოშლილი. ამ კატეგორიის ადამიანები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მოყინვისკენ. თუ ბავშვს ყინვიან ამინდში სასეირნოდ უშვებთ, გაითვალისწინეთ, რომ ყოველ 15-20 წუთში ერთხელ იგი თბილ შენობაში უნდა შევიდეს გასათბობად.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია