მოციმციმე არიტმია არის გულის რიტმის დარღვევა, რომელიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ხანშიშესულებს შორის. მოციმციმე არიტმიის დროს წინაგულები ქაოსურად და არარეგულარულად იკუმშება, მათი შეკუმშვა არ არის კოორდინირებული გულის პარკუჭების შეკუმშვასთან, რის შედეგადაც გულისცემა არარეგულარული ანუ არიტმული გამოდის. ხშირად გულის შეკუმშვათა სიხშირეც მომატებულია. ყოველივე ამის გამო ორგანიზმისთვის სისხლის მიწოდება უარესდება და ადამიანი გულის ფრიალს, ქოშინს ან სისუსტეს უჩივის.
განასხვავებენ მოციმციმე არიტმიის პაროქსიზმულ და ქრონიკულ ფორმებს. პირველი მცირე ხანს გრძელდება და გაივლის, ხოლო მეორე მუდმივია.
მოციმციმე არიტმიის ყველაზე ხშირი მიზეზი გულში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებია, თვით ეს ცვლილებები კი შესაძლოა გამოიწვიოს გულის სარქვლების დაზიანებამ, გულის შეძენილმა ან თანდაყოლილმა მანკმა, მაღალმა არტერიულმა წნევამ, რომელიც წლობით გრძელდება. მოციმციმე არიტმიის მიზეზად ასევე შესაძლოა იქცეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი გამომუშავება, ალკოჰოლის ზემოქმედება, ვირუსული ინფექცია და სხვა. აღსანიშნავია, რომ მოციმციმე არიტმია განსაკუთრებით ხშირად ემართებათ მოხუცებს, რაც იმის ბრალია, რომ ასაკთან ერთად იცვლება წინაგულის ელექტრული და სტრუქტურული თავისებურებები, რაც წინაგულების ნორმალური რიტმის დარღვევას იწვევს.
ჯანმრთელი გულის მარჯვენა წინაგულში რეგულარულად წარმოიქმნება ელექტრული იმპულსები, რის შედეგადაც წინაგულები იკუმშება და სისხლს პარკუჭებში გადაისვრის, პარკუჭების შეკუმშვის შედეგად კი სისხლი მთელ ორგანიზმს მიეწოდება. მოციმციმე არიტმიის დროს წინაგულებზე მოქმედებს არა რეგულარული, არამედ ქაოსური ელექტრული იმპულსები და წინაგულებიც თითქოს ციმციმებენ - მათი ცალკეული ბოჭკოები არაკოორდინირებულად იკუმშება; წინაგულებისა და პარკუჭების შეკუმშვათა სიხშირე განსხვავებულია - პარკუჭები უფრო ნაკლები სიხშირით იკუმშება, ვიდრე წინაგულები, თუმცა მაინც საკმაოდ ხშირად.
აღსანიშნავია, რომ მოციმციმე არიტმია გულის სტრუქტურული დაზიანების გარეშეც შეიძლება აღმოცენდეს. ამ შემთხვევაში არიტმიის მიზეზი უცნობია. სამაგიეროდ, მძიმე გათულებებიც იშვიათია.
მოციმციმე არიტმია შესაძლოა ინსულტის ან გულის უკმარისობის მიზეზად იქცეს. წინაგულების ქაოსურმა, არარეგულარულმა შეკუმშვამ შესაძლოა წინაგულში თრომბის ფორმირება გამოიწვიოს, თრომბი მოწყდეს და სისხლის ნაკადთან ერთად თავის ტვინის, ფილტვის ან ქვემო კიდურების არტერიათა სისტემაში მოხვდეს. თუ თრომბის ნაწილაკმა თავის ტვინის არტერია დაახშო, ინსულტი განვითარდება, ფილტვის არტერიის დახშობა კი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას იწვევს.
მოციმციმე არიტმიის დროს ინსულტის განვითარების უფრო მეტი ალბათობა აქვთ ასაკოვან, არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ ადამიანებს, ასევე მათ, ვინც გადაიტანა გულის უკმარისობა ან ინსულტი ან ახლა აქვს გულის უკმარისობა. საზოგადოდ, ინსულტის განვითარების რისკი მოციმციმე არიტმიის დროს საგრძნობლად იზრდება. მოციმციმე არიტმია, განსაკუთრებით - ნებაზე მიშვებული, უარყოფითად მოქმედებს გულის ფუნქციაზე და საბოლოოდ იწვევს გულის უკმარისობას - მდგომარეობას, რომლის დროსაც გულს აღარ შესწევს უნარი, ორგანიზმს საკმარისი ოდენობის სისხლი მიაწოდოს.

სიმპტომები და დიაგნოსტიკა.
მოციმციმე არიტმიას ადამიანი შეიგრძნობს გულის ფრიალით, გულის არეში დისკომფორტით. ზოგჯერ თავს იჩენს ქოშინი, სისუსტე, თავბრუხვევაც.
მოციმციმე არიტმიაზე ეჭვს ბადებს ავადმყოფის ჩივილები, მისი პულსისა და გულისცემის  თავისებურება. დიაგნოზის დასაზუსტებლად ინიშნება ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევა. ტარდება ექოკარდიოსკოპიაც, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მოციმციმე არიტმიის გამომწვევი გულის პათოლოგიის გამოვლენა. რიგ შემთხვევაში საჭიროა სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა არსებობა-არარსებობის დასადგენად.

მკურნალობა
. მოციმციმე არიტმიის მკურნალობა ითვალისწინებს გულის ნორმალური რიტმის აღდგენას, როცა ეს შეუძლებელია - გულის შეკუმშვათა სიხშირის კონტროლს. გარდა ამისა, მოციმციმე არიტმიის მკურნალობის მნიშვნელოვანი მომენტია თრომბოზის თავიდან აცილება, რისთვისაც სისხლის შედედებაზე მოქმედი მედიკამენტები გამოიყენება.
გულის ნორმალური, სინუსური რიტმის აღდგენა (ანუ კარდიოვერსია) ორი გზით - მედიკამენტური და ელექტრული კარდიოვერსიით არის შესაძლებელი.
მედიკამენტური კარდიოვერსიის შემთხვევაში სინუსური რიტმის აღდგენა ანტიარიტმიული (არიტმიის საწინააღმდეგო) პრეპარატების გამოყენებით ხდება. ეს პრეპარატები, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა დაინიშნოს ინტრავენური ინექციის სახით ან დასალევად, ტაბლეტირებული ფორმით. ასეთი მკურნალობა უმეტესად სტაციონარში ტარდება. ნორმალური რიტმის აღდგენის შემდეგ მოციმციმე არიტმიის პროფილაქტიკისთვის ინიშნება ანტიარიტმიული პრეპარატი.
ელექტრული კარდიოვერსია ტარდება ინტრავენური ნარკოზის ფონზე. ის ხანმოკლე პროცედურაა, რომლის დროსაც გულზე მოქმედებს მაღალი სიმძლავრის ელექტროდენი. ის თრგუნავს ანომალიურ ელექტრულ აქტივობას და აღადგენს გულის ნორმალურ რიტმს. კარდიოვერსიამდე ტარდება ანტიკოაგულანტების (სისხლის შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტების) კურსი, რათა თავიდან იქნეს აცილებული თრომბოზისა და ინსულტის აღმოცენება.
იმ შემთხვევაში, როცა ნორმალური რიტმის აღდგენა შეუძლებელია, მკურნალობის მიზანია გულის შეკუმშვათა სიხშირის კონტროლი, გულის აჩქარების თავიდან აცილება. ესეც მედიკამენტების საშუალებით მიიღწევა, მაგრამ ამ პრეპარატების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე დაუშვებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, სიცოცხლისთვის საშიში გართულება განვითარდეს.

პროფილაქტიკა
. მოციმციმე არიტმიის არსებობის შემთხვევაში  შესაძლებელია შევამციროთ არიტმიის განმეორებითი ეპიზოდების აღმოცენების რისკი. კერძოდ, დაავადებულმა აუცილებლად უნდა უკლოს ან თავი დაანებოს კოფეინიანი სასმელებისა და ალკოჰოლის მიღებას, ვინაიდან მათ გულის ჭარბი სტიმულაცია და მოციმციმე არიტმიის ინდუცირება ძალუძთ. გარდა ამისა, ავადმყოფმა თავი უნდა არიდოს გრიპისა და გაციების დროს რეკომენდებული საშუალებების მიღებას, რადგან მათი უმრავლესობა შეიცავს ნივთიერებას, რომელმაც შესაძლოა მოციმციმე არიტმიის პროვოცირება მოახდინოს. არ არის გამორიცხული მათი ურთიერთქმედება არიტმიის საწინააღმდეგო საშუალებებთან.
მოციმციმე არიტმიის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაღალი არტერიული წნევის მკურნალობას, მისი ციფრების ნორმალიზაციას, ამისთვის კი მედიკამენტების რეგულარულ მიღებასთან ერთად აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, ჯანსაღი კვება, სუფრის მარილის შეზღუდვა, ფიზიკური აქტივობის ზრდა, თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმა.
Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია