მუნი კონტაგიოზური (გადამდები) დაავადებაა. ბავშვებში უფრო იოლად ვრცელდება. გადაედება ავადმყოფთან უშუალო და ხანგრძლივი კონტაქტით, მის მიერ გამოყენებული საგნების (ჭუჭყიანი თეთრეული, ტანსაცმელი, პირადი ნივთები) საშუალებით, სქესობრივი კონტაქტით.
სიმპტომები და მიმდინარეობა. მუნის საინკუბაციო პერიოდი 7-10 დღეს შეადგენს, რის შემდეგაც იწყება კლინიკური გამოვლინება:
- 4კანის ძლიერი ქავილი, რომელიც ძლიერდება ღამით და სითბოში, მაგალითად, ლოგინში ჩაწოლისას, თბილი აბაზანის მიღებისას. ქავილი ინტენსიურია ყველგან, გარდა სახისა.
- 4გამონაყარი - უმთავრესად კანის ნაზ უბნებში ჩნდება. ეს არის წვრილი, ქინძისთავისოდენა, ხაზოვნად დალაგებული ბუშტუკები და კვანძები, ეროზიები, რომლებიც თხელი სისხლიანი ქერქით არის დაფარული.
გამონაყარის ტიპური ლოკალიზაციაა ზემო და ქვემო კიდურების მომხრელი ზედაპირი, მაჯები, ხელის თითების ნაოჭები და გვერდითი ზედაპირები, წელი, მუცელი და დუნდულები, ქალებში - სარძევე ჯირკვლების კანი, მამაკაცებში - გენიტალიუმის არე, ბავშვებში - ხელისგულები და ფეხისგულები, შესაძლოა თავიც, განსხვავებით მოზრდილებისაგან.
გამონაყარის ელემენტები წყვილ-წყვილად არის განლაგებული. ხვრელები ერთმანეთისაგან 0,5-1 სმ-ით არის დაშორებული.
გარდა ჩამოთვლილი სიმპტომებისა, მუნისთვის დამახასიათებელია ე. წ. სამკუთხედის ნიშანი - ხვრელების თავისებური, სამკუთხა განლაგება კუდუსუნის მიდამოში, მწვერვალით დუნდულებს შორის არსებული ნაოჭისკენ. ნაკაწრები (ექსკორიაციები) განსაკუთრებით ფეხებზეა გამოხატული.
გვხვდება მუნის ატიპური ფორმებიც, როდესაც დაავადებისთვის დამახასიათებელი სურათი წაშლილია. მაგალითად, მას, ვინც ყოველდღე ბანაობს, აქვს ნაკლებად შესამჩნევი გამონაყარი, რომელიც ნელა ვრცელდება.
გართულებები. მუნის ყველაზე ხშირი გართულებებია:
- მეორეული პიოდერმია - ქავილის შედეგად ხდება მეორეული ჩირქოვანი ინფექციის თანდართვა. ახასიათებს პუსტულები და ეროზიები, სეროზულ-ჰემორაგიული და ჩირქოვანი ქერქები, თანმხლები ძლიერი ქავილი.
- დერმატიტი - ვითარდება მუნის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ და კანის ანთებითი მოვლენები ახასიათებს. კანზე წარმოიქმნება ერითემა (სიწითლე), წვრილი ნახეთქები, თხელფირფიტოვანი აქერცვლა, წვრილი კვანძები, ურტიკარიული პაპულები.
- ლიმფოპლაზია - კვანძების გაჩენას იწვევს დაავადებულის იმუნურ-ალერგიული რეაქცია მუნის გამომწვევის ცხოველქმედების პროდუქტებზე. რეინვაზიის შემთხვევაში ძველ ადგილებში შეიმჩნევა ლიმფოპლაზია, მაგრამ არ ჩანს მუნის ხვრელები.
იშვიათია ეგზემა და ჭინჭრის ციება, რასაც აკარიციდული პრეპარატების ჭარბი გამოყენება იწვევს.
დიაგნოსტიკა. მუნის დიაგნოზს კლინიკური სურათის მიხედვით სვამენ. მთავარი სადიაგნოზო ნიშანი, რომელიც მას სხვა ქავანა დერმატოზებისგან განასხვავებს, არის მუნის ხვრელების არსებობა.
მკურნალობა. დღეს მუნის სამკურნალოდ გამოიყენება:
- გოგირდის 33%-იანი მალამო: 5 დღე - წასმა, მე-7 დღეს - დაბანა;
- ბენზილ-ბენზოატის 25%-იანი (ბავშვებში - 10%-იანი) ხსნარი: 3 დღე - წასმა 12-საათიანი შუალედებით, მე-6 დღეს - დაბანა;
- სპრეგალი (აეროზოლი): ერთჯერადი მიფრქვევა საღამოს, 12 საათის შემდეგ - დაბანა. გამოიყენება გაურთულებელი მუნის შემთხვევაში.
მკურნალობის შემდეგ საჭიროა ავადმყოფის ორჯერადი გასინჯვა ერთკვირიანი შუალედით.
პროფილაქტიკა. აუცილებელია ავადმყოფის იზოლაცია, მისი თეთრეულისა და ტანსაცმლის დეზინფექცია, ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის ერთდროული პროფილაქტიკური დამუშავება.