ზოგჯერ მშობიარობის დროს ვითარდება სამშობიარო ძალების ანომალია -  სამშობიარო ძალების შესუსტება (ანუ სამშობიარო მოქმედების სისუსტე) ან გაძლიერება (ანუ სამშობიარო მოქმედების გაძლიერება).
სამშობიარო მოქმედების სისუსტე გულისხმობს პათოლოგიურ მდგომარეობას, რომლის დროსაც მშობიარობის პერიოდები გახანგრძლივებულია, შესაბამისად, ნაყოფის დაბადება ყოვნდება, რასაც თან სდევს რიგი გართულება: ნაყოფის ასფიქსია, სისხლდენა, პლაცენტის ან მისი ნაწილის ჩარჩენა, ენდომეტრიტი (საშვილოსნოს შიგნითა გარსის ანთება) და ლოგინობის პერიოდის სხვა დაავადებები.
სამშობიარო მოქმედების სისუსტე შესაძლოა გამოვლინდეს როგორც მშობიარობის დასაწყისში, ასევე მოგვიანებითაც.
სამშობიარო მოქმედების სისუსტის  მიზეზი შესაძლოა იყოს იმ ნივთიერებათა უკმარისობა, რომლებიც საშვილოსნოს შეკუმშვაში დიდ როლს ასრულებს.
სამშობიარო მოქმედების სისუსტე ვითარდება საერთო გამომფიტავი დაავადებების, ენდოკრინული დარღვევების, ინფანტილიზმის, სიმსუქნის, სასქესო ორგანოების არასწორი აგებულების (ორრქიანი საშვილოსნო), საშვილოსნოს მიომის ფონზე.
მიზეზად შეიძლება იქცეს ადრე გადატანილი აბორტებიც.
ასეთი პათოლოგია ხშირია მრავალწყლიანობისა და მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს.
ნაყოფის დაბადების გახანგრძლივება ზოგჯერ მუცლის პრესის არასრულფასოვნებით - მუცლის კუნთების მოდუნებით, დაკიდული მუცლით, სიმსუქნით, თეთრი ხაზის თიაქრით და მუცლის კედლის სხვა დეფექტებით - არის გამოწვეული.
სამშობიარო მოქმედების შესაფასებლად გინეკოლოგები აგებენ საშვილოსნოს ყელის გახსნისა და სამშობიარო გზებში ნაყოფის წინამდებარე ნაწილების გადაადგილების გრაფიკს და მას  ნორმას ადარებენ.
მშობიარობის პირველი და მეორე პერიოდის ნორმალური ხანგრძლივობა მოყვანილია ცხრილში.
განასხვავებენ სამშობიარო მოქმედების სისუსტის შემდეგ ვარიანტებს:

ა. საშვილოსნოს ყელის ნელი გახსნის ფაზის გახანგრძლივება
ეს დიაგნოზი ისმება, თუ საშვილოსნოს ყელის ნელი გახსნის ფაზა პირველმშობიარეებში - 20,1 საათზე, ხოლო განმეორებით მშობიარეებში 13,6 საათზე მეტხანს გაგრძელდა. არცთუ იშვიათია დიაგნოზის  რეტროსპექტულად დასმა, რასაც განაპირობებს საშვილოსნოს ყელის ნელი გახსნის ფაზის ჭინთვების მოსამზადებელ პერიოდად მიღება.

ბ. საშვილოსნოს ყელის სწრაფი გახსნის ფაზის გახანგრძლივება

ეს დიაგნოზი ისმება, თუ საშვილოსნოს ყელის სწრაფი გახსნის ფაზაში გახსნის სიჩქარე პირველმშობიარეებში - 1,2 სმ/სთ-ზე, ხოლო განმეორებით მშობიარეებში 1,5 სმ/სთ-ზე ნაკლებს შეადგენს.

გ. საშვილოსნოს ყელის გახსნის შეჩერება

დიაგნოზი ისმება, თუ საშვილოსნოს ყელის მდგომარეობა სწრაფი გახსნის ფაზაში 2 საათის განმავლობაში უცვლელი რჩება.

დ. მშობიარობის მეორე პერიოდის გახანგრძლივება

დიაგნოზი ისმება, თუ მშობიარობის მეორე პერიოდი გაუტკივარების გარეშე პირველმშობიარეებში - 2,9 საათზე, ხოლო განმეორებით მშობიარეებში 1,1 საათზე მეტხანს გაგრძელდა, რეგიონული ანესთეზიის პირობებში კი პირველმშობიარეებში - 3 საათზე, ხოლო განმეორებით მშობიარეებში - 2 საათზე მეტხანს. თუ საშვილოსნოს ყელის სრული გახსნის პირობებში ნაყოფის წინამდებარე ნაწილმა 1 საათის განმავლობაში არ იცვალა მდებარეობა, სამშობიარო გზებში ნაყოფის გადაადგილების შეჩერებაზე საუბრობენ.

ე. სწრაფი მშობიარობა

დიაგნოზი ისმება, როცა მშობიარობის ხანგრძლივობა 1 საათს არ აღემატება.

საშვილოსნოს კუმშვითი აქტიურობის შეფასება
შეკუმშვათა სიხშირეს განსაზღვრავენ პალპაციით, ასევე ტენზიომეტრიული ხელსაწყოს საშუალებით. საშვილოსნოს შიდა წნევის განსაზღვრაც ტენზიომეტრიული ხელსაწყოს დახმარებით ხდება. საშვილოსნოს კუმშვითი აქტიურობის  შესაფასებლად ფართოდ გამოიყენება პირობითი ერთეული მონტევიდეო. ამ მაჩვენებლის განსაზღვრის მიზნით ჭინთვების საშუალო ამპლიტუდას  (მილიმეტრებში) 10 წამის განმავლობაში ჭინთვების რაოდენობაზე ამრავლებენ. გამოკვლევების თანახმად, ნორმალური  მშობიარობის დროს საშვილოსნოს კუმშვითი აქტიურობა 100-ზე მეტ მონტევიდეოს შეადგენს.

მკურნალობა
1. საშვილოსნოს ყელის ნელი გახსნის ფაზის გახანგრძლივება
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამ პათოლოგიის დროს ასიდან 85 შემთხვევაში ეფექტურია სედაციური საშუალებები, ხოლო დაახლოებით 5-ში - ოქსიტოცინი. შემთხვევათა 10%-ში სამშობიარო მოქმედების სისუსტეს ჭინთვების მოსამზადებელ პერიოდად იღებენ. ბოლო ხანს სამშობიარო მოქმედების სისუსტის სამკურნალოდ მიმართავენ ადრეულ ამნიოტომიას და მშობიარობის სტიმულაციას ოქსიტოცინით.

2.  საშვილოსნოს ყელის სწრაფი გახსნის ფაზის გახანგრძლივება და საშვილოსნოს ყელის გახსნის შეჩერება
ამ შემთხვევაში, წესისამებრ, მიმართავენ  მშობიარობის სტიმულაციას ოქსიტოცინით, მაგრამ მანამდე აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ნაყოფის მდებარეობის ანომალია და კლინიკურად ვიწრო მენჯი. თუ ნაყოფის წინამდებარე ნაწილი მცირე მენჯის შესასვლელზეა მიბჯენილი, მიმართავენ ამნიოტომიას და დგამენ საშვილოსნოსშიგა კათეტერს ტენზიომეტრიული მიმღებით. დღესდღეობით ამ პათოლოგიის სამკურნალოდ მშობიარობის აქტიური მართვის სხვადასხვა სქემას იყენებენ.

3. მშობიარობის აქტიური მართვა
იმ სამშობიაროებში, სადაც მიმართავენ მშობიარობის აქტიურ მართვას, საკეისრო კვეთის აუცილებლობა 4,8%-ით მცირდება. O'Driscoll-ის მიერ მოწოდებული მეთოდი   გულისხმობს შემდეგს: მშობიარობის დაწყებიდან ყოველ საათში ხდება საშოს გამოკვლევა და იგება საშვილოსნოს ყელის  გახსნის გრაფიკი. თუ ნაყოფის წინამდებარე ნაწილი მცირე მენჯის შესასვლელზეა მიბჯენილი, მიმართავენ ამნიოტომიას. თუ საშვილოსნოს ყელის გახსნის სიჩქარე 1 სმ/სთ-ზე  ნაკლებია, იწყებენ ოქსიტოცინის შეყვანას.  თუ მშობიარობა 12 საათზე  მეტია გრძელდება და ნაკლებად სავარაუდოა, ერთ საათში დასრულდეს, მიმართავენ საკეისრო კვეთას.
მშობიარობის აქტიური მართვის სქემებს შორის განსხვავება ეხება ამნიოტომიის დაწყების დროს, საშვილოსნოს ყელის ნელი გახსნის ფაზაში მშობიარობის მართვის ტაქტიკას, ოქსიტოცინით მშობიარობის  სტიმულაციის ჩვენებებს და სხვა.

4. მშობიარის გააქტიურება
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც  საშვილოსნოს ყელის სწრაფი გახსნის პერიოდში კი არ წვანან, არამედ დადიან ან სხედან, გაცილებით მალე მშობიარობენ. ამ მეთოდის ეფექტურობას ოქსიტოცინით სტიმულაციისას ადარებენ. მაგრამ ვინაიდან სამშობიარო მოქმედების სისუსტის დროს მშობიარის გააქტიურებასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი გამოკვლევები არ ჩატარებულა, ეს მეთოდი დიდი სიფრთხილით გამოიყენება, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ მშობიარობა სხვა გართულებებით არ მიმდინარეობს.

5. ამნიოტომია
ნორმალურ მშობიარობაზე ამნიოტომიის გავლენის შესახებ არსებული მონაცემები ურთიერთგამომრიცხავია. მიუხედავად ამისა, ამნიოტომია ფართოდ გამოიყენება  საშვილოსნოს ყელის სწრაფი გახსნის ფაზის გახანგრძლივებისას, ასევე  საშვილოსნოს ყელის გახსნის ან სამშობიარო გზებში ნაყოფის გადაადგილების შეჩერებისას.

6. მშობიარის მდებარეობის შეცვლა და ნაყოფის ხელით შემობრუნება
გარდიგარდმო მდებარეობის შემთხვევაში ნაყოფის თავით წინამდებარე პოზიციაში გადასაყვანად  მშობიარემ უნდა მიიღოს მუხლ-მკერდის ან მჯდომარე პოზა. თუ ნაყოფი მაინც არ შემობრუნდა, უნდა მოხდეს მისი როტაცია ხელით.

7. ოპერატიული ქმედებები
თუ რეგულარული და ინტენსიური ჭინთვების ფონზე საშვილოსნოს ყელის სწრაფი გახსნის  ფაზაში ყელის გახსნის დინამიკა 2 საათის განმავლობაში უცვლელი დარჩა, ნაჩვენებია საკეისრო კვეთა. ოპერაციამდე (ნაყოფის ნორმალური გულისცემის შემთხვევაში)  უნდა მოხდეს ოქსიტოცინით მშობიარობის სტიმულირება. თუ სამშობიარო გზებში ნაყოფის  გადაადგილება არ ხდება, მიმართავენ  ვაკუუმექსტრაქციას ან ადებენ მაშებს.  ამ მანიპულაციების ჩატარების აუცილებელი პირობაა ნაყოფის ნორმალური ზომები.

8. ოქსიტოცინის გამოყენება
ოქსიტოცინით მშობიარობის სტიმულაცია უნდა მოხდეს სპეციალური სქემის მიხედვით.

ძლიერი სამშობიარო მოქმედება
ძლიერი სამშობიარო მოქმედება გულისხმობს პათოლოგიურ მდგომარეობას, რომლის დროსაც მშობიარობის პერიოდების ხანგრძლივობა შემცირებულია, ხოლო ნაყოფი ნორმასთან შედარებით სწრაფად იბადება. ასეთი პათოლოგია უფრო იშვიათია, ვიდრე სამშობიარო მოქმედების სისუსტე.
ძლიერი, ხშირი და მტკივნეული შეტევები ვითარდება გადაჭარბებული ნერვული აგზნების,  ჰიპერთირეოზის (ტოქსიკური ჩიყვი), ვიწრო მენჯის, ნაყოფის არასწორი მდებარეობის დროს.
როდესაც დედის მენჯისა და ნაყოფის თავის ზომები ერთმანეთს შეესაბამება, მშობიარობა (ხშირად – სამშობიარო დაწესებულების გარეთ) დაჩქარებულად, 1-3 საათში სრულდება. ამ დროს შესაძლოა განვითარდეს ნაყოფის ასფიქსია.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია