ნაყოფის მდებარეობას უწოდებენ ნაყოფისა და საშვილოსნოს გრძივი ღერძების განლაგებას ერთმანეთის მიმართ. ამის მიხედვით განასხვავებენ ნაყოფის გრძივ, გარდიგარდმო და ირიბ მდებარეობას.
გრძივია მდებარეობა, როდესაც ნაყოფისა და საშვილოსნოს გრძივი ღერძები ერთმანეთს ემთხვევა. საშვილოსნოში ნაყოფის გრძივი მდებარეობა ნორმალურად ითვლება. ის მშობიარობათა 99,5%-ში გვხვდება.
საშვილოსნოში ნაყოფის დამახასიათებელ პოზაში გრძივ მდებარეობას ემბრიონის პოზას უწოდებენ. ამ დროს ნაყოფს თავი გულმკერდზე აქვს მიბჯენილი, ხელები – გადაჯვარედინებული, ფეხები – მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსარში მოხრილი და მუცელთან მიტანილი. ნორმალური მოხრითი მდებარეობის დროს ნაყოფი იღებს კვერცხის ფორმას. მისი განიერი ნაწილი – მენჯი – მიქცეულია საშვილოსნოს ფუძისკენ, ხოლო ვიწრო ნაწილი – კეფა – მენჯის გამოსავლისკენ.
გარდიგარდმოა მდებარეობა, როდესაც ნაყოფისა და საშვილოსნოს გრძივი ღერძები ერთმანეთის მიმართ 90-გრადუსიან კუთხეს ქმნის.
ირიბი მდებარეობის დროს ნაყოფისა და საშვილოსნოს გრძივი ღერძები ერთმანეთის მიმართ ქმნის მახვილ კუთხეს.
ნაყოფის გარდიგარდმო და ირიბი მდებარეობა პათოლოგიურად მიიჩნევა და მშობიარობათა 0,5%-ში გვხვდება. ამ დროს ჩვეულებრივი გზით ნაყოფის დაბადება დიდ რისკთან არის დაკავშირებული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად, მშობიარობა შეუძლებელია – საფრთხე ემუქრება როგორც დედას, ასევე ბავშვსაც.
მშობიარობის ოპტიმალური მეთოდია საკეისრო კვეთა.
ნაყოფის გარდიგარდმო და ირიბი მდებარეობის მიზეზად შეიძლება იქცეს ყველა ის პირობა, რაც კი საშვილოსნოს ღრუში ნაყოფის მოძრაობას აადვილებს.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზია საშვილოსნოს ტონუსის დაქვეითება – როდესაც საშვილოსნოს კედლები დრეკადობას მოკლებულია, მას არ შეუძლია ნაყოფის სიგრძივი მდებარეობის უზრუნველყოფა, ხოლო თუ ნაყოფი მაინც სწორად მოთავსდა – ამ მდგომარეობაში მისი შეკავება. ეს საშვილოსნოს განუვითარებლობის ან მის კუნთოვან აპარატში მიმდინარე დეგენერაციული ცვლილებების ბრალია. ხელშემწყობი ფაქტორებია გადატანილი მძიმე მშობიარობა, ლოგინობის ხანის თანდართული ინფექციური დაავადებები, საშვილოსნოს მეტისმეტი გაწელვა მრავალწყლიანობის ან მრავალნაყოფიანობის გამო. არასწორი მდებარეობის მიზეზია მუცლის სუსტი პრესიც – მას არ ძალუძს, სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს ორსულ საშვილოსნოს. ამას მუცლის კედლის მოდუნება, კუნთების დაცილება იწვევს, რაც უპირატესად მრავალნამშობიარევი ქალებისთვის არის დამახასიათებელი. მნიშვნელოვანი ფაქტორია ნაყოფისადმი შეუსაბამო საშვილოსნოს ღრუც: ზოგ შემთხვევაში – მეტისმეტად დიდი, ზოგ შემთხვევაში კი მცირე, ნაყოფისთვის ვიწრო. პირველ შემთხვევაში ნაყოფს თავისუფლად მოძრაობის საშუალება აქვს და სიგრძივ მდებარეობას ვერ ინარჩუნებს, მეორეში კი ადგილის სიმცირის გამო იძულებით – ირიბ ან გარდიგარდმო – პოზას იღებს და ასე რჩება. ასეთი რამ ყველაზე ხშირად ხდება საშვილოსნოს განვითარების მანკის, ორრქიანი ან უნაგირა საშვილოსნოს დროს.
პათოლოგიური მდებარეობის დიაგნოსტიკა ექოსკოპიური კვლევის საშუალებით ხდება. ასეთი ორსული სამშობიაროში 35-36-ე კვირას უნდა მოთავსდეს.
მშობიარობა ამ დროს პათოლოგიურად მიმდინარეობს. იშვიათია შემთხვევა, როდესაც ნაყოფი მშობიარობის დასაწყისში თავისთავად იღებს გრძივ მდებარეობას (თვითმობრუნება), უმეტესად კი ირიბ ან გარდიგარდმო მდებარეობას ინარჩუნებს, რის გამოც თავს იჩენს გართულებები როგორც დედის, ისე ნაყოფის მხრივ.
ირიბი და გარდიგარდმო მდებარეობისთვის წინამდებარე ნაწილი არ არსებობს. ამ დროს სანაყოფე ბუშტი ნაადრევად სკდება, წყალი მთლიანად ან თითქმის მთლიანად იღვრება; წყლებთან ერთად, წესისამებრ, გამოვარდება ხელი ან ჭიპლარის მარყუჟიც. წყლების დაღვრის შემდეგ საშვილოსნო იკუმშება, ნაყოფს შემოესალტება და ბოჭავს. საშვილოსნოს ძლიერი შეკუმშვის გამო ჭიპლარი შესაძლოა მიიჭყლიტოს, დაირღვეს პლაცენტური სისხლის მიმოქცევა და განვითარდეს ნაყოფის ასფიქსია (მოხრჩობა).
შორს წასული (მიშვებული) გარდიგარდმო მდებარეობისას შესაძლოა განვითარდეს საშვილოსნოს გახეთქვა, ამიტომ თუ მშობიარობის დაწყებისას ნაყოფი არ მობრუნდა და არასწორი მდებარეობა შეინარჩუნა, შესაძლოა, საკეისრო კვეთა გახდეს საჭირო.
ნაყოფის გარდიგარდმო და ირიბი მდებარეობა მდებარეობა უპირატესად მრავალნამშობიარევ ქალებში გვხვდება, ამიტომ მათი თავიდან აცილების უმთავრესი გზა წინამორბედ მშობიარობათა და ლოგინობის ხანის სწორად წარმართვაა. ინფექციით გართულებული, ხანგრძლივი და მძიმე მშობიარობა იწვევს საშვილოსნოს მუსკულატურის მნიშვნელოვანი ნაწილის გადაგვარებას და მუცლის მოდუნებას. ამ შემთხვევაში აუცილებელია მუცლის კედლების გამაგრება, რისთვისაც საჭიროა ნორმირებული ფიზიკური ვარჯიში, ორსულობის მეორე ნახევარში და მშობიარობის შემდეგ – კარგად მორგებული სპეციალური ბანდაჟის ტარება.
ნაყოფის წინამდებარეობა
ნაყოფის წინამდებარეობას უწოდებენ ნაყოფის მსხვილი ნაწილის (თავი, მენჯი) დედის მენჯის შესავალთან მდებარეობას, ხოლო ნაყოფის წინამდებარე ნაწილად იწოდება ის ნაწილი, რომელიც მშობიარობის დროს ყველაზე ადრე გაივლის სამშობიარო გზებს და პირველი იბადება. თუ დედის მენჯის შესავალთან ნაყოფის თავი იმყოფება, მდგომარეობას თავით წინამდებარეობა ეწოდება, თუ მენჯი – მენჯით წინამდებარეობა.
მენჯით წინამდებარეობა გრძივი მდებარეობაა. იგი შემთხვევათა 3,5%-ში გვხვდება. განასხვავებენ ჯდომით, ფეხით და მუხლით წინამდებარეობას. ჯდომით წინამდებარეობა, თავის მხრივ, წმინდაც შეიძლება იყოს და შერეულიც. წმინდა ჯდომით წინამდებარეობის დროს ნაყოფს ფეხები მუხლში გამართული აქვს, ხოლო მენჯ-ბარძაყის სახსარში – მოხრილი და სხეულის გასწვრივ განლაგებული, შერეული ანუ სრული ჯდომით წინამდებარეობის დროს კი ფეხები მოხრილია როგორც მენჯ-ბარძაყის, ასევე მუხლის სახსარში.
ფეხით წინამდებარეობის დროს წინამდებარე ნაწილია ერთ-ერთი ან ორივე ფეხი.
იშვიათად ფეხები ისეა მოხრილი, რომ მხოლოდ მუხლი ისინჯება. ასეთ მდებარეობას მუხლით წინამდებარეობას უწოდებენ.
ნაყოფის მენჯით წინამდებარეობა ორსულობის პირველ ნახევარში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მშობიარობის დაწყების წინ. 28 კვირის (7 თვის) ორსულობის დროს მენჯით წინამდებარეობა შემთხვევათა 30%-ში აღირიცხება. ზრდისა და მომწიფების კვალდაკვალ ნაყოფი უფრო სტაბილურ მდებარეობას იღებს. ნაყოფის მდებარეობის შეცვლა მოსალოდნელია 28-ე კვირის შემდეგ, თუმცა ორსულობის დასასრულისთვის ასეთი რამ შედარებით იშვიათია.
ორსულობის მიწურულს ნაყოფმა მდებარეობა შესაძლოა იცვალოს ისეთი პათოლოგიური მდგომარეობის დროს, როგორიც არის მრავალწყლიანობა, ნაადრევი მშობიარობა, ტყუპი ნაყოფი და ვიწრო მენჯი. მდებარეობის შეცვლა ორსულობის დასასრულს მოსალოდნელია აგრეთვე მრავალნამშობიარევ ქალებში საშვილოსნოს არასაკმარისი ტონუსის გამო. გარდა ამისა, მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უშლის ნაყოფის ჩამოსვლას საშვილოსნოს ქვედა ნაწილში: პლაცენტის წინამდებარეობას, საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში არსებულ მიომურ კვანძებს, საშვილოსნოს არასწორ აგებულებას და სხვა.
მენჯით წინამდებარეობის დროს ორსულობა ისევე მიმდინარეობს, როგორც თავით წინამდებარეობის დროს, ამიტომ კვებისა და რეჟიმის თაობაზე რეკომენდაციებიც ისეთივეა, მაგრამ ვინაიდან მენჯით წინამდებარეობის დროს მოსალოდნელია გართულება, ორსულს ასწავლიან სპეციალურ ვარჯიშს, რომელიც ნაყოფის საშვილოსნოში მობრუნებას უწყობს ხელს:
ქალი უნდა დაწვეს სწორ მაგარ ზედაპირზე, გადაბრუნდეს ხან ერთ, ხან მეორე მხარეს და თითოეულ გვერდზე 10-10 წუთი გაჩერდეს. ასეთი ვარჯიში უნდა ჩატარდეს ყოველდღე, ჭამამდე, დღეში სამჯერ.
ხშირად ნაყოფის თავით წინ მობრუნება პირველი შვიდი თვის განმავლობაში ხდება.
მენჯით წინამდებარეობის დროს მოსალოდნელია გართულებები, რომლებიც ხშირად დიდ საფრთხეს უქმნის ნაყოფს. იშვიათად გართულებები დედის მხრივაც არის მოსალოდნელი. ხშირია სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრა (განსაკუთრებით – ფეხით წინამდებარეობის დროს), ჭიპლარის მარყუჟის გამოვარდნა. გამოვარდნილი ჭიპლარი შესაძლოა მიიჭყლიტოს, განვითარდეს ასფიქსია და ნაყოფი დაიღუპოს. არცთუ იშვიათია სამშობიარო მოქმედების სისუსტე.
მენჯით წინამდებარეობის დროს მშობიარობის თავისებურება ის არის, რომ ნაყოფის ყველაზე მსხვილი ნაწილი, თავი, სულ ბოლოს იბადება. ამ დროს წინამდებარე ნაწილი, მენჯი, სამშობიარო გზებს პირველი გაივლის და მის შემდეგ მომავალ მხრებსა და მასზე უფრო დიდ ნაწილს, თავს, სავალს სათანადოდ ვერ უფართოებს. ამ დროს თავი შესაძლოა ჭიპლარს დააწვეს. თუ სხეულის ზედა ნაწილისა და თავის გამოძევება სამ წუთზე მეტხანს გაგრძელდა, ვითარდება ნაყოფის ასფიქსია. ასეთი გართულება უფრო ხშირია ფეხით წინამდებარეობის დროს.
მენჯით წინამდებარეობის დროს სასურველია, ორსული სამშობიაროში მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე დაწვეს. მშობიარობის მიმდინარეობისას ყურადღება ექცევა დედისა და ნაყოფის მდგომარეობას, ნაყოფის სამშობიარო გზებში მდებარეობას და სხვა მაჩვენებლებს. გართულების განვითარებისთანავე საჭიროა დაუყოვნებელი კვალიფიციური დახმარება.
მშობიარობის პირველ პერიოდში, სანაყოფე ბუშტის ნაადრევი გახეთქვის პროფილაქტიკის მიზნით, მშობიარეს სიარულის ნებას არ აძლევენ. იგი უნდა იწვეს. ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მას საწოლშივე ეძლევა სპეციალური ჭურჭელი. წყლების დაღვრისთანავე ტარდება საშოსმხრივი გამოკვლევა, რათა ჭიპლარის გამოვარდნა გამოირიცხოს.
განსაკუთრებით დიდ ყურადღებას მოითხოვს მშობიარობის II პერიოდი. აუცილებელია ნაყოფის გულისცემის ზედმიწევნითი კონტროლი და ასფიქსიის პროფილაქტიკა. ასფიქსიის ძირითადი ნიშანია ნაყოფის გულისცემის შეცვლა.
საყურადღებოა, რომ ფეხით წინამდებარეობის დროს მშობიარობის გართულებები და ნაყოფის მკვდრადშობადობა უფრო ხშირია, ვიდრე ჯდომით წინამდებარეობის დროს. გართულებები იმით არის განპირობებული, რომ წინამდებარე ფეხები ისე ვერ აფართოებენ სამშობიარო გზებს, რომ მხრის სარტყელმა და თავმა მათში დაუბრკოლებლად გაიაროს. ფეხით წინამდებარეობის დროს ხშირია ხელების უკან გადავარდნა, თავის გაშლა და თავის ჩაჭედვა.
მენჯით წინამდებარეობის დროს ლოგინობის პერიოდი უმეტესად ნორმალურად მიმდინარეობს, მაგრამ ლოგინობის პერიოდის დაავადებები უფრო ხშირად ვითარდება, ვიდრე თავით წინამდებარეობის შემთხვევაში. ეს იმიტომ, რომ მშობიარობის დროს რბილი ქსოვილები უფრო მეტად ზიანდება, სანაყოფე სითხე ნაადრევად იღვრება და სხვა. ნაკლებსაიმედოა ნაყოფის პროგნოზიც, რაც ასფიქსიითა და ხშირი სამშობიარო ტრავმებით არის განპირობებული. ასფიქსიითა და სამშობიარო ტრავმებით დაბადებული ახალშობილები უფრო მგრძნობიარენი არიან ინფექციებისა და სხვა დაავადებების მიმართ.
მრავალნაყოფიანობა
მრავალნაყოფიანია ორსულობა, როდესაც დედის საშვილოსნოში ერთდროულად ორი და მეტი ნაყოფი ვითარდება. ასეთ ნაყოფს ტყუპი ჰქვია.
მრავალნაყოფიანი ორსულობა 0,4-1,6%-ში გვხვდება. უკანასკნელ ხანს ტყუპების დაბადება საგრძნობლად გახშირდა, რაც რეპროდუქციის დამხმარე ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას, მათ შორის ექსტრაკორპორალურ (სინჯარაში) განაყოფიერებას უკავშირდება.
ტყუპი ორი ტიპისაა: მონოზიგოტური (ერთკვერცხუჯრედიანი, ჰომოლოგიური, იდენტური) და დიზიგოტური (სხვადასხვაკვერცხუჯრედიანი, ჰეტეროლოგიური, არაიდენტური). უფრო ხშირად დიზიგოტური ტყუპი იბადება.
დიზიგოტური ტყუპი ორი ან მეტი კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგად ჩაისახება. ეს კვერცხუჯრედები შესაძლოა როგორც ერთ, ისე ორივე საკვერცხეში მომწიფდეს. დიზიგოტური ტყუპი შესაძლოა იყოს როგორც ერთი და იმავე, ასევე სხვადასხვა სქესისა.
დიზიგოტური ტყუპის შემთხვევაში ორივე ნაყოფს თავ-თავისი პლაცენტა აქვს. მართალია, ისინი ზოგჯერ ტყუპდება და ვითომდა ერთ პლაცენტას წარმოქმნის, მაგრამ მათი განცალკევება შესაძლებელია.
დიზიგოტური ტყუპის ჩასახვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საკვერცხეების ძლიერი ჰორმონული სტიმულაციაა. ჰიპოფიზში გამომუშავებული ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის მაღალმა დონემ შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე ფოლიკულის მომწიფება და ოვულაცია ან ერთ ფოლიკულში რამდენიმე კვერცხუჯრედის განვითარება გამოიწვიოს. უმეტესად კვერცხუჯრედები ერთ ფოლიკულში ვითარდება. არ არის გამორიცხული, ჰიპოფიზის წინა წილის რეცეპტორთა განსხვავებული მგრძნობელობის შედეგად ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის დონე ძლიერ მერყეობდეს, რაც დროდადრო რამდენიმე კვერცხუჯრედის ერთდროულ მომწიფებას გამოიწვევს. ასეთივე რამ ხდება ოვულაციის ხელოვნური სტიმულირების დროსაც.
არსებობს დიზიგოტური ტყუპის ჩასახვისადმი მემკვიდრეობითი განწყობა დედის ხაზით, თუმცა ერთსა და იმავე ქალს ტყუპი ორჯერ იშვიათად უჩნდება.
მრავალნაყოფიანი ორსულობა ხშირია საშვილოსნოს ანომალიების დროს (ორრქიანი საშვილოსნო, საშვილოსნოს ტიხარი). საშვილოსნოს გაორებისას უფრო ხშირად ხდება ორი ან მეტი კვერცხუჯრედის ერთდროული მომწიფება (და არ არის გამორიცხული მათი განაყოფიერება).
მონოზიგოტური ტყუპი ერთი სანაყოფე კვერცხიდან ვითარდება. ზოგადად, ტყუპების მესამედი მონოზიგოტურია.
განაყოფიერებული კვრცხუჯრედის დაყოფა შესაძლოა იმპლანტაციის შეფერხებისა და ჟანგბადით არასაკმარისი გაჯერების ფონზე მოხდეს. გავლენას ახდენს საშვილოსნოში მჟავიანობისა და იონური შემადგენლობის ცვლილება, ტოქსიკური და სხვა ფაქტორები. გარდა ამისა, მონოზიგოტური ტყუპის განვითარება ორი ან მეტი ბირთვის შემცველი კვერცხუჯრედის განაყოფიერებასთანაც არის დაკავშირებული.
თუ სანაყოფე კვერცხი განაყოფიერებიდან 3 დღის განმავლობაში დაიყო, მონოზიგოტურ ტყუპებს ექნებათ ორი პლაცენტა და ორი ამნიონური გარსი; თუ დაყოფა განაყოფიერებიდან 4-8 დღის განმავლობაში მოხდა, ფორმირდება ორი ემბრიონი თავ-თავისი ამნიონური გარსით, მაგრამ პლაცენტა საერთო აქვთ; თუ დაყოფა მოხდა განაყოფიერებიდან მეცხრე-მეათე დღეს, ფორმირდება ორი ემბრიონი საერთო ამნიონური გარსითა და პლაცენტით. განაყოფიერებიდან 13-15 დღეზე გვიან დაყოფა სრული არ იქნება, რაც გამოიწვევს ტყუპის შეზრდას (სიამის ტყუპი). ტყუპის ასეთი ტიპი ძალიან იშვიათია – 1 500 მრავალნაყოფინი ორსულობიდან 1 შემთხვევა.
მონოზიგოტური ტყუპი ყოველთვის ერთი და იმავე სქესისაა, აქვს ერთი და იმავე ჯგუფის სისხლი, ერთნაირი თვალებისა და თმის ფერი, თითების კანის საფარველის იდენტური რელიეფი და ძალიან ჰგავს ერთმანეთს. წესისამებრ, მათ ერთნაირი გონებრივი შესაძლებლობები აქვთ, ერთსა და იმავე დროს ერთნაირი დაავადებებით ხდებიან ავად, ქცევის დარღვევებიც (თუ საერთოდ განვითარდა) მათში თითქმის ერთდროულად იჩენს თავს.
სამი, ოთხი და მეტი ტყუპი სხვადასხვაგვარად ვითარდება. სამი ტყუპი შესაძლოა სამი სხვადასხვა, ორი სხვადასხვა ან ერთი კვერცხუჯრედისგან წარმოიშვას. ამის კვალობაზე, ტყუპებს შორის შესაძლოა იყვნენ მონოზიგოტურებიც და დიზიგოტურებიც. 4 ტყუპის შემთხვევაშიც იგივე ხდება.
ტყუპი ნაყოფის გრძივი მდებარეობისას წინამდებარე ნაწილი შესაძლოა ერთი და იგივე იყოს – თავი ან მენჯი. შესაძლოა სხვა ვარიანტიც: ერთი ტყუპისცალის წინამდებარე ნაწილი თავია, ხოლო მეორისა – მენჯი. შედარებით იშვიათია ერთი ნაყოფის გრძივი, ხოლო მეორის გარდიგარდმო მდებარეობა, კიდევ უფრო იშვიათი – ორივე ტყუპისცალის გარდიგარდმო მდებარეობა.
ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპი ზოგჯერ არათანაბრად ვითარდება. ეს იმიტომ, რომ საერთო პლაცენტა საკვებ ნივთიერებებს მათ არათანაბრად აწვდის. ასეთ დროს ერთ-ერთი ტყუპისცალი კარგად ვითარდება, ხოლო მეორე ჩამორჩება. თუ დარღვევა უმნიშვნელოა, ორსულობა გრძელდება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მეორე ნაყოფის სისხლის მიმოქცევა იმდენად მცირდება, რომ ის იღუპება კიდეც (ასეთი რამ, ჩვეულებრივ, მესამედან მეექვსე თვემდე ხდება). პირველი ნაყოფი ამ დროს ზრდა-განვითარებას ჩვეულებრივ განაგრძობს. მკვდარი ნაყოფი საშვილოსნოშივე რჩება, მისი ქსოვილების სითხე გაიწოვება, პლაცენტა რეგრესს განიცდის, ნაყოფი მუმიფიცირდება და მშობიარობისას მომყოლითურთ გამოძევდება საშვილოსნოდან. ასეთ დროს მოსალოდნელია მძიმე გართულებები, ამიტომ ექიმები შემდეგ ტაქტიკას მიმართავენ: თუ ერთ-ერთი ნაყოფი ორსულობის 28-ე კვირამდე დაიღუპა, ორსულობა ხელოვნურად უნდა შეწყდეს; თუ ტყუპისცალი ორსულობის 28-ე კვირის შემდეგ დაიღუპა, ორსულობა შენარჩუნდება, დედის ჯანმრთელობაზე ხორციელდება დინამიკური კლინიკურ-ლაბორატორიული დაკვირვება, ხოლო მშობიარობა ნაადრევად ხდება.
მრავალნაყოფიანი ორსულობისას ქალები უფრო ხშირად უჩივიან ღებინებას, ადვილად დაღლას, ქოშინს, შარდვის გახშირებასა და შეკრულობას, ქვედა კიდურთა ვენების გაგანიერებას.
მრავალნაყოფიან ორსულობას ეჭვობენ, თუ საშვილოსნოს ზომები აღემატება ორსულობის ვადას. მისი დიაგნოსტიკა დღეს ორსულობის I ნახევარშივეა შესაძლებელი ულტრასონოგრაფიული მეთოდით, მეორე ნახევარში კი მრავალნაყოფიანობის დადგენა სირთულეს უკვე აღარ წარმოადგენს: მუცლის გარშემოწერილობა ჭიპის დონეზე 100 სანტიმეტრს აღემატება, ნაყოფის მოძრაობა სხვადასხვა ადგილას შეიგრძნობა, გულის მკაფიო ტონები სხვადასხვა ადგილას ისმის და მათ შორის განსხვავება 10 და მეტი დარტყმაა. ულტრასონოგრაფიული დიაგნოსტიკისას საშვილოსნოს ღრუში ფიქსირდება ორი და მეტი თავი და სხეული. დიაგნოსტიკის მეთოდებია აგრეთვე ელექტროკარდიოგრაფია და ფონოკარდიოგრაფია.
მრავალნაყოფიანი ორსულობის ხანგრძლივობა ნაყოფის რაოდენობაზეა დამოკიდებული. ორნაყოფიანობის დროს იგი საშუალოდ 260 დღეს (37 კვირას) შეადგენს, სამნაყოფიანობის შემთხვევაში – 247 დღეს (35 კვირას).
მრავალნაყოფიანი ორსულობის მიმდინარეობა ორ ნაყოფზე საერთო პლაცენტის არსებობისას ნაკლებად კეთილსაიმედოა, ვიდრე ყოველ ნაყოფზე ცალ-ცალკე პლაცენტის არსებობისას.
მრავალნაყოფიანი ორსულობა დედის ორგანიზმისთვის დიდი დატვირთვაა: ჩვეულებრივზე ინტენსიურად მუშაობს გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ფილტვები, კუჭ-ნაწლავი, ღვიძლი, თირკმელები, შარდის ბუშტი და სხვა ორგანოები, ამიტომ მრავალნაყოფიან ორსულობას ხშირად გართულებები სდევს თან. კერძოდ, მრავალნაყოფიანი ორსულობისას გაცილებით ხშირია:
- ორსულობის პირველი ნახევრის ტოქსიკოზის გახანგრძლივება;
- ორსულობის მეორე ნახევრის ტოქსიკოზის უფრო რთული მიმდინარეობა;
- საშვილოსნოს გაწელვის გამო ორსულობის ბოლომდე მიუტანლობა (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღინიშნება მრავალწყლიანობაც);
- ორსულთა ანემია;
- მეზობელ ორგანოებზე საშვილოსნოს ზეწოლის გამო ამ ორგანოთა ფუნქციის დარღვევა;
- ქვედა კიდურთა ვენების გაგანიერება;
- მრავალწყლიანობა;
- პლაცენტური უკმარისობა;
- პათოლოგიური გადახრები დედის ღვიძლსა და თირკმელებში;
- ეკლამფსია და ნაადრევი მშობიარობა. ამ უკანასკნელის მიზეზი საშვილოსნოს ქვედა სეგმენტის ძლიერი გაგანიერებაა.
მშობიარობა უმეტესად ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს: ჯერ ერთი ნაყოფი იბადება, შემდეგ სამშობიარო მოქმედება დროებით (15-30 წუთით) წყდება (ამ დროს საშვილოსნო ეგუება შემცირებულ ზომებს), შემდეგ სამშობიარო მოქმედება განახლდება და იბადება მეორე ნაყოფი.
სამწუხაროდ, მშობიარობა ყოველთვის მშვიდობიანად არ ჩაივლის. არის შემთხვევები, როდესაც თავს იჩენს გართულებები:
- ნაადრევი მშობიარობა;
- სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა და ჭიპლარის გამოვარდნა;
- სამშობიარო მოქმედების სისუსტე, რაც იმის ბრალია, რომ საშვილოსნო ზომაზე მეტად არის გადიდებული, მისი კედლები გადაჭიმულია და კუნთები საკმარისად ვეღარ იკუმშება;
- პირველი ნაყოფის დაბადების შემდეგ საშვილოსნოს მძლავრ შეკუმშვას შესაძლოა პლაცენტის ნაადრევი აცლა და სისხლდენა მოჰყვეს. ამის შედეგად შესაძლოა დაირღვეს მეორე ტყუპისცალის კვება და განვითარდეს მისი ასფიქსია;
- ტყუპზე ორსულობა იშვიათად ნაყოფის ერთმანეთზე გადაბმით – კოლიზიით – რთულდება. ერთი ნაყოფი მეორეს სხეულის რომელიმე ნაწილით, უმეტესად თავით, ებმის. ამ შემთხვევაში მშობიარობას ოპერაციული გზით ასრულებენ. მდგომარეობის დროული ამოცნობა საშუალებას იძლევა, თავიდან ავიცილოთ ისეთი საშიში გართულება, როგორიც საშვილოსნოს გახევაა;
- ლოგინობის ხანაში ხშირად შენელებულია საშვილოსნოს უკუგანვითარება (ინვოლუცია), რაც ინფიცირების ხელშემწყობ პირობებს ქმნის.
თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს და მისი ვადა 37 კვირას აღემატება, კლინიკურ-ლაბორატორიული დაკვირვების შედეგების მიხედვით მშობიარობა შესაძლოა ფიზიოლოგიურად დასრულდეს.
თუ მრავალნაყოფიანი ორსულობა ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს, მაგრამ მშობიარობა ორსულობის 34-37-ე კვირამდე დაიწყო, შესაძლოა დაისვას საკეისრო კვეთის საკითხი.
ნებისმიერი გართულება, რომელიც კი დედისა და ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, საკეისრო კვეთის ჩვენებაა. მას მაშინ მიმართავენ, როდესაც:
- სამშობიარო გზები ჯერ არ არის მომზადებული, მაგრამ თავი იჩინა ნაყოფის ასფიქსიის ნიშნებმა;
- ორივე ნაყოფი ჯდომით მდებარეობს;
- პირველი ნაყოფი მშობიარობის დასაწყისში გარდიგარდმო მდებარეობს;
- სამშობიარო მოქმედების სტიმულაცია უეფექტოა;
- პირველი ნაყოფის წინამდებარე ნაწილია მენჯი, ხოლო მეორისა – თავი (ტყუპის თავით გადაბმისას).
ტყუპი ახალშობილი. ტყუპისცალის წონა და სიგრძე მომწიფებული ახალშობილის საშუალო წონასა და სიგრძეზე ნაკლებია. ტყუპისცალების წონას შორის სხვაობა 200-300 გრამია, ზოგჯერ - უფრო მეტიც, 1 კგ-იც კი.
ტყუპის ერთ-ერთი თავისებურებაა ნაყოფის ფუნქციური უმწიფრობა, რაც უფრო ხშირია სამი, ოთხი და მეტი ნაყოფის დაბადებისას.
კვება. მრავალნაყოფიანი ორსულობისას ქალს ისეთივე კვება და რეჟიმი სჭირდება, როგორიც ერთნაყოფიანის შემთხვევაში. ის უნდა იკვებებოდეს ხშირად (დღეში 4-5-ჯერ) და მცირე ულუფებით. რაციონი უნდა შეიცავდეს საკმარისი ოდენობის ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მინერალურ მარილებსა და წყალს.
ცილები ძირითადად ნაყოფის ქსოვილების ჩამოყალიბებას ხმარდება. მათი დღიური ნორმა 6,5 გ-ია. სასურველია, ცილები ორსულმა უმთავრესად ცხოველური პროდუქტის (ხორცი, თევზი, რძე, მაწონი, ხაჭო, კეფირი, კვერცხი, ყველი და სხვა) მეშვეობით მიიღოს.
ცხიმები ორგანიზმის ენერგეტიკული მარაგია. მათი დღიური ნორმა 85-100 გ-ია. ორსულმა სასურველია მიიღოს როგორც მცენარეული (მზესუმზირას, სიმინდის, ზეთისხილის), ისე ცხოველური (ნაღების კარაქი, არაჟანი) ცხიმები. რეკომენდებული არ არის ღორისა და ცხვრის ქონი, მარგარინი.
ორსულის დღიური რაციონი 350-400გ ნახშირწყლებს უნდა შეიცავდეს. ისინი ბევრია პურ-ფუნთუშეულში, მარცვლეულში, ხილში, კენკრაში, ბოსტნეულში, წვენებში.
ორსულობის პირველ ნახევარში სითხის დღიური ულუფა არ იზრდება (გახსოვდეთ: სითხეს ვიღებთ არა მხოლოდ წყლის, არამედ წვენების, მაწვნის, კომპოტის, სუპის სახითაც), მეორე ნახევარში კი მცირდება: ჯერ - 1,0-1,2 ლიტრამდე, ხოლო მშობიარობამდე ორი კვირით ადრე - 700-800 მლ-მდე.
მომავალმა დედამ აუცილებლად უნდა მიიღოს ორსულისთვის განკუთვნილი ვიტამინების კომპლექსი, მაგალითად, პრეგნავიტი, პანგექსავიტი, ელევიტი, ვიტრუმ პრენატალი.
შეზღუდვა. ორსულობის ბოლოს არასასურველია შემწვარ-მოხრაკული, შაშხი და ლორი, საზოგადოდ, მლაშე საკვები, კონსერვები, ძეხვეული. უნდა შევზღუდოთ ცომეული და ტკბილეულიც. კარგია მოხარშული მჭლე ხორცი და ზღვის თევზი.
ფიზიკური აქტიურობა. ფიზიკური აქტიურობა ნორმალურად მიმდინარე ორსულობისას არამცთუ დასაშვები, აუცილებელიც კია, თუმცა მრავალნაყოფიანი ორსულობისას ვარჯიში აკრძალულია.
რჩევები:
- მრავალნაყოფიანი ორსულობის დადასტურებისთანავე ქალს უნდა დაუწესდეს ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობა.
- აუცილებელია წონის კონტროლი. ერთნაყოფიანი ორსულობისას სხეულის მასის დასაშვები ნამატი 9,0-12 კგ-ია, მრავალნაყოფიანი ორსულობის შემთხვევაში კი ერთნაყოფიანი ორსულობისას დასაშვებ მაქსიმუმს 50%-ზე მეტით არ უნდა აღემატებოდეს.
- ორსულზე დაკვირვების მიზნით მშობიარობის სავარაუდო ვადამდე ორი კვირით (3 ტყუპის შემთხვევაში - 4 კვირით) ადრე აუცილებელია წინასწარი ჰოსპიტალიზაცია.
- ორსული უნდა ერიდოს დიდხანს დგომას და ზურგზე წოლას, დღეში 4-5 საათის განმავლობაში უნდა იწვეს გვერდზე, უმჯობესია, მარცხენა მხარეს, რათა არ მოხდეს საშვილოსნოს ზეწოლა მაგისტრალურ სისხლძარღვებსა და შარდსაწვეთზე.
- ორსულმა 27-28-ე კვირიდან აუცილებლად უნდა ატაროს ორსულთა ბანდაჟი.
- თუ ვენების ვარიკოზი განვითარდა, ანგიოლოგთან შეთანხმებით სასურველია ელასტიკური ბანდის ან სპეციალური წინდების ტარება.
- ორსულობის მეორე ნახევრიდან სისტემატურად უნდა მოხდეს არტერიული წნევის, წონისა და სისხლის კონტროლი. ისეთი სიმპტომების გაჩენისთანავე, როგორიც არის თავის ტკივილი, თვალებში გაორება, სახისა და სხეულის შეშუპება, არტერიული წნევის მომატება, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.